"თაფლის ბიზნესში მომხმარებლის ნდობა ყველაფერია" - კვირის პალიტრა

"თაფლის ბიზნესში მომხმარებლის ნდობა ყველაფერია"

სოფლის მეურნეობის ყველა დარგი კომერციული უნდა გახდეს

გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი გააცნო. იქ, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც არსებობს, საქმის დაწყება ჯიბის ფულითაც შეიძლება. დღეს შპს "მეთაფლია" და სააქციო საზოგადოება "აპიფიტო და ტრადიციული ბიოპროდუქტები" მომხმარებელს 130 დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტს სთავაზობს. ექვსი წლის წინ კი ყველაფერი ორი "ბალონი" თაფლით დაიწყო...

როლანდ ზირაქიშვილი (შპს "მეთაფლიასა" და სააქციო საზოგადოება "აპიფიტო და ტრადიციული ბიოპროდუქტების" დამფუძნებელი): "მეფუტკრეობა ჩემთვის უცხო არ არის, 40 წელია, ამ დარგში ვარ, მეფუტკრეობის სწავლული ზოოტექნიკოსი გახლავართ. საბჭოთა დროს, საგარეჯოს რაიონში მეფუტკრეობის საწარმოს ვხელმძღვანელობდი და ამიტომაც გამიადვილდა ამ დარგში მუშაობა.

ექვსი წლის წინ, როცა ქვეყანა დალაგდა და შეიძლებოდა ბიზნესისთვის მოგეკიდა ხელი, მე და ჩემმა ძმისშვილმა შევქმენით შპს "მეთაფლია" და ძალიან მცირე ფინანსური რესურსით, ფაქტობრივად იმით, რაც ჯიბეში გვქონდა, საქმე დავიწყეთ. 30-30 ოჯახი ფუტკარი გვყავდა და ერთობლივი წარმოების დასაწყებად გავაერთიანეთ. თაფლის გაყიდვა სულ რაღაც ორი "ბალონით" დავიწყეთ, რაც ჯამში დაახლოებით 100 კგ იყო. თავიდან გასაღების პრობლემები გვქონდა, სავაჭრო ქსელები არ იღებდნენ პროდუქციას, რადგან თაფლი არ იყო მათთან ფართოდ წარმოდგენილი. მომხმარებელი თაფლს ძირითადად კერძო პირებისგან ყიდულობდა. ჩვენმა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო და დღეს ჩვენი კომპანია თაფლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ქსელური მაღაზიებისა და სუპერმარკეტებისთვის. მახსოვს, პირველი სოლიდური შემოსავალი 12 ათასი ლარი იყო და ეს თანხა სარეალიზაციო ქსელის გაფართოებისკენ მივმართეთ.

შესაფუთად მომხმარებლისთვის ყველაზე იაფი - პლასტმასი ფოლგირებული მოხუფვით შევარჩიეთ. წონაც 150 გრამიდან იწყება და 260 გრამამდე აღწევს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ შეძლოს ამ ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტის შეძენა, არამედ იმდენად ხელმისაწვდომი იყოს მისთვის, რომ ხალისით იყიდოს. ასეთი მოცულობის კონტეინერებში დაფასოებული თაფლი იაფია, მისი ფასი 1,50-3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. მყიდველმა პირველად უნდა გასინჯოს თაფლის გემო, დარწმუნდეს, რომ ეს ის პროდუქტია, რომელიც მას სჭირდება და თუ მოეწონება, ჩვენი მომხმარებელი გახდება. ამ მიდგომამ გაამართლა, მომხმარებელს ჩვენი გაცნობა იაფი უჯდება, სამაგიეროდ, შემდეგ ჩვენს პროდუქციას სისტემატურად მოიხმარს.

წელიწადის დროების მიხედვით, მომხმარებელს სხვადასხვა თაფლს ვთავაზობთ. მაისში აკაციის თაფლის წარმოებას ვიწყებთ, რომელსაც, ძირითადად, მაისის თაფლის სახელით იცნობენ. შემდეგ წაბლის, ალპური, ცაცხვის თაფლის სეზონი იწყება. ზამთარში ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია, ამ დროს მომხმარებელს უფრო დიდი არჩევანი აქვს.

მეფუტკრეობა სპეციფიკური დარგია, რადგან საქმე გვაქვს დანესტვრასთან, შხამთან. ვინც ამ ბიზნესში მუშაობას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა აიღოს სინჯი, ხომ არ არის ალერგიული ფუტკრის შხამზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისთვის ერთი დანესტვრაც კი მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ალერგიაზე უნდა შემოწმდნენ ისინიც, ვინც საფუტკრესთან ახლოს იცხოვრებენ, მაგალითად, ოჯახის წევრები, მეზობლები, რათა ამ ბიზნესმა საფრთხე არ შეუქმნას გარშემო მყოფებს. თავდაპირველად აუცილებელია მეფუტკრეობის თეორიული შესწავლა, შემდეგ კი სასურველია, ერთი წლის განმავლობაში მაინც, მომავალმა მეფუტკრემ პრაქტიკულად გაიაროს წარმოების სრული ციკლი. მხოლოდ ამის შემდეგ არის უპრიანი თანხის მოძიება და დაბანდება. თუმცა ხშირად იწყებენ ბიზნესის კეთებას მოყვარული მეფუტკრეობიდან, როგორც მე დავიწყე თავის დროზე - ჯერ სამი სკა გაქვს და გებევრება, ხოლო როცა გაიწაფები, ათიც გეცოტავება.

ჩვენი კომპანია მომხმარებელს 15-მდე სახეობის თაფლსა და 130-მდე დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტს სთავაზობს, მათ შორის თაფლს, ყვავილის მტვერს, ჭეოს, პროპოლისსა და სხვ. ეს პროდუქტები ხასიათდება სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით. კილოგრამი თაფლის ფასი 8 ლარიდან იწყება და 17 ლარს აღწევს. მაგალითად, მაღალმთიან რაჭაში წელიწადში 2 ტონა თაფლზე მეტს ვერ ვაწარმოებთ. ბუნებრივია, თაფლის ეს სახეობა დეფიციტურია და ძვირიც გვიჯდება. აკაციის თაფლი, რომელიც შედარებით ადვილი მოსაპოვებელია და იაფიც ღირს.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, გერმანიაში, ამ დარგის სუბსიდირება ხდება. ვფიქრობ, სახელმწიფომ უფრო უნდა იაქტიუროს მეფუტკრეობის ხელშესაწყობად. ახლა საქართველოში, დაახლოებით, 300 ათასი ფუტკრის ოჯახია და 30 ათასამდე მეფუტკრე აწარმოებს თაფლს. მეფუტკრემ რომ კეთილსინდისიერად იმუშაოს და ნატურალური პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს, იაფი ფულადი რესურსი სჭირდება. თაფლის ბიზნესში მომხმარებლის ნდობა თითქმის ყველაფერია. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიზნესში ნდობა იყიდება".

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საქართველოში სოფლის მეურნეობის ყველა დარგი კომერციული უნდა გახდეს. ფერმერებმა, საკონსულტაციო ჯგუფებისა თუ საკუთარი ინტელექტუალური რესურსის დახმარებით, უნდა აითვისონ გაყიდვები, მენეჯმენტი. სახელმწიფოს როლია, მწარმოებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საერთაშორისო ბაზრები და კანონმდებლობა იყოს ლიბერალური. ხელისუფლების შეთავაზებული აგროპროექტისა და აგროკრედიტის ფარგლებში მეფუტკრეობა ერთ-ერთი მიმართულებაა. ბანკში ამგვარი კრედიტისთვის ფერმერს, სულ ცოტა, 20%-იანი სარგოს გადახდა მოუწევდა, ახლა კი 3%-დან 8%-მდე განაკვეთით შეძლებს სესხის აღებას. შესაბამისად, ვისაც მეფუტკრეობაში მუშაობა აინტერესებს, საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 3 ათასი ტონა თაფლი იწარმოება. ექსპორტი ამჟამად აზერბაიჯანსა და თურქეთში ხდება, სადაც თაფლი ძირითადად ნედლეულის სახით გადის. მაგალითად, აჭარაში შემოდიან თურქები და თაფლი გააქვთ. ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნება მზა პროდუქციის გატანა, შესაბამისი ეტიკეტით. ამისთვის საჭიროა სერტიფიკატი, რომელიც აღიარებული იქნება ევროპულსა და განვითარებულ აზიურ ბაზრებზე. ამაზე, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს".