ეკონომიკური პერსპექტივა აფხაზეთის რკინიგზისთვის
15-04-2013
ეკონომიკური პერსპექტივა აფხაზეთის რკინიგზისთვის
რუსეთი და თურქეთი ურთიერთვაჭრობას $100 მილიარდამდე ზრდიან

ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ძირითადი აქცენტი ყოველთვის გადატანილი იყო საზღვართან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო ეკონომიკური კუთხით აღნიშნული პროექტი ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ის მცირე რაოდენობის ტვირთებს შეეხებოდა. სამართლებრივი საკითხები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილოა. ამ საკითხის შესწავლა/განხილვის პროცესში აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

ყოფილმა ხელისუფლებამ, რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი ვერ მიიღო, მაგრამ
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, პოლიტიკური ზიანის მიღების გარეშე ეკონომიკური სარგებლის მიღება სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი $2 ტრილიონს გასცდა და ის სიდიდით მსოფლიოს პირველ ათეულში იმყოფება. თურქეთი კი ოცეულშია, ამ უკანასკნელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ეკონომიკური
ზრდის ტემპი არ შეუნელებია და ინტენსიურად ვითარდება. რუსეთსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვა 2012 წელს $32 მილიარდს შეადგენდა. რუსეთ-თურქეთის უმაღლესი დონის შეხვედრაზე დაისახა გეგმა, რომ სახელმწიფოებს შორის საქონელბრუნვა უახლოეს პერიოდში $100 მილიარდამდე გაიზრდება. ეს მართლაც ეტყობა რუსეთის ბაზარს, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი თურქული საქონელი.

დღეს ამ ტვირთბრუნვის დიდი ნაწილი არაპირდაპირი, შემოვლითი გზით ხორციელდება. მაგალითად: ანკარიდან სახმელეთო გზით საქონელი მიდის თურქეთის პორტამდე, პორტიდან საზღვაო გზით მიდის რუსეთის პორტში, ხოლო იქიდან სახმელეთო გზით - მოსკოვში ან სხვა ქალაქებში, რაც ძალიან არახელსაყრელია. უმოკლესი გზა, ამასთან, მინიმალური დანახარჯით, საქართველოს გავლითაა - ტვირთი თურქეთის საზღვრიდან რუსეთის საზღვართან რამდენიმე საათში შეიძლება აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხით დაინტერესებული იქნება რუსეთი და თურქეთი, აგრეთვე დიდ ინტერესს გამოიწვევს რეგიონის ქვეყნებში, რასაც მათი ჩართულობა მოჰყვება. ეს ყველაფერი საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს აამაღლებს.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ პოტენციურად შეიძლება დავინახოთ პერსპექტივა რეგიონული რკინიგზის გაფართოების მხრივ, თუ დარეგულირდა ირანთან დაკავშირებული პრობლემები. ინფრასტრუქტურის აღდგენა ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდასა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მოვაწყოთ სხვადასხვა სახის საბითუმო ბაზრობა - მათ შორის, ნედლეულის. აქედან გამომდინარე, ჯანსაღი კონკურენციის შექმნით ბაზარზე გაიზრდება ხარისხიანი პროდუქტის რაოდენობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შავ ზღვაზე არსებული რუსეთის პორტები ზამთარში ხშირად გამოუსადეგარია და დაბალი წყალწყვის გემებისთვისაა განკუთვნილი. კარგი ეკონომიკური პირობების შექმნის შემთხვევაში ნაწილი ტვირთბრუნვისა, შესაძლოა, საქართველოს პორტებში გადმოვიდეს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საკითხი რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო გზასთან დაკავშირებით აუჩქარებლად უნდა დამუშავდეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია.

პაატა კვიჟინაძე,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით