უკრაინული შაქარი ქართულს "ამწარებს" - კვირის პალიტრა

უკრაინული შაქარი ქართულს "ამწარებს"

ადგილობრივ შაქრის მწარმოებელ კომპანიებს გაყიდვა უმცირდებათ

ტკბილეულის მოყვარულებს ოქროს ხანა დაუდგათ - ბოლო ათი დღის განმავლობაში 1 კგ შაქარი 50 თეთრით გაიაფდა და მაღაზიის დახლებზე ზოგან ერთ ლარად და ათ თეთრადაც კი იყიდება. ასეთი დაბალი ფასი შაქარს 2007-2008 წლის შემდეგ არ დასდებია. მეტიც - ორი წლის წინ თითქმის გადააჭარბა 2 ლარს. ძირითად მწარმოებელ აგარის ქარხანას სოციალური მოტივები ნაკლებად ამოძრავებს. კომპანიის მენეჯმენტის თავის ტკივილი უკრაინულ შაქართან კონკურენციაა, რომელმაც ბოლო სამი-ოთხი თვეა, ქართული ბაზარი მოიცვა.

პრობლემა მასშტაბებს იძენს. როგორც "აგარა შუგარ ქვოლიტის" გენერალური დირექტორი ალხენ ალიზადე აცხადებს, იანვრის დასაწყისიდან იმპორტული შაქარი დემპინგურ ფასში შემოდის. ამიტომ კომპანიას გაყიდვა შეუმცირდა და ახალი წლიდან დღემდე თითქმის მილიონი ლარი იზარალა.

"უკრაინიდან შაქარი წლეულს $550-ად შემოაქვთ, ადრე $800 ღირდა. ეს კატასტროფაა. იძულებული გავხდით, პროდუქცია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გავყიდოთ, კიდევ უფრო იაფად, ვიდრე ჩვენმა კონკურენტებმა, რათა ბაზარზე უკრაინული შაქრის შემოდინება როგორმე შევაჩეროთ", - აცხადებს ალხენ ალიზადე.

თუმცა პროგნოზის გაკეთება მაინც ძნელია. უკრაინაში უკვე ზედიზედ მეორე წელი, შაქრის ჭარბწარმოება აღინიშნება. ქვეყანაში "თეთრი ოქროს" მოხმარება წელიწადში 1,8-1,9 მლნ ტონას შეადგენს, 2011-2012 წელს კი წარმოების მოცულობამ 2,1-2,3 მლნ ტონას მიაღწია, ანუ მოთხოვნას 400 ათასი ტონით გადააჭარბა. ფასები განახევრდა, ქვეყანაში 1 კგ შაქარი 5,02 გრივნად, დაახლოებით, ერთ ლარად იყიდება, ექსპორტზე კი გაცილებით უფრო იაფად იგზავნება. უკრაინის შაქრის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, იანვრისთვის, შარშანდელ იანვართან შედარებით, ქვეყნიდან ოთხჯერ მეტი (7,55 ათასი ტონა) შაქარი გაიტანეს. მდგომარეობა საგანგაშოა, უკრაინელი ექსპერტები შაქრის ინდუსტრიის მოსალოდნელ კრიზისზე ალაპარაკდნენ.

"ვშიშობ, 2013 წლის ბოლოსთვის მწარმოებელი კომპანიები კრედიტების მასობრივი რესტრუქტურიზაციისთვის უნდა მოემზადონ. არ არის გამორიცხული, ბევრ მათგანს თავისი აქტივების ბანკებისათვის გადაცემა მოუხდეს", - განუცხადა უკრაინულ გაზეთ "ბიზნესს" უკრაინული საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტმა სერგეი ნალივკამ.

შაქრის წარმოების სტაბილიზაციის, შიდა ბაზრის რეგულირებისა და ინდუსტრიისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო რეზოლუციაც კი მიიღო, რომლის საფუძველზეც, მომავალ სავაჭრო სეზონზე (2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში) შაქარზე მინიმალური საბითუმო ფასი 1 ტონაზე 4677 გრივნით განისაზღვრა, დღგ-ის გარეშე (დაახლ. $575), რაც დღეს არსებულზე 14,6%-ით მეტია.

რამდენად შეძლებს "აგარა შუგარ ქვოლიტი" რამდენიმეთვიან საფასო პაექრობაში გაძლებას, ალხენ ალიზადემ ჯერ არ იცის. საწარმო, რომელსაც გამუდმებით ადანაშაულებდნენ ძველი მთავრობის მხრიდან ლობირებასა და ფასების მონოპოლიზაციაში, 2010 წლიდან აზერბაიჯანელების საკუთრებაა. ალიზადე აცხადებს, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს.

"თუ იმპორტზე საგადასახადო ბარიერები არ დაწესდა, საწარმოს - გაჩერება, ხოლო ექვსასამდე თანამშრომელს სამუშაო ადგილის დაკარგვა ემუქრება", - ამბობს "აგარა შუგარ ქვოლიტის" გენერალური დირექტორი.

ბელა ნოზაძე