სად შრომის კოდექსი და სად სისხლის სამართალი?
22-04-2013
სად შრომის კოდექსი და სად სისხლის სამართალი?
დამსაქმებლებს ვადიანი ხელშეკრულების დადების უფლებას მისცემენ

შრომის კოდექსი, რომელში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასულ კვირას გაიტანეს, კიდევ ერთხელ გახდა ხმამაღალი კამათის წყარო. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ კოდექსი დაბალანსებული დოკუმენტი უნდა იყოს, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ოქროს შუალედს მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ. საერთო ჯამში, სიახლეები დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს უფრო მოსწონდათ, თუმცა გასული კვირის ბოლოს პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა ვითარება თითქოს ცოტათი შეცვალა, როცა
დამსაქმებლებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება გაითვალისწინეს. ამასთან ერთად, შესაძლებლობა, რომ სამსახურიდან დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულად შეირაცხოს(!) - დამქირავებლებისთვის უარესი თავის ტკივილია.

ბიზნესის წარმომადგენლები კანონპროექტის სულისკვეთებას მთლიანობაში ეთანხმებიან და მხარსაც უჭერენ, მაგრამ დაჟინებით აპროტესტებენ რამდენიმე პუნქტს. შენიშვნები აქვთ საქართველოს ბიზნესასოციაციას, საერთაშორისო სავაჭრო პალატას
(ICC-საქართველო), ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში (AmCham). პარლამენტში გადაწყვიტეს, მათი შეშფოთების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გაეთვალისწინებინათ და დამსაქმებლებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება მისცეს, ოღონდ დათქმით - "ობიექტური მიზეზების" არსებობის შემთხვევაში. იმავე პირობით შესაძლებელი იქნება უვადო ხელშეკრულების შეწყვეტაც.

ბიზნესის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც "სამსახურიდან დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლება" სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს.

გოგი თოფაძე (კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელი, "მრეწველთა პარტიის" ლიდერი):
"ალბათ ჩვენ იძულებული ვიქნებით, დამატებითი მოთხოვნები შევიტანოთ საკონტრაქტო ხელშეკრულებებში და ჩვენი მოთხოვნები გავამკაცროთ, სხვაგვარად უვადო კონტრაქტები სიკეთეს არ მოგვიტანს, ჩვენს იურისტებსაც უფრო ხშირად მოუწევთ სასამართლოში "სირბილი". არ დაგიმალავთ და ეს ცვლილება სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, იმიტომ, რომ ბევრი თანამშრომელი სამსახურში დროულად მოდის, დროულად მიდის, ბლომად ყავასაც მიირთმევს, მაგრამ თავის საქმეს სათანადოდ ვერ თუ არ ასრულებს - სწორედ ამის დამტკიცება იქნება ძალიან რთული. ამიტომ ისეთ ხელშეკრულებებს დავდებთ, რომ მეპატრონე არ იყოს მიბმული ამ უვადო კონტრაქტებზე და საჭიროების შემთხვევაში გაათავისუფლოს თანამშრომელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც იმ მომენტში სჭირდება წარმოებას. ხოლო კვალიფიციურ, პატიოსან თანამშრომელსა და კარგ სპეციალისტს სამსახურიდან არავინ უშვებს".
ივერი ქუცნაშვილი (კომპანია "ოქროს საწმისის კაპიტალის" გენერალური დირექტორი): "მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან გაართულებს ურთიერთობას დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. ჩემი აზრით, შრომითი ურთიერთობის გაწყვეტისას მიღებული ზარალი არის ან მორალური, ან მატერიალური და სისხლის სამართლის სფეროს არ განეკუთვნება. ამიტომ სამსახურიდან დაუსაბუთებლად გაშვება არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი. ჩემი აზრით, ეს არის წმინდა სამოქალაქო ურთიერთობა და ამგვარადვე უნდა დარეგულირდეს".

ირაკლი იაშვილი (კომპანია "ისტ გეიტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "როცა თანამშრომლის დათხოვნაზეა ლაპარაკი, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ: პირველ რიგში დისციპლინა და თავისი საქმის ხარისხიანად შესრულება, თუმცა, ამავე დროს, შეიძლება ადამიანი კვალიფიციურია, მაგრამ თანამშრომლებთან კომუნიკაციის მხრივ ჰქონდეს პრობლემები. დამსაქმებელმა თანამშრომლები ამ ყველაფრის მიხედვით თუ არ შეარჩია, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს. ამიტომ მე არც ამ ურთიერთობის სისხლის სამართლის სფეროში გადატანა მომწონს და არც კანონის გამკაცრება - თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში სტაბილური ბიზნესის რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. აიღეთ სტატისტიკა და ნახეთ, რამდენი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც 20 წელიწადზე მეტი ხნის ისტორია აქვს. დანარჩენი 2-3 წლის შექმნილია, ძალიან ბევრი საწარმო და კომპანია იქმნება, მერე იხურება, რასაც კადრების დენადობა მოჰყვება. კვალიფიციური კადრის პოვნა დღეს ძალიან ძნელია და ასეთ კადრს როგორ გავუშვებთ, პირიქით, სულს ვუბერავთ, რომ არ წავიდეს, მაგრამ თუ არ მაქვს უფლება ჩემთვის საჭირო კადრი შევარჩიო, მაშინ როგორ უნდა ვიმუშაო? შეიძლება ერთ თვეში ვერ გამოავლინა თავისი უნარები და საამისოდ ორი წელიწადი დასჭირდა, რა ვქნა, არ დავემშვიდობო ასეთ კადრს?

ამ ეტაპზე მსგავსი შეზღუდვები არ უნდა გვქონდეს, ასეთი ფუფუნება შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც თანამშრომელს რომ მიიღებ, მერე ვეღარ დაემშვიდობები, მაგრამ იქ საამისო გარემო და პირობებიც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ტერმინი - "უმიზეზოდ გათავისუფლება" - დასაზუსტებელია, ან რატომ გავუშვებ სამსახურიდან ადამიანს, რომელიც მჭირდება და თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს? მგონი, ამ ყველაფერზე ღირს დაფიქრება!"

გოჩა ალექსანდრია (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე): "ვადიანი კონტრაქტების პრობლემის დარეგულირება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. ევროკავშირის დირექტივებში გარკვევით წერია, რომ ვადიანი კონტრაქტები გონივრულად უნდა იყოს შეზღუდული. ევროპაშიც არის ერთწლიანი, ერთთვიანი და ერთკვირიანი ხელშეკრულებები, სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით, მაგრამ, ძირითადად, იქაც მრავალწლიანი ხელშეკრულებები იდება... დღესაც ბევრ საწარმოში უვადო კონტრაქტები მოქმედებს, მაგრამ რა, ეს საწარმოები ვერ მუშაობენ?! ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ვერ მუშაობს, რადგან იქ უვადო კონტრაქტებია?! უვადო კონტრაქტებია "თელასში", სხვა ორგანიზაციებშიც და ყველგან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ.

- კამათი გამოიწვია ფორმულირებამ - "სხვა ობიექტური გარემოებები", აგრეთვე მოქნილი სამუშაო გრაფიკის საჭიროებამ...
- დიახ, პროექტში არის ფრაზა "სხვა ობიექტური გარემოებები". ეს ძალიან ზოგადი ჩანაწერია და ჩვენ გვაინტერესებს - რა შეიძლება იგულისხმოს დამქირავებელმა "სხვა ობიექტურ გარემოებებში", როცა დაქირავებულის სამსახურიდან გაშვებას აპირებს? მოქნილ სამუშაო გრაფიკს კი ზოგიერთი ორგანიზაცია მართლაც საჭიროებს. მაგრამ ამ საკითხის მოგვარებაც შეიძლება, თუ დამსაქმებელი ყველაფერს გონივრულად გადაწყვეტს".

საერთაშორისო სავაჭრო პალატაში იმ პრობლემასაც ხედავენ, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში მუშაობასა და მოქნილ სამუშაო გრაფიკს ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოსთვის (სამედიცინო დაწესებულებები, დაცვის სამსახური, საჰაერო კონტროლი, ზოგიერთი დარგის საწარმო და სხვ.).
ანდრეა ვილსონი (საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი): "ბევრი ფიქრობს, რომ დასაქმებულთან მუდმივი კონტრაქტის დადება სამართლიანია, მაგრამ ფიქსირებულვადიანი ხელშეკრულებები დამსაქმებელს აძლევს გაცილებით უკეთეს შესაძლებლობას, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს დაქირავებულ პირთან. ასეთი ხელშეკრულებების გაფორმების უფლების უქონლობა უარყოფით გავლენას მოახდენს კონკურენციაზე და ბევრს წააქეზებს, „არაოფიციალურად“ დაასაქმონ მოქალაქეები ვადიანი პროექტებისა და ამოცანების შესასრულებლად.

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელთა გამოც, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა არ აეწყოს - შრომის კოდექსშიც ყველა შესაძლო მიზეზის გათვალისწინება შეუძლებელია. დამსაქმებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაათავისუფლონ დასაქმებული სპეციფიკური მიზეზების გარეშეც - მაგალითად, როცა დასაქმებული ვერ ახერხებს კოორდინირებას საკუთარ პოტენციალთან, არ ასრულებს სამუშაოს ხარისხიანად ან ვერ ეგუება თანამშრომლებს... ეს არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დასაქმებული - ეს უნდა მოხდეს გაფრთხილების, დასაქმებულისთვის შესაფერისი შეტყობინებისა და კომპენსაციის მიცემის შემდგომ".

ხათუნა ჩიგოგიძე
mushaki
30 აპრილი 2013 17:19
რატომ არ შეიძლება რომ სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები იყოს სადაც ხალხი რეალურად დასაქმდება და კონკურეციას გაუწევს კერძო კაპიტალს ....ანუ იყოს სახელმწიფო სექტორი და კერძო სექტორი შრომის კანონმდებლობაც სახელმწიფო სექტორში ხალხის ინტერესებზე იყოს შექმნილი ხოლო კერძო კაპიტალს ქონდეს თავისი ბიზნესისი დაცვის პირობები არასასურველი მუშაკისგან.....თუმცა როგორც მონას არ უნდა ეპყრობოდეს ადამიანს რომელსაც ხელფასს უხდის ...
ედუვარ
29 აპრილი 2013 06:10
იცით საერთოდ ეს შრომის კოდექსი დახვეწეთ უფრო კარგად,მაგალითად ანაზღაურებას რომ აძლევენ დაბალს გინდ ავერსი გინ პეესპე და სხვა აფთაიქებიც ამს არ უნდა კონტროლი?და საჯარო სამსახურებს თუ ეხება საერთოდ.
merabim
24 აპრილი 2013 19:28
ამიტომ საჭიროა ამოქმედდეს ის 37 მუხლი და გაიზარდოს პროფკავშირის როლი.
ის მაიც იქნება ვინმეს დამცველი თუ თავმჯდორე რა თქმა უნდა იქნება ნაღდათ კოლექტივის მიერიქნება არჩეული.

რედაქტორის რჩევით