"არ არის სტანდარტები - არ არის ეკონომიკა" - კვირის პალიტრა

"არ არის სტანდარტები - არ არის ეკონომიკა"

ეროვნული სტანდარტიზაცია ჯერაც "გოსტების" ეპოქაშია?!

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველოში დღემდე არ არსებობს ეროვნული სტანდარტი, რომლის პროდუქციაზე აღნიშვნაც მომხმარებლისთვის სანდოობის ძირითადი გარანტი უნდა იყოს. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს საგარეო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურად ჩართვაზე, დღემდე დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა მიერ 1998 წელს მიღებული სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით - "გოსტ"-ით სარგებლობს...

ომარ შურაძე (აკადემიური დოქტორი ტექნიკაში): "ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველო მიმართულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ. ეს ქვეყნები კი მრავალი წელია, სტანდარტიზაციის ორგანიზაციებში არიან გაერთიანებული, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებას უწევენ კოორდინაციას. ეს სტანდარტები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, აღმოფხვრის ლოგისტიკურ ბარიერებს, რომლებსაც სხვადასხვაგვარი ეროვნული სტანდარტის მოქმედება იწვევს.

დღეს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოებების შემუშავებული სტანდარტები ნორმად არის მიღებული წევრი ქვეყნების უმრავლესობაში. განვითარებადი ქვეყნები ამ ორგანიზაციების წევრობას ესწრაფვიან და ცდილობენ საკუთარი ეროვნული სტანდარტების შეთანხმებას საერთაშორისო სტანდარტებთან, რათა საგარეო ბაზარზე საქონლის გატანა და დამკვიდრება გაუადვილდეთ.

თავის მხრივ, საქართველო არაერთი ორგანიზაციის წევრია. ეროვნული სტანდარტიზაცია არის ტექნიკური რეგულირების ერთ-ერთი მძლავრი ელემენტი. ეკონომიკის განვითარება მისი წვლილის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. საქართველოში უკვე გაჩნდა საერთაშორისო სტანდარტიზაციის შესაბამისი მოთხოვნები პროდუქციის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების მიმართ. ეს აჩენს ეროვნული სტანდარტიზაციის სრული ჰარმონიზაციის აუცილებლობას საერთაშორისო სტანდარტებთან (ISO - International Organization for Standardization), მათი იდენტური ქართული ვერსიების შემუშავების საჭიროებას.

საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სტანდარტები უპირატესობით სარგებლობენ და ტექნიკური კომიტეტები არ განიხილავენ საქართველოში შემუშავებულ სტანდარტებს იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ეროვნული სტანდარტიზაცია, როგორც წესი, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, არასაბიუჯეტო წყაროებიდან და ბიზნესიდან უნდა ფინანსდებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით, სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო მუშაობს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მეშვეობით, რაშიც "დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძვლებზე". შესაბამისად, სტანდარტების შემუშავება სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება.

სხვა ვითარებაა ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებში. მაგალითად, გერმანიის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის (DIN) მთავარი ამოცანა სტანდარტების, ტექნიკური პირობების, წესების შემუშავებაა. ის ორგანიზებას უწევს სხვადასხვა დარგის მრავალი ათასი ექსპერტის მუშაობას. სტანდარტის დაკვეთა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, ისინი თავიანთ ექსპერტებს DIN-ის დარგებად დაყოფილ 70-ზე მეტ ნორმატიულ კომიტეტში გზავნიან. DIN-ის თანამშრომლები შემუშავების პროცესს უწევენ კოორდინაციას.

შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ სტანდარტიზაცია მალე ჩვენთანაც გერმანიის მსგავსად წარიმართოს. პატარა ქვეყანას ამის აუცილებლობა ალბათ არც აქვს, მაგრამ სტანდარტიზაციაში პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრა აუცილებელია.

ამ ეტაპზე ერთ-ერთ გზად, ზოგიერთ ქვეყანაში (რუსეთი, უკრაინა) ნაცადი დაფინანსების წესი მიმაჩნია. იქ სახელმწიფოს პარტნიორობას უწევს კერძო ბიზნესი. სასურველია, საბიუჯეტო სახსრებიდან თუნდაც მცირე დაფინანსებით გამოიყოს კარი "პროდუქციის ხარისხის ნორმატიული უზრუნველყოფის შესახებ". წვლილი უნდა გაიღონ იმპორტიორმა კერძო ორგანიზაციებმაც. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა წინ წასწევს ქართულ ენაზე საერთაშორისო სტანდარტების იდენტური, ეროვნული სტანდარტების აღიარების საქმეს. საერთაშორისო სტანდარტებზე სანდო ცნობების მოსაპოვებლად პირველწყაროს უნდა მივმართოთ და სტანდარტების ორიგინალების მოსაპოვებლადაც თანხაა საჭირო. პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია თუნდაც მწირი ფულადი სახსრების მოძიება ISO-ს სტანდარტების ორიგინალების შესაძენად. შემდეგ კი საქართველოს ინტელექტუალური რესურსი უნდა მიიმართოს მათი შესაბამისი ეროვნული სტანდარტების შესაქმნელად - თანამედროვე ეროვნული სტანდარტიზაციის უქონლობა ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას დიდად დააბრკოლებს".