სასტუმროების ქსელი ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში
22-04-2013
სასტუმროების ქსელი ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში
"სამზარეულოსთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შესყიდვას"

გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილი", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის და რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა, რეგიონული სასტუმროების ქსელ "ჯეოტელს" მიეძღვნა. ქსელი რეგიონების მასშტაბითაა გაშლილი. რა სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს სასტუმროები, ამის შესახებ "ჯეოტელის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ დოლიძემ ისაუბრა.

თინათინ დოლიძე: "სასტუმროების ქსელი "ჯეოტელი", დაახლოებით, ერთი წელია შეიქმნა. ეს განხორციელდა ერთი იდეით, რომ
სასტუმროები განთავსებულიყო ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, მათთვის, ვისაც მშვიდ გარემოში დასვენება სურს. ჯერჯერობით ოთხი სასტუმრო გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ გაფართოებას. "ჯეოტელ გუდაური" გუდაურშია, "ჯეოტელ ომალო" - მთა-თუშეთის ნაკრძალში, "ჯეოტელ სათაფლია" სათაფლიის ნაკრძალშია, მესტიაში კი არის ჰოსტელი "სეტი".
ამ ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენციაა. ბაზარზე ბევრი სასტუმროა, ყველას აქვს
გათვლილი საკუთარი უპირატესობები და ჩვენც ჩვენი მცირე ნიშა გვაქვს - სასტუმროები, რომლებიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, მეტწილად ნაკრძალებში.

ოთხივე სასტუმროს აერთიანებს მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: ეკოლოგიურად სუფთა გარემო, პროფესიონალიზმი და სოციალური მიდგომა. მომხმარებელს ვთავაზობთ ტურებს, რომლებიც შეიძლება უცებ, დაუგეგმავად მოისურვოს. ჩვენი სასტუმროების ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ეკოლოგიურად სუფთა საკვები. მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შესყიდვას. გულწრფელობა და კეთილგანწყობა, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით, ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპებია. სასტუმროებისთვის მომსახურე პერსონალი მხოლოდ გამოცდილების მიხედვით შევარჩიეთ. მოგეხსენებათ, საქართველოში სერვისის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. რატომღაც ჰგონიათ, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უფრო მაღალი სერვისი უნდა იყოს, ვიდრე, მაგალითად, სამვარსკვლავიანში. ასეთი მიდგომა არასწორია. ყოველი სტუმარი, ერთი ადამიანი იქნება თუ მთელი ჯგუფი, რომელიც ბევრად მეტ თანხას ხარჯავს სასტუმროში, ისე უნდა მიიღო, როგორც განსაკუთრებული. ეს არის ჩვენი კონცეფცია.
მაგალითად, გუდაურში ჩამოსულ სტუმარს სჭირდება აქტიური სპორტი, აქტიური დასვენება. თუმცა, ისეც ხდება, როცა ბუხრის წინ დასვენება უნდა მოუწყო. მესტიაში ვთავაზობთ სამთო ტურებს და ამისთვის ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს. ჩვენი ტარიფები საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მენიუ, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. მენიუს იმის მიხედვით ვარჩევთ, სად მდებარეობს კონკრეტული სასტუმრო. ვითვალისწინებთ ადგილობრივი სამზარეულოს სპეციფიკასა და ტრადიციულ კერძებს, რომელიც საქართველოს იმ კუთხისთვისაა დამახასიათებელი. გვყავს პროფესიონალი მზარეულები და ისეთი შემთხვევებიც გვქონია, როცა უცხოეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ სასტუმროში დასასვენებლად მხოლოდ იმის გამო დაბრუნდა, რომ აქ საუცხოო კერძებს ამზადებენ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით