საპონ-სანთლის ბიზნესმა თავისი გზა არ დაკარგა
22-04-2013
საპონ-სანთლის ბიზნესმა თავისი გზა არ დაკარგა
უილიამ პროქტერი და ჯეიმს გემბლი - "უძვირფასესი" ქვისლები

ცოტა თუ იქნება ისეთი ადამიანი, არაფერი სმენოდეს პამპერსზე, სარეცხ ფხვნილსა და თუნდაც "საპნის ოპერებზე". ეს ყველაფერი უკავშირდება კომპანია "პროქტერ & გემბლის", რომლის პროდუქციის ასორტიმენტი ერთ-ერთი უდიდესია ბიზნესის სამყაროში.

უილიამ პროქტერი და ჯეიმს გემბლი, შესაძლოა, არც არასდროს შეხვედროდნენ ერთმანეთს, XIX საუკუნის დასაწყისში ბედს ორივე ამერიკაში რომ არ გადაესროლა.

ჯეიმს გემბლის მამას, პროტესტანტ მღვდელს, მოჰბეზრდა არსებობისთვის ბრძოლა ირლანდიაში და, ათასობით თანამემამულის მსგავსად, ახალი ცხოვრების
დაწყება ამერიკაში სცადა. ოჯახი ოჰაიოს შტატში, ცინცინატიში დასახლდა. ჯეიმსი საპნის მხარშავს დაუდგა შეგირდად. პროდუქცია კარგად საღდებოდა და ურიგო შემოსავალი არ მოჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ ყმაწვილმა საკუთარი საპნის სახარში გახსნა და ოჯახსაც მოეკიდა: ცოლად შეირთო სანთლის დამამზადებლის, ალექსანდრ ნორისის ქალიშვილი ელიზაბეთი.

უილიამ პროქტერიც ცუდ ცხოვრებას გაექცა
ამერიკაში. ინგლისში მან ვალი აიღო შალეულის სავაჭროს გასახსნელად, მაგრამ მეორე დილითვე მაღაზია გაძარცული დახვდა. უიღბლო ბიზნესმენმა კრედიტორების წინაშე დაიფიცა, რომ აუცილებლად დაუბრუნებდა მათ ვალს, ოღონდ კი ამერიკაში წასვლის უფლება მიეცათ. უილიამი მეუღლესთან, მართასთან ერთად კენტუკის შტატისკენ გაემგზავრა, მაგრამ გზაში ცოლი ავად გაუხდა. ოჯახმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ცინცინატიში გაჩერდა. რამდენიმე დღის შემდეგ მართა გარდაიცვალა. დაქვრივებული უილიამი აღარ მოშორდა ცოლის საფლავს და ადგილობრივ ბანკში მოეწყო კლერკად. მაგრამ ჯამაგირი არათუ ვალების გასასტუმრებლად, საარსებოდაც არ ჰყოფნიდა. უილიამმა გადაწყვიტა, სანთლების დამზადებისთვის მიეყო ხელი. რამდენიმე წელიწადი დასჭირდა პატარა საწარმოს წელში გამართვას, რამაც საშუალება მისცა, მევალეებს გასწორებოდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქვრივმა ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ღრმად მორწმუნე უილიამმა ეკლესიაში ოლივია ნორისი გაიცნო და მალე დაქორწინდა კიდეც. ასე შეჰყარა ბედმა ერთად უილიამ პროქტერი და ჯეიმს გემბლი - აწ უკვე ქვისლები.

სიმამრის "ბიზნესწნეხი"


სიძეების საქმიან პარტნიორობას სიმამრი დაჟინებით მოითხოვდა. საქმე ის იყო, რომ 1837 წლის გაზაფხულზე აშშ საბანკო კრიზისმა მოიცვა, მრეწველობა დაეცა, საწარმოები იხურებოდა. ნორისმა სიძეებს ურჩია, ბიზნესები გაეერთიანებინათ და კრიზისს ერთობლივად გამკლავებოდნენ. მით უფრო, რომ მესანთლესაც და საპნის მხარშავსაც ერთი და იგივე ნედლეული - ცხოველური ცხიმი სჭირდებოდათ. 36 წლის უილიამისა და 33 წლის ჯეიმსის გაერთიანებული საწარმოს საწყისი კაპიტალი $7192,24 იყო, ხოლო საერთო მიზანი ასე ჩამოაყალიბეს: "გავხადოთ სამყარო უფრო სუფთა (საპონი) და უფრო ნათელი (სანთელი), ამისთვის კი ყოველ ადამიანს ყოველდღიურად აუცილებელი მაქსიმუმი შევთავაზოთ".

ქვისლებმა ინვესტორის მოძებნა გადაწყვიტეს. ის ვინმე მისტერ ტარანტი აღმოჩნდა. 1837 წლის ნოემბერში ნორისის სიძეებმა კომპანია Procter, Gamble & Co დააარსეს. ჩო-ში, ცხადია, ბატონი ტარანტი იგულისხმებოდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინვესტორი საქმიდან გავიდა - აღარ შეეძლო ფსალმუნების მოსმენა, რომლებსაც მორწმუნე ქვისლები მუშაობისას გამუდმებით წამღერებით კითხულობდნენ. სამაგიეროდ, მათი ღაღადი იქ, "ზემოთ" შეისმინა მან, ვინც საჭირო იყო და მალე ფირმა წარმატებით კონკურირებდა სანთელ-საპნის დანარჩენ 18 საწარმოსთან.

თავდაპირველად პროქტერსა და გემბლს ერთი პატარა საპნის სახარში და ურიკა ჰქონდათ, რითაც მზა საქონელს დაატარებდნენ. მოვალეობებიც განაწილებული იყო - ერთ დღეს ჯეიმსი ხარშავდა საპონს და ასხამდა სანთლებს, უილიამი კი მზა ნაწარმს მოვაჭრეებს ჩამოურიგებდა, მეორე დღეს - პირიქით. დროთა განმავლობაში ჯეიმსმა წარმოების მმართველობა აიღო ხელში, უილიამმა კი საქონლის გაყიდვა და ბაზარზე დამკვიდრება.

მალე "პროექტერ & გემბლის" პროდუქციას ყუთებზე დატანილი დამახასიათებელი ნახატით ცნობდნენ: წრეში ჩახატული ვარსკვლავების ხომლითა და ნახევარმთვარით. კომპანიონებს, შესაძლოა, აზრადაც არ მოსვლოდეთ საფირმო ნიშნის შექმნა, რომ არა ყუთებზე უხეშად მიჯღაბნილი ჯვრები - უბირი მტვირთავები ასე აღნიშნავდნენ, რომელ ყუთში იყო საპონი და რომელში - სანთელი. ღვთისმოშიშმა ბიზნესმენებმა ჯვრები ვარსკვლავებით შეცვალეს, მერე კი ისინი მთვარით დაამშვენეს. როცა ერთმა მოვაჭრემ მთელი ყუთი საქონელი მხოლოდ იმიტომ დააბრუნა უკან, რომ მათ ნამდვილობაში დაეჭვდა - ყუთებზე ნაცნობი ნახატი ვერ დაინახა, ამის შემდეგ არც ერთი ნაწარმი საფირმო ნიშნის გარეშე აღარ გამოდიოდა.

თავდადებულმა შრომამ, კრიზისის მიუხედავად, შედეგი გამოიღო. 22 წლის შემდეგ ქვისლები $1 მილიონის საპონ-სანთელს ყიდდნენ. 60-იანი წლების დასაწყისში პროქტერსა და გემბლს უკვე ჰქონდათ პატარა ქარხანა 80 მუშით. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865) კომპანიას რამდენჯერმე დაუკვეთეს არმიისთვის საპნისა და სანთლის მიწოდება. ომის დამთავრების შემდეგ საქმეში დამფუძნებელთა ვაჟები ჩაერთნენ. ჯეიმს ნორის გემბლმა, თვითნასწავლმა ქიმიკოსმა, ახალი საპონი შექმნა - ქათქათა და მკვრივი. ჰარლიმ, პროქტერის უმცროსმა ვაჟმა კი მას Iვორყ (სპილოს ძვალი) უწოდა. საპონი ძალიან მოეწონა მომხმარებელს და ის დღემდე წარმატებით იყიდება. თუმცა სითეთრე, სიმკვრივე და კარგი სახელი არ კმაროდა. როგორც ყოველთვის, საქმეში მისი უდიდებულესობა შემთხვევა ჩაერია: ერთხელ მუშას საპნის ხარშვისას ჩაეძინა თუ ლაპარაკში გაერთო და მთელი საათით დაუგვიანდა აპარატის გამორთვა. შეშინებულმა ეს არ გაამხილა და საპონი დახლებზე მოხვდა. მალე კომპანიის კართან რიგი დადგა - ითხოვდნენ საპონს, რომელიც წყალში არ იძირებოდა. ქალებს, რომლებიც მდინარეებსა და ტბებზე რეცხავდნენ, სწორედ ასეთი საპონი სჭირდებოდათ. კომპანიასაც ბედის ასეთი საჩუქრისთვის ზურგი არ უქცევია.

ჰარლი პროქტერმა 1882 წელს დაარწმუნა უფროსი თაობა, რომ რეკლამაში ფულის ჩადება აუცილებელი იყო. დროთა განმავლობაში, სარეკლამო სტატიების თითქმის ყველა ჟურნალში გამოქვეყნება კომპანიისთვის მტკიცე ტრადიციად დამკვიდრდა.

თავისი ქმნილების 50 წლის იუბილეს - 1887 წელს, უილიამ პროქტერი ვერ მოესწრო, იგი სამი წლით ადრე გარდაიცვალა, 83 წლისა. სამაგიეროდ ცოცხალი იყო მისი მეწყვილე ჯეიმს გემბლი. ის მოესწრო იმ დროს, როცა მისი საწარმოს ბრუნვა $10 მილიონს შეადგენდა, წლიური წმინდა მოგება კი - $500 ათასს. გემბლმა 89 წლამდე იცოცხლა და 1891 წელს გარდაიცვალა. საქმე პროქტერებისა და გემბლების მომდევნო თაობას გადაეცა.

"საპნის ოპერის" დაბადება

XX ს-ის 20-იან წლებში ჟურნალ-გაზეთებში რეკლამა საკმარისი აღარ იყო და კომპანიამ საქმეში რადიო ჩართო. რადიოსერიალში კოლდბერგების ოჯახის შესახებ, გაიჟღერა "პროქტერ & გემბლის" საპნის რეკლამამ. პირველივე რეკლამის შემდეგ სერიალი "საპნის ოპერად" მოინათლა. შემდეგ ეს გამოთქმა ზოგად ტერმინად იქცა. აშშ-ში ტელევიზიის შექმნიდან ხუთი თვის შემდეგ, კომპანიამ პირველი სატელევიზიო რეკლამა გაუშვა ბეისბოლის მთავარი ლიგის მატჩის დროს, ამჯერადაც "აივორის" შესახებ. იმ დროისთვის ფირმა უკვე 50 სახეობის საპონს უშვებდა. ხოლო სანთლებმა უკვე კარგა ხნით ადრე მოჭამეს თავისი დრო. კომპანია მხოლოდ საპნის მწარმოებლად დარჩებოდა, რომ არა ვიქტორ მილსი. იგი 1925 წელს გახდა კომპანიის პირველი ინჟინერ-ქიმიკოსი. ენერგიულმა და იდეურმა ვიქტორმა, რეცხვისას ცოლის ტანჯვის შემყურემ, გამოიგონა საპნის "ფანტელები" - სარეცხისა და ჭურჭლისთვის. მოგვიანებით კი შექმნა პირველი სინთეტიკური სარეცხი ფხვნილი "დრეფტი" - "ტაიდის" წინაპარი.
როცა საყვარელი შვილიშვილი შეეძინა, საფენების რეცხვის მოძულე მილსი ერთჯერადი საფენის შექმნის იდეამ შეიპყრო. მაგრამ პატარები ბაბუას გამოგონილ პლასტმასის ტრუსებში "იხარშებოდნენ", ქინძისთავიანი შესაკრავებიც საამური ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა რამდენიმე თვეში პრობლემები გადაიჭრა, 1961 წელს კი ილინოისის მაღაზიებში პამპერსის პირველი პარტია გამოჩნდა (პამპერ-ი ინგლისურად "განებივრებას" ნიშნავს). იმ დროს ამერიკა დემოგრაფიულ აღმავლობას განიცდიდა და "პამპერსს" დიდი მოწონება ხვდა წილად.

მას შემდეგ კომპანიამ არაერთი სიახლე გამოუშვა ბაზარზე. დღეს "პროქტერ & გემბლი" ბიზნესგამოცემა "ფორბსის" ბოლო, 2013 წლის მაისის 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის რეიტინგში 35-ე ადგილზეა $208,53-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. თანამშრომელთა რიცხვი 126 ათასი კაცია, წლიური გაყიდვა - $83,32 მილიარდი, ხოლო შტაბ-ბინა კვლავაც ქალაქ ცინტინატიშია. კომპანიის კუთვნილ ბრენდებს შორისაა როგორც "პამპერსი", "არიელი", "სეიფგარდი" თუ "პანტენი", ასევე "ჯილეტი", "მაქს ფაქტორი", "დიურასელი" და მრავალი სხვა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით