"სააქციო საზოგადოების დამფუძნებელის ვინაობა კი მაინც დაფარული რჩება - კვირის პალიტრა

"სააქციო საზოგადოების დამფუძნებელის ვინაობა კი მაინც დაფარული რჩება

მსხვილ ბიზნესებში წილებისა და გავლენის სფეროების გადანაწილება ყველგან სახელისუფლებო ცვლილებების თანმდევი პროცესია. გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ. ხმამაღლაც რომ არავინ ისაუბროს, ისედაც ყველამ იცის, რომ გავლენიანმა პირებმა ყველაზე მომგებიანი ბიზნესები საკუთარ ხელში მოიქციეს. ძველი მფლობელების წილების თავის ან ნდობით აღჭურვილი პირების სახელზე გადაფორმებაც უმრავლეს შემთხვევებში "ხავერდოვნად", უჩუმრად მოხდა. რიგით მოქალაქეებს ამ ინფორმაციის მოპოვების გარდა სხვა საფიქრალიც ბევრი აქვთ, მაგრამ დაინტერესებულმა პირებმა, მათ შორის ინვესტორებმაც, იმის გაგება რომ მოინდომონ, ვინ არიან ამა თუ იმ კომპანიის დამფუძნებლები და წილის მფლობელები, ვერაფერს შეიტყობენ " ინფორმაცია დახურულია.

უცნობია, რეალურად ვის ეკუთვნის, მაგალითად, ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ახლა უკვე "ქართულ ფოლადად" იწოდება. ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ქარხნის მფლობელად ცოტა ხნის წინ ჯოზეფ კეი ითვლებოდა, მაგრამ კომპანიაზე პრეტენზიას ახლა უკვე ბრიტანელი ინვესტორი ტომას ბლეიკი აცხადებს. როდის გადაიფორმა ქარხანა კეიმ ან მიითვისა თუ არა მართლაც ბლეიკის წილი, როგორც ამას ბრიტანელი ირწმუნება, ვერავინ შეიტყო, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია. დღემდე სხვადასხვა ვერსიები არსებობს "მადნეულის", "საქართველოს ლატარიის კომპანიის", ქართული ტელეარხების მფლობელების შესახებ, მაგრამ ვინ არის რეალური მეპატრონე, ამის გარკვევა შეუძლებელია. კანონით, დამფუძნებლებისა და წილის მფლობელების ვინაობის დასახელება კომპანიის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ ნებას კი ბუნებრივია, არავინ იჩენს.

მეწარმეთა შესახებ კანონში 2008 წლის 10 მაისს შეტანილი ცვლილების შემდეგ, საწარმოთა შესახებ ინფორმაცია დაიხურა. ამავე დროს დაიხურა საწარმოთა ფინანსური დოკუმენტაციაც. მანამდე კომპანიების ბუღალტრული ანგარიშები, მოგება-ზარალი საჯარო ინფორმაციას წარმოადგენდა და საგადასახადოში იყო თავმოყრილი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია ფინანსთა სამინისტროს სამეწარმეო რეესტრში ხდება. თუმცა, დამფუძნებელები არც ამ ჩანაწერებში ჩანს. მათ შესახებ ინფორმაცია დახურულია დამოუკიდებელ რეგისტრატორებთანაც, რომლებიც შპს-ების, კომანდიტური საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების წილებსა და ფასიან ქაღალდებს არეგისტრირებენ. ამჟამად თბილისში ათამდე რეგისტრატორი მუშაობს (დამოუკიდებელი რეგისტრატორები კახა ბენდუქიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს გაჩნდნენ. მანამდე საწარმოთა რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრატორთან ხდებოდა და ინფორმაცია ერთ უწყებაში იყრიდა თავს). მათი ნაწილი თავად მსხვილმა კომპანიებმა შექმნეს, ინფორმაცია ისევ საკუთარ ხელში რომ ჰქონოდათ. მხოლოდ საწარმოს დირექტორი და რეგისტრატორი საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიის წილები ახალ მფლობელზე გადაფორმდეს. ამას რამდენიმე ჩანაწერი და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ცნობას, რომ ამა თუ იმ საწარმოს მესაკუთრე ხარ, დირექტორი იძლევა. ანუ მას შეუძლია, ცნობა ვისაც სურს, იმას მისცეს. დირექტორმა თუ მოისურვა, შეუძლია კომპანია სხვა პირზე გააფორმოს და რეგისტრატორთან გაატაროს. შემდეგ ძველმა მფლობელმა უნდა ამტკიცოს, რომ ნამდვილი მფლობელი თვითონ არის. ასე მოხდა "ქართული ფოლადის" შემთხვევაშიც.

ტომას ბლეიკი დღესაც ამტკიცებს საერთაშორისო სასამართლოში, რომ წილის მფლობელია, მაგრამ ყოფილ დირექტორს წილი უკვე სხვა პირზე აქვს გადაფორმებული. ამიტომაც არაერთი კომპანიის მფლობელმა პოსტფაქტუმ შეიტყო, საკუთარ კომპანიაში წილს რომ აღარ ფლობდა. სახელმწიფომ ან კერძო პირებმა მათი ქონება ისე გადაიფორმეს, მათი თანხმობა არც დასჭირვებიათ. ასე მოხდა "სახალხო ბანკის" შემთხვევაში, როცა ძველი მფლობელების, ირინა ჯინჭარაძის, ელენე კოვალენკოს, აგრეთვე შპს "სტარქოდ რესურსიზის" თანხმობას არ დალოდებიან, ისე ჩაიწერა რეგისტრატორთან ახალი არაბი მფლობელის, "ევრო ოილის" ვინაობა.

ერთი კვირის წინ კი საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ამცნო, რომ 1-ელი იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრი მათ უწყებაში გადავა. საჯარო რეესტრის ხელმძღვანელ სოსო წიქარიშვილის თქმით, შპს-ებში წილებსა და პარტნიორებთან დაკავშირებული ინფორმაციის არქივი და დამოუკიდებელ რეგისტრატორთა მონაცემთა ბაზა საჯარო რეესტრს უნდა გადასცენ. ამონაწერს ამ უწყებების შესახებ 1-ელი იანვრიდან საჯარო რეესტრის 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური გასცემს. შემცირდება მომსახურების ვადები და საფასური.

თუმცა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას არ დაუზუსტებია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ შპს-ებს შეეხება. სააქციო და სხვა საზოგადოებების დამფუძნებელების შესახებ ინფორმაცია იანვრის შემდეგაც კონფიდენციალური დარჩება. არადა, ბევრი მსხვილი კომპანია სწორედ სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს. ის შპს-ები კი, რომლებსაც მოწილეთა ვინაობის დამალვა სურთ, გამოსავალს იპოვიან " სააქციო საზოგადოებად გადაკეთდებიან და მფლობელებსაც უცხო თვალისგან კონფიდენციალობის საფარველი დაიცავს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება ბაზარზე დიდი გადანაწილების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებაზე მიანიშნებს " ვისაც წილების გადაფორმება სურდა, უკვე გადაიფორმა და ახლა შეიძლება დღის სინათლეზეც გამოვიდნენ. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ცვლილებით ხელისუფლებამ დიდი რევიზია დაიწყო. კომპანიებში ბოლო დროს შეტანილ ყველა ცვლილებას გადასინჯავენ და თუ არ დაეთანხმებიან, ზოგს პასუხს მოსთხოვენ, ზოგსაც შესაძლოა ბოლო წლების მონაპოვარზე უარიც ათქმევინონ.

ექსპერტების შეფასებით, სანამ კომპანიების შესახებ ფინანსური ინფორმაცია მიუწვდომელია, ქვეყანაში კაპიტალის შემოტანას სერიოზული ინვესტორი არ მოისურვებს.

დავით ასლანიშვილი ("საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+"-ის დამფუძნებელი): "რომელი ინვესტორი შემოვა, როცა საწარმოების შესახებ ფინანსური ინფორმაცია დახურულია? მას არ აქვს გარანტია, რომ ვიღაც უჩუმრად წილს არ წაართმევს და ცარიელს არ დატოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, ინვესტორმა სახელმწიფოსგან იყიდა ქონება თუ კერძო პირისგან, ბირჟაზე თუ ბირჟის გარეთ. მთავარია, მის კერძო საკუთრებას არავინ შეეხოს და არ წაართვას".

ნონა ქვლივიძე