ბანკების საქმე კარგად მიდის?! - კვირის პალიტრა

ბანკების საქმე კარგად მიდის?!

საქართველოს საბანკო სისტემამ გამოიარა პოლიტიკური ბატალიებით დატვირთული 2012 წელი, რომელიც ამ ბიზნესისთვის გვარიანი გამოცდა აღმოჩნდა. წლევანდელი I კვარტალი კი საბანკო სექტორმა 65,26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. როგორც საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, სექტორისთვის 2013 წელი შარშანდელზე უკეთესი იქნება:

- როგორც ვიცით, წლის პირველი სამი თვის მიხედვით საბანკო სისტემის წმინდა მოგებამ 65 მლნ ლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა შარშანდელი პირველი თვის მიხედვით ამ სექტორის ზარალი 7 მლნ ლარი იყო, ხოლო I კვარტალის მოგება - მხოლოდ 15 მლნ ლარი. ნიშანდობლივია, რომ 2011 წელს, როდესაც საბანკო სექტორის წლიურმა მოგებამ სარეკორდო 323 მლნ ლარი შეადგინა, I კვარტალში, სულ რაღაც, 44 მლნ ლარი იყო მოგება.

მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები. ბოლო თვეებში მოგებაზე გასვლისა და საბანკო კაპიტალის ზრდის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა აქტივებსა და კაპიტალზე მოგების უკუგების მაჩვენებლებიც.

საბანკო სექტორის მდგომარეობა წლეულს გაცილებით იმედის მომცემია, ვიდრე თუნდაც შარშან იყო.

- 2013 წლის I კვარტალი ყველა თვალსაზრისით წარმატებული იყო?

- დიახ, ასეა, რადგან წლევანდელი სამი თვის მიხედვით საბანკო კაპიტალი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 5,6%-ით. საბანკო სისტემის სტაბილურობასა და რისკების შემცირებაზე მიუთითებს, აგრეთვე, სააქციო კაპიტალის ზრდაც.

ვადიანი დეპოზიტების ძირითად ნაწილს ფიზიკური პირების ანაბრები შეადგენს და მისი მოცულობაც გაზრდილია 115 მილიონი ლარით (4 მლრდ 495 მლნ ლარამდე). ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და, ჩემი აზრით, მოსახლეობის განწყობასაც გამოხატავს. გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების მიუხედავად, მოსახლეობის განწყობა ოპტიმისტურია. ეკონომიკის ზრდაზე ეს მხოლოდ დადებითად აისახება.

- რამდენად მომგებიანია სოფლის მეურნეობა კომერციული ბანკებისთვის?

- გასულ წლებში სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, მაღალი რისკების გამო, უმნიშვნელო ციფრს შეადგენდა და საკრედიტო პორტფელის 1-2%-ს არ ასცდენია. ანუ ეკონომიკის ეს სეგმენტი, პრაქტიკულად, აუთვისებელი იყო. წლეულს ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტების პროგრამაში ჩაერთნენ, დაინერგა აგროდაზღვევის პროდუქტებიც, რაც ბანკების საოპერაციო არეალს გაზრდის. თანაც, ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან და მოქმედ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის, საგადასახადო კოდექსშიც, საბანკო სექტორს მხოლოდ დადებითად წაადგება.

ციფრების ენით

- 2013 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 3 - უცხოური ბანკის ფილიალით. უცხოური კაპიტალის მონაწილეობა საწესდებო კაპიტალში 74,3%-ია.

- უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი მთლიანი აქტივების 80,4%-ია.

- საკრედიტო დაბანდების მოცულობა 74 მლნ ლარით გაიზარდა და წლევანდელი 1-ელი აპრილისთვის 8,7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

- პრობლემური სესხების წილი საბანკო სისტემის პორტფელში 2013 წლის I კვარტალის ბოლოს 9,5%-ით განისაზღვრა (2012/Iკვ - 7,4%).

* * *

2008 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. +42,267

I-II კვარტ. +76,145

I-III კვარტ. -37,335

I-IV კვარტ. -215,744

2009 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. -28,564

I-II კვარტ. -63,566

I-III კვარტ. -82,009

I-IV კვარტ. -65,317

2010 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. +15,337

I-II კვარტ. +37,294

I-III კვარტ. +95,285

I-IV კვარტ. +156,270

2011 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. +43,981

I-II კვარტ. +119,140

I-III კვარტ. +215,047

I-IV კვარტ. +323,037

2012 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. +15,971

I-II კვარტ. +88,814

I-III კვარტ. +138,645

I-IV კვარტ. +134,231

2013 წელი (მოგება/ზარალი მლნ ლარი)

I კვარტ. +65,260

ხათუნა ჩიგოგიძე