მსუბუქი მასალა მყარი შენობებისთვის
29-04-2013
მსუბუქი მასალა მყარი შენობებისთვის
"ცემენტი და ქვიშა აქაც გვაქვს, მხოლოდ ალუმინის პუდრი შემოგვაქვს"

გადაცემა "ბიზნესფაილი", რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV-ის" ეთერში კვირაში ორჯერ გადის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაციას ემსახურება, სამშენებლო მასალების ბიზნესს მიეძღვნა. როგორ მზადდება საქართველოში გაზობლოკი და რა უპირატესობა აქვს მას სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით - ამ და სხვა თემებზე გადაცემაში შპს "MK ჯგუფის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მერაბ მაღლაკელიძემ ისაუბრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი
"პალიტრა მედიისა" და "აირექსის" მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მერაბ მაღლაკელიძე: "MK ჯგუფი" ორი წლის წინ შეიქმნა. გაგვიჩნდა სურვილი, გვეწარმოებინა სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც გაზობლოკი ჰქვია და ამით ბაზარზე ჯერ აუთვისებელი სეგმენტი დაგვეკავებინა. საკუთარი კაპიტალი არ მქონდა, სტარტაპისთვის სესხს არც ბანკები მაძლევდნენ, ამიტომ გამოვძებნე პარტნიორი, რომელმაც საწყისი კაპიტალის ნახევარი
ჩადო საქმეში, ნაწილი მე მოვიძიე. მოვიპოვეთ გაზობლოკის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ნახაზები და მათი დამზადება საქართველოში შევუკვეთეთ. ვიქირავეთ 500 კვმ შენობა, რომლის სიმაღლე დანადგარების განსათავსებლად 4-5 მეტრია და სხვ.

მანამდე კვლევები მოვაწყვეთ, რათა შეგვესწავლა გაზობლოკის უპირატესობა სხვა სამშენებლო მასალასთან შედარებით. მინდა გითხრათ, რომ მთელ მსოფლიოში ძირითად სამშენებლო მასალად სწორედ გაზობლოკს იყენებენ. მას აქვს მაღალი თბო და ხმის იზოლაცია, სამჯერ მსუბუქია აგურზე, ჩვეულებრივ ბლოკზე კი - ხუთჯერ. გაზობლოკით მშენებლობაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მშენებელს მისი გამოყენება არმატურის დიდ ეკონომიას აძლევს. გაზობლოკი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, სიგრძით 60 სმ-ია, სიმაღლით - 30 სმ. ტიხრის ბლოკის სიგანე 10 სმ-ია, საკედლე ბლოკისა კი - 20 სმ. შესაბამისად, როცა მაღალი თბოიზოლაციის მიზნით, ნაცვლად სხვა მასალის სტანდარტული 30 სმ-ისა, 20 სმ სიგანის გაზობლოკით ვაშენებთ კედელს, ფართშიც მოგებული ვრჩებით. გაზობლოკი ერთმანეთზე წებოცემენტის ხსნარით ეწყობა, რასაც მოქვს საკმაოდ დიდი ეკონომია - მშენებელი იგებს დროს და ნაკლები ხარჯი აქვს.

ბაზარზე პირველი ვიყავით, ვინც ამ პროდუქტის წარმოება დაიწყო და საკმაოდ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად. გაზობლოკი შედარებით რბილია, ვიდრე ჩვეულებრივი ბლოკი, აგური ან სხვა რომელიმე სამშენებლო მასალა, მაგრამ ბევრი უპირატესობა აქვს მათთან შედარებით. იგივე თბოიზოლაციის მაღალი დონე, რომელიც დღეს ასე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის - გაზობლოკით აშენებული შენობა, დაახლოებით, 30-40%-ით უფრო მეტად ინარჩუნებს სითბოს, აქედან გამომდინარე, გაზობლოკზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივი აგურით ნაგები შენობა მიწისძვრის დროს დარტყმას იღებს და ბზარები უჩნდება, გაზობლოკის შემთხვევაში ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან კარკასთან შედარებით მისი წონა ბევრად ნაკლებია.

ფასი განისაზღვრება გაზობლოკის მოცულობით. კუბური მეტრი გაზობლოკის ფასი 5-დან 6 ლარამდე მერყეობს, იმავე ბლოკის შემოტანა კი თურქეთიდან ან იტალიიდან, დაახლოებით, ორმაგი დაჯდება. ჩვენ არ შევდივართ ბაზარზე მაღალი ფასებით, რადგან საკმარისად მიგვაჩნია ის მოგება, რომელსაც ამ ფასის პირობებში გაზობლოკის წარმოება ტოვებს.

გაზობლოკის წარმოებისთვის საჭიროა ცემენტი, ქვიშა და ალუმინის პუდრი. ცემენტი და ქვიშა ადგილობრივი ნედლეულია, მხოლოდ ალუმინის პუდრი შემოგვაქვს რუსეთიდან. ჩვენი გაზობლოკით საქართველოში უკვე ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და სახლი აშენდა. მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან ამ სამშენებლო მასალით აშენებული შენობები "სუნთქავს".
ШПС MK-group Merabi
17 თებერვალი 2014 14:25
გაზობლოკი მზადდება თბილისში აგმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ტელეფონი 597331893 მერაბი
ნინო
29 ნოემბერი 2013 10:49
მოგესალმებით! ძალიან მაინტერესებს სამშენებლო მასალა ,,გაზობლოკი" თბილისი გარდა რეგიონებში სად შეიძლება შევიძინო? ახლა რა ღირს? გთხოვთ ჩემს შეკითხვას ნე დატოვებთ უგულისყუროთ.წინასწარ გიხდით მადლობას.
zura
30 ივლისი 2013 21:19
დიდი ბლოკი 60-30-20-ზე გირდა 6 ლარი,სატიხრე ბლოკი 60-30-10-ზე 3ლარი და 50 თეთრი,მაგრამ უკმაყოპილო ვარ რადგან სულ იფშვნება

რედაქტორის რჩევით