ოქროს კორეული ვარსკვლავი - "იღბლიანა"
29-04-2013
ოქროს კორეული ვარსკვლავი - "იღბლიანა"
LG-ის ზრდა კბილის ფხვნილის მწარმოებლიდან მეგაკორპორაციამდე

კომპანია LG-მ საკუთარი ბიზნესი, არც მეტი, არც ნაკლები, კბილის ფხვნილის დამზადებით დაიწყო, რომელიც დეფიციტურ მარილს ცვლიდა - აღმოსავლეთ აზიაში კბილებს სწორედ მარილით იწმენდდნენ. წარმატებით ფრთაშესხმულმა კომპანიის დამფუძნებელმა კუ ინ-ჰოიმ ქალაქ პუსანში 1947 წელს დააარსა ფირმა Lak-Hui Chemical Industrial Corp-ი. შინაურულად ფირმას Lucky-ს ("იღბლიანს") ეძახდნენ. სამხრეთ კორეაში მან პირველმა დაიწყო პლასტმასის წარმოებაში.

თავდაპირველად კომპანია სახის კრემებს ამზადებდა, მოგვიანებით კი გამოუშვეს ჭურჭლის სარეცხი საშუალება, შამპუნი და
კბილის იაფფასიანი პასტა, რომელმაც ამერიკული "კოლგეიტი" აშკარად შეავიწროვა.

პირველი კაპიტალის მიღება კუ ინ-ჰოიმ თავისი პრაქტიკული ჭკუის წყალობით შეძლო. დღეს ძნელად წარმოსადგენია, რომ კორეის ომის (1950-53 წ.წ.) - სიღატაკისა და ნგრევის წლებში მან დაიწყო... ჭურჭლის დამზადება კოსმეტიკისთვის. კუმ შუშისა და ფაიფურის ფლაკონები მყარი პლასტმასათი შეცვალა. ამ
პროდუქციამ ომის შემდეგ დიდი მოგება მოიტანა, რისი წყალობითაც ფირმა მრავალპროფილიან ვაჭრობას შეუდგა. სამხრეთი კორეის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების დროს კი ეს მეტად პერსპექტიული საქმე აღმოჩნდა.

კუ ინ-ჰოიმ მოგება რადიომიმღებების წარმოებაში დააბანდა და 1958 წელს კომპანია Goldstar-ი დააარსა. ამ პროდუქციის არჩევა მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს უკავშირდება: 1942 წლის აპრილში იაპონელმა ოკუპანტებმა კორეელებს უბრძანეს, მოკლეტალღური მიმღებები ჩაებარებინათ, რათა მათთვის "ამერიკის ხმის" მოსმენის საშუალება მოესპოთ... "გოლდსტარის" იაფი ტრანზისტორები კორეელებს რადიოს დაუბრუნებდა, თუმცა დიდი იყო ალბათობა, ეს პროექტი წარუმატებელი გამომდგარიყო: მოსახლეობას უჭირდა, მოთხოვნა ნაკლები იყო და მას ამერიკული პროდუქციაც სავსებით აკმაყოფილებდა. საქმეს უშველა სახელმწიფოს დაფინანსებულმა პროგრამამ - სოფლად რადიომიმღებები გაეგზავნათ. მაგრამ მეწარმეს მხოლოდ შიდა ბაზარი არ აინტერესებდა, მისი მიზანი პროდუქციის ექსპორტზე გატანა იყო.

გენერლის ფრთის ქვეშ

1961 წელს კორეაში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში გენერალი პარკ ჯონ-ჰი მოვიდა - კუ ინ-ჰოის თანამოაზრე და ძველი მეგობარი (ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ბიზნესმენმა გადატრიალებაში საორგანიზაციო და ფინანსური მონაწილეობა მიიღო). მაშინ ეს სრულ უტოპიად ჟღერდა, მაგრამ გენერალმა მიზნად დაისახა, აგრარული, ომისგან გაჩანაგებული სამხრეთი კორეა ინდუსტრიულ ქვეყნად ექცია. დასაყრდენად ეროვნული კადრები შეირჩა - ერთადერთი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. უნდა ითქვას, რომ ამ დასაყრდენს დიდი უპირატესობა ჰქონდა: კონფუცისეული კულტურა ხალხში ტრადიციულად ავითარებდა ისეთ თვისებებს, როგორებიცაა შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა. ჩაფიქრებული იყო "ქვეყანა-ფაბრიკის" მოდელი, რომელიც ნედლეულს შემოიტანდა, ხოლო მსოფლიოს მზა პროდუქციას მიაწვდიდა. მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად კი საჭირო იყო მსხვილი კომპანიები, რომლებიც, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ექსპორტისკენ მიმართულ წარმოებებს შექმნიდნენ. გენერალმა რამდენიმე ათეული ასეთი კომპანია შეარჩია. ცხადია, ერთ-ერთი მათგანი "გოლდსტარი" გახლდათ.

გენერლის მხარდაჭერით, კუ ინ-ჰოიმ ვენტილატორების, მაცივრების, სარეცხი მანქანების, ტელევიზორების, ლიფტების, ელექტროტრანსპორტერების, ასევე დისტანციური მართვის მოწყობილობების წარმოება დაიწყო. უტოპია რეალურ მოხაზულობებს იძენდა: 1962 წელს "გოლდსტარი" პირველი კორეული კომპანია გახდა, რომელიც ელექტროსაქონელს, კერძოდ კი რადიომიმღებებს, აშშ-ის ბაზარს აწვდიდა. მაგრამ 1969 წელს კუ ინ-ჰოი უეცრად გარდაიცვალა, ისე, რომ თავისი საქმის გამგრძელებლის დასახელება ვერ მოასწრო.

კორეაში ხელმძღვანელობა და ქონება ტრადიციულად მამიდან შვილზე გადადიოდა, ამდენად, ბიზნესების გამგრძელებლების საკითხი არც იდგა. მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებული იყო. კუ ინ-ჰოის 45 წლის ვაჟი, კუ ჩა-კიუნი დიპლომიანი პედაგოგი გახლდათ და, ბიძა-ბიძაშვილებისგან განსხვავებით, ბიზნესის მართვაში არასდროს მონაწილეობდა. თუმცა ტრადიციამ გაიმარჯვა, კუ ჩა-კიუნმა მამის სავარძელი მაინც დაიკავა და წარმატებითაც: მის ხელში კომპანიამ დიდი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, რაც აუცილებელი იყო მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. 1970-იანების ბოლოს "გოლდსტარმა" თანამშრომლობა დაიწყო AT&T-სთან, NEC-თან, "სიმენსთან", "ჰიტაჩისა" და სხვა ტექნიკურ კომპანიებთან, ფული დააბანდა ნახევარგამტარებში, რათა ამწყობიდან სრული ციკლის მწარმოებლად ქცეულიყო. 1978 წელს "გოლდსტარი" პირველი სამხრეთკორეული კომპანია გახდა, რომლის ექსპორტმა $100 მილიონს გადააჭარბა.

"ნიჭიერი სანათესავო"
კუ ჩა-კიუნი კარგად ერკვეოდა ტექნოლოგიურ სტრატეგიებში, თუმცა ბიზნესი "კორეულად" იმართებოდა: პროფესიონალი მენეჯერის ნაცვლად, წარმოებას ოჯახური კლანის წევრები მართავდნენ. ასეთი მართვის წყალობით, ვალები და კრედიტები იზრდებოდა, წამგებიანი ბიზნესპროექტები კი ეფექტიანად მომუშავეთა ხარჯზე ფინანსდებოდა. 1980-იანებში კომპანია სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა: კორეაში მუშახელი გაძვირდა, ექსპორტსაც უწინდებური მოგება აღარ მოჰქონდა, "გოლდსტარი" საგრძნობლად ჩამორჩებოდა კონკურენტ "სამსუნგს".

საქმე ტექნოლოგიებში დროულად დაბანდებამ იხსნა. 1989 წელს ამოქმედდა ნახევარგამტარების საწარმო LG შემიცონ-ი, რომელიც საკუთარი წარმოების ხარისხიან ელექტროსაქონელს უშვებდა. 1999 წელს "გოლდსტარმა" შეიძინა კომპანია ძენიტჰ-ის აქციები, რომელიც აშშ-ში ტელევიზორების უკანასკნელი მწარმოებელი იყო. დასავლური ბაზრების ათვისების კვალდაკვალ კუ ჩა-კიუნი სულ უფრო მეტად გრძნობდა ბიზნესის რეორგანიზაციის აუცილებლობას. რეფორმების გასატარებლად კორეელებმა McKinsey-ს სპეციალისტები მიიწვიეს.

მრჩეველთა გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს კუ ინ-ჰოის არანათესავი წევრები უფლებებით გაუტოლდნენ ნათესავ წევრებს. მეტიც - არანათესავს თავმჯდომარის ადგილიც კი შეიძლებოდა დაეკავებინა. ლაპარაკი იყო საქმეში დასავლელი მენეჯერების ჩართვაზეც. თუმცა ეს ყველაფერი უფრო დეკლარაცია იყო. LG-ს მენეჯერთა საშუალო და მაღალ რგოლებში დღემდე კორეელები არიან, კუ ჩა-კიუნმა კი პენსიაზე გასვლისას სავარძელი ვაჟიშვილს გადაულოცა, თუმცა თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლაც დასავლურად მოაზროვნე ადამიანის საქციელი გახლდათ. ტრადიციული კორეელის შეხედულებით, გადადგომა "არ მოსულა". ორთოდოქსი კორეელისთვის ფირმის გადამდგარი პატრონი იგივეა, რაც "თადარიგში გასული იმპერატორი".

ჩიტები და ბიზნესის იმპერატორი

"გოლდსტარის" ახალმა მმართველმა კუ ბონ-მომ 1995 წელს, მოსვლისთანავე მეტად ხარჯიანი და იმავდროულად სარისკო ნაბიჯი გადადგა - კომპანიის სახელი შეუცვალა (LG-ი მან მიიღო Lucky-Goldstar-იდან). ამას ორი ახსნა ჰქონდა. ჯერ ერთი, ფირმა თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე გავიდა და ძველ მარკასთან გაიგივება აღარ სურდა. მეორეც - ახალ სახელს იოტისოდენა აღმოსავლური ელფერიც კი აღარ დაჰკრავდა და მის კორეულ წარმომავლობას მომხმარებელს არაფრით ახსენებდა. კლივლენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კუ ბონ-მო პროფესიონალი მენეჯერი გახლდათ და ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა - ახალმა მარკამ მართლაც მოიპოვა პოპულარობა აშშ-შიცა და ევროპაშიც. თუმცა სამ წელიწადში აზიას კრიზისი დაატყდა თავს. კუ ბონ-მო კი არა მხოლოდ კონცერნის გადარჩენას, არამედ მოგების გაზრდას ცდილობდა. LG-მ ფინანსური სტრუქტურის რეორგანიზაცია წარმართა, დახურა ან გაყიდა არამომგებიანი ბიზნესები, სახსრები დააბანდა მთავარ - ქიმიურ და ელექტრონიკის სექტორებში, საფუძველი ჩაუყარა ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს.

სამხრეთ კორეაში არავის უკვირს, რომ მთავრობა დროდადრო ურჩევს ბიზნესს, როგორ განვითარდეს. აზიური კრიზისით ჭკუანასწავლმა ხელისუფლებამ კორეულ გიგანტებს შესთავაზა, ევროპული ყაიდის დარგობრივ ჰოლდინგებად გარდაქმნილიყვნენ. კუ ბონ-მო ასეც მოიქცა, რამაც კოლოსალური შედეგი მოიტანა.

დღეს კონგლომერატი LG Corp-ი 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, 30-ზე მეტ ფირმას აერთიანებს და მათ შორის რამდენიმე მართლაც უმსხვილესია. ზოგიერთს კუს ოჯახი ჰოლდინგის საშუალებით ფლობს, ზოგი საჯარო კომპანიაა, ზოგი კი მთლიანად ოჯახის საკუთრებაა. ბიზნესგამოცემა "ფორბსის" ბოლო, 2012 წლის მაისის 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის რეიტინგში LG-ის ექვსი ფირმაა. მათ შორის ქიმიური წარმოება (LGChem-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $16,2 მილიარდია, 482-ე ადგილზე) ელექტრონიკას უსწრებს (LG Electronics-ი 730-ე ადგილზეა, $11,6-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით). 2012 წელს გაყიდვა სულ $143 მილიარდი იყო და კორპორაციისთვის 220 ათასი ადამიანი მუშაობდა. ამ ჭეშმარიტად აზიური ბიზნესიმპერიის მმართველი, სამი შვილის მამა, 68 წლის კუ ბონ-მო დასავლური ტიპის მეწარმის განსახიერებაა - იგი მოკრძალებულად იცვამს, თავისუფალ დროს გოლფს თამაშობს, ფლობს პროფესიული საბეისბოლო კლუბ LG Twins-ს. ამბობენ, რომ კუ ბავშვობიდან გატაცებულია ორნიტოლოგიით. მისი მონაწილეობით გამოვიდა წიგნი "კორეის ფრინველები", დააარსა ფრთოსანთა დაცვის ფონდი. მაგნატის კაბინეტში უხვადაა წიგნები ორნიტოლოგიაზე, რაფაზე კი ბინოკლი დევს - კუ ჩიტებს აკვირდება. მისი თქმით, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, ჩიტები ეხმარებიან.

მოამზადა ნატა ენუქიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით