ყავა და ჩაი გაძვირდება - კვირის პალიტრა

ყავა და ჩაი გაძვირდება

პროტექციონიზმი ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს, თუმცა იმავდროულად ფასებსაც გაზრდის

მომხმარებელი უკვე შეეჩვია, რომ ყველაფერი ძვირდება და არაფერი იაფდება. საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მაღალ ფასებს ეკონომიკურმა კრიზისმა და მოხმარების შემცირებამაც ვერაფერი დააკლო. ახალი წლიდან კი გაძვირების ახალი ტალღაა მოსალოდნელი. ყავის, ჩაისა და საწებლების იმპორტი 12%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება. ამ ჩამონათვალს შესაძლოა კარტოფილი და შოკოლადიც დაემატოს. ამ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადის შემოღებას პარლამენტში ადგილობრივი წარმოების სტიმულირების საბაბით ითხოვენ, თუმცა გაუგებარია, ამ შემთხვევაში რა შუაშია ყავის იმპორტის დაბეგვრა.

12%-იანი საბაჟო რეჟიმი ყავის მოხალულ მარცვლებსა და მატონიზებელ ჩაიზეც გავრცელდება. ამ ჩამონათვალში შესულ პროდუქციას ამჟამად საბაჟო გადასახადი არ ეკისრება, რაც ადგილობრივი მეწარმეების უკმაყოფილებას იწვევდა. ახლა მათ მთავრობა უკვე იმპორტის შეზღუდვით უნდა დაეხმაროს. სანაცვლოდ საბაჟო განაკვეთი განულდება ახალ ყველზე, ხაჭოზე, ტროპიკულ ხილსა და ზოგიერთ ბოსტნეულზე. ეს პროდუქტები აქამდე 5%-იანი განაკვეთით იბეგრება (დღეს საბაჟო გადასახადი მხოლოდ კვების პროდუქტებსა და სამშენებლო მასალებზე არსებობს). ცვლილება შეეხება სამშენებლო მასალებსაც. გადასახადისგან გათავისუფლდება კვარცის, კვარციტის, ბლოკებისა და ფილების იმპორტი.

ფინანსთა სამინისტროში გადაწყვეტილებას საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას უკავშირებენ. მინისტრ კახა ბაინდურაშვილის თქმით, მსგავს და ერთგვაროვან პროდუქტზე განაკვეთი ერთი და იგივე უნდა იყოს, რაც საბაჟო პროცედურებს გაუმარტივებს ბიზნესსაც და საბაჟოსაც. აღსანიშნავია, რომ დაბეგვრა იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს შეეხება, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, რაც ექსპორტ-იმპორტს გადასახადებისგან ორმხრივად ათავისუფლებს. პროდუქტის იმპორტის უდიდესი წილი კი თურქეთზე, უკრაინასა და აზერბაიჯანზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს.

ზურაბ მელიქიშვილი (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე): ”ფინანსთა სამინისტროს ვურჩიეთ, იმპორტირებულ კარტოფილსა და შოკოლადზეც 12%-იანი განაკვეთი იყოს. აუცილებელია, რომ ის წარმოება, რომელიც უკვე არის საქართველოში, წავახალისოთ და იმპორტთან თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ. ზოგიერთი ქვეყანა ადგილობრივი სურსათის წარმოების პირდაპირ სუბსიდირებას ახდენს. ჩვენთანაც არაერთი ადგილობრივი საწარმოა, რომელიც სხვადასხვა დასახელების საკვებ პროდუქტს აწარმოებს და მათ სტიმულირება სჭირდებათ. გადასახადის გაზრდა ყველა სახის პროდუქციას არ შეეხება, რადგან ბევრი ქვეყნიდან იმპორტი გადასახადებისგან ორმხრივად გათავისუფლებულია და ისედაც ნულოვანი განაკვეთით შემოდის. რაც ამ ქვეყნებიდან არ შემოდის, ბაჟის გაზრდა იმ პროდუქტის თვითღირებულებაში, რა თქმა უნდა, აისახება. ამიტომ ამას სიფრთხილით სჭირდება გაკეთება”.

მიხეილ სვიმონიშვილი (მარნეულის სასურსათო ქარხნის მფლობელი): ”მთავრობის გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს გადაწყვეტილება მომწონს. მართალია, ჩვენ დიდი ოდენობით საწებელს არ ვაწარმოებთ, უმეტესად ექსპორტზე გაგვაქვს, ამიტომ ბაზარზეც ჩვენი წილი მცირეა და განაკვეთის გაზრდა ჩვენს მდგომარეობას არსებითად არ შეცვლის; საბაჟო გადასახადი დსთ-ის ქვეყნებსაც არ ეხება, მაგრამ წახალისება მაინც გამოვა. შედეგი მომავალში კიდევ უფრო გამოჩნდება.

- მთავრობას საბაჟო განაკვეთის გაზრდა თქვენ სთხოვეთ? საუბრობენ, რომ ეს ცვლილება ზოგიერთი ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებისთვის გაკეთდა...

- საბაჟო გადასახადის გაზრდის თხოვნით მთავრობისთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროსთან მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენი ინტერესი მთავრობისთვის ცნობილი იყო. ისინიც დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ ბაზარზე შედარებით იაფი და ხარისხიანი პროდუქცია იყოს. ამასთან, არც მომხმარებელი უნდა დაზარალდეს. მთავრობა უნდა ეცადოს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყოს, რომელიც მოსახლეობასაც ასაქმებს და ხარისხიან და იაფ პროდუქციასაც უშვებს. ევროკავშირს დღესაც აქვს პომიდორზე სუბსიდირება და რა მოხდა, ადგილობრივ მწარმოებლებს ჩვენთანაც თუ წააშველებენ ხელს. ძალიან დიდი წვალება და რისკია ამ სფეროში და კარგია, მხარდაჭერას თუ იგრძნობ. მარტო ვაჭრობით კი არ უნდა აკეთებდეს კაცი ფულს, არამედ ისეთ დარგს უნდა ქმნიდეს, რომელიც ქვეყანას წაადგება, ქართული ნედლეულით უნდა ქმნიდეს პროდუქციას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მარტო ვაჭრობაზე ნუ იფიქრებენ, წარმოებაზე იფიქრონ”.

ჩაიზე ბაჟის გაზრდას იწონებენ ჩაის ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ. ადგილობრივი მეჩაიეები მიიჩნევენ, რომ ცვლილება ბაზარზე ქართული ჩაის დამკვიდრებას წაადგება. ის უცხოური, დაბალხარისხიანი ჩაითაა გაჯერებული და მთავრობას ხარისხის კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ.

იმპორტიორები კი, ვისაც ის საქონელი შემოაქვთ, რომლებიც 12%-იანი კოდის ქვეშ უნდა მოექცეს, ამბობენ, რომ იანვრიდან პროდუქციას გააძვირებენ. პროდუქცია დღგ-თი საბაჟო გადასახადის დარიცხვის შემდეგ იბეგრება, ანუ ღირებულების 12%-ს კიდევ მისი დღგ ემატება.

დიმა შენგელია (კომპანია ”დიპლომატ-ჰოლდინგის” დირექტორი, ყავის, საწებლის, მაიონეზის, პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტიორი): ”საწებლები რუსეთიდან შემოგვაქვს, ხოლო სინგაპურიდან - ხსნადი ყავა, ეს პროდუქცია საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. მხოლოდ დღგ-ს ვიხდით. თუ საბაჟო გადასახადი 12%-ი გახდება, რა თქმა უნდა, პროდუქცია ყველას გაუძვირდება და იძულებული ვიქნებით, გასაყიდი ფასი გავზარდოთ”.

დიმიტრი კორთხონჯია (კომპანია ”უნი თრეიდინგის” დირექტორი): ”საქართველოში ათი დასახელების საწებელი შემოგვაქვს, რომელიც რუსეთში ჩეხური ფრენჩაიზითაა დამზადებული. შემოგვაქვს ყავის მოხალული მარცვალიც. დღემდე მხოლოდ დღგ-თი ვიბეგრებით. 12%-იანი განაკვეთის შემოღების შემდეგ პროდუქციის გაძვირება მოგვიწევს და ეს მომხმარებლის ჯიბეზეც აისახება”.

ნონა ქვლივიძე