კონკურენციის სააგენტო მთლიან ეკონომიკას გააკონტროლებს
06-05-2013
კონკურენციის სააგენტო მთლიან ეკონომიკას გააკონტროლებს
მონოპოლიებით მონოპოლიების კონტროლი?!

ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.


საჯარო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი. კანონპროექტის დამტკიცებისთანავე შეიქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო, რომლის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, პარლამენტთან შეთანხმებით. სააგენტო
ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება და საკუთარი შემოსავლებიც ექნება.
მოქმედი კანონით, სააგენტოს მხოლოდ იმ სფეროებში შეუძლია რეაგირება, რომლებსაც მთავრობა უპირატესად მიიჩნევს. ცვლილებების მიხედვით კი სააგენტო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ასეთ სფეროებს. მონოპოლისტად ჩაითვლება ის კომპანია, რომელსაც თავისი ფინანსური შესაძლებლობებით და კონკურენტების უნარის გათვალისწინებით, ბაზარზე 40% და მეტი წილი ექნება. კანონის
დამრღვევ ბიზნესმენს დაეკისრება ჯარიმა, არა უმეტეს წლიური ბრუნვის 10%-სა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბაზრის დომინანტებს არ შეავიწროებენ მხოლოდ მათი პოზიციების გამო და საჯარიმო სანქციებს მხოლოდ ამ უპირატესი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისას მიმართავენ.

კომპანია დომინირებულად ჩაითლება იმ შემთხვევაშიც, თუ ექნება უნარი, არსებითად შეზღუდოს კონკურენცია სასაქონლო ბაზრებზე. კანონპროექტი აკრძალვას აწესებს დომინანტ კომპანიებს შორის ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზეც. განსაკუთრებით მკაცრი იქნება დამოკიდებულება კარტელურ შეთანხმებებთან. რომელიმე კომპანიაზე ინფორმაციის მოკვლევა სააგენტოში შესული ინფორმაციის საფუძველზე ან სააგენტოს ინიციატივით მოხდება. შედეგებს სააგენტო სასამართლოს გადასცემს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ქეთევან ლაფაჩი (კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი): "ცვლილებები ძირითადად კანონის მოქმედების სფეროებს ეხება, ანუ რა სფეროზე, რა სახის ქმედებებზე და ვისზე გავრცელდება კანონი. მოქმედი კანონით რიგი დარგებისა ამორიცხული იყო, პროექტის თანახმად კანონის გავრცელების არეალი ფართოვდება. კონკურენციის კანონი არ შეიზღუდება დარგობრივი ნიშნით. ახლა სააგენტოს მხოლოდ საჩივარზე რეაგირება შეუძლია, ისიც მხოლოდ დადგენილ სფეროებში და თანაც განხილვის საფასურიც გადახდილი უნდა იყოს. პროექტი არ ითვალისწინებს საჩივრისთვის რამე საფასურის გადახდას, თვით კონკურენციის სააგენტოსაც უფლება აქვს და მოვალეც იქნება, თავისი ინიციატივით დაიწყოს საკითხის შესწავლა, თუ რამე პრობლემის ნიშნები გამოიკვეთება.

კონკურენციის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესია ანტიკონკურენტული შეთანხმებები, განსაკუთრებით ე.წ. კარტელური. ის გულისხმობს ბაზრების დაყოფას ტერიტორიული, მომხმარებლის ან სასაქონლო ნიშნით, ფასების ფიქსირებას, ტენდერებისას შეთანხმებული პირობების დადგენასა და სხვ. კანონში გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, ვისზე არ გავრცელდება ეს კანონი, ანუ ზღვრული ნორმები საბაზრო წილის მიხედვით.

ახლა გამონაკლისებისთვის საკმაოდ მაღალი ზღვრული ნორმებია დადგენილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, შეთანხმებების ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდეს კანონის რეგულირების მიღმა, თუნდაც მნიშვნელოვნად ზღუდავდეს კონკურენციას. ჰორიზონტალური შეთანხმებისას საერთაშორისო პრაქტიკაში დადგენილია 10%-იანი ზღვრული ნორმა, ჩვენი კანონმდებლობით კი - 25%. ვერტიკალური შეთანხმებისას თუ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია 15-15% ყოველი მხარისთვის, ჩვენი კანონმდებლობით ის 40%-ის დონეზეა. შესაბამისად, ბევრი გარიგება და შეთანხმება შეიძლება კანონის მოქმედების გარეთ მოექცეს. პროექტით კი გათვალისწინებულია ამ ზღვრული ნორმების შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან.

კონკურენციის სააგენტო, სხვა მარეგულირებელი თუ მაკონტროლებელი უწყებების მსგავსად, მაღალი პოლიტიკური თავისუფლებით, უწყებრივი თავისუფლებით უნდა გამოირჩეოდეს, რათა მართლაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს. ანტიკონკურენციულ ქმედებებში იგულისხმება არა მხოლოდ ეკონომიკური აგენტები, არამედ არცთუ იშვიათად, მათ დისკრიმინაცია და კონკურენციის შეზღუდვა სახელისუფლებო უწყებების მხრიდან. პროექტით, სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, მაგრამ პარლამენტთან შეთანხმებით.

- ამ ცვლილებებით მოექცევა თუ არა ნავთობპროდუქტის იმპორტი და ფარმაცევტული სექტორი სააგენტოს დაინტერესების სფეროებში?
- ამ ცვლილებების მიზანია, იმგვარად ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო დებულებები, რომ მათი სათანადო აღსრულების პირობებში შესაძლებელი იყოს არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. სათანადო კანონისა და სტრუქტურის არსებობისას, ცხადია, სააგენტო ვალდებული და უფლებამოსილი იქნება, რომ ნავთობპროდუქტი, ფარმაცევტული და სხვა სფეროები მისი რეაგირების საგანი გახდეს. გვესმის, რომ ბიზნესწრეებს აქვს განსაზღვრული მოლოდინიც და იმის შიშიც, როგორ იქნება აღსრულებული ან გამოყენებული ეს დებულებები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - კანონი არ ითვალისწინებს ბიზნესის დევნას მისი წარმატებული საქმიანობის გამო. კანონი ითვალისწინებს მხოლოდ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობასა და აკრძალვას".

პაატა შეშელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ჯერ უნდა განიმარტოს, რა არის მონოპოლია, შემდეგ, თუ საჭიროა, დარეგულირდეს. ჩემი აზრით, მონოპოლია, შესაძლოა, შეიქმნას მხოლოდ სახელმწიფო პრივილეგიით. ამიტომ, თუ ჩვენ რამე კანონმდებლობა გვჭირდება, ის უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო ბიუროკრატიის წინააღმდეგ და მისი საქმიანობის სფეროს უნდა ზღუდავდეს. მსგავსი კანონმდებლობა დღეს უკვე არსებობს. სამწუხაროდ, მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ერთი რგოლი ვერ შეცვლიდა და გააკონტროლებდა მეორე რგოლის გადაწყვეტილებას.

კანონპროექტი განიხილება და, შესაძლოა, ყოველდღე რამე შეიცვალოს, მაგრამ ცვლილებების ძირითადი არსი ბაზრის მონაწილეების გაკონტროლების მექანიზმების დამატებაა. სახელმწიფოს რჩება ბაზრის შეზღუდვისა და ეკონომიკაში ჩარევის სხვა მექანიზმებიც. სხვა სიტყვებით, კომპანიას ბაზრის მხოლოდ განსაზღვრული წილი უნდა ეკავოს. თუ რამდენიმე კომპანია ერთიანდება, მათი საერთო წილი არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ მაჩვენებელს. ამგვარი დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია. თუ მონოპოლია სადმე არსებობს, ის არსებობს მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - სახელმწიფო ან ამ კომპანიას აძლევს პრივილეგიებს, ან თავისთვის იტოვებს რაღაცის გასაკეთებლად. თეორიულად, თუ თავისუფალ ბაზარზე ვიღაცას მონოპოლია აქვს, ეს მომხმარებლის არჩევანია. ჩვენ განსხვავებული ვართ, გემოვნება განსხვავებული გვაქვს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ გვინდა - ხან გაზიანი სასმელი და ხან უშაქრო. შეუძლებელია, თავისუფალი ბაზრის პირობებში, რომელიმე ერთმა კომპანიამ შეძლოს რომელიმე სეგმენტის მონოპოლიზება.

რაც მთავარია, დღევანდელი მთავრობა კურიოზულად ებრძვის საკუთარ თავს - ერთი მხრივ, ამ კანონპროექტს იხილავს, მეორე მხრივ, ახალ მონოპოლიებს ქმნის. მონოპოლიები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, წყალზე, საქალაქო ტრანსპორტსა და გადაზიდვებზე შენარჩუნებულია. მეტიც, ახლის შექმნაც არის ჩაფიქრებული, დასტურად, თუნდაც, "საქართველოს ფოსტის" მაგალითი კმარა, რომელსაც გადაზიდვების მონოპოლია, ფაქტობრივად, ხელში ჩაუგდეს, მაგრამ აღარ გამოუვიდათ. ამის მაგალითია, მონოპოლია სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე, რომელსაც ახლა სახელმწიფო კურირებს. მონოპოლიის მაგალითია ერთიანი საინვესტიციო თუ სოფლის მეურნეობის ფონდის შექმნა. ყველგან, სადაც ისინი პრობლემას ხედავენ, მონოპოლიას ქმნიან და კიდევ მონოპოლიას რომ ებრძვიან, ამაზე მეცინება. კარგად დააკვირდნენ თავიანთ ქმედებებს. აბსურდული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ვინმე ამ ხელისუფლებიდან ხვალ ან ზეგ მაინც იტყვის, რომ ეს სისულელეა. ეს კანონპროექტი მონოპოლიების წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ აღადგენს ბიუროკრატიის ძალაუფლებას, რომელმაც უკვე იმუშავა კორუფციისა და ბიზნესის შეფერხების მიმართულებით..."
DINO_ZAUR
08 მაისი 2013 12:27
მთლიანად ვეთანხმები dato–ს.
და ნუ აშინებენ ხალხს ამ რეგულაციებით. მიშვებულმა საბაზრო ეკონომიკამ აშშ–ში 30–იან წლებში კისერი მოიტეხა და არაა აუცილებელი ჩვენც იგივე დაგვემართოს...
dato
07 მაისი 2013 22:27
შეშელიუძეს არ ესმის, რომ ჯერ ერთი მონოპოლიები იბადებიან ბაზრის წიაღში შერწყმები და სხვა და აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია, მეორე მარტო ბაზრის გახსნა ვერ შექმნის კონკურენტულ გარემოს თუ მონოპოლისტმა ან საბაზრო ძალის მქონე სუბიექტმა არასაბაზრო გზებით გაგაგდო ბაზრიდან. ამიტომ საბაზრო ძალა უნდა ჰქონდეს ყოველთვის ბაზარს და არა ინტერესთა ჯგუფებს.
სწორედ ანტიმონოპოლიური კანონი კრძალავს საბაზრო ძალის ერთ ან რამოდენიმე სუბიექტის ხელში გადაცემას, რათა ბაზარს არ ჩაენაცვლოს ინტერესთა ჯგუფები და არასამართლიანად მაღალი ფასებით არ მოხდეს მოსახლეობის ძარცვა, რაც დღეს ხდება.

ლიბერალური მიდგომა ეკონომიკაში ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა უნდა დაუქვემდებაროთ ბაზრის პრინციპებს, ბაზრის მთავარი მოთხოვნა კი არის ის, რომ ფასი უნდა ყალიბდებოდეს მიწოდება - მოთხოვნის გავლენით ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და არა საბაზრო ძალის მქონე ინტერესთა ჯგუფების მიერ შეზღუდული კონკურენციის პირობებში.


ეკონომიკაში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელია, როდესაც ბაზარი ფუნქციონირებს და მუშაობს თვითრებგულირების მექანიზმი, რომელიც თვითონ არეგულირებს ფასებსა და მოცულობებს(უხილავი ხელი), მაგრამ როდესაც სასაქონლო ბაზრებზე არშემდგარი ბაზარია და მოშლილია თვითრეგულირების მექანიზმი: როცა ფასი ბაზარზე მიწოდება - მოთხოვნის გავლენით კი არ ყალიბდება არამედ ინტერესთა ჯგუფების მიერ მაშინ რა ვქნათ შევეგუოთ ანტისაბაზრო ეკონომიკას? რომლის შედეგი არის ეკონომიკის სტაგნაცია და სიღარიბე?

რატომ განვითარდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს დამარცხებული იაპონია და გერმანია ყველაზე სწრაფად? მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ამის მიზეზი იყო ის, რომ მთლიანად განადგურდნენ ინტერესთა ჯგუფები და ეკონომიკამ სწრაფი განვითარება დაიწყო მათ გარეშე, თანაბარ, ჯანსაღ კონკურენციის პირობებში.

რედაქტორის რჩევით