ექსპორტის ზრდა - დროებითი მოვლენა თუ კანონზომიერება?
06-05-2013
ექსპორტის ზრდა - დროებითი მოვლენა თუ კანონზომიერება?
"ძირითადად სამშენებლო მასალების იმპორტი შემცირდა"

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 870,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველ ორი თვის შედეგს 22,1 მილიონი ლარით აღემატება. წლეულს თებერვალში მოიმატა საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ და თითქმის 2 მილიონით
გადააჭარბა შარშანდელი თებერვლის მაჩვენებელს, ჩეკებით გადახდილი თანხა კი 150 მლნ ლარით მეტია.

ფინანსთა მინისტრი გვაიმედებს, რომ ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის და როგორც იანვრის, ისე თებერვლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული. იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებას კი მთავრობა იმპორტის შემცირებით ხსნის. შეგახსენებთ, წლეულს იანვარ-მარტში
ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა ერთი წლის წინანდელზე 5%-ით ნაკლებია. "ექსპორტი 5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - იმდენად, რომ მთელი ბრუნვა შეამცირა", - განმარტა მინისტრმა. სპეციალისტები ამ პროცესს სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი): - ბოლო თვეებში ექსპორტი მართლაც გაიზარდა და ეს კარგი ტენდენციაა. იანვარში, როცა ყველაზე დიდი მატება აღინიშნა, გაიზარდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ავტომობილების რეექსპორტიც. ყველაზე საგრძნობი მატება სატვირთო ავტომობილებზეა, ამ სფეროში 30 მილიონამდე ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც. ძირითადად, ამ ორი საქონლის ხარჯზე გაიზარდა მთლიანი ექსპორტი 5%-ით. გაზრდილია აგრეთვე მინერალური წყლების, ნატურალური ღვინოებისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტი, აგრეთვე ნავთობპროდუქტების რეექსპორტიც. ზრდაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რეექსპორტს. როგორც ვიცით, საქართველოში შემოდის ავტომობილები, რომლებიც მერე ძირითადად აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში იყიდება. ეს კარგია, რადგან საქართველო ერთგვარი ლოგისტიკური ცენტრია, რასაც განბაჟების სიმარტივე განაპირობებს, ეს ჩვენს ქვეყანას გამტარის ფუნქციას ანიჭებს. ამავე დროს, შემცირებულია თხილის ექსპორტი (კლება, დაახლოებით, 22-მილიონიანია), შემცირებულია ჯართის ექსპორტიც (14 მილიონამდე); ოქროს ექსპორტი, დაახლოებით, $1 მილიონით შემცირდა. ეს ის ძირითადი ჯგუფებია, რომლებიც ექსპორტის მოცულობაზე ახდენს ზემოქმედებას. რაც შეეხება იმპორტს, ყველაზე მეტად შემცირებულია ხორბლისა და ელექტროტექნიკური მოწყობილობების, აგრეთვე ნავთობპროდუქტისა და ელექტროენერგიის იმპორტი. ბუნებრივია, ამან იმპორტის მთლიან მაჩვენებელზე იმოქმედა.

თემურ მაისურაძე (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - ექსპორტის ზრდა, ძირითადად, სწორედ რეექსპორტის "დამსახურებაა", თუმცა ამაში თავისი წვლილი ადგილობრივმა პროდუქციამაც შეიტანა. იმპორტის მაჩვენებლის კლება კი გამოიწვია სამშენებლო მასალების იმპორტის შემცირებამ, რადგან ქვეყანაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მშენებლობები შეფერხდა. თუ სამშენებლო სექტორი გააქტიურდება, მასალებზე მოთხოვნა გაიზრდება და კარგი იქნება, თუ აქ წარმოებული სამშენებლო მასალით შევძლებთ შემოტანილი პროდუქციის ჩანაცვლებას. ექსპორტის ზრდის მიზეზია ისიც, რომ გაღრმავდა ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან - იმიტომ, რომ ბიზნესი მონოპოლიებისაგან გათავისუფლდა და მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, თვითონვე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ექსპორტის ზრდაზე ის ცოტა მოგვიანებით იმოქმედებს, როცა პროდუქცია ინტენსიურად შევა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ უარყოფითი ბალანსი, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში და ასეთ ზიანს გვაყენებდა, გამოსწორდება და უკეთესობისაკენ შეიცვლება. ჩემი აზრით, 2013 წლის შემოდგომაზე ექსპორტის ზრდა გაცილებით უფრო ხელშესახები იქნება. ჯერ მხოლოდ სამი თვის მონაცემები გვაქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია უკვე არსებობს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ ეს პროცესი კანონზომიერია.

ციფრების ენით

- 2013 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2,14 მლრდ შეადგინა, რაც შარშანდელ პირველ სამ თვეზე 5%-ით ნაკლებია.
- ექსპორტი იანვარ-მარტში $565 მილიონია, რაც 5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე. სამ თვეში იმპორტი $1,58 მილიარდია, ეს კი 8%-იანი კლებაა.
- საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარ-მარტში $1,01 მილიარდია - შარშანდელზე 14,7%-ით ნაკლები.


ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით