ავეჯის წარმოება გაადვილდა, მაგრამ კრიზისი გრძელდება
06-05-2013
ავეჯის წარმოება გაადვილდა, მაგრამ კრიზისი გრძელდება
რამდენად მომგებიანია ქართული ავეჯის წარმოება, დაძლია თუ არა ავეჯის ბაზარმა კრიზისი და როგორ შეიძლება $300-ით დაწყებული საქმე წარმოებად აქციო - გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერით მომხმარებელს ადგილობრივ მცირე და საშუალო კომპანიებს აცნობს, ამჯერად "ჯეოლუქსს" უმასპინძლა.

ანზორ კალანდაძე (კომპანია "ჯეოლუქსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "კომპანია "ჯეოლუქსი" 2006 წლის აპრილში დავაფუძნე, თუმცა მანამდეც, როგორც ინდმეწარმე, თვითონ ვამზადებდი ავეჯს. შემდეგ მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების ავეჯზე გაიზარდა და დავიწყე ფიქრი, რომ ავეჯის
მწარმოებელი კომპანია შემექმნა და წარმოების მასშტაბები გამეზარდა. დავუკავშირდი თურქ პარტნიორებს, რომლებმაც ჩვენს ბაზარზე ავეჯის აქსესუარების შემოტანა შემომთავაზეს. ავეჯის წარმოებასთან ერთად, მისი აქსესუარების მაღაზია გავხსენით და ავეჯის სხვა აქაური მწარმოებლები უკვე ჩვენგან ყიდულობდნენ ნედლეულს. ეს იმდენად მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა, რომ მაღაზიების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და საქართველოს
მასშტაბით რვა ასეთი მაღაზია გვქონდა, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ოთხამდე შევამცირეთ. მაგალითად, გორში მაღაზია აგვისტოს ომის შემდეგ დავხურეთ.

ერთი მხრივ, ავეჯისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტმა, მათ შორის სახელურების, ლამინირებული ფილების, გორგოლაჭებისა და სხვ., წარმოება კიდევ უფრო გაგვიმარტივა და ეს საქმე უფრო მომგებიანი გახადა. ავეჯისთვის საჭირო ნედლეული ადგილობრივად არ იწარმოება. ამისთვის ძალიან ძვირად ღირებული დანადგარებია საჭირო და ასეთი რამ საქართველოში არ არის. თან იმდენად იაფად შემოდის ყველა ეს დეტალი ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველოში მათ წარმოებას აზრიც არ აქვს, რადგან ბევრად ძვირი დაჯდება.

აგვისტოს ომამდე ჩვენი ბიზნესი საკმაოდ კარგად ვითარდებოდა, რადგან ავეჯზე მოთხოვნა მაღალი იყო. ომის შემდეგ კი ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის კრიზისული პერიოდი დღემდე გრძელდება. ავეჯის ბიზნესი პირდაპირ არის მიბმული სამშენებლო ბიზნესზე. შესაბამისად, როცა მშენებლობები გაჩერებულია ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ავეჯზე მოთხოვნაც მცირეა. ავეჯის ბიზნესს სეზონურობაც ახასიათებს. იანვრიდან მარტამდე გაყიდვა ყოველთვის იკლებს.
როცა მეკითხებიან, რა რესურსით დავიწყე ეს საქმე, ვამბობ, რომ ნასესხები $300-ით გავაკეთე პირველი კარადა და ამან მისცა ჩემს ბიზნესს დასაბამი. თავიდან მარტო ვმუშაობდი, ახლა კი კომპანიაში ოცი ადამიანი მყავს დასაქმებული. "ჯეოლუქსი" ამზადებს როგორც საოფისე, ისე საოჯახო ავეჯს: სამზარეულოებს, საძინებლებს, საბავშვო ავეჯს და სხვ. თითქმის ყველა სახეობის ავეჯს ვაწარმოებთ, რბილი ავეჯის გარდა.

ამ ბიზნესში ბევრი რამ გამარტივდა. დღეს იმ საქმეს, რასაც უწინ დიდი ფიზიკური შრომა სჭირდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები აკეთებს. წავიდა ის დრო, როცა ხელით მზადდებოდა ყველაფერი. მაგალითად, ადრე რაღაც დეტალებს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო უთოთი ვამუშავებდით, ახლა ამას დანადგარი აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწარმის ხარისხზეც აისახა და ავეჯის დამზადებისთვის საჭირო დროც მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, სამზარეულო, შეგვიძლია, შეკვეთიდან ხუთი დღის ვადაში მივუტანოთ შემკვეთს.

სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი სამარკო ავეჯის დამზადებასა და მზა პროდუქციის გაყიდვას. დღეს იმპორტირებული ავეჯი დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ წარმოებას, ამიტომ გვინდა, ხარისხიანი პროდუქტით ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ იმპორტს. დაგვიმზადებია ავეჯი ისეთი მსხვილი შემკვეთებისთვის, როგორებიცაა ლუდსახარში "ნატახტარი" და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კრიზისის გარდა, წარმოებისას სხვა სირთულეებიც გვქონდა. რამდენიმე წლის წინ მდინარე გლდანულა ადიდდა, ავეჯის საამქროში წყალი შემოვარდა და მასალის დიდი ნაწილი გაიტაცა. დაახლოებით, 100 ათასი ლარი ვიზარალეთ. როცა ფინანსურმა შეგვამოწმა, ეს დანაკარგი ზარალში არ ჩაგვითვალა, მე მომიწია ამ დაკარგული პროდუქციის გაყიდულად აღიარებამ და გადასახადებიც დაგვარიცხეს. კრედიტები ავიღეთ და გავაგრძელეთ მუშაობა, მაგრამ თანხა საკმაოდ დიდია და გადახდა ძალიან გვიჭირს. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მეტად იფიქრებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ეს, შესაძლოა, იყოს საშემოსავლო გადასახადის შემცირება ან საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა ჩვენისთანა მეწარმეებისთვის. ეს ბიზნესს განვითარების ბიძგს მისცემდა. თურქეთში ხშირად მიწევს ყოფნა და შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის ავეჯის წარმოებასაც, ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა აქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით