რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები - კვირის პალიტრა

რატომ მომრავლდნენ საქართველოში უცხოტომელები

"სინამდვილეში იაფი მიწების დაპატრონება სურთ, რაც ყველაზე მყარი საკუთრებაა და მომავალში დიდ ფულს გააკეთებინებს"

"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"

ორიოდე თვის წინ, როცა ინტერნეტქსელში 60-მდე ინდოელის სია და იმ მიწების ნუსხა დაიდო, რომელთა ყიდვა მათ სამიოდ თვეში მოახერხეს, ბევრმა არ დაიჯერა. მაგრამ როცა ამ მიწებზე ჩალმიანი ინდოელები გამოჩნდნენ, ყველა მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივად ყოფილა. მიწების დაკარგვის გარდა, კიდევ რა საშიშროებას შეიცავს ეს მოვლენა, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

- ინდივიდის გამრავლებას სასიცოცხლო სივრცის შემცირება მოსდევს. ამიტომ ხდება საქართველოში აზია-აფრიკის კონტინენტებიდან ხალხის შემოდინება. ბევრს აღარ ვისაუბრებ ჩინელებზე, რომლებმაც არაოფიციალური რიცხვით მხოლოდ აღმოსავლეთ ციმბირში ექვს მილიონს მიაღწიეს და ჩვენთანაც საკმაო სივრცე დაიკავეს. დილით

შინიდან რომ გავდივარ, უკვე მხარბეჭიანი შავკანიანებიც მხვდებიან. ცოტას რომ გავივლი - არაბები, მერე თურქები, ინდოელები... ცხადია, აქ საშიმშილოდ არავინ ჩამოდის.

მართალია, ზოგი ჩამოსვლის მიზეზად თავისი ეროვნული რესტორნების გახსნას ასახელებს, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა, - სოკოებივით მომრავლებულ ჩინურ რესტორნებშიც კი თითო-ოროლა კერძი თუ მზადდება ჩინური, დანარჩენი - ქართულია. სინამდვილეში, მათ იაფი და ნაყოფიერი მიწების დაპატრონება სურთ, რაც ყველაზე მყარი საკუთრებაა და მომავალში დიდ ფულსაც გააკეთებინებს, - ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი ხომ ყველა ქვეყანაში გენმოდიფიცირებულზე ბევრად ძვირია. გარდა ამისა, დღეს ჩალის ფასად შეძენილ მიწებს მომავალში ცეცხლის ფასადაც მიჰყიდიან თანატომელებს.

- ფაქტია, ათასი უცხოტომელი, მათ შორის სიქჰები ინდოეთიდან, ჩვენი მეზობლები ხდებიან.

- მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მილიარდ ორასმილიონიანი ქვეყანაა და ეკონომიკური განვითარების ტემპით უკვე მოიხსენიება "ეკონომიკის ახალგაზრდა ვეფხვებს" შორის, მის ქუჩებში 60 მილიონი მათხოვარი შიმშილით კვდება. გარდა ამისა, იქ კვადრატულ კილომეტრზე 364, ანუ ჩინეთზე სამჯერ მეტი და ეთნიკურად ჭრელი მასა ცხოვრობს. ამ მასაში შედიან მსოფლიოს 7 ფუნდამენტური რელიგიის აღმსარებლები და 2000-მდე კასტის მიმდევრები. აქვთ დაახლოებით 160 და მათ შორის 20-მდე სახელმწიფო ენა. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ 10 წელიწადში ინდოელები ჩინელებზე მეტნი იქნებიან და რა გასაკვირია, რომ ინდოეთს ტერიტორიების ათვისება უნდოდეს. ის სიქჰი კი, რომელიც აქ მიწას ყიდულობს, ჩამოიყვანს ოჯახის წევრებს...

ამ ხალხს აუცილებლად დასჭირდება თავიანთი სალოცავები. ეს საკითხი კი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ასე ჰაიჰარად გადასაწყვეტი არ არის.

გარდა ამისა, თავს იჩენს ხასიათობრივი შეუთავსებლობაც - ბათუმში თავად ვიყავი იმ დროს, როცა თურქმა აჭარელ ტაქსის მძღოლს დანა მხოლოდ იმიტომ გაუყარა, რომ ვერ დაითანხმა, წაეყვანა იქ, სადაც უნდოდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი თურქი დილით დაიჭირა და საღამოს გაუშვა.

მაქვს ინფორმაცია, რომ ერთმა ინდოელმა მეორე ინდოელს სახლ-კარი გააყიდვინა - წამოდი საქართველოში, მილიონებს გაშოვნინებო. დღეს ხელისუფლება ცუდ დღეშია, - მსოფლიოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და თუ ამ ხალხს მივადგებით, ჩვენთან მიწები რომ შეიძინეს, მსოფლიო საქართველოსკენ გამოიშვერს ხელს, როგორც ველურებისაკენ.

ერთადერთ გამოსავლად ის მესახება, რომ მიწების გაყიდვის კანონს გადავხედოთ, უცხოელებზე გაყიდული მიწების დაბრუნება სასამართლოთი მოხდეს, უცხოელებს კი თავისი ფული დავუბრუნოთ,

ეს მიწები ისე ფარულად გაიყიდა, დარწმუნებული ვარ, კანონდარღვევები აუცილებლად იქნება. ისე კი, თავის დროზე ბენდუქიძე სწორედ ამისათვის მოიხმეს - ნებისმიერი ხერხით შეევსო ბიუჯეტი და როცა გასაყიდი აღარაფერი დარჩა, მიწებს მიადგა, თან გაიძახოდა, ჩვენი სოფელი პერსპექტიული არ არისო. ვინ უთხრა?! მსოფლიოში არსად მეგულება გლეხი, რომელიც ჩვენი გლეხივით მზის ამოსვლისას იწყებდეს მუშაობას და მზის ჩასვლისას ბრუნდებოდეს შინ, მაგრამ ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა - კომუნისტები გლეხს პასპორტსაც არ აძლევდნენ, კოლმეურნის წიგნაკით აცხოვრებდნენ და მუქთად ამუშავებდნენ. შევარდნაძის ხელისუფლება საკუთარი თვალით უცქერდა იმ ტექნიკის ჯართად გატანას, რომელიც ჩვენს გლეხს დღემდე ეყოფოდა და საწვავი რომ იაფად მიეცათ, მიწასაც დაამუშავებდა. სააკაშვილი მოვიდა და - გლეხი პერსპექტიული არ არისო. ჩვენი გლეხი პერსპექტიული კი არა, სახელმწიფო მოღვაწის დონემდე ჰყავდათ აყვანილი მეფეებს. არჩილ მეფემ თქვა, - "რა ამოწყდეს გლეხი-კაცი, საქართველო დაძაბუნდესო". ახლა გლეხს მიწასაც ართმევენ და არა მარტო სახნავ-სავარგულებს, საძოვრებსაც. დღეს გლეხის მარჩენალი მხოლოდ პირუტყვია და ისიც ხელიდან ეცლება.

ჩვენს გლეხს არც ინდოელი სძულს, არც თურქი, არც აფრიკელი და არც ჩინელი, მაგრამ მას უნდა თავისი მიწა, თავისი ტყე და თავისი პირუტყვი შერჩეს...

პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, რითაც უნდა მოხერხდეს მიმდინარე პროცესების დარეგულირება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს უკიდურესად მძიმე განსაცდელი ელის, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელების დაპირისპირებად კი არა, შესაძლოა, გლობალურ ეკონომიკურ პრობლემად (შიმშილობადაც კი) იქცეს.

საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი: - ახალი პარლამენტის უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, ფსევდოლიბერალიზმს რომ უქიცინებენ კუდს. რა თქმა უნდა, ასეთები არიან საპარლამენტო უმცირესობაშიც - ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორედ ისინი ამკვიდრებდნენ იდეოლოგიას, რომ მიწიდან აყრილიყო გლეხკაცი და წასულიყო ემიგრაციაში, მათ ადგილზე კი უცხოელები ჩამოსახლებულიყვნენ.

ეს იყო პოლიტიკა, რომელსაც ერქვა "ოპერაცია - საქართველოს მოსახლეობის შეცვლა". მათ სურდათ, ჰყოლოდათ მოსახლეობა, რომლისთვისაც უცხო იქნებოდა საქართველოს ინტერესები და არჩევნების დროს მხოლოდ სააკაშვილსა და მის გუნდს მისცემდნენ ხმას.

ამიტომაც "ნაციონალები" თავდაჯერებულნი გაიძახოდნენ, კიდევ ორმოც წელს ვიქნებით ხელისუფლებაშიო. უცხოელების ჩამოსახლების წასახალისებლად დაიდგა ფარსიც, როდესაც დანიელმა მოქალაქემ იჩივლა, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ჩემი უფლებები ირღვევაო და სასამართლო პროცესი მოიგო, საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიღო მომაკვდინებელი გადაწყვეტილება - 2012 წლის 26 ივნისამდე აკრძალული იყო საქართველოში უცხოელის მიერ სასაოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა. 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კი მსგავსი აკრძალვა ძალადაკარგულად ითვლება...

ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ"”საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჯერჯერობით გვაქვს საშუალება, შევარბილოთ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები და მივიღოთ სათანადო კანონი. მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, გლეხის მიწასთან დასაბრუნებალად და მის მოსაღონიერებლად. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ქართული სახელმწიფოს ბედი დამოკიდებულია ქართული სოფლის ბედზე, მთავრობის პატიოსნებასა და გონიერებაზე...

ვინ არიან სიქჰები?

სიქჰები ინდოეთში მეომარ ხალხად ითვლება. მათი რელიგია შუა საუკუნეებიდან მოდის და ისლამისა და ინდუსური აღმსარებლობის ნარევია. 1947 წელს ყოფილი ბრიტანული იმპერიის ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შედეგად წარმოიქმნა კონფლიქტები მუსლიმანებსა და სიქჰებს შორის. უთანხმოებები სიქჰებსა და ინდუსებს შორის კი 1970-იანი წლებიდან გამწვავდა. სიქჰები ინდუისტურ საზოგადოებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის - დიქტატურაში. პენჯაბში გამოჩნდნენ სეპარატისტები, რომლებიც სიქჰების დამოუკიდებელი სახელმწიფო ხალისტანის შექმნას მოითხოვდნენ.

სეპარატისტული გამოსვლა ინდირა განდის მთავრობამ ჩაახშო.  აჯანყებულმა სიქჰებმა თავი "ოქროს ტაძარს", თავიანთ სალოცავს შეაფარეს. მას შემდეგ, რაც ინდირა განდიმ ეს ტაძარი ძალით აიღო, ყველა ურჩევდა, რომ პირადი დაცვიდან სიქჰები გაეშვა. იუარა, - ეს დაპირისპირებას უფრო გაამწვავებსო და სწორედ იმ სიქჰმა მცველმა გამოასალმა სიცოცხლეს, რომლის დატოვებასაც დაცვაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი დაჟინებით მოითხოვდა. ასევე სიქჰმა ქალმა ააფეთქა ინდირა განდის ვაჟი, რაჯივ განდი - ქალს ყელზე ჩამოკიდებულ ყვავილწნულში ბომბი ჰქონდა ჩამონტაჟებული და რაჯივთან ერთად თავიც აიფეთქა.

სიქჰები ინდოეთის მთელი მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს შეადგენენ.