ქართული კომპანიების ოფშორული კავშირები - კვირის პალიტრა

ქართული კომპანიების ოფშორული კავშირები

სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან. ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისა და შემდეგ მისი საშუალებით ბიზნესის მართვის მთავარი ხიბლიც ეს არის, ვერასდროს გაიგებ, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და შესაბამისად, ვერც მათი გამდიდრების საფუძველს მიაგნებ. თუმცა, ბოლოდროინდელი ინფორმაციით, ოფშორს ამოფარებულ მილიარდერებს მალე, შესაძლოა, მყუდროება დაურღვიონ...

ოფშორები მალე, შესაძლოა, უფრო გამჭვირვალე გახდეს და შესაბამისად, გართულდეს კომპანიებისთვის კაპიტალის ოფშორებში დამალვა - "ბიბისის" ცნობით, მაგალითად, კაიმანის კუნძულების სახელმწიფო ფინანსური რეგულატორი კომპანიებს დაავალდებულებს, მათი დირექტორებისა და ერთი აქციონერის ვინაობა მაინც გაამხილონ. აქამდე ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის კუთვნილმა ოფშორებმა, მათ შორის ბერმუდის კუნძულებმა, ევროპულ სახელმწიფოებს ავტომატურად უნდა გადასცენ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ და ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია მონაცემებს ექვსი ოფშორული ზონიდან მიიღებენ. ამ გზით ევროპა ცდილობს იმ ბიზნესმენების ძებნა გაიადვილოს, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. არადა, სხვადასხვა მონაცემით, ოფშორებში, დაახლოებით, $11,5-დან $22 ტრილიონამდეა გადამალული. ე.წ. საბანკო და საგადასახადო სავანეები, აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, მსოფლიო მასშტაბის დამნაშავეებს მოპარული მილიონების გადამალვაში ეხმარება. ბოლო ათწლეულების ისტორია ცხადყოფს, რომ თავად ოფშორების არსებობა ხდის შესაძლებელს დიდი ფულის მიტაცებას, რაც არაერთი ქვეყნის გაღარიბების მიზეზი ხდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოფშორების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში იწყება ბრძოლა.

საიდან გაჩნდა ოფშორები

გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, გერმანიიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინებოდა და ფულის დიდი ნაწილი მეზობელ შვეიცარიაში ილექებოდა. გერმანიის ხელისუფლება ცდილობდა ამ პროექტისთვის ხელის შეშლას, მაგრამ კანონდამრღვევებს რეგულაციები არ აშინებდათ. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო კანონი გერმანიის ეკონომიკის ღალატის შესახებ. ის ყველა გერმანელსა და გერმანიაში მცხოვრებ უცხოელს ავალდებულებდა უცხოეთის ბანკებში ფულადი ანგარიშების დეკლარირებასა და რეგისტრაციას. კანონის შეუსრულებლობა მკაცრად - პატიმრობით ისჯებოდა. რა თქმა უნდა, შვეიცარიელ ბანკირებს ეს ხელს არ აძლევდათ და 1934 წელს შვეიცარიაში მიიღეს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ - ბანკებს არ ჰქონდათ უფლება, მათი კლიენტების ვინაობა და შენატანის მოცულობა გაემხილათ. ბანკის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ, საიდუმლო კლიენტების შესახებ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც შეენახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხე ემუქრებოდათ. ასე გაჩნდა პირველი ლეგალური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იყო საგულდაგულოდ დაგემალა ფული, მისი წარმომავლობის მიუხედავად.

იმავდროულად იქმნებოდა ამ ფულის სარფიანად განკარგვის მექანიზმიც - ცნობილი, როგორც "საგადასახადო სავანე".

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაბალი გადასახადებით იზიდავდა ქვეყანაში კაპიტალს, კვლავაც შვეიცარია იყო. 1930 წელს ბერმუდის კუნძულებზე მიიღეს კანონი უცხოური კომპანიების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ. 50-იანი წლების ბოლოს უკვე ოფშორის ცნება გაჩნდა, 60-იან წლებში კი მსოფლიოში ე.წ. ოფშორული იურისდიქციების მთელი ქსელი განვითარდა. ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, მენის კუნძული, კონფიდენციალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსაც სთავაზობდნენ. მოკლედ, გაჩნდა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მარტივად გაძლევდა შესაძლებლობას, ოფშორულ ბანკებში დიდძალი ფული შეგენახა, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. აქვე ამ ფულით შეიძლებოდა კომპანიის ან კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით უკვე "პატიოსნად" ბიზნესის კეთება ნებისმიერ ქვეყანაში. კანონდარღვევისა და მომხვეჭელობისკენ მიდრეკილ ადამიანებს ეს დიდ პერსპექტივებს უქადდა. ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთი სქემით ძირითადად ბიუჯეტიპარია ხელისუფალნი მოქმედებდნენ.

ხაზინის-მჭამელთა სამოთხე

დიქტატორი, ოდიოზური ფიგურა ჟოზეფ-დეზირე მობუტუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში 1965 წელს მოვიდა და ქვეყანა უნიტარულ სახელმწიფოდ აქცია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის და მისი გარემოცვა ძალიან სწრაფად მდიდრდებოდა. მობუტუ ყოველწლიურად იტაცებდა ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან $50-$70 მილიონს და ოფშორებში გადაჰქონდა. ბიუჯეტის ფული რომ არ იკმარა, მობუტუმ ქვეყანაში კერძო სექტორის გაკონტროლება დაიწყო და ყველაზე მომგებიანი ბიზნესების მეოთხედს დაეპატრონა. მისი ფული ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის, შვეიცარიისა და ავსტრიის ბანკებში ილექებოდა. საბოლოოდ დიქტატორი ქვეყნიდან კი გაიქცა, მაგრამ ოფშორებში $5 მილიარდი მაინც დააგროვა, რაც მის მიერ გაღატაკებული ქვეყნის შიდა ვალს უდრიდა.

ფილიპინების პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 1965-1986 წლებში მართავდა, უმდიდრესი ადამიანი გახდა. ფერდინანდ მარკოსი და მისი გარემოცვა ქვეყნის ყველაზე მომგებიან წარმოებებს აკონტროლებდნენ.

ცხადია, ოფშორები ამჯერადაც დიდ როლს ასრულებდა. ოფშორში რეგისტრირებული ცრუმაგიერი კომპანიებით, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ ფილიპინების ყველაზე მომგებიანი სექტორები იგდეს ხელთ. შემდეგ კი, როგორც ხშირად ხდება, გაღატაკებული ქვეყანა მასობრივმა არეულობებმა მოიცვა, მარკოსი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ წლების განმავლობაში გაზიდულ ფულს ვერ მიაგნეს. ნაწილი კი იპოვეს შვეიცარიის ბანკებში, მაგრამ იქ წლების განმავლობაში უარს ამბობდნენ მარკოსის ანგარიშების გასაჯაროებაზე. ცრუმაგიერი კომპანიებით მარკოსს ფული გაჰქონდა ოფშორებში, მათ შორის კუკის კუნძულზე, პანამასა და ლიხტენშტაინში, სხვადასხვა შეფასებით. $3-დან $15 მილიარდამდე. ფილიპინებზე დიდხანს ცდილობდნენ მარკოსის მოპარული ფულის დაბრუნებას. ხანგრძლივი დავის შემდეგ დადასტურდა, რომ $356 მილიონი შვეიცარიის ბანკებში ნამდვილად ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნოდა და ეს ფული ფილიპინების ნაციონალურ ბანკს გადაეცა. ეს ოფშორის საბანკო საიდუმლოს დარღვევის მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, მაგრამ ფულის დიდი ნაწილი დღემდე არ არის ნაპოვნი და თანაც, შვეიცარიასთან სასამართლო დავებზე ფილიპინებმა იმაზე მეტი დახარჯა, რისი დაბრუნებაც შეძლო.

ინდონეზიელ დიქტატორ სუჰარტოს მოპარული მილიარდების ძებნა კი დღემდე უშედეგოდ გრძელდება. ცნობილია, რომ მან ქვეყნის მმართველობისას ხაზინიდან, დაახლოებით, $35 მილიარდი მიითვისა და მის დიდ ნაწილს ავსტრიის ბანკებში ინახავდა.

თუმცა კლეპტოკრატია მხოლოდ ე.წ. მესამე ქვეყნების პრობლემა როდია. 2008 წელს, აშშ-ის ხელისუფლება იმ ამერიკული კომპანიებით დაინტერესდა, რომლებმაც სარეგისტრაციო ბაზად კაიმანის კუნძულები აირჩიეს. გამოძიების შედეგად, ამერიკელმა სამართალდამცავებმა ჯორჯტაუნში მიაგნეს "სახლს მოჩვენებებით", სადაც 18 857 ცრუმაგიერი კომპანია იყო რეგისტრირებული...

თხა "ვიყიდე", თხა "გავყიდე"

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. კაპიტალის გასვლაც და შემოსვლაც ხშირად ხდებოდა კვიპროსში. მაგალითად, ყველაზე დიდი მოცულობით, თითქმის $150 მილიონი, კვიპროსიდან საქართველოში 2007 წელს შემოვიდა. ინვესტორთა სიაში შვეიცარიაცაა, თუმცა შედარებით მცირე ფულადი ტრანზაქციებით. შარშან III კვარტალში კი, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოდან შვეიცარიაში $3 მილიონი გავიდა. კიდევ ერთ ოფშორულ ზონაში, ლიხტენშტაინში საქართველოდან 2011 წელს, დაახლოებით, $9 მილიონი გავიდა და 2012-ში მხოლოდ $1 მილიონი შემოვიდა. 2006 წლიდან ინვესტორთა სიაში ჩნდება სენტკიტს-ნევისი, მაგრამ მცირე ფულადი ტრანზაქციებით, ხოლო 2011 წლიდან კი ამ ოფშორში ფულის ინტენსიური გადინება შეინიშნება. საქართველოდან კაპიტალის გადინება შეინიშნება პანამაშიც. მაგალითად, 2008 წელს პანამაში საქართველოდან $2 მილიონ დოლარზე მეტი გავიდა, 2010-ში - $5 მილიონზე მეტი, 2011-ში, დაახლოებით, $6 მილიონი. ინვესტორთა ნუსხაში გვხვდება მარშალისა და კაიმანის კუნძულებიც, სადაც 2008 წელს, დაახლოებით, $7 მილიონი გავიდა. შარშან საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით კაპიტალი, თითქმის $39 მილიონი ჩეხეთში გავიდა, სადაც ასევე ძალიან მარტივად, სულ რაღაც 1800 ევროდ, შესაძლებელია ოფშორში კომპანიის რეგისტრაცია და ისიც აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩეხეთში საქართველოდან ამ მოცულობის კაპიტალის გასვლა არ აღრიცხულა.

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელთა ვინაობის ძებნა იგივეა, რაც შავი კატისა ბნელ ოთახში, თუმცა რამდენიმე პარალელის გავლება მაინც შეიძლება. მაგალითად, კომპანია "აუტდორჯის" 70%-იანი წილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება, ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება "ედპროჯექტს ინკსს" ეკუთვნის. შპს "კუს ტბა კალაში", რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ე.წ. "ზონდერ" ჯგუფების ხელმძღვანელის, გია უდესიანის სახელს უკავშირდება, საკონტროლო პაკეტი პანამაში რეგისტრირებულ "უოლმილ სერვისს" ეკუთვნის. მეტიც, სამეწარმეო რეესტრიდან ირკვევა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, 2011 წლის 28 ოქტომბერს, რაც საეჭვოდ ემთხვევა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, პანამაში რეგისტრირებულმა შვიდმა ოფშორულმა კომპანიამ საქართველოში რამდენიმე ბიზნესი იყიდა, მათ შორის შპს "ჟოკეი კლუბი", შპს "საბურთალო", შპს "ტიტანი", შპს "ავტოჰაუსი-რუსთავი" და სხვ. ყველა ეს კომპანია ასევე ყოფილი ხელისუფლების დიდმოხელეთა სახელებს უკავშირდება.

ვაშინგტონში ბაზირებულმა საგამომძიებლო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა გაამჟღავნა იმ მილიარდერთა ვინაობა, რომლებიც ოფშორულ ზონებში საიდუმლო კომპანიებს ფლობენ. სიაში აღმოჩნდნენ საფრანგეთის, ვენესუელის, აზერბაიჯანის, სამხრეთ აფრიკის, აშშ-ის, ინდონეზიის, ტაილანდის, ფიჯის, ყაზახეთის, კუვეიტისა და სხვა ქვეყნების მდიდარი ადამიანები. ოფშორული საიდუმლო კომპანიების მფლობელებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მას 2006 წლიდან კომპანია Bosherston Overseas Corp.-ი ეკუთვნის, თუმცა 2011-12 წლებისთვის ივანიშვილი კომპანიაში წილს აღარ ფლობდა და ამიტომაც არ ჰქონდა ვალდებულება, ამის შესახებ დეკლარაციაში მიეთითებინა. საგამომძიებლო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის ნუსხაში ასევე მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახი. ოფშორული კომპანიების მფლობელები პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და მათი შვილები, არზუ და ლეილა ალიევები არიან. ოფშორული კომპანიების მეპატრონეთა სიაში კიდევ ბევრი მოქმედი თუ გადამდგარი ჩინოსანია.

P.S. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ოფშორებთან ბრძოლა საერთაშორისო ტენდენციად იქცა. ბევრი ორგანიზაცია გაერთიანდა ოფშორების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, ოფშორული კომპანიების ნიღაბქვეშ ბევრი ნაცნობი გვარი გამომჟღავნდეს.