შრომის კოდექსმა ინვესტორი არ უნდა გააქციოს... - კვირის პალიტრა

შრომის კოდექსმა ინვესტორი არ უნდა გააქციოს...

პარლამენტი და მთავრობა "ოქროს შუალედს" ეძებენ

შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება. საკითხს სიმწვავე თავდაპირველად განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ შეჰმატა, რომ "ეს რაღაც როზა ლუქსემბურგის დროინდელია". პასუხად მარგველაშვილს, სულ ცოტა, ვიცე-პრემიერობიდან გადადგომა შესთავაზეს, თუმცა მას საკითხის შეფასება არ შეუცვლია. ამის შემდეგ ვიცე-პრემიერის პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაიზიარა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაქირავებულს „ნებისმიერი უფლება შეიძლება მივცეთ, მაგრამ რეალობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც დღეს საქართველოშია... არის ის, რომ მოსახლეობას არ შეუძლია სამუშაო ადგილების შოვნა; ტოტალური უმუშევრობა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. დასაქმება შეუძლია ინვესტორს, ბიზნესს; ამიტომ, ჩვენ თუ ზედმეტი უფლებები მივეცით დაქირავებულს... ხელში შეგვრჩება უმუშევრობა". როგორც ცნობილი გახდა, პარლამენტი და მთავრობა შრომის კოდექსის ახალ, კომპრომისულ ვარიანტზე მუშაობენ.

კამათში ჩაერთო არასამთავრობო სექტორიც. საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ექსპერტების შეფასებით, ამ სახით კოდექსი ინვესტიციებს შეაფერხებს, ხელს არ შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებას შეამცირებს. არ არის გათვალისწინებული ქართული შრომის ბაზრის სპეციფიკა, სადაც სამუშაო ადგილების უმეტესობას ქმნის მომსახურების სფერო და არა წარმოება. ხოლო მომსახურების სფერო მოითხოვს გახანგრძლივებულ ან სულაც სადღეღამისო განრიგს. მცირე მეწარმეებისთვის აუცილებელი გახდება დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რაც მათ ხარჯებს გაზრდის და შემდგომ განვითარებას დააბრკოლებს.

"დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებული გათავისუფლების შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს. დასაქმებულს კი უფლება აქვს, ამავე ვადაში გაფიცვა გამოაცხადოს კანონის სრული დაცვით. ეს გაფიცვის დროს მისი გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს. გამოდის, დამსაქმებელს განუსაზღვრელი დროით შეიძლება ჰყავდეს შტატში დასაქმებული მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ რეჟიმში შრომით ურთიერთობას ვერასოდეს შეწყვეტს. ვფიქრობთ, ეს ხარვეზი სასწრაფოდ უნდა გასწორდეს“, – აცხადებენ ცენტრის ექსპერტები. მათ ამ ეტაპზე ნაადრევად და გაუმართლებლად მიაჩნიათ პროფკავშირების შემოყვანა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის სუბიექტად, რადგან თვით პროფკავშირების დღევანდელი სამართლებრივი სტატუსი, მათი დაფინანსების წყაროები და რეალური მიზნები არცთუ გამჭვირვალეა.

პოლიტიკის ანალიზისა და კვლევის ცენტრის ექსპერტ ნათია სამუშიას აზრით, ძალიან გართულდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ხოლო დასაქმება ქვეყანაში ლამის დასჯადი ქმედება გახდება; თუ დამსაქმებელი დასაქმებულს სამსახურში აიყვანს, მერე ძალიან გაუძნელდება მისი გაშვება, ამიტომ დამსაქმებელი ეცდება, თავი დაიზღვიოს და მხოლოდ მას შემდეგ აიყვანოს კადრი სამსახურში, ვიდრე მის პროფესიონალიზმში ბოლომდე არ დარწმუნდება.

ოთარ აბესაძე (ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი): - საქართველოში, როგორც იქნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეესწავლა, გადაეხედა და შეეცვალა შრომის კოდექსი. უნდა ვაღიაროთ, ქვეყანა მართლაც იდგა ამ პრობლემის წინაშე. ხშირად ირღვეოდა დასაქმებულთა უფლებები, განსაკუთრებით ხშირი იყო საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით დაქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა და სხვ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დასაქმებულს პრაქტიკულად დამცველი და ქომაგი არ ჰყავდა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს და ვეღარავინ უნდა შეძლოს თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ხელქვეითის უფლებების დარღვევა.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი შრომის კოდექსი დასაქმებულს უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს, დამსაქმებელი კი თითქმის უუფლებოდ რჩება...

- ამ კანონმა უნდა შექმნას ოქროს შუალედი დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები და დავიცვათ როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა უფლებები. დღეს ჩვენს ეკონომიკას არ აქვს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნება. სპეციალისტებმა უნდა გამონახონ "ოქროს შუალედი", რომლითაც კმაყოფილი იქნება დასაქმებულიც და დამსაქმებელიც. არც ერთ მხარეს არ უნდა შეექმნას განცდა, რომ მისი ინტერესები ილახება.

- დიდი ინტერესი გამოიწვია ანაზღაურების თემამაც.

- საინტერესო იქნებოდა ანაზღაურების საკითხის ახალი ფორმულირებაც. მოგეხსენებათ, ნებისმიერ გაწეულ შრომას აქვს თავისი ფასი და ვფიქრობ, ეს ფასი უნდა რეგულირდებოდეს განსაზღვრული მექანიზმებით. გასათვალისწინებელია უამრავი ფაქტორი, კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე... მსგავსი ეკონომიკური ინდიკატორების გათვალისწინებით უნდა მოინახოს ისეთი ტიპის შეთავაზება, რომ უკმაყოფილო არც დამსაქმებელი დარჩეს და არც დასაქმებული.

ლევან კალანდაძე (ეკონომიკის ექსპერტი): - ბიზნესისთვის პროექტი განსაზღვრულ ბარიერებსა და სირთულეებს აჩენს. კოდექსი ადგენს იმპერატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, როგორ უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება, განსაზღვრავს კვირის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობას (40 საათი), ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას გადასახდელის მოცულობას. ამ ნორმის დაწესება თავისუფალ შეთანხმებას გამორიცხავს. დასაქმებული და დამსაქმებელი ვეღარ მოილაპარაკებენ, რამდენი საათი უნდა იმუშაოს დასაქმებულმა კვირის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ დასაქმებულს აქვს სურვილი, რომ 45 ან 50 საათი იმუშაოს, ახალი კანონი მას ამის საშუალებას არ აძლევს. ანდა, თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს სურვილი აქვთ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ცალკე, მათ შორის შეთანხმებით დადგინდეს, ამის საშუალებას ახალი საგადასახადო კოდექსი არ იძლევა.

სხვა საკითხია შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა. როცა დასაქმებული არასრულფასოვნად, არაკეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას, შრომის კანონთა კოდექსი აღარ იძლევა ასეთი თანამშრომლის სამსახურიდან მარტივად გაშვების შესაძლებლობას. დამსაქმებელს მოუწევს, ხელფასი აძლიოს და არჩინოს თანამშრომელი, რომელიც სრულფასოვნად ვერ ასრულებს მოვალეობებს. შესაძლოა, ამ მიზეზით დამსაქმებელმა აღარ აიყვანოს თანამშრომლები ხელშეკრულებით და ფარული, არალეგალური შრომითი შეთანხმებები გაფორმდეს. ხოლო არანორმირებული სამუშაო დღის განაკვეთის გამო არსებული სამუშაო ადგილი დამსაქმებელმა შესაძლოა ორად გაყოს, აიყვანოს ორი თანამშრომელი და ორივეს დაბალი ხელფასი მისცეს.

თუ მეწარმეს შრომითი ხელშეკრულების გაწყვიტა სურს, მას მოუწევს დამტკიცება, რატომ არ ასრულებს დასაქმებული მოვალეობებს. ეს დაკავშირებულია სასამართლოს ხარჯებთან, ადვოკატის დაქირავებასთან და, რაც მთავარია, გათავისუფლების პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს ერთ, ორ ან სამ თვეს. ეს ხარჯებზეც აისახება და გააჩენს საფრთხესაც, რომ ამ პერიდოში არაკეთილსინდისიერმა დასაქმებულმა ორგანიზაციას შეგნებული ზიანი მიაყენოს. ვფიქრობ, ამ საფრთხეებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე