ბიუროკრატიის მოუქნელობა ეკონომიკას აფერხებს?
13-05-2013
ბიუროკრატიის მოუქნელობა ეკონომიკას აფერხებს?
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია. „კომერსანტ-კლუბში" სტუმრობისას გახარიამ დაადასტურა, რომ ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა არ არის, მაგრამ არსებობს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემა - როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე ბიზნესში.

მანამდე დაბალი ბიზნესაქტივობის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა, რომლის თქმით, შემცირებულია ინვესტიციების შემოსვლა და ადგილობრივი ბიზნესი კვლავინდებურად მოლოდინის რეჟიმშია. "საქსტატის" ცნობით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მცირდება და მარტში 0,2%
შეადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი შენელებული ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხარჯზე ელოდებიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი დარწმუნებულია, რომ ზაფხულიდან ეკონომიკა გამოცოცხლდება, რასაც ის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გააქტიურებასა და ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირებს, რომელთა ნაკადის ზრდა უკვე სახეზეა.

მაგრამ აქტივობის შეფერხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად
სპეციალისტები სახელმწიფო შეკვეთების განთავსების დაყოვნებას ასახელებენ, რის გამოც მთელ ეკონომიკაში ნაკლები ფული ბრუნავს, ამის მიზეზი კი ბიუროკრატიული მანქანის მოუქნელობაა. აქ ცდილობენ, კანონი ზედმიწევნით დაიცვან, მაგრამ ამასობაში ვადებს ყურადღებას ვეღარ აქცევენ, ხაზინაში კი 1 მილიარდი ლარი "უმოქმედოდ დევს". სახელმწიფო შეკვეთების ლომის წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია "კომერსანტის" შეკითხვას, რომ მუდმივად არის კრიტიკა სამინისტროს მხრიდან ტენდერების გამოცხადების დაგვიანებაზე, ფინანსების დაუხარჯაობა კი ბიზნესებს აჩერებს, პასუხობს, რომ წინა ხელისუფლება ძალიან ხშირად ჯერ სამუშაოებს იწყებდა და მერე აწესრიგებდა დოკუმენტაციას. არ იყო წესრიგი პროექტების დაგეგმვასა და მართვაში, რაც აღმოფხვრილია. ხოლო 2013 წლის I კვარტალში რაოდენობრივად მეტი ტენდერია გამოცხადებული და მათი ღირებულებაც გაცილებით მეტია 2012 წლის I კვარტალთან შედარებით... გვინდა ვირწმუნოთ მინისტრის სიტყვების, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფული ხაზინაში არის, ეკონომიკაში კი მისი ნაკლებობა იგრძნობა.
QARTVELI
05 ივნისი 2013 05:30
ესეთ მნიშვნელოვან სფეროს ნარმანიასთანა კვდარი სული არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მე არ მესმის ხადური რატომ ცდილობს იცრუოს და რეალობა შეალამაზოს, ჩავარდნა სახეზეა და ეს მართლაც ორი სამინისტროს ბრალია. ჯობია ივანიშვილის მოტყუებას თავი დაანებონ და ეკონომიკური "ბურჯების" ნარმანია კვირიკაშვილის საკითხი გადაწყვიტონ.

რედაქტორის რჩევით