როგორ ვიცნოთ მეპურის გამომცხვარი პური
13-05-2013
როგორ ვიცნოთ მეპურის გამომცხვარი პური
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო. პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მადლიანი+", რომელიც დიდი კონკურენციის პირობებში ბაზარზე ნიშას პროდუქციის მაღალი ხარისხით ინარჩუნებს და კრეატიული განათლების სკოლა, სადაც ზოგად საგნების სწავლასთან ერთად, ბავშვი პიროვნებად ყალიბდება.

გელა ლაბუჩიძე (შპს "მადლიანი+"-ის ხელმძღვანელი): მაღაზიაში პურს ვირჩევთ ფერით, არომატითა და გემოთი. პური უნდა იყოს ღია ყვითელი და
ამის მიღწევა მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმების სრული დაცვით შეიძლება. თუ ყველა პირობა არ არის დაცული, ეს იწვევს პურში დამხმარე მასალის - საფუარის კვდომას. შედეგად ცხვება ჭორფლიანი, ლაქებიანი პური. ხოლო როცა პურის ზედაპირი გლუვი და ლიმონისფერია, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ პური მეპურემ გამოაცხო.

პურს აქვს
ფორიანობა, თუ ფორების დიამეტრი 1 მმ-ს აღემატება, ესე იგი, პურს თავისი წონის შესაბამისი მოცულობა არ აქვს და ის სხვადასხვა საშუალებით ხელოვნურად არის გაფუებული. პური მალფუჭებადი პროდუქტია და 10-11 საათის შემდეგ ის, როგორც კვების პროდუქტი, აღარ ექვემდებარება შემოწმებას. მით უფრო მალფუჭებადია პოლიეთილენის შეფუთვაში შენახული პური. პურის მიღება სასურველია გამოცხობიდან 12 საათის განმავლობაში. მაღალი ხარისხის ფქვილის წყალობით, შესაძლებელია პურის ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება.

საქართველოში პურის მოხმარების მოცულობას თუ გავითვალისწინებთ, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ხარისხის შენარჩუნების პირობით. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელი მალევე იტყვის უარს შენს პროდუქციაზე. მომხმარებლის მადლიერება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრი წარმოება პურს ვიტამინებით ამდიდრებს. ეს ვიტამინები, წესით, ხორბალს ნიადაგიდან უნდა მოჰყვებოდეს. ხორბლის ზოგი სახეობა ცილოვან კომპონენტს მოკლებულია. არადა, პურში ცილოვანი ვიტამინები წებოვნობის ზრდას უწყობს ხელს. როცა ხორბალი და ფქვილი მოკლებულია ამ ცილებს, მას ხელოვნურად ამდიდრებენ, რაც საბოლოოდ პურის ხარისხზე აისახება. ამ გზით არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ცდილობენ, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღონ, მაგრამ "მადლიანი+" ხარისხზე ეკონომიას არასდროს აკეთებს.
პურის თვითღირებულებას განსაზღვრავს როგორც ძირითადი ნედლეულის ფასი, ასევე დამხმარე მასალების, მათ შორის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფი. პროდუქციას ჩვენი სარეალიზაციო ჯგუფი ყიდის, წარმოებას ეკუთვნის სატრანსპორტო საშუალებებიც. როცა კომპანიას წარმოებაც აქვს და დისტრიბუციაც, ეს საქმეს უფრო კონკურენტულსა და მომგებიანს ხდის.

რადგან პურის სხვადასხვა ასორტიმენტს ვაწარმოებთ, ფასიც სხვადასხვაგვარი გვაქვს. ისინი განსხვავდება ფასით, წონით, გემოვნური თვისებებით. მაგალითად, ე.წ. "ქვის პური", რომლის წონა 320 გრამია, 35 თეთრი ღირს, ხოლო პური "მადლიანი", რომელიც 700 გრამს იწონის - 85 თეთრი. კომუნალურ ხარჯებს ლომის წილი უკავია პურპროდუქტების წარმოებასა და ფასწარმოქმნაში. იყო ლაპარაკი, ასეთი პირველადი საჭიროების საწარმოებისთვის კომუნალური გადასახადები შეემცირებინათ. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ეს თემა ისევ განიხილება და ვიმედოვნებთ, ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდება".

შპს "მადლიანი+"
მის.: ხიზანიშვილის #61ა
ტელ.: (+995 32) 258 6655,
(+995 99) 599 300 070


***

ექსკლუზიური სკოლა მრავალმხრივი განვითარებისთვის

კახა წამალაიძე (კრეატიული განათლების სკოლის ხელმძღვანელი):
"ოთხი წლის წინ ინგლისში ვიყავი მივლინებით, იქ ვნახე ამ ტიპის კერძო სკოლები და ძალიან მომეწონა. ეს არის მცირე სკოლა, რომელიც აკადემიურ მიზნებთან ერთად, ორიენტირებულია ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. თბილისში ასეთი სკოლა არ არსებობდა, ორი წლის წინ, მეგობრების დახმარებითა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, კრეატიული განათლების სკოლა გავხსენით 50 მოსწავლისთვის. ყოველ ბავშვთან პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს, ორ მოსწავლეზე, ფაქტობრივად, ერთი მასწავლებელი მოდის. კლასში, ყველაზე ბევრი, ათი მოსწავლეა. სკოლაში ხუთი კლასია, მერვედან მეთორმეტეს ჩათვლით. დიდი ხანია, საგანმანათლებლო სფეროში ვმუშაობ და მოსწავლეთა პირველი ნაკადი პირადი ნაცნობობით შევკრიბეთ. პირველი წელი ყოველთვის რთულია ახალბედა ბიზნესისთვის და მით უფრო, ჩვენს სფეროში. თავდაპირველად, მხოლოდ ოცი ბავშვი გვყავდა სკოლაში, მაგრამ მზად ვიყავი პირველ წელს სუბსიდირებისთვის და სირთულეები გადავიტანეთ.

ჩვენ ბავშვების პიროვნულ და შემოქმედებით განვითარებაზე ვზრუნავთ. საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ხელოვნებისა და მუსიკის სტუდიებში. პიროვნული განვითარების მიმართულებით სპეციალური საკლასო ოთახები გვაქვს, სადაც ონლაინრეჟიმში ეწყობა გაკვეთილები. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს დამატებით რეპეტიტორთან მომზადება აღარ სჭირდება. თუმცა განათლება ორმხრივი პასუხისმგებლობაა და მოსწავლეს თუ ინტერესი არ აქვს, ძალით ვერ ვასწავლით. თუ ვხედავთ, რომ მოსწავლის აკადემიური შესაძლებლობები ძალიან ძლიერია და მისი სწავლა ჩვენი სკოლისთვის პრესტიჟის საგანია, თანადაფინანსებისთვისაც მზად ვართ.

მიღების პროცედურები მკაცრია, მოითხოვება საშუალოზე მაღალი აკადემიური დონე ძირითად საგნებში (მათემატიკა, უცხო ენა და ქართული). ჩვენი ქცევის კოდექსი ითვალისწინებს სკოლაში დროულად მოსვლას, მოწესრიგებულ სიარულს, სწავლისთვის საჭირო ატრიბუტების მოტანას... სასტიკად აკრძალულია უცენზურო გამოთქმები, ამის გამო მოსწავლე ისჯება და ავტომატურად ირიცხება სკოლიდან. ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შედარებით, ზოგ შემთხვევაში 50%-100%-ით, მათემატიკის შემთხვევაში კი 200%-ით გვაქვს გაზრდილი აკადემიური საათები, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ.

ვიყენებთ დამხმარე სახელმძღვანელოებსაც. გარდა სავალდებულო სახელმძღვანელოებისა, კიდევ 4-5 სახელმძღვანელო შეგვაქვს თითო საგანში, ბევრ საინტერესო ჟურნალს ვიწერთ მოსწავლეებისთვის, მათ შორის გამოწერილი გვაქვს "ისტორიანი", თქვენი, "მედიაპალიტრის" გამოცემა.
ამჟამად სკოლაში მიღება დაწყებულია და მხოლოდ ოცი ადგილია დარჩენილი. სწავლის საფასური წელიწადში 5.900 ლარია, მაგრამ სამომავლოდ 6.900 ლარამდე გაიზრდება. თუმცა თუ დავიანგარიშებთ რეპეტიტორების ხარჯს, ეს არცთუ დიდი თანხაა.

კრეატიული განათლების სკოლა
მის.: ნინო რამიშვილის #5
ტელ.: (+995 32) 225 2002;
(+995 99) 599 303 903
ელფოსტა: info@ceschool.ge
ვებგვერდი: www.ceschool.ge


ნატალია გორგოძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით