"მითია, რომ რესტორნები მოგებას მალე იძლევა"
20-05-2013
"მითია, რომ რესტორნები მოგებას მალე იძლევა"
ბიზნესიდეის დაბადება ჩვეულებრივი რემონტიდან

გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო. სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთი მოთამაშის, სარესტორნო კომპლექს "ძველი ქალაქის" ბიზნესისტორია ქართული სუფრის ტრადიციების საპასუხოდ გაჩნდა.

დავით მაღლაკელიძე ("ძველი ქალაქის" დირექტორი): "ამ რესტორნის გახსნის იდეა ქართული მენტალობიდან გამომდინარე გაჩნდა. ქართული სუფრის ტრადიციებიდან გამომდინარე, სარესტორნო მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის არის. სწორედ ამან გადაარჩინა სარესტორნო
ბიზნესი ყველაზე რთულ, კრიზისულ ვითარებაშიც კი. "ძველმა ქალაქმა" ძნელი გზა განვლო, დაიწყო ძალიან მცირე ნაბიჯებით 2010 წელს და ნელ-ნელა ვითარდება. სამზარეულო, ინტერიერი, აქსესუარები, შენობაც კი, ყველაფერი ქართული ტრადიციების შესაფერი და მასთან მიახლოებულია. სტუმარი რომ შემოდის, თავს ძველ ქართულ გარემოში გრძნობს.

კაპიტალი, რომელიც ამ ბიზნესის წარმოებისთვის
ჩაიდო, ქართულია. ინვესტირება ამ ბიზნესში ეტაპობრივად ხდებოდა. დაარსებიდან ორი წლის შემდეგ სარესტორნო კომპლექსის რებრენდინგი გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი მიზანი სერვისის გაუმჯობესებაც იყო. შეიცვალა რესტორნის ინტერიერი, მხარე, მომსახურე პერსონალი, როგორც მიმტანები, ასევე მზარეულები. მიმტანებს ქართულ ტრადიციულ სამოსს მიმსგავსებული სამოსი ჩავაცვით, რაც სტუმრებისთვის მიმზიდველია.
სარესტორნო ბიზნესის დაწყებისას მთავარი პრობლემა მომსახურე პერსონალის დაკომპლექტებაა _ მზარეულებიდან დაწყებული, მიმტანებით დასრულებული. პროფესიონალი კადრების პოვნა ყველაზე პრობლემური საკითხია, რადგან ქვეყანაში ეს დარგი, სხვებთან შედარებით, განვითარებულია და მზარდი დინამიკა აქვს. როცა რესტორანს ხსნი, ორი არჩევანი გაქვს _ ან პროფესიონალი კადრი სხვა რესტორნიდან უნდა გადმოიბირო და უფრო მეტი გადაუხადო, ან დაწყებით ეტაპზე პერსონალი გადაამზადო. ჩვენ ეს უკანასკნელი გზა ავირჩიეთ.

მალე კომპლექსში ცალკე დარბაზი გაიხსნება, ლუდსახარშ "კაიზერის" კლუბი, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. ჩვენს მენიუში კერძები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტისგან. ისინი უმეტესად ქართულია, ადგილობრივი წარმოების. საფასო სეგმენტი საშუალოშემოსავლიან მომხმარებელზე გათვლით ავირჩიეთ.

სარესტორნო ბიზნესს დროდადრო განახლება სჭირდება, მათ შორის, ინვენტარს, მიმტანების ჩაცმულობას, მუსიკალურ პროგრამას, რაც დამატებით ინვესტიციას მოითხოვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გახსნიდან მოკლე დროში ეს ბიზნესი რენტაბელური ვერ გახდება. მოგების მიღებას დროც სჭირდება და დიდი შრომაც. შეხედულება, რომ ეს ბიზნესი მალე იძლევა მოგებას, მითია".

მის.: თბილისი, ა. ბაქრაძის ქ. #1 (მარჯვენა სანაპირო)
ტელ: 230-94-68; 591-707-433
info@dzvelikalaki.ge
www.dzvelikalaki.ge


* * *
გლუვი და სარკისებრი, ვარსკვლავიანი ცის ეფექტით, მრავალდონიანი _ ეს თვისებები ფრანგულ გასაჭიმ ჭერს აქვს. როგორ გახდა შინ წამოწყებული სარემონტო სამუშაოები ბიზნესის დაწყების მიზეზი და კომპანია, რომელმაც ადგილობრივად წარმოების დაწყებით, ფასები შეამცირა.

ირაკლი თორია ("სტარსკაის" მენეჯერი): "ხუთი წლის წინ, როცა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მან გადაწყვიტა, ფრანგული გასაჭიმი ჭერი დაემონტაჟებინა. ამის შემდეგ ყველა სტუმარს ისე მოსწონდა ეს ჭერი, რომელიც სარკისებრი ეფექტის წყალობით ოთახს სივრცეს მატებდა, რომ თავადაც უჩნდებოდათ მისი დაყენების სურვილი. ასე გაჩნდა იდეა, მომსახურება სხვებისთვისაც შეეთავაზებინათ. თავდაპირველად, შეკვეთას რომ ვიღებდით, ნახაზს უკრაინაში ვაგზავნიდით და იქიდან შეკვეთა გამზადებული ჩამოგვდიოდა. აქ ხელოსნები გვყავდა, ვისაც ვამონტაჟებინებდით. შემდეგ უკვე დანადგარი შემოვიტანეთ, რომლითაც ფრანგული გასაჭიმი ჭერის წარმოება ადგილზე დაიწყო. ამით, კონკურენტებთან შედარებით, პროდუქციის ფასიც მნიშვნელოვნად შევამცირეთ. ამჟამად 50 ფერის ჭერი შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს.

საქართველო პატარა ქვეყანაა და მოთხოვნაც მალე გაჩნდა. დღეს კი მასალაც ადგილზე გვაქვს, დანადგარიც და ამან შეკვეთის შესრულება უფრო გააადვილა. ადრე თუ შეკვეთის მიღებიდან მის შესრულებამდე, საშუალოდ, ათი დღე ან ორი კვირა გვჭირდებოდა, ახლა შეკვეთიდან მეორე დღესვე შეგვიძლია ჭერის დამონტაჟება. ადგილობრივად ამ ჭერის წარმოების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სხვა იმპორტიორებისთვის კონკურენცია ფასით გაგვეწია. ჩვენს ჭერს 15-წლიანი გარანტია აქვს. მომხმარებელს საქართველოს ტერიტორიაზე მოვემსახურებით, თუმცა ოფისი გვაქვს ბათუმში. სხვაგან კი გააჩნია, სად არის შეკვეთა და იქ ჩვენი წარმომადგენლები მიდიან".

მის.: კოსტავას ქუჩა !69
ტელ.: 262-32-62; 599-304-304;
557-304-304

lasha
22 მაისი 2013 23:44
გუშინ ვიყავი ამ რესტორანში და მიმტანების საქციელმა ცოტა გამაღიზიანა... ეტყობა მთლად კარგად ვერ გადაგიმზადებიათ მომსახურე პერსონალი.

რედაქტორის რჩევით