"ლიმონის კაცის" საავტომობილო გენია
20-05-2013
"ლიმონის კაცის" საავტომობილო გენია
"სიტროენის" წარმატებაში დიდი როლი უცნობმა პოლონელმა დურგალმა ითამაშა

"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი. სიტროენი, რომელმაც ერთ-ერთი ცნობილი საავტომობილო ფირმა შექმნა, ამბობდა: "თუკი ჩანაფიქრი კარგია, ფასს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს".

ანდრე 1878 წლის 5 თებერვალს დაიბადა ნიდერლანდური წარმოშობის მდიდარ ებრაულ ოჯახში. მამა, ლევი სიტრუნი (ჰოლანდიურად Citroen), ამსტერდამელი მეწარმე, ძვირფასი ქვების დამუშავებითა და გაყიდვით იყო დაკავებული. მისი მამა
კი ხილის გამყიდველი გახლდათ, ტროპიკული ხილით ვაჭრობდა და მეტსახელად ლემონმენი ("ლიმონის კაცი") შეერქვა. შვილმა კი თიკუნის ჰოლანდიურ ყაიდაზე გადაკეთება ამჯობინა - "სიტრუნი" ჰოლანდიურად სწორედ "ლიმონს" ნიშნავს.

ვარშაველი იუველირის ქალიშვილზე, მარი კლეინანზე დაქორწინების შემდეგ, ლევი პარიზში გადავიდა. მისი გვარი უკვე გამოითქმოდა, როგორც სიტროენი. ანდრე მეხუთე, ყველაზე
უმცროსი შვილი იყო ოჯახში. სწორედ მის ბავშვობას დაემთხვა სამხრეთ აფრიკაში მამის მსხვილი ბიზნესწამოწყების კრახი, რასაც მამის თვითმკვლელობა მოჰყვა. თუმცა შვილებს საკმაო შეძლება მაინც დარჩათ.

პოლონური "საჩუქარი"

იმ დროში ვაჟი მამის საქმის გამგრძელებლად მიიჩნეოდა, მაგრამ ანდრეს ვაჭრობა არ იზიდავდა. ბიჭი ჟიულ ვერნს კითხულობდა, 11 წლის იყო (1889 წ.), როცა პარიზში საერთაშორისო გამოფენისთვის ეიფელის კოშკი დაიდგა. ეს ნაგებობა პარიზელებს ძალიან არ მოეწონათ, ცადაზიდული ლითონის კონსტრუქციის შემხედვარე ანდრემ კი გადაწყვიტა, ინჟინერი გამხდარიყო. იმავე წელს პოლიტექნიკურ სკოლაში შევიდა, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თავისი მეგობრების, ძმები ესტენების სახელოსნოში, სადაც ორთქლმავლის დეტალებს ამზადებდნენ. თუმცა მანამდე, 1900 წელს, ანდრე სიტროენმა დედის სამშობლო, პოლონეთი მოინახულა. იქ გადააწყდა ერთ პოლონელ დურგალს, რომელიც ხელსაწყოში თევზის ფხების ფორმის კბილანებს იყენებდა, რისი წყალობითაც ის უფრო უხმაუროდ მუშაობდა, შედეგი კი შესანიშნავი იყო. ანდრემ ასეთი კბილანების პატენტი ძალიან იაფად იყიდა. მოგვიანებით სწორედ ამ იდეის განვითარებამ მიიყვანა სიტროენი საფირმო გამოგონებამდე - ორმაგ სპირალურ კბილანებამდე, რაც საფირმო ლოგოშიც კი აისახა.

1905 წელს სიტროენმა მშობლების მთელი დანატოვარი ესტენების საქმეში ჩადო და მათი მეწილე გახდა. ანდრემ ქარხანაში კბილანებიანი ბორბლების გამოშვება დაიწყო. ისინი კონკურენტების ნაწარმზე გაცილებით სრულყოფილი იყო. მალე სიახლეზე მოთხოვნა გაჩნდა საერთაშორისო ბაზარზეც, რამაც ფირმის მფლობელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა.

1908 წელს ანდრე სიტროენი უმსხვილესი ფრანგული მანქანათმშენებელი კომპანია "მორსის ავტომობილების" დირექტორის თანამდებობაზე მიიწვიეს. მის მისვლამდე კომპანიაში საქმე ცუდად მიდიოდა. სიტროენმა მისვლისთანავე ქარიშხალი დაატრიალა. მან მიიზიდა ახალი, ნიჭიერი კადრები, განაახლა ავტომობილების კონსტრუქცია და პროდუქცია გააიაფა. წარმატებამაც არ დააყოვნა. მისი ხელმძღვანელობისას კომპანიის გაყიდვა 1909 წელს თვეში ათი მანქანიდან, 1914 წლისთვის თვეში ას მანქანამდე გაიზარდა.

მაგრამ სიტროენს ეს არ აკმაყოფილებდა. იგი ამერიკაში გაემგზავრა ავტომობილების კონვეიერული აწყობის გასაცნობად, რომელიც პირველად ჰენრი ფორდმა დანერგა თავის ქარხნებში. რაღაც მსგავსის გადმოღება სურდა სიტროენს "მორსის" საამქროებშიც, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა საქმოსნის ყველა გეგმა ჩაშალა.

მსოფლიო-სამეწარმეო ომი

1914 წელს სიტროენი საარტილერიო ჯარებში გაიწვიეს, მაგრამ მეწარმის ალღო აქაც არ ტოვებდა. მან ჯერ უფროსობა, შემდეგ კი მინისტრიც დაარწმუნა, რომ სასწრაფოდ მოაგვარებდა დიდი რაოდენობით ჭურვების გამოშვების საქმეს, რომლებიც ძალიან მწვავედ აკლდა ფრონტს. სიტროენის დანაპირები იყო 50 ათასი ჭურვი დღეში! მისი რეცეპტი კი ფორდისეული კონვეიერი გახლდათ. კრედიტების მიღებისთანავე მან ყოფილი ბაღ-ბოსტნების ტერიტორიაზე სასწრაფოდ ააგო ახალი ქარხანა და მისთვის ამერიკული დანადგარები შეიძინა. პროდუქციის გამოშვება რამდენიმე თვეში დაიწყო, როცა მშენებლობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული და შენობას სახურავიც კი არ ჰქონდა.
შედეგად, ფრონტმა საჭირო საბრძოლო მასალა მიიღო, სიტროენი კი ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა დროის დასაზოგავად და ეს თანამშრომელთა კვების ორგანიზებით დაიწყო. სიახლეების შედეგად, მუშები რამდენიმე ცვლად სადილობდნენ ვეებერთელა, 3 ათას კვმ სასადილოში, სადაც მაგიდები ათ რიგად იდგა. მენიუ ყველასთვის ერთი იყო, მუშისთვისაც და ინჟინერისთვისაც. სადილობისთვის 30 წუთი იყო გამოყოფილი. ყოველ ცვლას ჰქონდა თავისი ფერი, რაც მის რიგს მოასწავებდა: მაგიდებზე იცვლებოდა ერთი ფერის სუფრები და ხელსახოცები, დასაპურებლები და მიმტანებიც იმავე ფერის სამკლავურებს იკეთებდნენ.

სიტროენმა დანერგა ხელფასის გაცემის ახლებური წესი. იმხანად საწარმოებში ხელფასს ერთნაირად არიგებდნენ: მოლარეები ჩამოივლიდნენ და პირდაპირ დაზგებთან მომუშავეებს ურიგებდნენ ჯამაგირს. ამას რამდენიმე საათი სჭირდებოდა. სიტროენმა ეს პროცესი გააუმჯობესა და მის ქარხნებში ხელფასს არასამუშაო დროს იღებდნენ.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სიტროენის საწარმოებში, სასადილოებსა და მაღაზიების გარდა, იყო ოთახები მეძუძური დედებისთვის ჩვილების გამოსაკვებად, დღის ბაგა-ბაღი, სამრეცხაო, სამზარეულო, პოლიკლინიკა. ქარხნის მუშები უფასო სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობდნენ, თუმცა არა საქველმოქმედო მოსაზრებებით. "კბილის ტკივილი არღვევს მუშაობის რიტმს და შრომის ნაყოფიერებას ამცირებს", - გულახდილად ხსნიდა სიტროენი იმის მიზეზებს, თუ რატომ ზრუნავდა თავის მუშებზე.
ჯერ კიდევ გაგანია ომის დროს ანდრე სიტროენმა ინჟინრებს წარუდგინა იმ ავტომობილის ნახაზები, რომელსაც მომავალში მისი სახელი ეწოდა. როცა ზარბაზნები დადუმდნენ, სიტროენს უკვე ყველაფერი ჰქონდა საკუთარი ავტოწარმოების დასაწყებად: გამოცდილება, მაღალკვალიფიციური გუნდი, შენობა, სადაც ომის დროს ჭურვებს ამზადებდნენ და დიდი ფული, რაც სამხედრო შეკვეთებმა მოუტანა. 1919 წელს ქვეყანას "სიტროენის" საფირმო ნიშნით დამშვენებული პირველი ავტომობილი მოევლინა.
პირველი მოდელი კარგი გამოვიდა და მასზე მოთხოვნილებაც იყო. მაგრამ დრო გადიოდა და მსოფლიო ბაზარზე ახალი მარკების მანქანები ჩნდებოდა. მართალია, "სიტროენი" პრაქტიკულობის მხრივ ძველებურად აკმაყოფილებდა მომხმარებელს, თუმცა გარეგნობით დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ! ყველაფრის მიუხედავად, პირველ ათ წელიწადში კომპანიამ მანქანების გამოშვება 50-ჯერ გაზარდა.

ძვირი "სიამოვნება"

კონკურენტები რომ დაეჯაბნა, სიტროენმა დიზაინის დამუშავება ყველასთვის უცნობ ახალგაზრდა იტალიელ ფლამინიო ბერტონის მიანდო. ბერტონიმაც შექმნა ბესტსელერი, რომელიც ოც წელიწადს არ ჩამოსულა კონვეიერიდან. სულ 760 ათასი მანქანა დამზადდა. ფორმით ეს იყო ჩამოღვენთილი წვეთი, რომელიც შესანიშნავად გამოირჩეოდა ავტომობილების ძარის კუთხოვან, თითქოს ნაპობ ფორმებში. ამ მოდელს "სიტროენ ტრეკსიონ ავანი" ეწოდა. 1923 წელს სიტროენმა კვლავ გადალახა ატლანტის ოკეანე და აშშ-ის უმსხვილესი ქარხნები მოინახულა. მოგზაურობიდან იგი ახალი იდეებით "დახუნძლული" დაბრუნდა. ანდრემ ახალი უცხოური ტექნოლოგიები შეიძინა, საწარმოო პროცესი პატარ-პატარა ოპერაციებად დაყო, ძვირად ღირებული ხელით შრომა კი ნაკადური ხაზებით შეცვალა. პირველმა ფრანგ ავტომწარმოებლებს შორის, რომლებიც ჯერაც ხეს იყენებდნენ ძარის დამზადებისას, სიტროენმა მთლიანი ლითონის ძარის დამზადების ლიცენზია შეიძინა. ამან ნაწარმი თან გააიაფა, თან უფრო საიმედო გახადა.

ანდრეს მართვის სისტემის უმნიშვნელოვანესი მხარე იყო სადავო საკითხების განხილვა თანამშრომლებთან, მათი სტატუსის მიუხედავად. სიტროენს მიაჩნდა, რომ კონფლიქტების ასარიდებლად ხელმძღვანელს მუდმივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თანამშრომლებთან, ოღონდ უკიდეგანო დარბაზებში შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან უამრავი ხალხის თავშეყრისას აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეუძლებელია.

თავის ქარხნებში ანდრე მუდმივად აწყობდა პროფესიონალურ სწავლებებს მუშებისა და ინჟინრებისთვის. მყიდველების მოსაზიდავად კი ანდრემ საკუთარი მანქანებისა და გვარის რეკლამირების გრანდიოზული სისტემა შეიმუშავა: მძღოლებს "სიტროენის" საფირმო ნიშანი მუდამ თვალწინ რომ ჰქონოდათ, მთელ საფრანგეთში დაიდგა მაჩვენებლები და საგზაო ნიშნები მისი ემბლემით. ეწყობოდა "სარეკლამო გარბენი" ქვეყნის მოშორებულ კუთხეებში, ხოლო გზად თანამშრომლები რუპორებით ამცნობდნენ ყველას "სიტროენის" ამა თუ იმ მოდელის უპირატესობებს, რასაც აფიშები, პლაკატები თუ ლატარეები ამყარებდა. შედეგად, ამ გამოფენების დამსწრეთა 3%-დან 15%-მდე შინ საკუთარ ბორბლებზე ბრუნდებოდა.

ანდრე სიტროენი 1935 წელს გარდაიცვალა. მისი მარკა კი დღესაც მოქმედია. საბოლოოდ, "ტრეკსიონ ავანი" ძალიან ძვირი აღმოჩნდა და ფირმა ჩაიყოლა კიდეც. 1934 წელს "სიტროენი" ძირითადი მევალის, "მიშლენის" საკუთრება გახდა. 1973 წლის ავტოკრიზისის შემდეგ საქმეში საფრანგეთის მთავრობა ჩაერია და ხელი შეუწყო "მიშლენსა" და "პეჟოს" შორის შეთანხმებას. 1976 წლიდან ანდრეს პირმშო კონცერნ "პეჟო სიტროენის" ნაწილია, რომელიც "ფორბსის" ბოლო, 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის 2013 წლის მაისის რეიტინგში 876-ე ადგილზეა $3,03-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. კონცერნის წლიური გაყიდვა $73,15 მილიარდია და ის 215 ათას ადამიანს აძლევს სამუშაოს.

ნატა ენუქიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით