წლეულს ტურისტების რაოდენობის მატება მომიჯნავე დარგებსაც გამოაცოცხლებს
27-05-2013
წლეულს ტურისტების რაოდენობის მატება მომიჯნავე დარგებსაც გამოაცოცხლებს
ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში კარგა ხანს იყო მიჩნეული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგად. მეტიც - ყოფილი მთავრობა საქართველოს "ტურიზმის მექად" გადაქცევასაც კი უწინასწარმეტყველებდა. ახალ მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ტურიზმი, შესაძლოა, ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს. წლეულს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ძირითად სტიმულად პარლამენტში სწორედ ამ დარგის განვითარება დაასახელეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2013 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით, 32%-ით მეტი სტუმარი შემოვიდა. აქ მიაჩნიათ, რომ 2013 წელს ტურისტების ნაკადი 32-40%-ით უნდა გაიზარდოს.
მართალია, სკეპტიკოსები შემცირებასაც არ გამორიცხავენ, რადგან საერთაშორისო დონეზე ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანია არ ყოფილა, მაგრამ დარგის წარმომადგენლები მსგავს ვარაუდს კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

რუსუდან მამაცაშვილი (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი): - საერთოდ, ტურიზმს ეკონომიკური ინდიკატორის როლს ანიჭებენ, რადგან მისი განვითარება ყოველთვის ახდენს გავლენას
მომიჯნავე დარგებზე, მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე. ის იწვევს როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ დასაქმებას სხვა დარგებშიც და რამდენიმე მიმართულებით ზრდის ეკონომიკას. ამავე დროს, ტურიზმი ხელს უწყობს ეკონომიკური ცენტრების გადანაწილებას რეგიონებში, სადაც შეიძლება პატარა სასტუმროებისა და კვების ცენტრების გახსნა, სუვენირების წარმოება და სხვ., რაც მოსახლეობის შემოსავლის წყარო ხდება. იანვრიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში შემოსული ტურისტების ნაკადი 32%-ით არის გაზრდილი, წლის ბოლომდე ზრდას კიდევ ველოდებით, რადგან ზაფხულში უცხო ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა ყოველთვის მატულობს. ჩვენ საკმაოდ აქტიური კამპანია გავწიეთ პოლონეთსა და ისრაელში, ამიტომ ტრადიციულ ქვეყნებთან ერთად, სტუმრებს ამ ქვეყნებიდანაც ველოდებით. ტურისტული ნაკადის ზრდაა მოსალოდნელი უკრაინიდანაც, საიდანაც, ჩვენი ვარაუდით, სტუმრების რიცხვი შარშანდელთან შედარებით 50%-ით მოიმატებს. ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევის შედეგად ტურისტთა რაოდენობა წელს აშკარად მეტი იქნება. როგორც წესი, მოგზაურების დანახარჯები საკმაოდ კარგად აისახება ტრანსპორტზე, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებზე, ბუნებრივია, ეს კარგია მთელი ეკონომიკისთვის.

ლელა ხარტიშვილი (ასოციაცია "ელკანის" ტურიზმის კონსულტანტი): - მართალია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ მე მსგავს საკითხებზე მსჯელობისას, ძირითადად, ტუროპერატორების მონაცემებს ვეყრდნობი. დაჯავშნილი ადგილებისა თუ სხვა მონაცემების მიხედვით, ჩვენი ტუროპერატორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წლეულს მართლაც უკეთესი ტურისტული სეზონი იქნება და ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც გაიზრდება. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან იმ მიზნით, რომ მარტო საქართველო კი არ მოინახულონ, არამედ სომხეთი და აზერბაიჯანიც, რადგან ამ ქვეყნებს შორის საზღვარი დაკეტილია. ჩამოდიან სხვადასხვა ღონისძიებაზე, გამოფენებზე, თუმცა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით პერსპექტიულია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები. სწორედ ამიტომ უნდა მომრავლდეს ეთნოგრაფიული ტურები, თანაც ეს ტურები უნდა მოიცავდეს მთელ კავკასიის რეგიონში მოგზაურობასაც.

თუმცა აქ უამრავი პრობლემა და დაბრკოლებაა. მაგალითად, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეგიონია თუშეთი - იქაურებს აქვთ საოჯახო სასტუმროები, მაგრამ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა ტურისტულ მხარეში მცხოვრები ხალხისთვის, არ აქვთ. მასპინძელს უნდა შეეძლოს, შემოატაროს ტურისტს თავისი მხარე, შესთავაზოს ადგილობრივი პროდუქტი, ბოლოს და ბოლოს, უცხო ენა იცოდეს - ეს უნარ-ჩვევები საჭიროა, რომ ჩვენმა ხალხმა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს ტურიზმისაგან. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლის ძირითადი შემოსავალიც სოფლის მეურნეობაა, სწორედ ტურიზმი უნდა გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. ტურისტმა პროდუქტი "პოპულიდან" და "გუდვილიდან" კი არ უნდა წაიღოს, არამედ ჩვენი მოსახლეობისგან იყიდოს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებასაც. მხოლოდ ბათუმით და თბილისით არ უნდა შემოვისაზღვროთ. ადგილობრივი მოსახლეობა ისე უნდა ხვდებოდეს ტურისტს, როგორც საქმიანი ადამიანი, თუ გნებავთ, როგორც ბიზნესმენი. სხვათა შორის, საქართველოში "ღვინის ტურიზმის" საერთაშორისო ფესტივალიც ეწყობა, ანუ ამ მიმართულებითაც საქართველოს კარგი პიარი ექნება. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალურია, რადგან აქ ღვინის დასაყენებლად ისევ მიმართავენ ტრადიციულ ხერხებს - საწნახელს, ქვევრს, აქვთ მარნები... ეს ჩვენი ეროვნული ტრადიციაა და ტურისტიც ჩვენი ქვეყნის უნიკალურობით უნდა მოვხიბლოთ და დავაინტერესოთ. თუ ასე მოვიქცევით, სოფლის მეურნეობაც განვითარდება, ტურიზმიც და სხვა მომიჯნავე დარგებიც.

- მთავრობა ტურიზმის სექტორში აღარ ხარჯავს მილიონებს და სარეკლამოდ ინტერნეტსივრცეში აქტიურობას არჩევს...
- დიახ, სასურველი კი არა, აუცილებელიც არის აქტივობის გადატანა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში. ამ გზით გაცილებით იაფად შეიძლება სასურველი შედეგების მიღწევა. რასაკვირველია, პირად კონტაქტებს არაფერი შეედრება, მაგრამ ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა დღეს პირადი კონტაქტები აქტიურად ჩაანაცვლა და ეს რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ციფრების ენით

- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2013 წლის I კვარტალში უცხოელი მოგზაურების რაოდენობაა 1 291 593;
- შარშან იმავე პერიოდში იყო 977 034 (ზრდა - 32,2%);
- პირველი ხუთეული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით: თურქეთი 491 043 (ზრდა 25,67%), აზერბაიჯანი - 279 668 (+16,31%), სომხეთი - 256 698 (+52,68%), რუსეთი - 131 600 (+77,35%), უკრაინა - 26 616 (+61,87%); სხვა - 105 968 (+21,71%); ჯამი - 1 291 593 (+32,2%).

ხათუნა ჩიგოგიძე
megzuri
05 ივნისი 2013 02:30
ბატონებო, ის რომ საქართველოს აქვს დიდი პოტეციალი
ტურიზმში გამოცდილი ადამიანებისათვის უდაო ფაქტია.
ამ საქმეში დიდი შეცდომები იქნა დაძვებული=
არასწორად მიმაჩნია ბათუმში ჩაყრილი ფული, არა იმიტომ
რომ ახირება მაწუხებს. საქმე იმაშია რომ ბათუმის წვიმებს
ვერასოდეს ვერ ეშველება.
წარმოიდგინეთ ყოველივე ქობულეთში ჩადებული რომ
ყოფილიყო. ან ნახევარი ქობულეთში და მეორე ნახევარი
ლაზიკაში .....
koba
02 ივნისი 2013 22:14
გეთანხმებით კომენტარებში,ასეთი სისულელეები მეგონა მიშას დროს თან გაყვა. ესენი გარედან შემოსულ ქართველებსაც ტურისტებად აღრიცხავენ. აღარ უნდა დამთავრდეს დილეტანტების დრო? ტურიზმი საქართველოს ბიუჯეტში ვერ შეიტანს გადამწყვეტ როლს, ამაზე ლაპარაკი არის ხალხის მოტყუება.
kaka
02 ივნისი 2013 16:06
თითო ტურისტს 500 ლარი რომ დაეხარჯა მივიღებდით 600 მილიონს. რაც ბიუჯეტში არ ჩანს. გამოდის ვიღაც რაღაცს მალავა ან არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით