წრეში დატრიალებული საკუთრება - კვირის პალიტრა

წრეში დატრიალებული საკუთრება

ერთი ეპიზოდი ქონების წართმევის ისტორიებიდან

ხელისუფლება მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიას ქმნის. გადაწყდა, რომ კომისია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებს განიხილავს, თუმცა თავიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც იყო ლაპარაკი. დარღვევები კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბევრ შემთხვევაში ძნელდება ზღვარის გავლება, საქმე მხოლოდ სისხლის სამართალს განეკუთვნება თუ სამოქალაქოს. თითქოს აღარავის უკვირს წინა ხელისუფლების დიდმოხელეთა მიერ მოქალაქეებისთვის ქონების წართმევის ფაქტები, მაგრამ გორელ ბიზნესმენ კახა ხმიადაშვილისა და მისი ოჯახის ისტორია ერთ-ერთი გამორჩეულია.

"2011 წლის გაზაფხულზე ყველა უბედურება თითქოს ერთიანად დამატყდა. მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, შემოწმებაც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი. უკრაინიდან ხორბალი შემომქონდა და ჩემს წისქვილში ვამუშავებდი. ფინანსურმა პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ბიზნესისთვის თავი დამენებებინა. წისქვილი დალუქეს და უზარმაზარი ჯარიმები დამაკისრეს. როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესები გადავკვეთე და იძულებული გავხდი, ქვეყნიდან წავსულიყავი. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, ჩემი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გამეყიდა და ჯარიმების ნაწილი მაინც გადამეხადა.

არ ვიცი საიდან, მაგრამ ამის შესახებ შეიტყო შიდა ქართლის კონსტიტუციური დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ლევან დუჩიძემ, რომელმაც ჩემი ძმა დაიბარა და მიწის შესყიდვით დაინტერესებული თავისი მეგობრები, ვასილ შერაზადიშვილი და ვინმე ზაზა გააცნო. მიწის ნაკვეთი ფორმალურად ჩემს ძმაზე, ნიკოლოზ ხმიადაშვილზე იყო გაფორმებული. სულ 7 ჰექტარი, რომელზეც ამერიკული ჯიშის მსხმოიარე, ძვირად ღირებული ხეხილი იყო გაშენებული და, სულ ცოტა, $85 ათასი ღირდა. მიუხედავად ამისა, ლევან დუჩიძის დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით შევთანხმდით, რომ მყიდველები $50 ათასს გადაიხდიდნენ.

გაფორმდა ხელშეკრულება და ვასილ შერაზადიშვილმა ნაწილი, $22 ათასი მართლაც გადაიხადა, თუმცა დარჩენილი $28 ათასის გადახდას აგვიანებდა. ამის გამო რამდენჯერმე შევეხმიანეთ თვითონ ლევან დუჩიძესაც, რადგან მანამდე ის რამდენჯერმე ამოვიდა შესასყიდი ბაღის დასათვალიერებლად. აშკარა იყო, რომ ისიც პირადად იყო დაინტერესებული. ამაზე გაბრაზებულმა, ჩემი ძმა დაიბარა და უთხრა, რომ რადგან კარგად არ ვიქცეოდით, უნდა დავსჯილიყავით. ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით დაემუქრა და უთხრა, რომ იმ 7 ჰექტარის გარდა, კიდევ გვერდით არსებული, ასევე ჩემი კუთვნილი, მაგრამ ფორმალურად ჩვენს ნათესავზე რიცხული 10 ჰექტრამდე ბაღიც უნდა გადაგვეფორმებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ძმა ციხეში აღმოჩნდებოდა და მეც პრობლემები შემექნებოდა. რა უნდა გვექნა? - აქეთ ფინანსური პოლიცია გვავიწროებდა, იქით კუდი. იძულებული გავხდით, დავთანხმებოდით და 200 ათას ლარად ღირებული ორივე მიწის ნაკვეთი $50 ათასად დაგვეთმო.

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ გადავწყვიტე იძულების გზით წართმეული ქონების დაბრუნება, რისთვისაც 2012 წლის 10 ოქტომბერს ყადაღა დავადე სადავო ქონებას, მაგრამ ლევან დუჩიძემ და მისმა მეგობარმა ზაზამ მთხოვეს, თავი შემეკავებინა სასამართლოს გზით ჩვენ შორის არსებული პრობლემის გადაწყვეტისგან და შემპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში წართმეულ ქონებას დამიბრუნებდნენ ან სათანადო კომპენსაციას გადამიხდიდნენ.

მე მათ ვენდე, რის გამოც კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში სარჩელი აღარ წარვადგინე. მათ კი კვლავ მომატყუეს და 2013 წლის 25 თებერვალს მიწის ნაკვეთები ფორმალურად მესამე პირზე, სინამდვილეში მათ მეგობარსა და ნათესავზე, ვინმე ზაზა ქევანიშვილზე გადააფორმეს, რითაც სამოქალაქო წესით ქონების დაბრუნების შანსები დავკარგე.

დღეს განცხადებით მივმართავ მთავარ პროკურორს. იმედია, დამნაშავე პირები სამაგალითოდ დაისჯებიან და ზიანი ამინაზღაურდება", - აცხადებს ბიზნესმენი კახა ხმიადაშვილი.

გორელები ამბობენ, რომ ნაციონალური ხელისუფლების დროს კუდ-ის მოხელე ლევან დუჩიძე, პრაქტიკულად, შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდა. მის გარეშე სკოლის დამლაგებელიც არ ინიშნებოდა. ბიზნესმენები პერიოდულად იძულებული იყვნენ, ხარკი გადაეხადათ ე.წ. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის, მაგალითად, "აფხაზეთის რადიოს" გასაკეთებლად ან ანაკლიის სასტუმროს მოსაწყობად. ჩვენთვის სანდო წყაროდან ისიც ცნობილია, რომ ლევან დუჩიძემ საკუთარ კაბინეტში სცემა გორელ ბიზნესმენს, რომელმაც მას შემდეგ, რაც მისი ძმა დაიჭირეს, გაბედა და ნაციონალურ მთავრობაზე აუგი დასცდა ერთ-ერთ სუფრაზე. კუდის ყოფილი დიდმოხელე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან დუჩიძის მოსახელე და მისი ბიძაშვილია. თურმე კუდ-ის ყოფილი უფროსი თავისი ბიძაშვილის ავტორიტეტსა და გავლენას ხშირად იშველიებდა ბიზნესმენებისგან ხარკის აკრეფისას.

ამ საქმისთვის კვალიფიკაციის მიცემა - სამოქალაქო საქმეა ის თუ სისხლის სამართლის - პროკურატურის პრეროგატივაა. განცხადებების რაოდენობა კი ათასებს აღწევს. შეიძლება ითქვას, გამოსაწმენდია ავგიას თავლები, და ეს როდის მოხდება ან რამდენად სრულად მოხერხდება, ამას, ჯერჯერობით, მიახლოებითაც ვერავინ იტყვის.