კარგი იდეები - შესაფერის დროსა და ადგილას - კვირის პალიტრა

კარგი იდეები - შესაფერის დროსა და ადგილას

ბიზნესის დაწყება შრომისმოყვარეობიდან და გააზრებული რისკიდან ჯობს

შეიძლება თუ არა დაიწყო ბიზნესი, როცა ჯიბეში სულ 500 ლარი გაქვს, ოფისის მაგივრობას კი ავტომობილის საბარგული გიწევს? თურმე შესაძლებელია, თუ ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებ. გასულ კვირას, გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც კვირაში ორჯერ გადის "პალიტრა TV"-ისა და რადიო "პალიტრის" ეთერით, მსმენელსა და მაყურებელს ორი ბიზნესისტორია გააცნო. 500 ლარით დაწყებული ბიზნესი, აგრეთვე ერთ წელიწადში მიღწეული ბაზრის ლიდერის სტატუსი და სანტექნიკა, რომელმაც მომხმარებლის გემოვნება შეცვალა...

გიორგი გოგუაძე (კომპანია "ნევერლენდის" დამფუძნებელი): "საქმე მე და ჩემმა მეგობარმა, ფაქტობრივად, ნულიდან, არაფრისგან დავიწყეთ, დღეს კი ამ სეგმენტში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ვართ. ძალიან რთული გზა გავიარეთ, ფინანსები არ გვქონდა. როცა ფული არ გაქვს, საქმის კეთება ორმაგად რთულია, თორემ როცა ფინანსები გეგულება, იდეებიც უხვად მოდის და მათი ხორცშესხმის გზებსაც მალევე პოულობ. ძალიან გვინდოდა გასართობი და სადღესასწაულო ცენტრის გაკეთება. შევიძინეთ ერთი პატარა ხმის გამაძლიერებელი და ორი კოსტიუმი. ოფისი არ გვქონდა და რეკვიზიტები, დოკუმენტები და ყველა საჭირო ნივთი ავტომობილის საბარგულით დაგვქონდა. მანქანა იყო ჩვენი ოფისიც, გარდერობიცა და ბუღალტერიაც. მე და ჩემი მეგობარი კომპანიიდან კომპანიაში დავდიოდით და მომსახურებას ვთავაზობდით. ჩვენი იდეები ყველას მოსწონდა, მაგრამ დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ახალბედებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად რამდენიმე საცდელ ღონისძიებას დავთანხმდით და დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. მომხმარებლებს თავდაპირველად საბავშვო გასართობ ღონისძიებებს ვთავაზობდით. პირველი ასეთი ღონისძიება სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გავმართეთ. ჩვენი შეთავაზებით, ფაქტობრივად, ტენდერი მოვიგეთ. "ქარვასლა" ყოველ კვირა დღეს აწყობდა საბავშვო გასართობ ღონისძიებებს და ამისთვის სხვადასხვა კომპანიის წინადადებები განიხილებოდა. კონკურენტებს ვაჯობეთ და პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა მოვიპოვეთ.

შემდეგ გაჩნდა ფართის საჭიროება. ძალიან გავრისკეთ და "ასტრა პარკის" ტერიტორიაზე ფართი ვიქირავეთ. უნდა გამოგიტყდეთ, ქირის ფულიც არ გვქონდა, არადა, ერთ კვირაში უნდა გადაგვეხადა. იმდენი შევძელით, რომ საქმე დავძარით და ქირაც გადავიხადეთ. თან ამას ვაკეთებთ ორი ადამიანი, მე და ჩემი მეგობარი. ექსკლუზიურად, საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს 7D ფორმატის კინოთეატრი, აქვეა კარტინგი, სათამაშო აპარატები, რასაც სხვა დაბადების დღეების ან სადღესასწაულო ცენტრში ბავშვი ვერ ნახავს. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მოვაქციეთ, რაც მარკეტინგულად მართებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

საქართველოში უმუშევრობის პრობლემაა, მაგრამ ჭირს პროფესიონალი კადრების მოძიებაც. მაგალითად, კარგი მსახიობი ბევრია, მაგრამ კარგი ანიმატორის მოძებნა ჭირს. მას უნდა ესმოდეს ბავშვის ფსიქოლოგია, თან გულწრფელი უნდა იყოს, რადგან ბავშვი ყველაზე კარგად ხვდება, როცა ატყუებ. თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი სამეგობრო შემოვიკრიბე.

დღეს ორი გასართობი ცენტრი გვაქვს, "ასტრა პარკში", რომელიც 2-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი და "ნევერლენდ დელუქსი", 7-15 წლის ასაკობრივი სეგმენტისთვის. თუმცა გასართობ პროგრამებს ორგანიზებას ვუწევთ ზრდასრული ადამიანებისთვის, კორპორაციული საღამოებისთვის. უამრავი ზღაპრის გმირი გვყავს და უზარმაზარი გარდერობი გვაქვს. ინვესტიციაზე მეტად ამ საქმეში ცოდნა ფასობს, თუმცა ეს ბიზნესი სეზონურია. დღეს შტატში დასაქმებული გვყავს 30 ადამიანამდე, დროდადრო ამდენივეს შტატგარეშე ვასაქმებთ. რატომ დავარქვით კომპანიას "ნევერლენდი"? იმიტომ, რომ ეს სიტყვა ნიშნავს ადგილს, სადაც ყველა ოცნება ასრულდება".

მის.: ჩაჩავას ქ.#8

ტელ.: 214-91-14

568-70-70-70

info@neverland.com.ge

* * *

მოსაპირკეთებელი მასალებისა და სააბაზანო აქსესუარების ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ისტორია 1942 წელს სტამბოლში, ქართალას ერთ პატარა სახელოსნოში დაიწყო. ომის დროს თურქეთში თიხის პროდუქცია არ შედიოდა, ხოლო ბაზარზე მოთხოვნა არსებობდა. დღეს "ვიტრა" 75 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 150 შოურუმი აქვს და 2000-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი. მათ შორის არის საქართველოც, შოურუმით დავით აღმაშენებლის ხეივანში.

ელენე ნიკოლაიშვილი (კომპანია "ბი-ემ-სი შარმის" მარკეტინგის მენეჯერი): "ჩვენი კომპანია 2011 წელს დაფუძნდა. თავიდან ორნი ვიყავით: დამფუძნებელი გიორგი გვიდიანი და მე. პატარ-პატარა პროექტებზე ვმუშაობდით და სხვადასხვა ობიექტს სხვადასხვა სამარკო ნიშნის სანტექნიკით ვამარაგებდით. "ვიტრას" პროდუქციის შემოტანამდე ბაზარი გამოვიკვლიეთ, რამაც განამტკიცა ჩვენი ვარაუდი, რომ მომხმარებელი მზად არის ხარისხიანი პროდუქციის შესაძენად და სანტექნიკის დიზაინზეც აკეთებს აქცენტს. გავიცანით მომავალი პარტნიორები, კომპანია "ვიტრას" წარმომადგენლები და დავითანხმეთ, თავიანთი პროდუქციით საქართველოს ბაზარზეც შემოსულიყვნენ. დათანხმებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მაშინ საქართველოში მსხვილ სამშენებლო პროექტებზე, ძირითადად, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ.

ყველა რისკი მაინც ვერ გავთვალეთ. მთავარი სირთულე ის იყო, რომ როცა მომხმარებელი იგებდა, რომ "ვიტრა" თურქული ბრენდია, უჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს აუცილებლად დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი პროდუქტი უნდა ყოფილიყო. ის კი პრემიუმკლასის ბრენდია. აგრეთვე, ზუსტად ვერ გავთვალეთ მომხმარებლის გემოვნება. ბაზარზე "ვიტრას" პროდუქციის თითქმის სრული ასორტიმენტი შემოვიტანეთ, მრავალფეროვან ფერთა გამით, რათა ყველა მომხმარებლის მოთხოვნისთვის გვეპასუხა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მკვეთრი ფერებისთვის მომხმარებელი მზად არ აღმოჩნდა. შემდეგ ფასდაკლებებით ეს პრობლემა გადავჭერით.

ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პროექტი იუსტიციის სახლის სანტექნიკით უზრუნველყოფა იყო. როცა "ვიტრას" პროდუქციით დაინტერესება საცალო მომხმარებელში გაიზარდა, 2011 წლის ივნისში აღმაშენებლის ხეივანში ჩვენი დიდი შოურუმი გაიხსნა. აქედან იწყება ჩვენი წარმატების ისტორია. დღეს უკვე თამამად ვთავაზობთ მომხმარებელს სიახლეებს და ისინიც სიამოვნებით მოდიან ექსპერიმენტზე. მაგალითად, სანამ შეიძენდეს, შეგვიძლია კლიენტის შერჩეული მასალით შევქმნათ სააბაზანო ოთახის მაკეტის ელექტრონული ვერსია. მომხმარებელი დაინახავს, როგორი იქნება მისი აბაზანა ჩვენი პროდუქციით მოპირკეთებისა თუ დამონტაჟების შემდეგ. ახლო მომავალში კიდევ ერთ შოურუმს ბათუმში ვხსნით.

მის. აღმაშენებლის ხეივანი, პირველი კილომეტრი.

vitra.com@ge

ტელ.: 577-24-26-63

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.