სუფრის ყურძნის წარმოება შეგვიძლია, მაგრამ... არ შეგვიძლია?! - კვირის პალიტრა

სუფრის ყურძნის წარმოება შეგვიძლია, მაგრამ... არ შეგვიძლია?!

მევენახეობა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ, ალბათ, ყველაზე ცნობილი და ნომერ პირველი დარგია. ამ თვალსაზრისით მით უფრო საყურადღებოა ჩვენი მეზობლების შედეგები. მაგალითად, 2013 წლის I კვარტალში სომხური ყურძნის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი სწორედ საქართველო იყო - ჩვენმა ქვეყანამ სამხრეთელი მეზობლისგან 356 500 კგ. ყურძენი შეიძინა. მთლიანად კი I კვარტალში სომხური ყურძნის ექსპორტმა 1 256 300 კგ შეადგინა. სომხური ყურძნის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, სადაც ყურძნის ექსპორტმა, შარშანდელთან შედარებით, 22%-ით მოიმატა, 859 900 კგ-მდე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სომხეთში წარმატებით მოჰყავთ სუფრის ყურძნის სხვადასხვა ჯიში და ამით ჩვენი მეზობელი ქვეყანა კარგ შემოსავალსაც იღებს. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოშიც არიან ფერმერები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი საქმიანობა ამ მიმართულებით წარმართონ და სხვებსაც ურჩევენ სუფრის ყურძნის ჯიშების მოშენებას.

ჯემალ ხატიაშვილი (ალაზნის ველის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე): - საქართველოში სუფრის ყურძნის მოყვანა განვითარებული არ არის, თუმცა უკვე გაჩნდა ინტერესი და ზოგიერთმა ფერმერმაც დაიწყო სუფრის ჯიშების მოშენება. ეს კარგია, რადგან საქართველოში ვაზი შესანიშნავად ხარობს. თუმცა სუფრის ჯიშები ძალიან ცოტაა, მაგალითად - ალადასტური და თითა, მაგრამ უკეთესი ჯიშებიც არსებობს. ჩვენმა ასოციაციამ ამ ჯიშების შემოტანა და მომრავლება დაიწყო. ბევრი ჯიში მოგვყავს, რომელიც შემოვიტანეთ ამერიკიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და სხვ. ძირითადად უწიპწო ჯიშებს ვარჩევთ, რომლებიც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგიერთი ჯიში ივლისიდან უკვე იწყებს მწიფობას. სომხეთში ეს ჯიშები კარგა ხანია, წარმატებით მოჰყავთ და ჩვენი ბაზრის დიდი წილი სწორედ სომხეთიდან შემოტანილ ყურძენს უკავია. ჩვენ იმდენიც არ გვაქვს, რომ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ და ჩვენი მიზანიც სწორედ ამ ამოცანის შესრულებაა.

სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში 36 ჯიშის ყურძენი მაქვს გაშენებული და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს საკითხი მთავრობის დონეზეც დავსვი, რადგან საქართველო ყურძნის ქვეყანაა და თავისუფლად შეუძლია სუფრის ჯიშის ყურძნის წარმოებაც. ამისთვის სულ არ არის აუცილებელი ძველი ჯიშების გაკაფვა - სუფრის ჯიშების მოშენება ხელს არ უშლის იმას, რომ ხალხმა საღვინე ჯიშებიც მოიყვანოს. თუმცა ვურჩევდი ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს - ნუ გადაყვებიან მხოლოდ ტრადიციულ ჯიშებს, ადრე ლობიო და კარტოფილიც არ იცოდა ქართველმა კაცმა, მაგრამ ახლა ხომ მოგვყავს? არსებობს ძალიან კარგი სუფრის ყურძნის ჯიშები - თურქული, ირანული, ამერიკული, ეგვიპტური, იტალიური თუ ბერძნული, რომლის მოშენებაც გლეხს არც ისე ძვირი დაუჯდება, მით უმეტეს, უკვე გვაქვს საშუალება, რომ ისინი აქვე, ადგილზე ვაწარმოოთ და ფერმერები ამ ჯიშებით მოვამარაგოთ.

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - ყურძნის სამრეწველო ჯიშებში ორი ძირითადი ჯგუფია - სუფრისა და საღვინე ჯიშები. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ღვინომასალების წარმოებისთვის საჭირო ყურძენი, რასაც ჩვენი წარსული და რეალობა განაპირობებს. სუფრის ჯიშის ყურძნის მოყვანა პრობლემა სულაც არ არის, მაგრამ ამ ყურძნის შენახვაა საკმაოდ ძნელი. ამისთვის სპეციალური საცავები და სამაცივრე დანადგარებია საჭირო.

სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი ტიპის სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობები განვითარებული არ არის. იყო მცდელობა ამ ტიპის საწარმოების აშენებისა, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ალბათ იმიტომ, რომ სუფრის ყურძენი საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით მოგვყავს და სამრეწველო მასშტაბები არ გვაქვს. სომხეთში, ჩვენგან განსხვავებით, ეს ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული, რაც ფერმერულ მეურნეობებს საშუალებას აძლევს, მოიყვანონ არა მარტო ღვინომასალებისთვის საჭირო ჯიშები, არამედ სუფრის ყურძნის ჯიშებიც. შესაბამისად, ეს უპირატესობა სომხეთს საშუალებას აძლევს, ექსპორტზე იყოს ორიენტირებული.

სუფრის ყურძნის იმ მოცულობას, რასაც საქართველო მოიხმარს, ძირითადად, სომხეთი აწარმოებს. ამ დარგის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, მაღალტექნოლოგიურია და მეორე მხრივ - კაპიტალტევადი. ეს მხოლოდ ფერმერების სურვილსა და კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს აქვს პოტენციალი, ღვინომასალებისთვის საჭირო რაოდენობის ყურძენი თავად მოიყვანოს, ხოლო სუფრის ყურძენზე არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ დარგის განვითარდება კარგი იქნება, მაგრამ გლეხებსა და ფერმერებს მოტივაცია არ ექნებათ შესაბამისი ინფრასტრუქუტურის გარეშე. ყურძენი შენახული უნდა იყოს ორი-სამი თვის განმავლობაში. ამ დროს სასაქონლო თვისებები რომ არ დაკარგოს, სწორედ ამისთვის არის საჭირო სამაცივრე დანადგარები. მართალია, სახელმწიფოს ვერ მოვთხოვთ გლეხებისა და ფერმერებისთვის ამ ინფრასტრუქტურის შექმნას, მაგრამ მან უნდა შექმნას სტიმული და გარანტიები, რათა ბიზნესწრეებს ამ საქმეში კაპიტალის დაბანდება მოუნდეთ.

სამაცივრე-სასაწყობო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ სუფრის ყურძნის ჯიშებს არ ეხება, ის ხილის შენახვა-გადამუშავებისთვისაც არის საჭირო და საერთოდ, ხილის ინდუსტრიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სუფრის ჯიშების მოშენებაზე გადასვლა საინტერესო აზრია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფრის ყურძნის გაყიდვა იწყება დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში სუფრის ყურძენზე მოთხოვნილება არ არის იმიტომ, რომ ამ დროს ყურძენი ისედაც უხვადაა. ზამთარში კი მას სასაქონლო სახის შენარჩუნება სჭირდება. ინფრასტრუქტურის გარეშე, მხოლოდ თოხისა და ბარის დარიგებით, სოფლის მეურნეობას ვერ ვუშველით.

ხათუნა ჩიგოგიძე