წინასწარი ბიზნესექსპერიმენტი თავის დასაზღვევად - კვირის პალიტრა

წინასწარი ბიზნესექსპერიმენტი თავის დასაზღვევად

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური"

გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილი", რომელიც რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გადის და მსმენელსა და მაყურებელს რეალურ ბიზნესისტორიებს აცნობს, კიდევ ორი ბიზნესამბის მემატიანე გახდა. საგანმანათლებლო ექსპერიმენტი და სკოლა, რომელიც ნიჭიერ კადრებს ზრდის - საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურის" ისტორია, შესაძლოა, საყურადღებო მაგალითი ბევრისთვის გახდეს.

გია თოდრია (საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურის" ხელმძღვანელი): "ჩვენი ცენტრი 1987 წლიდან არსებობს, ბევრს უკვირს, როცა ამას ვამბობ. მაშინ უწყებებთან არსებობდა კომპიუტერული, გამოთვლითი ცენტრები. ამგვარი სამეცნიერო-საწარმოო-სასწავლო გაერთიანება "ინფორმატიკა", არსებობდა განათლების სამინისტროსთან. სწორედ იქ დავრეგისტრირდით იურიდიულ პირად. მაშინ საბჭოთა წარმოების კომპიუტერები გვქონდა, რატომღაც დასავლური აპარატების ანალოგებსაც არ იღებდნენ და თავად ქმნიდნენ. იყო "კორვეტი", აგრეთვე "ბე-კა". ახლანდელ თაობას რომ აჩვენოთ, შესაძლოა, არც დაიჯერონ, რომ ეს კომპიუტერებია. ვეებერთელა გამომთვლელი მანქანების ძირითადი ფუნქცია იყო ინფორმაციის მიღება და დამუშავება. კლავიატურის მაგივრად პერფობარათები ჰქონდა და სხვ. შემდეგ, წლების განმავლობაში, არ დარჩენილა სამართლებრივი ფორმა, ინდმეწარმის გარდა, რომელიც ჩვენ არ გვქონოდა. ისე მოხდა, რომ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა მას შემდეგ ყოველდღიურად იზრდებოდა და იყო დრო, როცა ჩვენს სკოლასთან გრძელი რიგები დადგა. ადამიანებს ელემენტარული კომპიუტერული პროგრამების შესწავლა სურდათ. მაშინ ასეთივე სასწავლო ცენტრი, ფაქტობრივად, სხვა არ არსებობდა. პროგრამების შესწავლაზე ხალხი ეწერებოდა და რიგს წინასწარ იკავებდნენ. მაშინ იმდენი კომპიუტერიც არ გვქონდა, რომ ყველა მსურველის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. ექვსი-შვიდი კომპიუტერი თუ გვექნებოდა...

ახლა ტექნიკას თითქმის ყოველ წელს აახლებენ. ისე სწრაფად იცვლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფერო, მას ფეხი თუ ვერ აუწყე, ვერც კონკურენციას გაუძლებ. თავიდან საბავშვო ქალაქ "მზიურში" ვიყავით და ამიტომაც დავარქვით ჩვენს სკოლას "მზიური". დღეს გვაქვს ოთხი კომპიუტერული კლასი, სადაც თითოში ათი კომპიუტერი დგას. ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროგრამაში, ტენდერსა და რეფორმაში ვიყავით ჩართული და ამან ჩვენი სკოლის ცნობადობის გაზრდას შეუწყო ხელი. ჩართული ვიყავით განათლების სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს ტრენინგების პროგრამებში. შემდეგ მოგვივიდა იდეა, მუშაობა ნიჭიერ ბავშვებთან დაგვეწყო და სახელმძღვანელო პროგრამა ჩამოვაყალიბეთ. წარუმატებლობისგან თავი რომ დაგვეზღვია, ექსპერიმენტი მოვაწყეთ საკუთარი და ახლობლების შვილების მონაწილეობით - ვისაც მათემატიკა უყვარდა, გამორჩეული იყო ლოგიკური აზროვნებით. ბავშვებს ვაჩვევდით აზროვნებას და ამისთვის შემოვიტანეთ საგნებად ლოგიკა, პროგრამირების საფუძვლები, ალგორითმიზაციის საფუძვლები. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა დასრულებული სახე მიიღო. ამჟამად ვიღებთ V-VI კლასების მოსწავლეებს, გამონაკლისის სახით - IV და VII კლასელებსაც. ესეც მხოლოდ მცირე ნაწილია პროგრამებისა, რომელთაც ნიჭიერ ბავშვებს "მზიური" სთავაზობს. ჩვენი ვებგვერდიდან ისინი ამომწურავ ინფორმაციასა და ბევრ სიახლეს შეიტყობენ".

მის.: თამარ მეფის 14,

ტელ.: 255-45-75

www.mziuri.ge

* * *

სტომატოლოგიური კლინიკა "დენტო კლუბი"

ქართული სტომატოლოგიური ბაზარი რუსულისგან მკვეთრად გამოირჩევა

ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში - ეს გახლავთ ე.წ. მალხენი აირი, "მხიარული" გაზი, რომელიც თრგუნავს ფსიქოემოციურ ფონს. ბავშვი სრულიად უშფოთველად ჯდება ექიმთან ნებისმიერი სტომატოლოგიურ მანიპულაციაზე.

ხათუნა ესვანჯია (სტომატოლოგიური კლინიკა "დენტო კლუბის" მენეჯერი): "იდეა, დაახლოებით, ოთხი წლის წინ გაჩნდა, დამფუძნებელი ქეთევან ჩემია პროფესიით სტომატოლოგია, აქვს ამ მიმართულებით რუსეთში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. როცა საქართველოში დაბრუნდა, შესაბამისად, საქმიანობაც აქ განაგრძო. ეს ერთგვარი საოჯახო ბიზნესია - ამ კლინიკის დამფუძნებელს ჰყავს ორი და, ისინიც პროფესიით სტომატოლოგები არიან და სამივე დამ გადაწყვიტა, საკუთარი ძალები ამ საქმის გარშემო გაეერთიანებინათ.

ეს უნდა ყოფილიყო მაღალი კლასის, ძალიან კომფორტული კლინიკა. გადაწყდა, კლინიკაში შექმნილიყო საკლუბო ვითარება და ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოდის, ამაში დამეთანხმება. ყველაფერი, რაც ჩვენს კლინიკაშია, დანადგარები თუ მასალები, სამი წლის წინ შემოვიტანეთ, მანამდე საქართველოს ბაზარზე, არ ყოფილა. ეს იაფი არ დაჯდა და სოლიდური კაპიტალის ჩადება მოითხოვა. დიდი ფართი გვჭირდებოდა, რათა ყოფილიყო სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი, რადგან გვაქვს ბავშვთა განყოფილება, ტექნიკური ლაბორატორია, სტომატოლოგიური მომსახურება. გარდა ამისა, ჩვენთან კაბინეტური სისტემაა, ანუ თითო ოთახში თითო სავარძელი დგას და პაციენტს ორი ადამიანი ემსახურება - ექიმი და მისი ასისტენტი. პაციენტს არ ესმის სხვა პაციენტების ხმები და სანამ ექიმი შესაბამის მომსახურებას უწევს, პაციენტი ჭერზე დამაგრებულ ტელევიზორში სასურველ გადაცემას ადევნებს თვალს. პაციენტები ჩვენთვის თითქმის ოჯახის წევრებივით არიან.

ბიზნესის დაწყებისას, პირველი, რაც მოვიმოქმედეთ, მარკეტინგული კვლევა მოვაწყვეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ბაზარი რუსეთის ბაზრისგან ძალიან სპეციფიკური განსხვავებებით გამოირჩევა. ვიცოდით, რომ რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაციენტისთვის, მაგრამ ასეთ მაღალ მაჩვენებლებს არ ველოდით. ახლა კი სამუშაო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რეკომენდაციის გარდა, მომხმარებელი უკვე ხარისხსაც ანიჭებს შესაბამის მნიშვნელობას. ბევრი სირთულისთვის ვიყავით შემზადებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ბიზნესის განვითარების პირველი ეტაპი ბევრად ადვილი აღმოჩნდა. მთავარი რისკი ჩვენთვის ამ ბაზარზე შემოსვლისას დაბალი სოციალური ფონი იყო, მაგრამ გავრისკეთ და მაღალი ხარისხით შემოვედით. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ".

მის.: ყაზბეგის 14,

ტელ.: 214-18-14

www.dentoclub.ge

P.S. გაგვზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 272-52-83.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში 15:10 საათზე გადის.