ყველაზე მეტი აბონენტი "სუპერ TV"-იმ ("აიეტი") დაკარგა - "საკაბელო ომები" ტელემაყურებლისთვის - კვირის პალიტრა

ყველაზე მეტი აბონენტი "სუპერ TV"-იმ ("აიეტი") დაკარგა - "საკაბელო ომები" ტელემაყურებლისთვის

ბაზრის ლიდერად "სილქნეტი" ჩამოყალიბდა, ყველაზე მეტი აბონენტი კი "სუპერ TV"-იმ ("აიეტი") დაკარგა

დღეს საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ასზე მეტი კომპანიაა (მათ საკაბელო ოპერატორებს უწოდებენ). ეს ბაზარი საკმაოდ მსუყეა, რადგან მისი მოცულობა რამდენიმე ათეული მილიონია. ჩვენთან ამ მომსახურებამ განვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. სურათი იმის მიხედვით იცვლებოდა, რა ახალი ტექნოლოგიები ჩნდებოდა ბაზარზე და ვის შეეძლო აბონენტებისთვის მათი შეთავაზება. ე.წ. "შნურიანი ანტენიდან", რომლის საშუალებითაც უცხოურ ტელეარხებს ლამის მთელი სამეზობლო უყურებდა (მართალია, დაბალი ხარისხითა და ხშირი ხარვეზებით, მაგრამ იაფად), დღეს მაღალი ხარისხის ციფრულ მაუწყებლობასა და ე.წ. გადახვევა-დაპაუზების ფუნქციების შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.

ასზე მეტ მოთამაშეს შორის ბაზარზე რამდენიმე ლიდერი იკვეთება. თითოეული აბონენტისთვის გაჩაღებულ კონკურენციაზე აბონენტთა პორტირებაც მეტყველებს. რა გზებით იბრძვიან ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად საკაბელო ოპერატორები და რას სთავაზობენ მომხმარებელს, ვისი აბონენტების რაოდენობა იზრდება და ვის უმცირდება - ამის გარკვევას ბაზრის ამ მოკვლევით შევეცადეთ.

ღია ეთერითა და ე.წ. სახლის ანტენით დღეს მომხმარებლის მხოლოდ მცირე ნაწილიღა სარგებლობს. ტელებაზარზე დღეს სამი ტექნოლოგიური პლატფორმაა. საკაბელოების ნაწილი მომხმარებელს სატელევიზიო არხებს ანალოგური (ყველაზე მოძველებული სისტემა) მაუწყებლობით სთავაზობს. მათ შორის ამ ბაზრის პიონერი "სუპერ ტვ"-ია, რომელმაც ოპერირება წლების წინ "აიეტის" სახელით დაიწყო. თავის დროზე ეს კომპანია ბაზრის ლიდერი იყო, დღეისათვის კი ძალიან ბევრი აბონენტი უფრო თანამედროვე სისტემებით მომუშავე კომპანიებმა წაართვეს. ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა IP-ტელევიზია, რომელიც ტრადიციული საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ნაცვლად, მომხმარებელს ტელეარხებს კომპიუტერული ქსელებისთვის შექმნილი ტექნოლოგიით აწვდის. აქ ყველაზე მეტი აბონენტი "სილქნეტსა" და "კავკაზუსს" ჰყავთ. ბაზრის კიდევ ერთი სეგმენტი ციფრული DVB-ტელევიზიაა, რომლის ძირითად მოთამაშეებად "გლობალ ტვ", "მაგთისატი" და "ბლექსისატი" გვევლინებიან.

ბაზრის მოთამაშეთა საფასო პოლიტიკას თუ გადავხედავთ, მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა. ანალოგურ მაუწყებლებში ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 10-15 ლარია, სატელევიზიო პაკეტში არხების რაოდენობა 30-დან 65-მდე მერყეობს. ციფრული ტრანზიტორების მიდგომა ცოტა განსხვავებულია. მათი შეთავაზება პაკეტების მიხედვით არის განაწილებული, ღირებულება კი 12, 15, 21 და 25 ლარით განისაზღვრება. აბონენტს შეუძლია დამატებითი პაკეტის შეკვეთა, რისთვისაც კიდევ 4 ლარის გადახდა მოუწევს. IP-ტექნოლოგიის ტრანზიტორებს მინიმალური სააბონენტო პაკეტი 15 ლარად აქვთ შეფასებული, ტელეარხების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი 25 ლარი ღირს. აქვთ 50-ლარიანი პაკეტიც, ასევე დამატებითი პაკეტის სერვისი, რომლის ფასი 5 ლარია. თუმცა ბაზრის მოთამაშეებს შორის საფასო კონკურენციისთვის უმთავრესი მაინც მინიმალური ღირებულებაა. დანარჩენი უკვე გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების საკითხია.

ირაკლი მოსეშვილი (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი): "სანამ 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდოდეთ, საქართველოში ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა, რომ მაყურებლისთვის ტელესიგნალის (არა მხოლოდ ქართული არხების, არამედ უცხოურისაც) ძირითადი მიმწოდებლები საკაბელო ტრანზიტორები არიან.

90-იან წლებში, როცა ბაზარი პირველ ნაბიჯებს დგამდა, მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე არსებობდა, მათ შორის "აიეტი", რომელიც ტრანზიტს ე.წ. სადენიანი ანტენით ახდენდა. შემდეგ განვითარდა ტექნოლოგიები, როგორიც აქვთ, მაგალითად, "გლობალ ტვ"-ს, - სიგნალის მიღება რესივერებით, ასევე გადახვევის რეჟიმით, რასაც აბონენტებს "სილქ ტვ"-ი და "კავკაზუსი", ძირითადად, ოპტიკური სადენებით აწვდიან. ბაზარზე არიან, ასევე, თანამგზავრული ტრანზიტორებიც, მათ შორის "ბლექსისატი" და "მაგთისატი". მომხმარებელს ფართო არჩევანი აქვს და, ამის წყალობით, ტრანზიტული მაუწყებლობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც განვითარდა. შარშან ტრანზიტული მაუწყებლობით, დაახლოებით, 190 ათასი აბონენტი სარგებლობდა, დღეს ამ რიცხვმა 260 ათასს მიაღწია. აქედან მხოლოდ "სილქნეტის" წილად 120 ათასი აბონენტი მოდის და ის ბაზრის ლიდერია. გამოსახულების ხარისხი, შესაძლოა, სხვა პროვაიდერებსაც ასეთივე ჰქონდეთ, მაგრამ გადახვევის ფუნქცია პირველად "სილქნეტმა" შემოიტანა ბაზარზე და ეს ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა მომხმარებლისთვის. თავიდან ეს ბაზარი უკონტროლო იყო, ვინც რა სიგნალს დაიჭერდა, იმას უშვებდა ტრანზიტით, ნელ-ნელა ეს დარეგულირდა. ამაში დიდია კომისიის დამსახურება. ახლა ამ არხების გაშვებას მეტ-ნაკლებად ლეგალურად ცდილობენ.

კომპანიები ასევე ცდილობენ, ახალ მოთხოვნებს ფეხი აუწყონ. ნელ-ნელა მოკვდება ისეთი ტექნოლოგიები, რაც ჩვეულებრივი სადენიანი ანტენით, კაბელით ტრანზიტს გულისხმობს (ე.წ. ანალოგური). ამ ტექნოლოგიას კიდევ ერთი მინუსი აქვს - კომპანიები ზუსტად ვერ აღრიცხავენ აბონენტებს, რადგან კაბელიდან კუსტარულად არის შესაძლებელი სიგნალის მიღება რამდენიმე ტელევიზორზე, რა თქმა უნდა, გამოსახულების ხარისხის შემცირების ხარჯზე. მაგალითად, რამდენიმე ოჯახი, შესაძლოა, შეამხანაგდეს და ერთი სააბონენტო გადასახადით რამდენიმე ტელევიზორზე მიიღონ საკაბელო სიგნალი. ეს კანონდარღვევაა, მაგრამ ასეთი ტექნოლოგიით მომუშავე ტრანზიტორებისთვის ვითარების გაკონტროლება ძნელია. მართალია, "სუპერ ტვ"-ის აქვს სხვა ლიცენზიაც, რომელიც გულისხმობს აბონენტებისთვის ე.წ. რესივერებით სიგნალის მიწოდებას, მაგრამ ეს ტექნოლოგია, ჯერჯერობით, აქტიურად ვერ განავითარეს. მხოლოდ რამდენიმე ასეული აბონენტი ჰყავთ ციფრულ პლატფორმაზე".

დავით წერეთელი ("მე-7 არხის" დამფუძნებელი და დირექტორი): "ჩვენ და "მაგთი" გავერთიანდებით "კავკაზუსისა" და "სილქნეტის" წინააღმდეგ. ეს ეხება სერვისს, რომელიც გულისხმობს ტრანსლაციის დაპაუზებას, გადახვევასა და ჩაწერას. რა თქმა უნდა, მომხრე ვართ ბაზარზე ტექნოლოგიების განვითარებისა (ვართ პირველი ციფრული საკაბელო ტრანზიტორი), მაგრამ კანონის ფარგლებში. არ ვატყუებთ აბონენტს და არ ვთავაზობთ იმას, რისი უფლებაც არ გვაქვს. ცხადია, IP-ტელევიზიის ტექნოლოგიური შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანია, მაგრამ ამ რესურსების გამოყენებას ნებართვები სჭირდება, ისევე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. კონკრეტული სატელევიზიო პროდუქტის მრავალჯერადი ჩვენების უფლება არა მარეგულირებელმა კომისიამ, არამედ სატელევიზიო მაუწყებელმა უნდა გასცეს. ასეთი ნებართვები კი ზემოხსენებულ კომპანიებს მათ პაკეტში არსებული არხების უმეტესობაზე არ აქვთ.

არის კიდევ ანალოგური მაუწყებლობა, რომლის წილად ბაზარზე აბონენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მოდის, მაგრამ ეს მოძველებული ტექნოლოგიაა და უამინდობის დროს სატელევიზიო ჩვენების ხარისხი მკვეთრად ეცემა.

ჩვენთან, ციფრული პლატფორმით მაუწყებელ კომპანიასთან, აბონენტი ძნელად მოდის. მოდის ის, ვისაც ხარისხი აინტერესებს. ერთი, რომ სიდუხჭირეა და შინ ურჩევნიათ მოძველებულ კაბელზე ტელევიზორის მიერთება, იმის მიუხედავად, რომ ეკრანზეც ისევე "წვიმს", როგორც გარეთ. ყველაზე მეტი ასეთი უკონტროლო აბონენტი "სუპერ ტვ"-ის ჰყავს და, ბუნებრივია, ეს არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. მართალია, ეს კომპანია ფიქრობს ციფრულ ტრანზიტზე გადასვლას, მაგრამ მცდელობა მცდელობად რჩება, აგერ უკვე, 2009 წლიდან.

ჩვენ, დაახლოებით, 5 ათასი აბონენტი გვყავს. მათი კლება და მატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, პოლიტიკური მოვლენების გააქტიურებაზე.

სხვათა შორის, თავიდან, როცა ეს ბაზარი განვითარებას ის-ის იყო იწყებდა, სააბონენტო მომსახურების მინიმალური პაკეტი გაცილებით იაფი იყო და 10-12 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ფასების ზრდა ბაზარზე GMG-ის შემოსვლამ გამოიწვია. ლამის ნაჯახით აიძულებდნენ ტრანზიტორებს მათ პაკეტში ჩართვას.

სურათი საკაბელო ოპერატორების ბაზარზე, შესაძლოა, მას შემდეგ შეიცვალოს, რაც მარეგულირებელი ჩვენი და "მაგთის" სარჩელს განიხილავს. გადახვევის რეჟიმი თუ რეგულირების სფეროში მოექცა, IP-ტელევიზიებს აბონენტთა რაოდენობის ისეთი ზრდა, როგორიც დღეს აქვთ, აღარ ექნებათ. ან მოუწევთ ნებართვების ყიდვა, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და სააბონენტო გადასახადზეც აისახება. მთელ მსოფლიოში საკაბელო ტრანზიტორების ბაზრის წილები, დაახლოებით, ასე ნაწილდება: 17% უჭირავს IP-ტელევიზიას, 65% - DVB-ს, დანარჩენი კი მათ წილად მოდის, რომელსაც, ძირითადად, იაფფასიან სასტუმროებში იყენებენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთი სატელევიზიო არხის ციფრული მაუწყებლობით დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება $1800-$1900 ჯდება, ხოლო ანალოგური ტრანზიტით - $150-$200 დოლარი. ვფიქრობ, აქ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ლაპარაკი ზედმეტია".

სოფიო ნემსაძე (კომპანია "სუპერ ტვ"-ის იურისტი): "რაც შეეხება ბაზარზე ჩვენს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კონკურენტი საწარმოები არსებობენ, ბაზარზე ციფრული მაუწყებლობის როლი გაიზარდა და ჩვენი აბონენტების რაოდენობა შემცირდა. ჩვენც ვაპირებთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, ხოლო რა თანხები დაგვჭირდება ამისთვის, ეს უკვე კომერციული საიდუმლოა. უკონტროლო აბონენტების რიცხვი და ცნება ჩვენთვის მიუღებელია. მსგავსი შემთხვევების აღმოჩენისას ჩვენი შესაბამისი სამსახურები ასეთ სადენებს ხსნიან და ამ აბონენტებს არეგისტრირებენ".

დავით ზილფიმიანი (სამაუწყებლო კომპანია "სტერეო პლუსის" ხელმძღვანელი): "საკაბელოების ბაზარი საკმაოდ დიდია, წარმოიდგინეთ, ერთმა მილიონმა ოჯახმა 10 ლარიც რომ გადაიხადოს, 10 მილიონი ლარია თვეში, თუმცა საკაბელოებს პოტენციური ბაზრის ნახევარი თუ ექნებათ ათვისებული. მაუწყებლებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათი დამზადებული კონტენტი მაყურებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. საკაბელოებს შეუძლიათ გაავრცელონ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში დამზადებული მასალა. ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, გათვლილია ფენაზე, რომელსაც ყოველთვის აქვს ამის შემოსავალი.

ახალი ტექნოლოგიები შემოდის და ძველი მოთამაშეები ციფრულ თუ ოპტიკურ პლატფორმაზე გადასვლას იწყებენ. ამ დროს ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რაღა სხვამ გააკეთოს, ბარემ მე გავაკეთებ, ეს ხომ კარგი ლუკმააო. ბევრია წყალქვეშა დინებებიც. ზოგმა ძალიან სწრაფად განავითარა ბიზნესი, ვიღაცებმა ყაზახებს ამოფარებულებმა იყიდეს ჭები, სხვებს არ აძლევდნენ, შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ, ზოგმა ბოჭკოს გატარების ექსკლუზიური უფლებები მოიპოვა... ვინც უფრო სწრაფად შეაღწევს ბევრ მომხმარებელთან, მეტი პერსპექტივა აქვს, ჩაძიროს სხვა, ის, ვინც ტექნიკურად ნაკლებად განვითარებულია".