"სანამ პეტრე მოვა, პავლემ უნდა გაძლოს?!"
10-06-2013
"სანამ პეტრე მოვა, პავლემ უნდა გაძლოს?!"
ბიზნესი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე საუბრობს

სულ უფრო ბევრი მეწარმე საუბრობს, რომ საქართველოში ბიზნესაქტივობა შენელებულია. მეწარმეები ჩივიან, რომ მათი შემოსავალი ბოლო თვეებში საგრძნობლად შემცირდა. მეორე მხრივ, "საქსტატმა" 2013 წლის ბოლო თვეების ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და წლეულს აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტი, შარშანდელ აპრილთან შედარებით, 4,1%-ით არის გაზრდილი (მარტში ზრდა 0,2% იყო, თებერვალში 2,1%, იანვარში - 2,9%). დაზუსტდა I კვარტალის მშპ-ის ზრდა და 1,7%-ის ნაცვლად 1,9% გახდა, ხოლო ოთხ თვეში საშუალო ზრდამ 2,5%-ს
მიაღწია. მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანია, ამან იმ ფირმებს მოუსწროს, ვისაც პრობლემები ამჟამად აქვთ.

ლელა ჩაჩუა (თევზის სახლ "აკვარიუმის" ხელმძღვანელი): "ჩვენი შემოსავალი ბოლო თვეებში თითქმის სამჯერ შემცირდა. ძალიან რთული ვითარება გვაქვს და შესაძლოა, ერთი თვის შემდეგ მაღაზია დავკეტოთ კიდეც. ზოგიერთი პროდუქტი
დავამატეთ, ზოგიც გავაიაფეთ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა შუადღის 2 საათია, დილის 9 საათიდან ამ დრომდე მაღაზიაში ისეთი მყიდველი არ შემოსულა, რომელიც დიდი რაოდენობით პროდუქტს შეიძენდა.

საერთო მდგომარეობაც ძალიან ცუდია - ამას დისტრიბუტორებიც ამბობენ და ჩემი ნაცნობებიც, რომლებიც, ძირითადად, მცირე ბიზნესით არიან დაკავებული. მაღაზია დღეში 300 ლარზე მეტს რომ ვერ ივაჭრებს, როგორ უნდა იარსებოს? შარშან ამ დროს ვაჭრობაც უკეთესი გვქონდა და შემოსავალიც. ძალიან შეწუხებული ვარ და არც კი ვიცი, რა გითხრათ..."

თინათინ დოლიძე ("სასტუმროების ქსელ "ჯეოტელის" მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი): "გაყიდვა საგრძნობლად შეგვიმცირდა, შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ თუ რამე არ შეიცვალა, თუ საგადასახადო პოლიტიკა და ფინანსური საკითხები არ მოგვარდა, საშუალოფასიანი სასტუმროები ვერ იარსებებენ. ძალიან მაღალ გადასახადებს ვიხდით, ამას ტურისტების ნაკლებობაც დაემატა. შესაძლოა, დედაქალაქი ტურისტებით არის სავსე, მაგრამ ალბათ ეს ის კატეგორიაა, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროებში ბინავდება, სამვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის კი საკმაოდ რთული სიტუაციაა. საერთოდ, სამვარსკვლავიან სასტუმროებზე მოთხოვნა ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არ იგრძნობა".

ირაკლი თორია (შპს "სტარსკაის" მენეჯერი): "გასაჭიმ ფრანგულ ჭერს ვამზადებთ, რომლის მასალაც უცხოეთიდან შემოგვაქვს. ადრე ჩვენი შემოსავალი იმატებდა, ახლა კი ასე არ არის, ძირითადად ერთ დონეზე ვართ და ნავაჭრიც თვიდან თვემდე იგივეა. მართალია, ზაფხულობით ჩვენი ფირმის შემოსავალი ყოველთვის იკლებდა, მაგრამ შემდეგ ვითარება იცვლებოდა, ახლა კი, შეიძლება ითქვას, ერთ წერტილზე ვართ გაჩერებული. ჩვენს ფირმას ბათუმშიც აქვს მაღაზია და იქაც მსგავსი სიტუაციაა. დაახლოებით, 4-5 თვეა, ჩვენი შემოსავალი აღარ გაზრდილა".

დიდი ხანია, ინფლაცია არ მიახლოებია ეროვნული ბანკის დასახელებულ მიზნობრივ 6%-ს. პირიქით, გაიაფება, რამაც მოსახლეობას შეღავათი აგრძნობინა, ზოგჯერ დეფლაციას იწვევს. 2013 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა, ხოლო შარშანდელ მაისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონე ნულს ქვემოთ დარჩა (–0,1%). აპრილში წლიურმა დეფლაციამ უკვე 1,7%-ს მიაღწია.

თენგიზ ცეკვავა (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე): "მაისში 0,7%-იანი თვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - გაძვირდა ხილი, ყურძენი, ბოსტნეული და ბაღჩეული, რაც სეზონური მოვლენაა. შემცირდა ფასები რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე, აგრეთვე ტრანსპორტსა და საწვავ-საპოხ მასალებზეც. ხოლო წლიური დეფლაცია გამოიწვია ტრანსპორტის სეგმენტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის დაკლებამ, ასევე კომუნალური გადასახადების შემცირებამ. რაც შეეხება მშპ-ის ზრდას - ამ ინფორმაციის ძირითადი წყარო გახდა საგადასახადო შემოსავლების, ყველაზე მეტად კი, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის, ფისკალური და მონეტარული მაჩვენებლების ზრდა. თუმცა მკითხველს შევახსენებ, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია".

ვაჟა ბერიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "მშპ-ისა და ინფლაციის მაჩვენებლებიც მეტყველებს იმ ტენდენციის გაგრძელებაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების შემდეგაც გრძელდება: ავტორიტარული პარტიისა და მისი კლანის მფარველობის ქვეშ მყოფი ინვესტიციები ქვეყნიდან გადის და ამის გამო ეკონომიკაში სირთულეები წარმოიშობა. ბუნებრივია, ამ სირთულეების გამო ეკონომიკის ზრდა დაგეგმილზე ნაკლები იქნება და ეს მომავალშიც გაგრძელდება, ჩემი ვარაუდით, ერთი წლის განმავლობაში. მართალია, მშპ გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ეკონომიკა სულაც არ იზრდება იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა გაიზარდოს.

ჩვენ უკმაყოფილო ვართ ეკონომიკაში არსებული ვითარებით, რადგან აშკარა სტაგნაციის ელემენტები იკვეთება. სტაგნაციის ნიშნები, რომელსაც ჩვენს ეკონომიკაში ვხედავ, გარკვეულწილად პოლიტიკური კონიუნქტურისა და მეზობელ რუსეთთან გართულებული ურთიერთობის შედეგიცაა. გრძელდება დეფლაციაც, რაც ძალიან არასასურველი მოვლენაა - ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის სასურველია ინფლაციის მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-მდე იყოს. დეფლაცია კი მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში მოთხოვნა შემცირებულია და პროგრესის ელემენტებიც არ არის. ყოფილ ხელისუფლებასთან წილნაყარი საეჭვო კაპიტალი აღარ შემოდის, მაგრამ ჯანსაღი კაპიტალიც არ მოილტვის საქართველოსკენ, რადგან წინა ხელისუფლების ლობისტები და რუსული აგრესია ჩვენს ქვეყანას ინვესტიციებისთვის მიმზიდველს სულაც არ ხდის. სწორედ ამიტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დასკვნის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკა ახლო მომავალში იმაზე ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე ვვარაუდობდით და იმედი გვქონდა".

ხათუნა ჩიგოგიძე
megzuri
12 ივნისი 2013 10:31
ბატონებო, ბიზნესი მოგეხსენებათ არ და ვერ იმართება
ჭორების გავრცელებით და მერე მის გარშემო გაუთავებელი
არაფრის მომტანი ლაყბობით.
დღეს აუცილებელია ვიფიქროთ როგორ შევქმნათ იაფი ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი,
პარალელურად ვიმუშაოთ მის რეალიზაციის გზებზე და
მეთოდებზე.
გასაგებია რომ, ყოველივე ამას სჭირდება ბუნებრივი ნიჭით
დაჯილდოვებული , განათლებული და შრომის მოყვარე
ადამიანები.
ასეთ ადამიანების სარბიელზე გამოყვანის მეთოდი უნდა
შემუშავდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ ნათესავების დასაქმების
პოლიტიკა საჯარო სტრუქტურებში ავკრძალოთ ალბათ კანონის ძალით, თორემ წაილეკა ქვეყანა გაუნათლებელი
(ყალბ დიპლომიანი) ხელმძღვანელებით.
ქვეყანას სჭირდება პროფესიონალები.
ქართული საზოგადოება და საკომუნიკაციო კავშირის საშუალებები ისეა განვითარებული რომ მმართველი გუნდი
ან სასწრაფო ზომებს მიიღებს არადა ხალხს ვარდების მშვიდობიანი რევოლუციის გამოცდილება აქვს, ერთი
ჩამოსვლა თბილისამდე არაფერ პრობლებას არ წარმოადგენს.

რედაქტორის რჩევით