ნოდარ ხადური: "მცირე და საშუალო ბიზნესში ბრუნვა გაზრდილია"
10-06-2013
ნოდარ ხადური: "მცირე და საშუალო ბიზნესში ბრუნვა გაზრდილია"
2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური კერძო სექტორში დასაქმებულმა 42 ათასმა მოქალაქემ დაკარგა, ბიზნესსექტორის ბრუნვა 22%-ით, ხოლო წარმოებული პროდუქციის მოცულობა 26%-ით შემცირდა - ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს და ქვეყანაში საგანგაშო ტენდენციებზე საუბრობს. ასეთ მოსაზრებებს არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი, რომელიც გასულ კვირას "პალიტრა TV-ის" გადაცემა "ემას შოუს" სტუმარი გახლდათ.

ნოდარ ხადური (საქართველოს ფინანსთა მინისტრი): "არ შეიძლება, შაბათი და სამშაბათი შევადაროთ ერთმანეთს ქორწილების რაოდენობით. წლის I კვარტალი უნდა შეადარო წინა წლის I
კვარტალს. 2013 წლის I კვარტალში, 2012 წლის იმავე დროსთან შედარებით, დასაქმებულია 15 ათასი ადამიანით მეტი. სეზონურობა დიდ როლს თამაშობს და სამწუხაროდ, ამას ვერსად გავექცევით. სხვა
დასხვა კვარტალში ეკონომიკური აქტივობაც სხვადასხვაგვარია, შესაბამისად, სეზონური უმუშევრობა I კვარტალში მეტია, IV-ში კი ნაკლები.

- თუმცა, ჩვენ ხელისუფლებისგან ველოდით უმუშევრობის შემცირებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას...
- სამწუხაროდ, ერთ დღეში ვერ მოხერხდება ყველა პრობლემის მოგვარება და მათ შორის ისეთი პრობლემის, როგორიც უმუშევრობაა. მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს, საქართველოში 2003 წლის შემდეგ 150 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. რეალურად თუ შევხედავთ ვითარებას, ხელფასს იღებს საქართველოს მოსახლეობის 30%-35%, დანარჩენი ან თვითდასაქმებულია, ან უმუშევარი. ეს არის პრობლემა, რომელზეც ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება. ამისათვის საჭიროა ინვესტიციების დაბანდება, ახალი ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედება, დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. ამიტომაც არის ის ჩვენთვის უმთავრესი. სამუშაო ძალის 53% სოფლად არის დასაქმებული, თუმცა მათი ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. სწორედ ამან განაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შექმნა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ სოფლის მეურნეობისთვის არის გამოყოფილი. დაახლოებით, 50%-ით მეტი თანხაა დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლეულს I კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში, ვიდრე შარშან იმავე დროს. ჩვენ ყოველწლიურად შევამცირებთ უმუშევრობას და გარწმუნებთ, უახლოეს წლებში საქართველოში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება.

- საინვესტიციო გამოცოცხლებას ზაფხულიდან ელოდებით, რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?
- წლის პირველი კვარტალი პოლიტიკურად ძალიან დაძაბული იყო და არსებობდა პოლიტიკური კრიზისის მუდმივი რისკი. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, საფრთხე, ფაქტობრივად, მოიხსნა. შესაბამისად, ბიზნესს გაუჩნდა მეტი მიზეზი თავდაჯერებულობისთვის, იმედი, რომ პოლიტიკური ვითარება სტაბილური იქნება და ინვესტიციებს ახალი ბიძგი მიეცემა. მეორე მიმართულება, რომელიც უფრო დიდი ოპტიმიზმის საბაბს მაძლევს, თანადაფინანსების საინვესტიციო ფონდია, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ ისაუბრა. მისი ფორმირება თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სახსრების მობილიზაცია და, ჩემი ინფორმაციით, ამ ფონდში $5-$6 მილიარდი იქნება. ცხადია, ეს თანხა ერთ წელიწადში ვერ დაიხარჯება, მაგრამ უახლოეს ორ-სამ წელიწადში, საქართველოს ეკონომიკაში, ვფიქრობ, დაახლოებით, $10 მილიარდამდე იქნება ინვესტირებული.

- როცა თქვენი ოპონენტები საუბრობენ საბიუჯეტო დეფიციტზე, ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნაზე და სხვ., თქვენ ამბობთ, რომ ბოლო ხუთ თვეში იმაზე მეტი გადასახადი ამოიღეთ ბიზნესიდან, ვიდრე ბიუჯეტიდან დახარჯეთ. მეორე მხრივ, ამბობთ, რომ წინა ხელისუფლებამ "ლიმონივით გამოწურული" კერძო სექტორი დაგიტოვათ. მაშ, როგორ იღებთ "ლიმონივით გამოწურული" ბიზნესიდან გადასახადებს?
- ეკონომიკა და ბიზნესი მართლაც ლიმონივით გამოწურული დაგვხვდა. რამდენიმე მაგალითს გეტყვით, როგორ ავალდებულებდა ხელისუფლება ამა თუ იმ ბიზნესმენს ამორტიზებულ შენობაში რამდენიმე მილიონის გადახდას. ზესტაფონის რაიონში ერთ-ერთმა საწარმომ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადი 1.200.000 ლარი ზედმეტი გადაიხადა და წლეულს მას აღარ უწევს ამ გადასახადის გადახდა. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი ფაქტი იყო. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით წავედით: გავათავისუფლეთ ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან და დაწყებულია დემონოპოლიზაციის პროცესი.

- მცირე და საშუალო ბიზნესი განსაზღვრულ სტაგნაციაზე საუბრობს. რა აღმოჩნდა ბიზნესისთვის შემაფერხებელი ბოლო რვა თვის განმავლობაში? თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ეს უძრაობა კიდევ დიდხანს გასტანს?
- იმდენად მაღალია ჩვენი პოლიტიკური გუნდის ავტორიტეტი და რეიტინგი, მოულოდნელობებისგან, ფაქტობრივად, დაზღვეული უნდა ვიყოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში სერიოზული პრობლემებია. არის განსაზღვრული პრობლემები და ამას ვაღიარებ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათ მოსაგვარებლად და მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ გადავხედოთ მათ საგადასახადო დავალიანებებს, რათა საბრუნავი სახსრები გაუჩნდეთ. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესში გაზრდილია ბრუნვა და რაც ყველაზე საინტერესოა, ამის დამადასტურებელია ე.წ. ჩეკების ამორტყმის მაჩვენებელი და გაყიდული საქონლის ღირებულება. თუ არ ვცდები, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

(ქვეყნდება შემოკლებით)
agarmeocnebe
13 ივნისი 2013 13:18
კიდევ ერთი კარგი სიზმარი, ოცნებების 8 თვეში...დამთავრებულია შვენი საქმე
beso
12 ივნისი 2013 11:21
მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან პოლიტიკასა და აზროვნებაში გაჩდა უპასუხისმგებლო განცხადებებისა და პოლიტიკური პიარის ნიშანი, როცა პოლიტიკური მოღვაწე იქცევა დაზვერვის აგენტის სახით, ანუ მაგრად იტყუება, ისე რომ შემდგომ შესაძლებელია ამაზე თვიტონაც იხითხითოს. ამ შემთხვევაში, მზადაა გონივრული აზროვნების საწინააღმდეგო განცხადებაც გააკეთოს, ისე რომ წარბიც არ შეარხიოს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, პოლიტიკოსების თავდაპირველად გაცხადებული და გაკეთებული საქმეები დაშორიშორდა.
მნიშვნელოვანია თუ არა ყოველი მომდევნო პერიოდის მონაცემები ეკონომიკაში? არ არის მნიშვნელოვანი..., რადგან მას ელოდება საზოგადოების ყველა წევრი, რომელსაც ირიბად თუ უშუალოდ შეხება აქვს ეკონომიკასთან. მასზეა დამოკიდებული მილიონობით ბაზრის მონაწილეთა მისაღები გადაწყვეტილებები. ეკონომიკას აქვს თუ არა კლების(რეცესია) ნიშნები, ამას ვამბობთ არა ანალოგიური პერიოდების შედარებით, არამედ უკანასკნელი ორი კვარტლის მდგომარეობით. ანალოგიური პერიოდები აქ არაფერშუაშია, ტრენდს გაჩვენებს ბოლო პერიოდი წინასთან, ანუ კლებადია ფუნქცია თუ ზრდადი. ამ საუბარს აქვს კი აზრი, როცა ეს იმდენად ტრივიალურია ბაზრის ყველა მონაწილესათვის, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ბაზრის მონაწილე, ეკონომისტი თუ ბოტანიკოსი, ყველა ელოდება იმ ინფორმაციას, რომელი დაანახვებს პროცესის ტრენდს.
მაშ რატომ აკეთებს ცნობილი ეკონომისტი ასეთ განცხადებას? ამას ასწავლის ის სტუდენტებს? შეიძლება ამას ასწავლიან კიდევაც, რადგან ეკ. ექსპერტთა ეგრეთწოდებულ ბაზარში დიდი ხანია არ გამოჩდა ის მგელი(ახალი მოთამაშე),ან „სამასვალი“, რომელიც გაასუფთავებს ეკონომიკური აზროვნების ბაზარს არაკომპეტენტური გამონათვამებისაგან, არადა აქ დიდი ხანია დახვავდა ნაგავი, რომელიც გადამყრელს ელოდება და ელოდება.
megzuri
12 ივნისი 2013 10:52
ბატონო ნოდარ, საოცარია, მთელი საქართველო ვერ ხედავს
ბიზნესის ვერც ერთ სფეროში გამოცოცხლებას.
ბიზნესის ყველა სფეროში უკუსვლაა, ყველა ამას საკუთარი
შემოსავლების ოდენობით საზღვრავს, რაც უტყუარი მთკიცებულებაა.
ბატონო ნოდარ, თქვენს მთავრობას გაუვიდა ნდობის ყველა
ვადა, ქვეყანა დგარს ზღვარზე, ან იწყება გააზრებული
გასაჯაროებული გეგმაზომიერი ქმედებები ეკონომიკის
აღსადგენად, რაც თქვენმა გუნდმა 8-თვეში საგრძნობლად
შეარყია, ან იწყება ოპოზიციის გაქტიურება. ალბათ მეორე
გარდაუვალია მომავალი არჩევნების კარზე.

რედაქტორის რჩევით