ბიზნესის დაბადება იდეის ნაპერწკლიდან - კვირის პალიტრა

ბიზნესის დაბადება იდეის ნაპერწკლიდან

იღბალი მიზანდასახულთა მხარესაა

ბებიის ნაქონი ბულგარული ბუფეტი და მოგზაურობა, რომელიც ბიზნესის დაწყების მიზეზი გახდა - გადაცემა "ბიზნესფაილმა" მსმენელსა და მაყურებელს კიდევ ორი საინტერესო საქმიანი ისტორია შესთავაზა.

ავეჯის კომპანია "მებელ სტილი საქართველო"

ნინო ქარჩავა (ავეჯის კომპანია "მებელ სტილი საქართველოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ავეჯი ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. როგორც კი ამის შესაძლებლობა მეძლეოდა, შინ ავეჯს ვცვლიდი. ერთხელ ინტერნეტში ვათვალიერებდი სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმს და გამახსენდა, რომ სოფელში ბებიას ძალიან ლამაზი, ბულგარული წარმოების ბუფეტი ჰქონდა, რომელიც ახალივით გამოიყურებოდა. მაშინვე მივუთითე საძიებო სისტემას ბულგარეთის ავეჯის ქარხნები და საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალი მივიღე. იქ ბევრია ავეჯის მწარმოებელი საწარმო. ძიება-ძიებაში აღმოვაჩინე ქარხანა "მებელ სტილი", რომლის წარმოებული ავეჯი ყველაზე მეტად მომეწონა, მათი ფასები კი ყველაზე მისაღები იყო. ბევრი არც მიფიქრია, ელექტრონულ მისამართზე მივწერე წერილი, რომ ვიყავი საქართველოდან, კერძოდ თბილისიდან და მაინტერესებდა, საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში რისი შემოთავაზება შეეძლოთ. პასუხად მივიღე შეკითხვა, რა შეთავაზება მქონდა მათთან.

მივხვდი, ასე შიშველი ხელებით ვერაფერსაც ვერ შევთავაზებდი. ჯერ საქართველოში ავეჯის ბაზრის შესწავლა დავიწყე. ორ თვეში გამოვარკვიე, საიდან შემოდიოდა ავეჯი, რას სთავაზობდნენ მაღაზიები მომხმარებელს და როგორი იყო ფასები. შემდეგ ავეჯის განსათავსებლად ფართი სავაჭრო ცენტრ "საბაში" შევარჩიე, რადგან იქ ავეჯის შეძენის ყველაზე მეტი მსურველი სტუმრობს. ფართს, რომლის დაქირავებასაც ვაპირებდი, ფოტოები გადავუღე, ბიზნესის დასაწყებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოვაწესრიგე და ბულგარეთში გავაგზავნე იმის დასტურად, რომ მზად ვიყავი პარტნიორობისთვის. "მებელ სტილისგან" დადებითი პასუხი მივიღე. თანხმობა მითხრეს იმაზეც, რომ კომპანიის სახელი შემენარჩუნებინა და ბიზნესის წარმოება "მებელ სტილი საქართველოს" სახელით დამეწყო.

პირველი პროდუქცია ორი წლის წინ შემოვიტანე. უფრო ზუსტად, გამომიგზავნეს და რაც მთავარია, კონსიგნაციით მომცეს. გაყიდვა პირველივე დღიდან დავიწყე და ახლა თვეში ერთხელ ჩამოგვდის ბულგარეთიდან ავეჯის ახალი კოლექცია, ახალი წლის წინ კი ორჯერ და სამჯერ მეტი ჩამოგვაქვს. ფაქტობრივად, ეს ოჯახური ბიზნესია, პარტნიორები მე და ჩემი მეუღლე ვართ. საქმე ჩვენ ორმა დავიწყეთ, მაგრამ მალევე კიდევ ოთხი ადამიანი დავასაქმეთ. რაღაც ეტაპზე შევძელით ავტომობილის შეძენაც და მომხმარებელს ავეჯის ყიდვისას სრული სერვისი შევთავაზეთ, ადგილზე მიტანითა და მონტაჟით. "საბაში" უკვე 750 კვმ გვიკავია. აქედან 250 კვმ-ზე მეორადი სამოსია განთავსებული. ეს პარალელური ბიზნესია, რომელიც ავეჯის ტრანსპორტირების ხარჯების გადასაფარად წამოვიწყეთ. ბულგარეთიდან ავეჯი სახმელეთო გზით შემოგვაქვს და მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ავეჯი მასიურია, ავტომობილში დიდ ადგილს იკავებს და არც იმდენი ეტევა, რამდენსაც გადაზიდვისთვის გვთხოვენ. დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეძლო შემოგვეტანა ავეჯთან ერთად და მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ ბულგარეთში არსებობს კომპანია "მაინია", რომელიც მეორად სამოსს ყიდის. დავიწყეთ მათგან სამოსის ფუთების შეძენა და ამით ტრანსპორტირების ხარჯის გადაფარვა. ახლა ჩვენთან მოსული მომხმარებელი ტანსაცმელთან ერთად, ავეჯსაც არჩევს. ბიზნესი პატარა ბავშვივითაა, რომელსაც გაზრდა სჭირდება. ჩვენც ჯერჯერობით ვიზრდებით".

მის.: სავაჭრო ცენტრი "საბა",

მე-8 პავილიონი, მაღაზია #2

ტელ.: 577 42 07 60

* * *

საგანმანათლებლო ცენტრი "ი-ელ-ელი"

მერაბ გაბუნია ("ი-ელ-ელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): "1999 წელს მე და ჩემი მეუღლე ნარგიზა მაქაცარია სამოგზაუროდ ინგლისში გავემგზავრეთ. ეს ტურისტული ვოიაჟი ერთ-ერთ ინგლისურ კოლეჯში ენის შემსწავლელ მოკლე კურსსაც გულისხმობდა. პირველად ვიმოგზაურეთ დიდ ბრიტანეთში და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, საშუალო ასაკისაც, უფრო მეტად კი სტუდენტები, მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან, არდადეგებზე ბრიტანეთში საზაფხულო სკოლებში მიემგზავრებიან ინგლისურის უკეთ შესასწავლად. კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადმოგვეცა. შემდეგ კი ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად კოლეჯის მესვეურებმა გამოაცხადეს, რომ ჩემი მეუღლისთვის სიურპრიზი ჰქონდათ და დამატებით კიდევ ერთი სერტიფიკატი გადასცეს, რომელიც მას ამ ბრიტანული კოლეჯის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ანიჭებდა. კოლეჯის მესვეურებმა გვითხრეს, რომ სურდათ, ჩვენ ვყოფილიყავით მათი წარმომადგენლები საქართველოში და დიდ ბრიტანეთში ბავშვები გაგვეგზავნა საზაფხულო სკოლებში სასწავლებლად.

ეს იყო ბიძგი, გვეფიქრა საგანმანათლებლო ბიზნესზე. პირველ რიგში, ინგლისური ენის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყეთ. სხვათა შორის, მანამდე მეგობრებთან ერთად საფინანსო-აუდიტორული კომპანია მქონდა, განათლებით ეკონომისტი-ფინანსისტი ვარ და ეს ყველაფერი ფინანსური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ძალიან დამეხმარა... ჯერ ფართი ვიქირავეთ. ორი ადამიანი ვიყავით კომპანიაში - მე და ჩემი მეუღლე, ამიტომ ერთი ოთახიც საკმარისი იყო. დაახლოებით, 15-20 კვმ ოთახში ორი კომპიუტერი და რამდენიმე სამუშაო მაგიდა იდგა. თავიდან ძალიან მარტივ საგანმანათლებლო პროგრამებს შევეჭიდეთ და პირველი კლიენტები ჩვენი, ჩვენი მეგობრების, ახლობლების შვილები იყვნენ. პირველ ჯგუფს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გავუშვით, ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობდა.

წლებმა და გამოცდილებამ უფრო სერიოზულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა გვაფიქრებინა. დღეს მსურველებს ვაგზავნით ევროპის, ამერიკისა და ბრიტანეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში, სადაც შეუძლიათ გაიარონ როგორც ენის შემსწავლელი კურსი, ასევე სასერტიფიკატო პროგრამები, პროფესიული კურსები, აკადემიური და წინასაუნივერსიტეტო პროგრამები. "ი-ელ-ელი" ბრიტანული, ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ხშირად გვეკითხებიან, რა იყო ჩვენი საწყისი კაპიტალი. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანური ურთიერთობებისა და ინტელექტუალური რესურსის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ფაქტია, რომ ჩვენ ბიზნესი სულ რაღაც 300-500 დოლარით დავიწყეთ".

მის.: ვაჟა-ფშაველას 30ა

ტელ.: 2391063, 599504012, 599248851

www.ell.ge

info@ell.ge

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 272-52-83