"გამოფიტული" მიწა ფულის "დათესვას" კიდევ ბევრჯერ მოითხოვს - კვირის პალიტრა

"გამოფიტული" მიწა ფულის "დათესვას" კიდევ ბევრჯერ მოითხოვს

ჩვენი სოფლის მეურნეობა დღეს 90 ათასი ტონა ტევადობის საწყობ-მაცივრებსაც ვერ ავსებს

იაფი აგროკრედიტი და მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა - ხელისუფლება სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, ძირითადად, ამ ორი მიმართულებით მუშაობს. უკვე გამოიკვეთა პრობლემებიც. მაგალითად, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ბანკები იაფი აგროკრედიტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესს, ე.წ. სტარტაპებს არ აფინანსებენ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ბარათებს, თუ როგორ აქცევდნენ მათ ფულად, ეს ფართო საზოგადოებამაც ნახა. გლეხები ამის მიზეზად ბარათების დაგვიანებით დარიგებას ასახელებენ.

შალვა ფიფია (საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი): - სესხების ადმინისტრირება სახელმწიფოს საქმე არ არის. თავიდანვე აღებული იყო ორიენტირი, რომ ადმინისტრირება, სესხების გაცემა და გარანტიების მიღება არ უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ. ამის ცუდი მაგალითები გვაქვს, მათ შორის, ახლო წარსულში. შესაბამისი კვალიფიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვს. სახელმწიფოს უბრალოდ უნდა გაენაწილებინა ამ სესხებთან დაკავშირებული რისკების ნაწილი. ჩვენი მიზანი სესხების არსებული პორტფელის გაკეთილშობილება კი არ იყო, არამედ მსესხებელთა ბაზის გაზრდა, რათა უფრო მეტ ადამიანს აეღო სესხი, ვიდრე ეს პროექტის დაწყებამდე იყო შესაძლებელი. ისე დავგეგმეთ, რომ პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მსესხებლების რაც შეიძლება ფართო სპექტრი მოქცეულიყო.

- მაგრამ არა ყველა, როგორც ამას ელოდნენ...

- მთელი სპექტრი არ ნიშნავს ყველას მიერ სესხის მიღებას, ყველამ არ უნდა მიიღოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სესხია. სახელმწიფოს მხარდაჭერა რისკების ნაწილის გაზიარებაა, ამ ადამიანების ხარჯების ნაწილის დაფარვაა. თუმცა ეს ბიზნესზე ორიენტირებული სესხია და კერძო პირები იქნებიან თუ იურიდიული, მას უნდა მოემსახურონ.

მოგეხსენებათ, სესხს სამი კომპონენტი აქვს. ყველაზე მცირე ფერმერებისთვის 5000 ლარამდე 0%-იანი სასაქონლო კრედიტია, იგივე ე.წ. განვადება. აქ პოტენციური მსესხებლები არიან მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები, ვისაც 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები აქვთ და სახელმწიფო ბარათებითაც დაეხმარა. ამჟამად ამ კომპონენტში მოთხოვნა დიდი არ არის, რადგან ბევრი სასოფლო-სამეურნეო ბარათი გაიცა. თუმცა ველით, რომ ზაფხულისთვის მოთხოვნა გაიზრდება, როცა გლეხები ბარათებს გაანაღდებენ.

მეორე კომპონენტი, სესხი საშუალო და მსხვილი ფერმერთათვის, ძირითადად, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლადაა, თუმცა შესაძლებელია, ზოგიერთი ტიპის ძირითადი საშუალებების დაფინანსებაც. მაგალითად, ძროხა ფერმერისთვის ძირითადი საშუალებაა. სესხის ვადა 5 წლამდეა, ხოლო მისი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმი 8%-ია - ეს საკმაოდ დაბალია საბაზრო განაკვეთებთან შედარებით, რასაც ფერმერები მანამდე იხდიდნენ. ასეთი სესხები 5 ათასიდან 100 ათას ლარამდეა.

მესამე კომპონენტი გახლავთ სესხები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ფაქტობრივად, ის გადამმუშავებელი საწარმოებისთვისაა და 60 საწარმოს ინიციატივაც ამის ნაწილია. ლაპარაკია როგორც საშუალო, ისე მცირე ზომის გადამმუშავებელ, შემნახველ საწარმოებზე, საწყობებსა და სხვ. ეს არის 7 წლამდე სესხები $30 ათასიდან $600 ათასამდე. იაფი აგროკრედიტის პროექტი 28 მარტს დაანონსდა.

ათი დღე ბანკებს პროცედურული მომზადებისთვის დასჭირდათ და ორ თვეში ამ პროექტის ფარგლებში 30 მილიონი ლარია გაცემული. პროექტის მთლიანობაში შეფასება ჯერ ადრეა.

- ანუ, ვის მისცენ სესხი და ვის არა, ბანკები წყვეტენ?

- დიახ, ასეა და საკმაოდ ბევრი სტარტაპია დაფინანსებული, მაგრამ გააჩნია სტარტაპს. თუ არ მაქვს არანაირი ბიზნესგამოცდილება, მართვის უნარი, თანხა, არც შემოსავლის წყარო და მაქვს მხოლოდ იდეა, ასეთ პროექტს არც ერთი ბანკი არ დააფინანსებს და ეს სავსებით გასაგებია. მაგრამ თუ ადამიანს აქვს რამე გამოცდილება ბიზნესში, აქვს განსაზღვრული თანხა და აგროსექტორში საქმის დაწყება უნდა, ესეც სტარტაპია და ასეთ ბიზნესს ბანკები აფინანსებენ.

- რა ეტაპზეა მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა და რა გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოიკვეთა?

- სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა ჩვენს ქვეყანაში მივიწყებული იყო. ბოლო შვიდ თვეში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. პირველი პრობლემა - დაახლოებით, ორი კვირა დაგვჭირდა მიწათმფლობელების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ არსებობს. სოფლად მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 20%-ს ჰქონდა მიწაზე საკუთრების უფლება. უნდა დავხმარებოდით მხოლოდ ამ 20%-ს, თუ უფრო რთული გზით უნდა წავსულიყავით? ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ და აღრიცხვა დავიწყეთ, ჩავრთეთ ადგილობრივი მმართველობები და თვითმმართველობები. მნიშვნელოვანი იყო იმ მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა, ვისაც დავეხმარებოდით. 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელი ფერმერები შეირჩა და, დაახლოებით 708 ათას ადამიანს დავეხმარეთ. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მათთვის ფულის მიცემა. გვაქვს შარშანდელი მაგალითი, როცა ყოფილი ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს ფულზე ანაღდებდა, და, ამდენად, ის ვაუჩერები არ მოხმარებია სოფლის მეურნეობას. შედეგად, 2012 წელს უფრო ნაკლები სავარგული დამუშავდა, ვიდრე წინა წელს.

- თუმცა სასოფლო-სამეურნეო ბარათის კონვერტაციაც შეიძლებოდა ფულში, რისი მაგალითებიც ვნახეთ...

- არ შეიძლებოდა და ეს ბარათს აწერია. გეთანხმებით, იყო ასეთი შემთხვევები და იმ ათი მაღაზიის მესვეური, ვინც გაანაღდა გლეხებთან, დააკავეს და მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

- ბარათს უმეტესად ისინი ანაღდებდნენ, ვისაც უკვე დამუშავებული ჰქონდა სავარგულები, როცა ბარათები დაურიგდათ. თუ არ გაანაღდებდნენ, 1-ელი აგვისტოს შემდეგ ვერაფერში გამოიყენებდნენ...

- თითოეულ ბარათს განმარტება ახლდა და ადამიანებს შეეძლოთ ხვნისა და დადისკვის ბარათის გადაცვლა ნომინალურ ბარათში, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა იყო შესაძლებელი. ბევრი ასეც მოიქცა - ვისაც დახნულ-დადისკული ჰქონდა მიწა, ან მისი სავარგული ქვაღორღიანი იყო და იქ ტექნიკას ვერ შეიყვანდა. მხოლოდ ამ სეგმენტში, სადაც ჩვენი ძალებით ვამუშავებდით მიწას, 220 ათასი ჰექტარი მიწა მოიხნა. სულ ქვეყანაში, წინასწარი მონაცემებით, 400 ათასი ჰექტარი დამუშავდა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. მცირე ფერმერებს საწარმოო ხარჯების 40%-მდე დავუფინანსეთ. ეს იყო საპარტნიორო პროექტი სახელმწიფოსა და გლეხს შორის. ახლა მათგანაც ველით თანადგომას, რომ ამიერიდან მათაც ჩადონ სოფლის მეურნეობაში თავიანთი შრომა.

- მოსავალს მხოლოდ მიწის დამუშავება და დათესვა არ ჰყოფნის, სარწყავი წყალიც აუცილებელია...

- საქართველოში თვითდინებით 280 ათასი ჰექტარი მიწის მორწყვაა შესაძლებელი. 2012 წელს მხოლოდ 24 ათასი ჰექტარი ირწყვებოდა. წლევანდელი მაისისთვის ჩვენ დაახლოებით შვიდჯერ გავზარდეთ მელიორაციის ბიუჯეტი. 64 მილიონი მოხმარდა ძველი არხების აღდგენასა თუ ახლების ექსპლუატაციას და დამატებით უკვე 12,5 ათასი ჰექტარი ირწყვება. წლის ბოლომდე ველოდებით ჯამურად 70 ათასი ჰექტრის გასარწყავებას. ამ მიმართულებას მოხმარდება მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი, აგრეთვე ჰოლანდიის მთავრობისგან მოსალოდნელი გრანტი. ჩინეთის მთავრობამ, დაახლოებით, $4 მილიონის სამელიორაციო ტექნიკა გადმოგვცა.

- წინა ხელისუფლების გამოცხადებული პრიორიტეტი იყო სასაწყობე მეურნეობების გამართვა, რათა ადგილობრივი პროდუქციის შენახვა, ბაზრის მომარაგება და ექსპორტზე გატანა მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო შესაძლებელი. როგორია სასაწყობე მაცივრების ინფრასტრუქტურა და თქვენ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

- ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურას 90 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შენახვა შეუძლია. სამწუხაროდ, ესეც არ არის ბოლომდე დატვირთული. აგროკრედიტის მესამე კომპონენტი სწორედ ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს და არა სახელმწიფომ.

- კოოპერაციების კანონპროექტით რას შესთავაზებს სახელმწიფო გლეხებს?

- კოოპერაცია მიწების თავმოყრის ერთ-ერთი ქმედითი ხერხია. ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა. იაპონიის სოფლის მეურნეობა მთლიანად კოოპერაციებზე დგას. კოოპერაციას ბევრი სიკეთე მოაქვს - მსყიდველობითი უნარის გაზრდა, ერთობლივად გაყიდვის უნარის ზრდა, მეტი პროდუქციის მოყვანა და არაერთი შეღავათი. არ ველოდები, რომ ათასი კოოპერატივი ხვალვე გაჩნდება, მაგრამ გლეხები პრაქტიკული ხალხია და რომ დაინახავენ, მაგალითად, მეზობლად მევენახეებმა გააკეთეს კოოპერატივი, მის ფარგლებში ყურძნის პირველადი გადამმუშავებელი ქარხანა ააგეს და სარგებელი ნახეს, აუცილებლად გადაიღებენ ამ მოდელს.

- წინა ხელისუფლებას ეგზოტიკური სიახლეებიც შემოჰქონდა - ამერიკული სიმინდი, მოცვის პლანტაციები, ბაყაყების მეურნეობები, სირაქლემის ფერმები და სხვ. თქვენ არ გაქვთ მსგავსი ნოვატორული იდეები?

- სამწუხაროდ, ის ხელისუფლება ბიზნესს თავად აწარმოებდა. მოცვის პლანტაციები სახელმწიფოს საკუთრება იყო. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმეა სექტორისთვის სისტემის შექმნა, საჯარო სიკეთის შექმნა. ქვეყნის მასშტაბით შევქმენით საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, სადაც ფერმერები კვალიფიციურ რჩევებსა და რეკომენდაციებს მიიღებენ, როგორ წარმართონ აგრობიზნესი რაც შეიძლება ეფექტურად. შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რას მოიყვანენ და მოაშენებენ.