წლეულს $1 მილიარდის ინვესტიცია შემოვა?!
17-06-2013
წლეულს $1 მილიარდის ინვესტიცია შემოვა?!
"ინვესტიციების დიდ ნაწილს ოფშორების გავლით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გასული რუსული კაპიტალი ქმნის"

2013 წლის I კვარტალში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციები, შარშანდელ I კვარტალთან შედარებით, $43 მილიონით ნაკლებია და $226 მილიონს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის I კვარტალში უცხოური დაბანდებები პირიქით, წლევანდელზე ნაკლები იყო - $210 მილიონი. საინტერესოა ისიც, რომ 2011 წელს ინვესტიციები კვარტალების მიხედვით იმატებდა, ხოლო 2012 წელს - იკლებდა... შარშან საქართველოში სულ $683 მილიონის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. უმსხვილესი ინვესტორი
ქვეყანაა იაპონია (20%), მეორეზე აზერბაიჯანია (17%), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები (15%).

ინვესტიციების მოცულობის გამოცხადებას დაერთო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ (სსფ). მისი შეფასებით, 2013 წელს ეკონომიკის ზრდა 4% იქნება. წლის დასაწყისში ზრდის მაჩვენებელი ნაკლებია, მაგრამ სსფ-ის გათვლებით, დარჩენილ პერიოდში ზრდის ტემპი, დაახლოებით,
8% იქნება და შედეგად მშპ 4%-ით მოიმატებს. 2014-სა და შემდეგ წლებში ზრდა ისევ 6%-ს მიაღწევს. რაც შეეხება სხვა წყაროებს, EBRD-მა 2013 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-დან 3%-მდე შეამცირა, 3%-იან ზრდას ელოდება Fიტცჰ-ი. ყოველივე ამან გააჩინა კითხვა - მოახერხებს საქართველოს მთავრობა ინვესტიციების დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას?!

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - 2013 წლის I კვარტალში შემოსული ინვესტიციები წინა თვეებთან შედარებით მეტია, მაგრამ ეს დაიმედების საშუალებას არ გვაძლევს, იმიტომ რომ ქვეყანაში "საინვესტიციო შიმშილი" შეიმჩნევა. უცხოელი ინვესტორები ელოდებიან, რა ტენდენციები გამოიკვეთება ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მხრივ. თუ არ შეიქმნება ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო, ისინი დაბანდებებისგან თავს შეიკავებენ. მეორე, თავად ქართული ბიზნესიც მოლოდინშია. თანაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მშპ-ის ზრდის ადრინდელი პროგნოზები, პრაქტიკულად, გაანახევრეს და ამას მეც ვეთანხმები. ამ ვითარებაში იმედი, რომ უცხოელი ინვესტორები რიგში ჩადგებიან ფულის დასაბანდებლად, არ უნდა გვექნეს. თუ დიაგრამას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბოლო დროს ინვესტიციები იკლებს. ახლა მთავარია, როგორ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, რომელმაც ანტიკრიზისული პროგრამები უნდა მოამზადოს და კლების ტენდენციას შეებრძოლოს.

- რა შეიძლება ითქვას ოფშორული ზონებიდან შემოსულ ინვესტიციებზე?

- ოფშორული ზონები ქართული ინვესტიციების ძირითადი წყაროა. იმ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც აქ ინვესტიციებს აბანდებენ, სწორედ ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. თავისთავად ოფშორულ კომპანიებში ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი ინვესტიციებს, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში დებენ, სადაც ეკონომიკა მყიფეა და ჯერ არ ჩამოყალიბებულა. შესაძლოა, ინვესტიცია სულაც არ იყოს ოფშორული ქვეყნიდან და იყოს, მაგალითად, მენის კუნძულებიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში შედის, მაგრამ ოფშორული ზონაა.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი): - ამ მაჩვენებლებს საგანგაშოს ნამდვილად ვერ დავარქმევ. პირიქით, სავსებით ლოგიკურია, რომ ინვესტიციები შარშანდელ I კვარტალთან შედარებით შემცირებულია. მეოთხე კვარტალი ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საკმაოდ მძიმე იყო - წინასაარჩევნო პერიოდის გამო ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. საბოლოოდ კი ეს ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზეც აისახა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე $226 მილიონი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ფაქტია, ქვეყანაში სტაბილურობაა და ბიზნესიც მოლოდინიდან თანდათან გამოდის. იმედი მაქვს, ინვესტორები უფრო გააქტიურდებიან და ეკონომიკა გაიზრდება, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყნის პოლიტიკურ წყობაში უფრო მეტი გარკვეულობა იქნება.

რაც შეეხება ინვესტიციების სტრუქტურას, საქართველოში შემოსული ინვესტიციების დიდ ნაწილს ქმნის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გასული რუსული კაპიტალი. ეს ადამიანები ფულს ოფშორულ ზონებში აბანდებენ და შემდეგ იწყებენ ინვესტირებას. მეორე ნაწილი იმ ქართველების ფულია, რომლებსაც არ უნდათ ოფიციალურად გამოჩენა და ოფშორების გავლით ამჯობინებენ საქართველოში ინვესტირებას.
მე პირადად წინააღმდეგი არ ვარ, რომ ფული საქართველოში ოფშორული ზონებიდან მოდიოდეს, მთავარია, ინვესტიციები შემოვიდეს. თუ მდგომარეობას რეალისტურად შევაფასებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში წლის ბოლომდე $1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მართლა შემოვა, მაგრამ თუ საინვესტიციო ფონდიც შეიქმნება, რაც დაანონსებულია, მაგრამ ჯერ არ შექმნილა, მაშინ მთავრობის პროგნოზი გამართლდება და $2-მილიარდიან მაჩვენებელსაც მივაღწევთ. მაგრამ მაინც ფრთხილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ქვეყანაში, დაახლოებით $1 მილიარდის ინვესტიცია შემოვა. 2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი I კვარტალში აღინიშნა, მერე ინვესტიციებმა თანდათან იკლო, წლეულს კი საპირისპირო ტენდენცია გვექნება. I კვარტალის შედეგები გაუმჯობესდება მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალებში. ოღონდ ერთი პირობით - ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური უნდა იყოს.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში 15:10 საათზე

ხათუნა ჩიგოგიძე
maka
19 ივნისი 2013 20:34
ჯერ-ჯერობით ყველა სპეროში უძრაობის ხანაა...
ველოდებით ძველ თბილისში ინვესტორების შემოსვლას,სახლები თავზე გვენგრევა

რედაქტორის რჩევით