"ჩვენთვის საინტერესო ბაზარი თავისუფალი აღმოჩნდა"
17-06-2013
"ჩვენთვის საინტერესო ბაზარი თავისუფალი აღმოჩნდა"
ბიზნესში ვინც არ ჩერდება, ის იგებს

ინტერნეტი და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესში. ამის მაგალითია ის ორი ბიზნესამბავი, რომლის დაბადებასაც სწორედ ინტერნეტმა მისცა ბიძგი. პერგამენტის ქაღალდში შეფუთული ნაყინის ნოსტალგია და კარტრიჯით დასვრილი ხელები - ორი იდეა, რომელიც საქმედ იქცა.


ნიკოლოზ დევდარიანი (კომპანია "ტალოსტოს" წარმომადგენელი): "ბიზნესის დაწყების იდეა მეგობრების წრეში დაიბადა. ვმსჯელობდით, რა შეიძლებოდა შემოგვეტანა ბაზარზე ისეთი, რაზეც მოთხოვნა იქნებოდა. შევჯერდით, რომ მომხმარებელს ჰქონდა ერთგვარი ნოსტალგია რუსულ
პროდუქციაზე, მათ შორის პერგამენტის ცისფერ ქაღალდში გახვეულ ნაყინზე, რომელიც ბავშვობაში ალბათ ბევრს გაუსინჯავს. შემდეგ ერთ-ერთმა მეგობარმა გაიხსენა, რომ სანქტ-პეტერბურგში ყოფნისას კომპანია "ტალოსტოს" პროდუქცია ძალიან მოეწონა. ისიც თქვა, რომ ეს კომპანია 600 დასახელების გაყინულ პროდუქტს უშვებს, მათ შორის ნაყინსაც... მეორე დღესვე ელექტრონული ფოსტით კომპანია "ტალოსტოს" წერილი
გავუგზავნეთ, სადაც სურვილს გამოვთქვამდით, მათი ოფიციალური წარმომადგენლები ვყოფილიყავით საქართველოში. ეს 20-წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელსაც მოსკოვის ბაზრის 30% და სანქტ-პეტერბურგის ბაზრის 27% უჭირავს.

პასუხი დადებითი მივიღეთ. შემდეგი ნაბიჯი იყო მაღაზიისთვის კომერციული ფართის მოძებნა ხალხმრავალ ადგილას. არჩევანი აბაშიძის ქუჩაზე შევაჩერეთ. ვიქირავეთ ფართი, შევიძინეთ დახლ-მაცივრები, ავიყვანეთ კონსულტანტები. დაახლოებით, 20 ათასი ლარის ხარჯი გავწიეთ. დაგვეხმარა ის, რომ მეგობრებმა საკუთარი ფული ჩავდეთ საქმეში და შესაბამისად, ბანკისა თუ მევახშეების პროცენტების გადახდა არ გვიწევს. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც ბაზარზე გამოვჩნდით, მაგრამ გაყიდვით კმაყოფილი ვართ. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან, ქსელურ მარკეტებთან, რათა პროდუქცია იქაც შევიტანოთ. ოცი ადამიანი გვყავს დასაქმებული და თუ საქმე კარგად წავიდა, თანამშრომლების დამატება კიდევ დაგვჭირდება.

ბიზნესის დაწყებისას მთავარია გონივრული რისკი გაწიო, შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია სწორ მარკეტინგზე. თუ შენი რეკლამა სამიზნე აუდიტორიამდე მივა, მომხმარებელიც გაგიცნობს. "ტალოსტოს" პროდუქცია მრავალგზის შემოწმებულია, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ, ასევე საბაჟოზე. კომპანია ფლობს ხარისხის არაერთ სერტიფიკატს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქარხნიდან პროდუქციის შემოტანას მხოლოდ ოთხი დღე სჭირდება. პროდუქცია სპეციალური მაცივარი-კონტეინერით ჩამოდის და ტემპერატურული რეჟიმიც მკაცრად დაცულია".

მის.: თბილისი, აბაშიძის ქ.#50
ტელ.: 598-50-90-60


* * *
ლაშა კუხალაშვილი (კომპანია "ინკოს" დირექტორი): "დღეს თითქმის ყველა ოჯახშია კომპიუტერი და პრინტერი და, შესაბამისად, კარტრიჯის გამოცვლის საჭიროება ბევრისთვისაა ცნობილი. წლების წინ კი ეს ახალი ხილი იყო. ერთხელ მეც მომიწია კარტრიჯის აღდგენამ სახლის პრინტერისთვის. როცა კარტრიჯი შინ მივიტანე, პრინტერში ჩავდე და ხელები გავისვარე, ვიფიქრე: ნუთუ არ შეიძლება საქართველოშიც არსებობდეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემს, მიიღო ნორმალური პროდუქცია და გასიამოვნოს, როგორც მომხმარებელს. გამოდის, ბიზნესიდეა საჭიროებამ გააჩინა. ამის შემდეგ მოვიძიე, რა ხდებოდა ბაზარზე. მანამდე ერთხანს ჩემს მეგობართან ვმუშაობდი, რომელსაც კომპიუტერული ბიზნესი ჰქონდა და ამ სფეროში რაღაც კავშირები გაგვაჩნდა. ეს ინფორმაციის შეგროვებაში დაგვეხმარა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან პრიმიტიულ დონეზე იყო, კარტრიჯის დატენვა ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ ფხვნილის ჩაყრას. როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს, რა უკეთესი მეთოდები არსებობდა - ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ისე გამოვიდა, რომ ბაზარი თავისუფალი აღმოჩნდა.

რთული იყო ის, რომ არ არსებობდა ცოდნა და ინტერნეტით მოვიძიე მთელი ინფორმაცია. დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა ყველაფრის შესასწავლად. ახლა ინტერნეტშიც მეტი ინფორმაციაა, მაშინ კი, 2006 წელს, ის ძალიან მწირი იყო. შემდეგ ვირტუალურად შევქმენი კომპანია, რომელიც ჯერ არც იყო რეგისტრირებული. დავარქვი "ინკო" ანუ ინოვაციების კომპანია. მისი სახელით მიმოწერა დავიწყე უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ამარაგებდნენ პრინტერის სახარჯი მასალებით. გადავწყვიტე, ვისთან დამეწყო თანამშრომლობა და ამის შემდეგ კომპანია დავარეგისტრირე. თანხის მოძიებაში მეგობარი დამეხმარა და ბიზნესის დასაწყებად თანხა ძალიან შეღავათიან პროცენტში მაშოვნინა. მოგეხსნებათ, ბანკები სტარტაპს არ აფინანსებენ და მათთან სესხისთვის მისვლას აზრიც არ ჰქონდა. ეს იყო, დაახლოებით, $20 ათასი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დავაბანდე საქმეში. მაშინ ეს ცოდნა და გამოცდილება რომ მქონოდა, რაც ახლა მაქვს, უფრო ნაკლები თანხითაც შევძლებდი ბიზნესის წარმართვას.

ბიზნესის კეთებისას წარმოქმნილ სირთულეებს არასოდეს უნდა შეუშინდე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კომპანიას წარმატებაში დაეხმარა, შრომის სწორი ორგანიზებაა - მთელი ჯაჭვი კარტრიჯის მიღებიდან მის გაცემამდე. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, მინიმალური დანახარჯით, რესურსით, მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. პირველი დიდი კომპანია რომელმაც ირწმუნა ჩვენი და ჩვენი მომსახურების, "მაგთი" იყო და ის დღემდე ჩვენი კლიენტია.

დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ 400-ზე მეტი დასახელების ლაზერული და ჭავლური კარტრიჯის აღდგენას. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ, როგორც მორბენალმა არ უნდა შეწყვიტოს სირბილი, ისეა ბიზნესიც - არ უნდა გაჩერდე".

მის.: თბილისი, ზაქარიაძის 12
(დელისის მეტროსთან)
ტელ.: 2368-968, 2155-777, ფაქსი: 2366-675
ელ. ფოსტა: info@inco.ge


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.
გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით