როგორ ასწავლა ლიპტონმა ინგლისელებს ჩაის სმა - კვირის პალიტრა

როგორ ასწავლა ლიპტონმა ინგლისელებს ჩაის სმა

სერ თომას ლიპტონის მილიონიანი ბიზნესიდეები

თომას ლიპტონი მიზანს მკაფიოდ ხედავდა: "ჩაი ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არც ხარისხი უნდა დაკარგოს". ბრიტანეთში მატარებლებსა და ავტობუსებზეც კი თავს იწონებდა Lიპტონ-ის სარეკლამო სლოგანი - "პლანტაციიდან - პირდაპირ ფინჯანში".

ჩაის გადაქცევაში ფუფუნების საგნიდან ყველაზე გავრცელებულ სასმელამდე, განსაკუთრებული როლი ითამაშა გლაზგოელმა ბაყალმა თომას ლიპტონმა, ამაში წვლილი შეიტანა ნიუიორკელმა ვაჭარმა თომას სალივანმაც.

გლაზგოში, 1850 წლის მაისში, ირლანდიიდან შოტლანდიაში გადმოსახლებული ლიპტონების ოჯახში მეხუთე ბავშვი დაიბადა. პატარა თომასი ასაკოვანი მშობლების უკანასკნელი იმედი გახლდათ - მათი ორი უფროსი შვილი ჩვილობაშივე დაიღუპა, წამოზრდილი ქალ-ვაჟის ჯანმრთელობაც შემაშფოთებელი იყო. თუ არა პატარა თომასი, ვინ მიეხმარებოდა საოჯახო ბიზნესს? ბიჭმაც ხუთი წლის ასაკში გაიცნო სავაჭრო საქმე. მართალია, ლიპტონების ციცქნა საბაყლოში ერთდროულად ხუთი მუშტარი თუ ეტეოდა, თუმცა სამუშაო ბლომად იყო. და-ძმის გარდაცვალების შემდეგ 10 წლის თომასი იძულებული შეიქნა, სკოლისთვის თავი დაენებებინა. მშობლები ერთადერთ შვილს შეჰხაროდნენ - თომასი შესანიშნავი თანაშემწე გამოდგა და თუ ასე გაგრძელდებოდა, იქნებ ოდესმე მოზრდილი მაღაზიაც კი გაეხსნათ.

"აღთქმული ქვეყანა" ბიზნესისთვის

თომასი ზრდილობიანად კი უღიმოდა მომხმარებლებს, მაგრამ დახლთან დგომა არაფრად ეპიტნავებოდა. მისი მშობლიური გლაზგო იმ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსადგური იყო, საიდანაც ამერიკისკენ ტვირთითა და მგზავრებით სავსე გემები მიემართებოდა. ბიჭი ნაღვლიანად ფიქრობდა მათზე, ვინც ატლანტის ოკეანეს სერავდა და ვისაც ახალ სამყაროში უჩვეულო თავგადასავლები ელოდა. მათ რიცხვს 15 წლის თომასი 1865 წელს შეუერთდა. პირველი სამი წლის განმავლობაში ბიჭი შტატიდან შტატში მოგზაურობდა სამუშაოს საძებნელად. ცოტა ხნით ადრე დასრულებულმა სამოქალაქო ომმა ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ დეპრესიაში ჩააგდო. თავი რომ გადაერჩინა, ყმაწვილი თომასი ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა იყო - ხან ბრინჯი მოჰყავდა სამხრეთ კაროლინაში, ხან ვირჯინიაში თამბაქოს ფურცლებს ახვევდა, თუმცა როგორც ჩანს, ბაყლის ხელობას "აღთქმულ მიწაზეც" ვერ ასცდა.

1868 წელს იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერმაღში საბაყალეო განყოფილებაში გამყიდველად მოეწყო. ლიპტონი უზარმაზარი სავაჭრო მანქანის ჭანჭიკად იქცა და საშუალება ჰქონდა, დაენახა, რაოდენ ზედმიწევნით იყო ორგანიზებული მისი სამუშაო. გათვლილი იყო ყველაფერი - დაწყებული თაროებზე საქონლის განლაგებით, დამთავრებული კლიენტებთან ურთიერთობის მეთოდებით. ლიპტონმა სამუდამოდ დაიმახსოვრა ამერიკელ ვაჭართა დევიზი: "ღმერთი გვწამს, ყველა დანარჩენი კი ნაღდს ფულს გვიხდის".

მშობლიურ ბრიტანეთში ლიპტონი 1871 წელს დაბრუნდა. გადაწყვიტა, ახალი ცოდნა, დაგროვილი გამოცდილება და გამომუშავებული 100 გირვანქა სტერლინგი საკუთარ ბიზნესში ჩაედო და გლაზგოში საბაყალეო მაღაზია გაეხსნა. თავდაპირველად თომასი მაღაზიაში მმართველიც იყო, გამყიდველიც, მომმარაგებელიც და მოლარეც. იგი თვითონ ეზიდებოდა ნავსადგურიდან ურიკით საქონელს, შენაძენი კლიენტებთან მიჰქონდა, ხვდებოდა მიმწოდებლებს და წუთითაც არ წყვეტდა ფიქრს - როგორ მოეზიდა ხალხი და ისე მომსახურებოდა, რომ ერთხელ ყიდვის შემდეგ მისი მაღაზიის მუდმივი კლიენტები გამხდარიყვნენ. ამისთვის კარგი იქნებოდა რეკლამა, რომლის შესაძლებლობებსაც ლიპტონი აშშ-ში გაეცნო, მაგრამ თომასს რეკლამისთვის ფული არ ჰყოფნიდა. საქონლის გაძვირებას კი ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა - არადა, ამისთვის გამუდმებით სჭირდებოდა ქალაქის შემოგარენში, ფერმებში სიარული, რათა საქონელი პირველი ხელიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან ეყიდა, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

რაკი სახსრები არ ჰყოფნიდა, ლიპტონმა ფანტაზია და გამომგონებლობა აამოქმედა: ვიტრინებში საქონელი მიმზიდველად დაალაგა, თავად ვიტრინებზე ყოველ კვირაში იცვლებოდა სახალისო ნახატები, პლაკატები, რომლებიც კლიენტებს იწვევდა.

ამაზე კარიკატურისტი უილი ლოკჰარტი ზრუნავდა. იდეამ გაამართლა - მაღაზიასთან ხალხის ნაკადი არც დღისით და არც ღამით არ წყდებოდა (ვიტრინებში გაზის სანათურები დაამონტაჟეს). ლიპტონს სულ უფრო მასშტაბური იდეები მოსდიოდა. 1881 წლის შობისთვის მან ამერიკაში საგანგებოდ შეუკვეთა უზარმაზარი თავი ყველი. საგონებელში ჩავარდნილი გლაზგოელები ბჭობდნენ, ამხელა ყველს როგორ მიიტანდნენ მაღაზიაში და როგორ საზიდარს გამოიყენებდნენ. საბოლოოდ, ისეთი რიგი დადგა, რომ მთელი თავი ორ საათში გაიყიდა.

საქმე ისე კარგად წავიდა, რომ პირველი მაღაზიის გახსნიდან 11 წელიწადში ლიპტონს დასავლეთ შოტლანდიაში უკვე 20 სავაჭრო წერტილი ჰქონდა, 1885 წელს კი პროდუქტის შესაფუთი ფაბრიკა და სასურსათო საწყობები იყიდა ჩიკაგოში. ცოტა ხანში აშშ-ში რამდენიმე მაღაზია გაიხსნა. 40 წლის ასაკში ლიპტონს იმდენი შემოსავალი ჰქონდა, რომ შეეძლო საქმეს ჩამოშორებოდა და დაესვენა. მაგალითად, შორეულ მოგზაურობაში გამგზავრებულიყო. მაგრამ განა უკეთესი არ იქნებოდა, თუკი მოგზაურობა საქმესაც წაადგებოდა?!

ჩაის "ბრიტანული" კუნძული

თომასმა ჩაის ბიზნესს ხელი 1890 წელს მოჰკიდა. ეს დრო შემთხვევით არ შეურჩევია: ყავა, ერთადერთი სასმელი, რომელსაც ჩაისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, დეფიციტი გახდა, კუნძულ ცეილონზე გავრცელებული ყავის ფოთლის დაავადების გამო. ყავის პლანტაციების უმეტესობა აუქციონზე გაიყიდა ან იქ ყავის ნაცვლად ჩაი გაშენდა. მიწაზე ფასები წარმოუდგენლად დაეცა. ალღოიანმა ლიპტონმა კონკურენტების გასაგონად ხმა დააგდო, რომ ავსტრალიაში მაღაზიები უნდა გაეხსნა, სინამდვილეში კი ცეილონს მიაშურა და იქ ჩაის ხუთი პლანტაცია იყიდა, საერთო ფართობით 5500 აკრი (2225,7 ჰა). ლიპტონმა ჩაის ბაზარი სამხედრო მეცნიერების წესებით დაიპყრო. პლანტაციები მან ტექნიკური სიახლეების გამოსაცდელ პოლიგონად აქცია. როცა დაასკვნა, რომ პლანტაციებიდან ჩაის გამოტანას დიდი დრო მიჰქონდა, კალათების გადასატანი საბაგირო გზა გამოიგონა. ლიპტონს საკუთარი ფლოტიც ჰყავდა - ჯერ კლიპერები, უსწრაფესი იალქნიანი გემები, შემდეგ კი თბომავლები, რომლებიც ამინდზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული და ტვირთიც მეტი მიჰქონდათ. ჩაის ხომალდის შემოსვლა და დაცლა მთელი რიტუალი იყო, სინგალური ორკესტრის (შრი-ლანკის მცხოვრებთა უმეტესობა ეთნიკურად სინგალელია) მონაწილეობით, რომლებიც ეგზოტიკური საკრავების ჟღერით მიაცილებდნენ ჩაის ყუთებს.

ლიპტონი მსხვილი პლანტატორი გახდა და უკვე მრავალრიცხოვანი შუამავლების გარეშეც შეეძლო ვაჭრობა. ამის წყალობით ჩაი "ლიპტონი" სხვა მარკებზე გაცილებით იაფი ღირდა. მაგრამ იაფ ჩაის სახელი ადრევე ძალიან გასტყდომოდა, მასში ცხვრის სკორის გაზავების გამო. საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად ლიპტონმა დაიქირავა ჩაის შემზავებელი საუკეთესო სპეციალისტები (ბლენდერები), უარი თქვა ასაწონი ჩაის გაყიდვაზე და ის მუყაოს კოლოფებში დააფასოვა. შეფუთვა საფირმო გახლდათ, მუშტარს რომ სასმელი ადვილად ეცნო და ერთხელ გასინჯვის შემდეგ მისი ერთგული დარჩენილიყო.

თომასი არ შემცდარა - "ლიპტონის" ჩაის კოლოფი, მასზე გამოსახული თავზე კალათაშემოდგმული სინგალელი ლამაზმანით, ეპოქის თავისებურ სიმბოლოდ იქცა, თავად ლიპტონი კი მაშინდელი მასკულტურის განუყრელი ნაწილი გახდა. მასზე ქმნიდნენ კარიკატურებს, შაირებს... "ლიპტონის" ჩაის დიდი თაყვანისმცემელი შეიქნა თვით დედოფალი ვიქტორია. მან მიიჩნია, რომ "ინგლისური ცხოვრების წესის" ჩამოყალიბებაში თომას ლიპტონის როლი ნამდვილად იმსახურებდა "სერის" ტიტულს. 1897 წელს ლიპტონი რაინდად აკურთხეს.

პაკეტი აბრეშუმისგან

ჩაი რომ არა მხოლოდ იაფი, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ერთი პატარა ნაბიჯი რჩებოდა, რომელიც XX ს-ის დასაწყისში ამერიკელმა თომას სალივანმა გადადგა.

ერთჯერად პაკეტებში დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია ორად გაკეცილი, მართკუთხედის ფორმისა (რომელსაც ფორმა 1952 წელს "ლიპტონის" სპეციალისტებმა მისცეს). თუმცა ჩაის პირველი პაკეტი ნიუ-იორკელმა მოვაჭრემ, ტომ სალივანმა შექმნა და ის აბრეშუმის ქსოვილისგან შეკერა. სალივანი ჩაით ნიუ-იორკის რესტორნებს ამარაგებდა. ცხადია, ლიპტონის შესახებაც სმენოდა, თუმცა სულაც არ იცოდა, რომ დაფასოებული ჩაის გაყიდვა პირველად ლიპტონმა დაიწყო. სალივანს გამდიდრება სწყუროდა, მიხვდა, რომ უფრო მცირე ულუფებად დაფასოებული ჩაი მეტ მოგებას დაუტოვებდა. მან 1904 წელს მყიდველებს ხელით შეკერილ აბრეშუმის პაწია ქისებში ჩაყრილი ჩაი შესთავაზა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სიახლე სწრაფად გავრცელდა. მალე ნიუ-იორკის კაფეებსა და საჩაიეებში პაკეტებს უკვე მარლისგან კერავდნენ, სიიაფის გამო. რამდენიმე წელიწადში შეიქმნა დასაფასოებელი ავტომატები. 1914 წელს ჩაის პაკეტები ევროპაშიც დააფასეს - პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე ჯარისკაცებისთვის ის ზედგამოჭრილი იყო.

1898 წელს "ლიპტონი" სააქციო საზოგადოება გახდა, ხოლო თომასი - მისი უცვლელი თავმჯდომარე. 1931 წელს თომას ლიპტონი გარდაიცვალა. მას მემკვიდრეები არ დარჩენია. თომასი მშობლების გვერდით დაკრძალეს, ხოლო რამდენიმე მილიონიანი პირადი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა. "ლიპტონის" ფართოდ განტოტილი ქსელის შეძენა ჰოლანდიურ-ინგლისურმა საერთაშორისო კორპორაცია "უნილევერმა" 1938 წელს დაიწყო და 1972 წელს დაასრულა, როცა დარჩენილი ნაწილი Allied Suppliers-ისგან გამოისყიდა. გიგანტი "უნილევერი" დღეს 400-ზე მეტ ბრენდს ფლობს და სამომხმარებელო საქონლის ბაზარზე მესამეა "პროქტერ & გემბლისა" და "ნესტლეს" შემდეგ. "ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ბოლო, 2013 წლის მაისის რეიტინგში მას 103-ე ადგილი უკავია $122,32-მილიარდიანი კაპიტალიზაციით. "უნილევერისთვის" 173 ათასი ადამიანი მუშაობს და მისი წლიური გაყიდვა $67,71 მილიარდია.

მოამზადა ნატა ენუქიძემ