"ბოლო დროის მოვლენებმა ყველაზე მეტად საშუალო ბიზნესი დააზარალა"
01-07-2013
"ბოლო დროის მოვლენებმა ყველაზე მეტად საშუალო ბიზნესი დააზარალა"
ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა, მეორე მხრივ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე ქვეყანაში ეკონომიკური პასიურობა შეინიშნება. საქმეში ჩახედული ადამიანები, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამას ლოგიკურად უკავშირებდნენ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ცვლილებებს, თუმცა კერძო სექტორის შენელება საეჭვოდ დიდხანს გაგრძელდა. ბიზნესში მიმდინარე პროცესებსა და პრობლემებზე კერძო სექტორის უფლებების დამცველ გიორგი გახარიას ვესაუბრეთ.

გიორგი გახარია (ბიზნესომბუდსმენი): - დახმარებისთვის საკმაოდ ბევრნი მოგვმართავენ. ბევრი მოდის წინა ხელისუფლების მიერ კერძო მესაკუთრის უფლებების
დარღვევის გამო. ეს დიდი პრობლემაა. გასათვალისწინებელია ფორმალური და იურიდიული მხარეც - ეს საქმეები ძველია, დახურულია და მათი "გაცოცხლების" მხოლოდ რამდენიმე სპეციალური მექანიზმი არსებობს: პროკურატურა, ახალი გარემოებები და სასამართლო. იმდენად რთული საქმეებია, რომ პრობლემის მასშტაბის მიუხედავად, სწრაფად და ადვილად ვერ გადაწყდება. ვისაც კარგი ადვოკატის აყვანა შეუძლია, პროკურატურას მიმართავს, იქაც ასეთი საქმეების შთამბეჭდავი რაოდენობაა.
მათ შესწავლას დრო სჭირდება. ამ ადამიანების შფოთვაც გასაგებია, რადგან რაც დრო გავა, სამართლიანობის აღდგენა გაძნელდება - ზოგჯერ უკვე კეთილსინდისიერ მყიდველთან გვაქვს საქმე. შემოდის ბიზნესის უკანონოდ შემოწმების, ჯარიმა-საურავების დარიცხვის, დაყადაღების საქმეები, დარიცხული თანხა თუ 50 ათასს აჭარბებდა, ქონებას ართმევდნენ და სხვ. მათ შორის არის გახმაურებული შემთხვევები, მაგრამ ბევრი საშუალო ბიზნესს ეხება და ასე ზედაპირზე არ დევს. ჩვენ ვსწავლობთ იმ საქმეებს, რომელთა გამოც მოგვმართავენ.

- შესაძლებელია, რომ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი ბიზნესში სტაგნაციის ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ?
- არ ვიტყოდი, რომ ეს სტაგნაციაა. თუ არის მონაცემები კლების შესახებ, ასევე არის სექტორებიც, სადაც ზრდა აღინიშნება. ხალხის დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ მათი უფლებები დაირღვა. საეჭვო საშუალებებით საკუთრების იურიდიული ფორმის შეცვლის, დაახლოებით, 9 ათასი შემთხვევაა. ვინც იზარალა, პრეტენზიას აცხადებს ამა თუ იმ ქონებაზე, ხოლო ეს ქონება ახლა ვის ხელშიც არის, რისკები ეზრდება. შესაბამისად, ბიზნესის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნის ნაცვლად ჩერდება და დალოდებას არჩევს. თუ არ იქნება ინდივიდუალური მიდგომა ასეთი საქმეების მიმართ, ბიზნესის ნაწილი რისკის ქვეშ მოექცევა. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში ბიზნესი ზრდაზე აღარ ფიქრობს.

აუცილებელი პირობაა, რომ საკუთრების უფლებები აღდგეს სამართლებრივი პროცედურების 100%-იანი დაცვით. სხვაგვარად, მცირე გადაცდომაც კი ქმნის რისკს, რომ განსაზღვრული დროის შემდეგ ახალი დავა დაიწყოს კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით და მოჯადოებულ წრეზე სიარულმა მოგვიწიოს. ამიტომაც არის აუცილებელი ყველა საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა. არ შეიძლება ამ პრობლემის ერთობლივად გადაჭრა.

- შექმნილი პოლიტიკური ვითარება არ მოქმედებს ბიზნესზე? მათ შორის ე.წ. ორხელისუფლებიანობა, საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინი და სხვ.
- ეს არაფერ შუაშია... მეორე დიდი პრობლემა ბიზნესში მენეჯმენტის დაბალი კომპეტენციაა.
ბიზნესი ხშირად მინიჭებულ თავისუფლებას ვერ იყენებს. ზოგი მიეჩვია მითითებებს "ზემოდან", როცა ბიზნესს ხელისუფლება კარნახობდა, რა უნდა გაეკეთებინა, ზოგსაც სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი. ახლა, როცა ეს წნეხი მოიხსნა, კერძო სექტორი კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდა და ზოგს სწორედ ეს გარემოება აფერხებს...

- არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურება აფერხებს საბიუჯეტო შეკვეთებს და, შესაბამისად, ფულის ინიექციას ბიზნესში. სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი მართვა ხომ არ არის ეკონომიკური პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი?

- როგორ ფიქრობთ, დროის დაზოგვის გამო, ჯობს ფული სისულელეში დახარჯო, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე იმუშაო, სამაგიეროდ, ეფექტიანობაზე გააკეთო არჩევანი? მით უფრო, როცა ლაპარაკია სახელმწიფო სახსრების განკარგვაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ცუდი მაგალითები: წინა ხელისუფლების დროს შენდებოდა შენობები, ისინი ექსპლუატაციაში შედიოდა, თუმცა მათი პროექტი დღემდე არ არსებობს.

- ყველა იმ გარემოების გამო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რა მასშტაბის ბიზნესმა იზარალა ყველაზე მეტად?

- საშუალო ბიზნესმა, რომელიც, ვიტყოდი რომ, საერთოდ დავიწყებულია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს. მით უფრო, საქართველოში ყველა პირობა არსებობს, რომ განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, რამაც, შესაძლოა, პერსპექტივაში ყველაზე სწრაფი შედეგი მოგვცეს. ამ კატეგორიის ადამიანებს კი, ვინც ბიზნესის ამ სეგმენტში უნდა იმოქმედოს, საგრძნობლად აქვთ შეზღუდული რესურსები, აქვთ კომპეტენციის პრობლემა. ყოფილა შემთხვევა, მეწარმეს საკუთარი ბიზნესი დაუყენებია რისკის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურად არ ჰქონდა წაკითხული საგადასახადო კოდექსი. მაგალითად, ადამიანმა არ იცოდა, რომ ანგარიშზე ყადაღის მოხსნა შეიძლება ერთი დღის განმავლობაში - როგორც კი აუდიტორის დასკვნას მიიტან, რომ სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი შენი ვალდებულება ნაკლებია იმ შენს ქონებაზე, რომელიც დაყადაღებული გაქვს. აქ ხომ სერიოზულ ეკონომიკურ გათვლებსა და მარკეტინგზე არ არის ლაპარაკი, არამედ ელემენტარულ ცოდნაზე.

- ყველა თქვენი წინამორბედის დროს, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ფაქტობრივად, უმოქმედო უწყება იყო, თქვენ რა ბერკეტებით აპირებთ ბიზნესის ინტერესების დაცვას?
- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტიანობაა. დაახლოებით, ორ თვეზე მეტი დავუთმეთ იმას, რომ შტატში მაღალი დონის პროფესიონალები აგვეყვანა. ოთხი ექსპერტი ავიყვანეთ და ამოცანები დავყავით ვიწრო სპეციალობების მიხედვით. ერთი ზოგადი იურისტია ბიზნესმიმართულებით, მეორე - აუდიტორი, მესამე - იურისტი საგადასახადო პროფილით, ხოლო მეოთხე იურისტია ბიზნესგანათლებით, საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მცოდნე. ვფიქრობთ კარგი ეკონომისტის აყვანას და მცირე, მაგრამ ეფექტიანი მოდელი იქმნება ბიზნესის ინტერესების დამცველებისა. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 260 განაცხადია შემოსული, ესეც მეტყველებს ჩვენი აპარატის ქმედუნარიანობაზე.

- ბიზნესომბუდსმენის სამსახური პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე დროს, მისი მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს წინაშე ბიზნესის ინტერესების დაცვაა. ინტერესთა კონფლიქტი არ იქმნება?
- თეორიულად ეს სადისკუსიო თემაა და ნორმალურ პირობებში მეც გადავიხრებოდი იქითკენ, რომ სამსახურის სტატუსი სადღაც შუაში უნდა იყოს. მაგრამ დღეს, ეფექტიანობის მოსაზრებით, დაახლოებით 1,5-2 წელი ასე ჯობს. ახლა მთავარი მიზანი ბიზნესის პრობლემებზე სწრაფი რეაგირებაა. თუ არ გვექნება სახელმწიფო უწყებებთან სწრაფი კომუნიკაცია, ჩვენი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შემცირდება. სხვა მოდელს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ესეც შედეგია იმ არაჯანსაღი ბიზნესგარემოსი, რაც წლების განმავლობაში არსებობდა. ეს გარემო სეგმენტირებული და ლობისტური მექანიზმების დიდი მოყვარულია, ღია კონკურენტული გარემო კი აღიქმება, როგორც მხოლოდ რისკი და არა განვითარების შესაძლებლობა.

სხვა პრობლემაც არის ბიზნესში. არის სეგმენტები, რომლებიც უკვე სტაგნაციის ფაზაში გადადის და ძირითადი მიზეზი იმპორტია. უკვე ვხვდებით, რომ ამ ხალხს რამენაირად თუ არ მივეხმარეთ, იმ დარგებსაც, სადაც ადგილობრივი წარმოება მუშაობს, პრობლემა შეექმნებათ. ბაზრის საზღვრების გახსნილობა კარგია, როცა ქვეყნის ეკონომიკა ძლიერია, მაგრამ როცა შენი ეკონომიკა სუსტია და ფეხზე ვერ დამდგარა...

- რა უნდა ვქნათ, იმპორტი უნდა შევზღუდოთ?

- ის მაინც უნდა შევზღუდოთ, რომ უხარისხო არ შემოვიდეს. ბევრ სექტორში ძირითადი პრობლემა ის არის, რომ შემოდის უხარისხო და თან ძალიან იაფი. ამ შემთხვევაში ადგილობრივ წარმოებას კონკურენციის გაწევა ძალიან უჭირს.

- ქვეყანაში რომ უხარისხო, მაგრამ იაფი პროდუქტი შემოდის, ამას თავისი მიზეზი აქვს...
- მესმის, ძირითადი მიზეზი მოსახლეობის დიდი ნაწილის დაბალი მსყიდველობითი უნარია. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, ამის გამო შემოვიტანოთ საკვები პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს, ან შემოვიტანოთ იაფი ელექტროკაბელი, რომლის გამო შემდეგ შესაძლოა ხანძარი გაჩნდეს.

- ანუ, თქვენი როგორც ბიზნესომბუდსმენის ერთ-ერთი ინიციატივა იმპორტის შეზღუდვაც იქნება?
- აქცენტი უნდა გაკეთდეს საშუალო ბიზნესზე და გამოიყოს კრიტერიუმები, რა არის საშუალო ბიზნესი, ბრუნვის, თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით. შემდეგ უნდა განვსაზღვროთ, რით შეგვიძლია დახმარება, რომ იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეძლონ. ბევრ სეგმენტში წარმოება გვაქვს, მაგრამ იაფფასიანი და უხარისხო იმპორტი შემოდის და ის პირდაპირ ურტყამს ადგილობრივ მწარმოებლებს. მეტად კარგია ღია ბაზარი, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის პროტექციონიზმი, ეს აუცილებლობაა, რათა ადგილობრივმა ბიზნესმა სამუშაო ადგილები შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კონკურენციის კანონის ამოქმედება, რადგან ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლიები, თანაც ასეთ პატარა ქვეყანაში, ქმნიან განუსაზღვრელი ძალის მქონე კომპანიებს და ეს საშუალო ბიზნესს, ფაქტობრივად, სპობს.

ჩვენ არ გვინდა მხოლოდ საგადასახადო თემატიკაზე კონცენტრირება, ჩვენი ინტერესია ყველა კონფლიქტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის არსებობს. არის ინტერპრეტაციების პრობლემაც, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ცალკეული მუხლების არსს და ბიზნესისთვის ხვალინდელი დღე არაპროგნოზირებადი ხდება. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თავისუფლება ბიზნესისთვის იმდენად ხელსაყრელი უნდა იყოს, ისეთი დრაივი უნდა იყოს, რომ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ბიზნესმა თავისუფლების პირობებში მუშაობა უნდა ისწავლოს.
vinetu
13 ივლისი 2013 12:32
სრულიად ვეტანხმები ,,კონსტატინეს,, ერტს დავამატებდი.რატომ არ არის შეზგუდული კერდზო აუდიტის მომსახურების თანხები???? რამდენიც უნდად იმდენს თხოულობენ...რაც დზალიან მდზიმეთ აცვება მცირე ბიზნეს...ან რატო ემატება აუდიტის დარიცხულ თანხას ერთი იმდენი??მართლაც დზალიან გვიჭირს..და შველაც არსაიდანააა
konstantine
05 ივლისი 2013 11:49
დღევანდელი ჩვენი ეკონომიკა წააგავს რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფს, რომელსაც სისხლის უკანასკნელი წვეთების გამოსაწოვად მოზრდილი შპრიცებით მიდგომიან აუდიტის დეპარტამენტი ან ალტერნატიული აუდიტორები, არიქა 2007 წელზე ჯარიმების დარიცხვის შანსს ვადა არ გაუვიდესო, მოქმედებს ისევ ის ძველი "ნაცების" შექმნილი აბდაუბდა საგადასახადო კოდექსი და ყვარყვარესი არ იყოს "ახლებურად ამუშავებული" ნაცებისდროინდელი "ნათია მოგელაძეები" აუდიტის დეპარტამენტიდან".
"ნაცების" პრესგამოვლილ საშუალო და წვრილ მეწარმეებს კიდევ "მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირება" გვინდა? ბატონო ბიძინა გვიშველეთ რაგაცა. შეიძლება 2007 წლის ოპერაციებზე ჯარიმების დარიცხვით კი ამოიღონ მაკონტროლებლებმა რაგაც თანხა ბიუჯეტში, მაგრამ ხვალინდელ დღეზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?
ექვსი წელი ძალიან ბევრია საგადასახადო რევიზიებისათვის და "მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირება" ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას.

რედაქტორის რჩევით