ჩათვლის უფლება სასოფლო ტექნიკის იმპორტისთვის - კვირის პალიტრა

ჩათვლის უფლება სასოფლო ტექნიკის იმპორტისთვის

მთავრობამ პარლამენტში საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტის შეტანა გადაწყვიტა. ერთ-ერთი ცვლილება სოფლის მეურნეობას შეეხება, სადაც მიწოდება დღგ-ის 18%-იანი გადასახადისგან აქამდეც გათავისუფლებული იყო, ოღონდ ჩათვლის უფლების გარეშე. ამიერიდან წესდება გადასახადისგან გათავისუფლება ჩათვლის უფლებით, ოღონდ მხოლოდ კონკრეტული შემთხვევებისთვის. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით, თუ აქამდე ადგილობრივი წარმოება, საგადასახადო თვალსაზრისით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ცუდ დღეში იყო, ახლა მათი მდგომარეობა, სულ ცოტა, გათანაბრდება.

თემურ მაისურაძე (საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე): - უნდა დავაზუსტო, რომ ქართველი გლეხი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, თუ მისი წლიური შემოსავალი ასი ათას ლარს არ აღემატება. ეს ძალიან კარგი შეღავათია.

რაც შეეხება ფერმერებს - ყველა, ვისი შემოსავალი 100 ათას ლარს აჭარბებს, დღგ-ის გადამხდელი იქნება. ჩათვლის უფლებაზე კი ლაპარაკია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფერმერს ან გლეხს ტექნიკა ან მოწყობილობები საზღვარგარეთიდან შემოაქვს. ის ხომ განაბაჟებს ამ ტექნიკას და 18%-ისთვის, რომელსაც საბაჟოზე გადაიხდის, ჩათვლის მექანიზმი იმოქმედებს. ეს ძალიან კარგი შეღავათია თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანს სტიმულს აძლევს, შეისყიდოს ახალი ტექნოლოგიები, შემოიტანოს ახალი ტექნიკა და საკუთარი სახსრებით, დამოუკიდებლად გააძლიეროს თავისი მეურნეობა.

- იყო საუბარი, რომ კვერცხის წარმოება უნდა გაეთავისუფლებინათ დღგ-ისგან, მაგრამ ასე არ მოხდა, რატომ?

- ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო - კვერცხის პირველადი წარმოების 18%-იანი დღგ-ისგან გათავისუფლება, მაგრამ ამგვარი შეღავათი ბაზარზე არსებულ კონკურენციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. კვერცხი ქართულ ბაზარზე უცხოურ კომპანიებსაც შემოაქვთ, დღგ-ისგან გათავისუფლება პრობლემას შეუქმნიდა ჩვენს მწარმოებლებს, რომ მისაღებ და ხელმისაწვდომ ფასში გაეყიდათ თავიანთი პროდუქცია. აქედან გამომდინარე, კვერცხის ადგილობრივი წარმოება თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო და თან, კონკურენციაც შენარჩუნებულიყო, იძულებული გავხდით, ამგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო.

ჩათვლის მექანიზმზე პარლამენტში აქტიურად ვმსჯელობთ, ჯერ კიდევ არის რაღაც საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. ალბათ, ყველა სადავო საკითხზე შევთანხმდებით და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ არც ფერმერი დაზარალდეს, არც სახელმწიფო და ამ უმნიშვნელოვანეს დარგსაც განვითარების პერსპექტივა მიეცეს. დიდი იმედი მაქვს, კოოპერაციის შესახებ კანონი კიდევ ბევრ რამეს დაარეგულირებს, მერე უკვე სხვა შეღავათებსაც შემოვიღებთ. კოოპერატივების შექმნის შემდეგ სოფლის მეურნეობაში სხვა ვითარება შეიქმნება. კოოპერაციის შესახებ კანონზე ვმუშაობთ და როგორც დაგეგმილი გვაქვს, საგაზაფხულო სესიების დასრულებასთან ერთად, ამ კანონსაც დავამტკიცებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე