როგორ გადავამოწმოთ საწარმო ჩინეთში
01-07-2013
როგორ გადავამოწმოთ საწარმო ჩინეთში
"ზვიგენები" წყლით გაგრილების ბიზნესში

ზაფხულის სიცხეში გაგრილება პირველია, რაც ადამიანს აზრად მოსდის, თუმცა ყველას არ აქვს საშუალება, რომ სახლში აუზი ჰქონდეს. ასეთ დროს გასაბერი აუზი საკმაოდ ბევრისთვისაა გამოსავალი. "ინტექსი" მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც 40 წელია აწარმოებს გასაბერ ავეჯს, მათ შორის, გასაბერ და კარკასულ აუზებს, ლეიბებსა და საწოლებს საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის.

დავით გოგია (საქართველოში "ინტექსის" წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერი):
- არცთუ დიდი ხანია გასული, რაც ზოგადად ეს ბიზნესი არსებობს. 1972 წელს პირველად
ამერიკელებმა ააშენეს "ინტექსის" ქარხანა, რომელიც ვინილის ნედლეულისგან ყველა შესაძლო ნაწარმს ამზადებს. დღეს ქარხნები არის აშშ-ში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ორიც ჩინეთში. "ინტექსი" მსოფლიოში ამ პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის ლიდერია, ის, დაახლოებით, 14 მილიონ ადამიანს აძლევს სამუშაოს. მე და ჩემს მეგობარს კი საქართველოში გასაბერი აუზებით ვაჭრობის იდეა
მაშინ გაგვიჩნდა, როცა დუბაიში ვისვენებდით და საყიდლებზე სიარულისას დიდი ზომის გასაბერი აუზები ვნახეთ. მაშინ საქართველოში გასაბერი აუზები კი შემოდიოდა, მაგრამ ძირითადად ძალიან პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი.

ისეთი აუზი, სადაც რამდენიმე ზრდასრული ადამიანი მოთავსდებოდა და 50 ტონამდე წყალს დაიტევდა, საქართველოში წარმოუდგენელი იყო. ამან ჩვენი ინტერესი აღძრა.

დიდი, სტაციონარული აუზის გაკეთების შესაძლებლობა ბევრს არ აქვს, ეს ძვირი ჯდება და დიდ ფართსაც მოითხოვს. გასაბერი აუზების უპირატესობა ის არის, რომ დროებითი მოხმარების, ვთქვათ, ორი თვით სარგებლობის შემდეგ შეიძლება დაიკეცოს. აუზს შეინახავთ, წლის სხვა დროს კი ფართობს სხვა დანიშნულებით გამოიყენებთ. დუბაიში ბევრი არ გვიფიქრია, მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ, დაახლოებით, $10 ათასის გასაბერი აუზები და თბილისში ჩამოვიტანეთ. ასორტიმენტი ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ და გაამართლა როგორც ჩვენმა ბიზნესიდეამ, ასევე არჩევანმა.

მას შემდეგ დუბაიში პარტნიორებთან საქმიანი კავშირები აღარც გაგვიწყვეტია. ყოველ წელს, სეზონზე ჩამოგვაქვს ვინილისგან დამზადებული პროდუქცია. დღეს უკვე მთელ საქართველოს ვამარაგებთ. ბაზარზე სხვა შემომტანებიც არიან, მაგრამ ასეთი მასშტაბით მხოლოდ ჩვენ ვართ წარმოდგენილი. ვამარაგებთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სეზონურად ჩვენს სავაჭრო ობიექტსაც ვხსნით. წლეულსაც გავხსენით სპეციალიზებული მაღაზია, სადაც მომხმარებელს სრული ინსტრუქტაჟის მიღება შეუძლია. მე და ჩემს მეგობარს მანამდეც გვქონდა გამოცდილება ბიზნესში და ახალი საქმის წამოწყებაში ეს ძალიან დაგვეხმარა.

აზრად მოგვივიდა სიგარეტის კოლოფის ფორმის სავაჭრო ჯიხურების დადგმა. ჩვენი ხელით დავამზადეთ ორი ასეთი სავაჭრო დახლი, რომელთაც ზემოდან ქოლგა ედგათ, გამყიდველებს კი "მარლბოროს" სამოსი ეცვათ. ეს ისეთი უცხო იყო, რომ მომხმარებელი მოგვაწყდა. შვიდი ცალი გავაკეთეთ ჩვენი ხელით. შემდეგ თვით "ფილიპ მორისის" წარმომადგენლობაც დაინტერესდა, დაგვაფინანსეს და ერთ წელიწადში ამ სავაჭრო დახლების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა... რამე განსაკუთრებულ სირთულეებს ჩვენი ბიზნესი არ უკავშირდება, 18%-ს ვიხდით დღგ-ს. ამ ბოლო დროს რატომღაც შემოიღეს, რომ წყლის ლეიბებზე განბაჟებისას კიდევ დამატებით გვახდევინებენ ღირებულების 10%-ს, თუმცა მიზეზი არ აუხსნიათ. ეს მაშინ, როცა სხვა პროდუქციაზე - წყლის ბურთზე, კამერაზე და ა.შ., გადასახადი არ შეცვლილა...

"ინტექსის" წარმომადგენლობა საქართველოში.
მის.: ჩოლოყაშვილის #50;
სააკაძის მოედანი, შარტავას #6


* * *
ვალერი ნადირაშვილი (საქართველო-ჩინეთის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი): "ჩინეთში საქმიანი კავშირები, დაახლოებით, 7 წელია, მაქვს. ოღონდ ეს სულ სხვა ბიზნესი იყო, რადიკალურად განსხვავებული იმპორტისა და სავაჭრო საქმიანობისგან. ამ წლების განმავლობაში კარგად ვხედავდი, რა პრობლემები და ხარვეზები ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობისას. იყო ხარისხის პრობლემა, იყო თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. ამდენად, ბაზარი ითხოვდა ორგანიზაციას, რომელიც ამ ურთიერთობებს დაარეგულირებდა. ამას სახელმწიფო არ აკეთებს და საელჩოს ფუნქციებშიც ნაკლებად შედის. ჩვენმა ბიზნესჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო პალატა შეგვექმნა. ის რეგისტრირებულია, როგორც შპს. ჩვენ ქართულ კომპანიებს ვაკავშირებთ ჩინურ კომპანიებთან და პირიქით. ინფორმაცია ორივე მიმართულებით მოწმდება და ეს ბიზნესრისკებს საგრძნობლად ამცირებს.

მაგალითად, ორგანიზაციას ჩინეთში სავაჭრო ურთიერთობები არ აქვს, მაგრამ მოძებნა ჩინეთში საიტი და პროდუქციის შეძენა სურს. ის ვერ რისკავს ასე პირდაპირ ყიდვასა და თანხის ჩინეთში გადარიცხვას, და სწორადაც იქცევა. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ჩვენ გვიკავშირდება და ქარხნის შემოწმებას გვთხოვს. ჩვენ ამ ინფორმაციას ჩინეთის ოფისს გადავცემთ, ჩვენი წარმომადგენლები ჩინეთში მიდიან კონკრეტულად ამ ქარხანაში ან სავაჭრო ობიექტში და მას ამოწმებენ. ანუ ისინი ხდებიან პასუხისმგებელი, რომ ტვირთი ნამდვილად ჩამოვა, შესაბამისი ხარისხით. ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია იღებს საშუამავლო სამუშაოს გადასახადს, მისი მოცულობა კი აღებული პასუხისმგებლობით განისაზღვრება. ერთი ვარიანტია, ჩვენი წარმომადგენელი მივიდეს, გადაიღოს ობიექტის თუ ქარხნის ფოტოები და გვითხრას, რეალურად არსებობს თუ არა ეს საწარმო. ჩინეთის ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია ნებისმიერი კომპანიის შემოწმება.

პირველი კლიენტები პირადი ურთიერთობების საფუძველზე მოვიზიდეთ. ჩვენი სამუშაო, პირველ რიგში, არის ქარხნებისა და მწარმოებლების ინსპექტირება, სატრანსპორტო მომსახურება (როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო), გვაქვს კომპლექსური მომსახურებაც. ყურადღება მივაქციეთ, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, სასტუმროების მშენებლობის ბუმია. ვაკეთებთ ტვირთის კონსოლიდირებას - სამშენებლო მასალების, ავეჯის, სასტუმროს სპეციალური მოწყობილობების, ყველა წვრილმანისა თუ მსხვილმანის, რაც შეიძლება სასტუმროს დასჭირდეს. ასეთივე შეთავაზება გვაქვს სამედიცინო დაწესებულებებისთვისაც.
ენობრივი ბარიერი ერთ-ერთი გადამწყვეტია, ჩვენი მხრიდან არ იციან ჩინური, იმათ ზოგჯერ არ იციან ინგლისური და ასეთ დროს კომუნიკაციის პრობლემა იქმნება.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩინური პროდუქციის იმპორტი, შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში საერთო იმპორტის მოცულობაში მხოლოდ 5%-ია, თურქეთისა კი 70%-ია. არადა, ჩინეთი ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. თანაც ფასებით ერთმანეთს ვერ შეედრებიან, ჩინეთს გაცილებით დაბალი ფასები აქვს, მაგრამ დროის ფაქტორი მოქმედებს. 20-25 დღით მეტი სჭირდება ჩინეთიდან საქართველოში პროდუქციის იმპორტირებას.
არის ჩვენი კონტრაქტორი საიტები, საიდანაც დაკვეთებს 100%-ით ვაზღვევთ - როგორც ტვირთის მიღებას, ასევე მისი ხარისხის შესაბამისობას.

ჩვენს სამომავლო გეგმებშია, წარმოებაც დავაინტერესოთ და ადგილობრივად დამზადდეს ისეთი პროდუქცია, რომლის იმპორტი არ არის მომგებიანი, ან სირთულეებთანაა დაკავშირებული.

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო პალატა.
სააკაძის აღმართი #11, ბიზნესცენტრი "პანორამა"
chineti.ge


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.
გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში, 15:10 საათზე.

DINO_ZAUR
02 ივლისი 2013 09:40
რას მიედ–მოედება ეს ვალერი ნადირაშვილი .

ჩემს ფირმას რაც ჩამოაქვს ჩინეთიდან და ფასით თურქულზე ნაკლებია , არაფრად ვარგა, ნაგავია საერთოდ.ერთნაირი ხარისხის საქონელი კიდევ თურქული უფრო იაფია ჯდება თბილისამდე და უფრო სწრაფადაც ჩამოდის.

რედაქტორის რჩევით