შვრია - სამკურნალო მცენარე - კვირის პალიტრა

შვრია - სამკურნალო მცენარე

სამკურნალოდ გამოიყენება შვრიის მიწისზედა ნაწილი და გაუცეხვავი მარცვალი. შვრია შეიცავს მაგნიუმს, რომელიც საჭიროა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის მუშაობისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად. შვრიით დამზადებული პრეპარატები ავსებს ორგანიზმს კაჟბადით, ამაგრებს სისხლძარღვებსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს, ხოლო ფოსფორი და კალიუმი ხელს უწყობს დაავადებული გულისა და თირკმლების გამოჯანმრთელებას.

ეს მცენარე ასევე შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის გლუტამინის მჟავას, მდიდარია E, PP, B1, B2, B3, B6 და სხვა ვიტამინებით. მარცვალი შეიცავს ცილებს, სახამებელს, უჯრედისებს, ცხიმებს, თუთიას, მანგანუმს, რკინასა და ალკალოიდებს.

შვრიის მიწისზედა ნაწილში აღმოჩენილია მინერალური ნაერთები, საპონინები, ფლავონოიდები. დიდი ხანია შვრიას იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ნახარშის, ნაყენის ისე აბაზანის სახით.

შვრია აღადგენს ძალებს, მადას, შველის ასთენიას. ეს საუკეთესო მატონიზებელი მცენარე ამაგრებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მისი ნახარში რეკომენდებულია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაწლავების ატონიის სამკურნალოდ.

B3 ვიტამინის წყალობით - შვრიით მკურნალობა კარგ ეფექტს იძლევა ეგზემის, ქრონიკული დერმატიტისა და ასევე ბავშვების დიათეზის დროს.

გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

შვრიის ნაყენს აქვს სიცხის დამწევი, შარდმდენი თვისება, ხსნის გადაღლილობას, შველის უძილობას, რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

ნაყენის მოსამზადებლად ყვავილობის პერიოდში ახალი მოკრეფილი 3-4 ს/კ ღეროებს დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი და გააჩერეთ 15 დღე. მიიღეთ 30 მლ წყალში გახსნილი 20 წვეთი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ჩვეულებრივი ნაყენის მოსამზადებლად ყვავილობის პერიოდში მოკრეფილ მწვანე შვრიას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 4-ჯერ დღეში ჭამამდე.

ბრონქიტის დროს შვრიის 1/2 ჩ/ჭ მარცვალს დაასხით 2 ლ რძე, შედგით აირღუმელში 2 საათით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/ჭ თბილი ნაყენი ღამით. სვით გამოჯანმრთელებამდე.

ცისტიტის დროს: 1) 1 ჩ/ჭ გაუცეხვავ შვრიის მარცვალს დაასხით 250 მლ წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ვიდრე წყალი არ განახევრდება. ნახარშს დაამატეთ 2 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში (მნიშვნელობა არა აქვს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ).

2) 250 გ დაქუცმაცებულ შვრიის ბზეს დაასხით 3 ლ წყალი, 15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ, დაამატეთ აბაზანას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 360ჩ. აბაზანის ხანგრძლივობა 15-20 წუთია.

ჰიპერტონიის საწყისი სტადიის დროს 1 ჩ/ჭ გაუცეხვავ შვრიის მარცვალს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ, სანამ წყალი არ განახევრდება. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნახარში 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე - ერთი თვის განმავლობაში.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მკურნალობისთვის - 10 ლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 500 გ შვრიის ახალი ბზე, გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 370C) და 15 წუთით ჩაწექით. გაიმეორეთ 10 პროცედურა დღეგამოშვებით.

და რაც მთავარია, შვრიის ფანტელით შეიძლება მოამზადოთ ფაფა, რომელიც მდიდარია მაგნიუმით, E ვიტამინითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გულის იშემიური დაავადებისა და ქოლეცისტიტის დროს.