დავეხმაროთ ხერხემალს
01-07-2013
დავეხმაროთ ხერხემალს
უძველეს დროში, ჩინელი ბრძენკაცები ხერხემალს უწოდებდნენ სიცოცხლის ხეს და მიაჩნდათ, რომ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. მათ მხარს უჭერს თანამედროვე მედიცინა.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ხერხემლის სრულიად უმნიშვნელო გამრუდებაც კი იწვევს შინაგანი ორგანოების "არევას" და არღვევს მათ ფუნქციონირებას, ვითარდება დაავადებები. მაგალითად, ხერხემლის პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს კუჭის წყლული, ნაღვლის ბუშტში გაჩნდეს კენჭები, გამძაფრდეს ქრონიკული დაავადებები. კისრის ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება თავის ტკივილის მიზეზი, სქესობივი ფუნქციის მოშლის მიზეზი კი - გავის ძვალის მდგომარეობა.

სპეციალისტები ამ უცნაურ კავშირს ასე ხსნიან: ჩვენი შინაგანი ორგანოები იმართება ზურგის ტვინის ნერვებით, რომლებიც გადის ხერხემალში. ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი ან სხვა დაავადებები ასე თუ ისე ზემოქმედებენ ამ ნერვებზე, მათი ღეროების ჩაჭედვისას ზიანდება და მტკივნეული ხდება ამ ნერვების ზემოქმედების ზონაში შემავალი შინაგანი ორგანოები.

ჯანმრთელობის პრობლემები რომ
არ შეგექმნათ, საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები: თვალი ადევნეთ ტანადობას, მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, გაიმაგრეთ კუნთოვანი კორსეტი, იჯექით სწორად - ზურგით მიეყრდენით სკამის საზურგეს, ფეხებით დაეყრდენით იატაკს ან დააწყვეთ სადგამზე, მუხლები თეძოებზე მაღლა უნდა იყოს. ყოველ 5 წუთში შეცვალეთ სხეულის მდებარეობა, საათში ერთხელ ადექით და გაიარეთ. საჭესთან ჯდომისას ზურგით მიეყრდენით სკამის საზურგეს. თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ხშირად შეცვალეთ ფეხების მდებარეობა, მაღაზიიდან გამოსვლისას ტვირთი გაანაწილეთ ორივე ხელზე, მძიმე ტვირთის აწევისას კი არ გადაიხაროთ, არამედ ჩაიცუცქეთ და ისე ასწიეთ, ამ შემთხვევაში იტვირთება ორივე ფეხი და არა ხერხემალი.
უმჯობესია გეძინოთ მაგარ ლეიბზე, ბალიში არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. მთავარია, მხრები იყოს ლეიბზე და არა ბალიშზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით