რატომ შეფერხდა ეკონომიკა - კვირის პალიტრა

რატომ შეფერხდა ეკონომიკა

მაისში ეკონომიკა "გაიყინა". სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 0,0% იყო. ბოლო თვეების განმავლობაში ბიზნესი უძრაობას უჩიოდა, რასაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა წინა ხელისუფლება და ახლანდელს ცხვირში ძმრად ადენდა. ვალში წინამორბედს არც ახალი ხელისუფლება რჩებოდა და ოპონენტებს ახსენებდა, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა და მათ მემკვიდრეობით ლიმონივით გამოწურული ეკონომიკა ერგოთ. ამ ურთიერთბრალდებებში კი დრო გავიდა და უარესმა შედეგმაც არ დააყოვნა.

ეკონომიკური სტაგნაციის მიზეზად შეჩერებული ინფრასქტრუქტურული პროექტები და წინა ხელისუფლების დროს გამართული ტენდერების გადახედვა სახელდება, რაც ეკონომიკაში ფულის მასის შედინებას აფერხებს. თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამბობს, რომ წლეულს პირველ ექვს თვეში ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის 10%-ით მეტი საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა, ვიდრე 2012 წლის პირველ ექვს თვეში.

მოქმედი ხელისუფლების არაეფექტიანობის მიზეზად სახელდება გაჭიანურებული ბიუროკრატიული ბარიერები, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, საშუალო და დაბალი რგოლის მოხელეთა კომპეტენციის ნაკლებობით ან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიშით იყოს გამოწვეული და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას უშლის ხელს, საბოლოო ჯამში კი აზარალებს როგორც კერძო სექტორს, ასევე მთლიანად ეკონომიკას.

დამუხრუჭების მიზეზთა შორის ასევე სახელდება პრემიერის მიერ დაანონსებული სუვერენული ფონდის ამოქმედების გადავადება, რომელმაც საპარტნიორო ფონდის ფუნქციები უნდა შეითავსოს.

ნოდარ ხადური (ფინანსთა მინისტრი): "შარშანდელ ამავე პერიოდში ეკონომიკის ზრდა სახელმწიფოს უხეში ჩარევით იყო განპირობებული. ფული იხარჯებოდა პარლამენტის, იუსტიციის სახლის, ასევე ბათუმში ტაუერის მშენებლობებზე. სახელმწიფო ბიზნესმენებს წამგებიან პროექტებში მონაწილეობას ავალდებულებდა. ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის თავისუფლებითა და განვითარებით უნდა მივაღწიოთ. ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესით გაიზრდება. არ იქნება 6%-იანი ზრდა, მაგრამ სეკვესტრი მოსალოდნელი არ არის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლეულს დაგეგმილი ყველა ხარჯი გაიწევა".

გიორგი კვირიკაშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი): "6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ალბათ არარეალისტური იქნება. ვფიქრობთ, 4,5%-5%-იანი ზრდის მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი. ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა საჭირო, მათ შორის, უნდა შეწყდეს ის უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ მთავრობის ეფექტიანობის გასაზრდელად".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლეულს ზრდა 4%-მდე იქნება. ასეთივეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინიც.

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ჩემთვის ახლაც გაუგებარია დაპირებული ფონდების არსი, მათი მუშაობის მექანიზმი. ისევ და ისევ, საკუთარი ტრადიციული უუნარობის გამო მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, როგორც ძიძები, უნდა გვკარნახობდნენ, რა უნდა გავაკეთოთ, ეკონომიკა რომ ფეხზე დადგეს და ჩვენმა მოქალაქემ დასაქმება შეძლოს. საქართველოში ჭკვიანი ადამიანების უზარმაზარი ფენაა, ე.წ. მეწარმეთა ლატენტური ფენა, რომლებიც იმის გამო, რომ ქვეყანაში ფულის კატასტროფული შიმშილია, ვერაფერს აკეთებენ. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ რამდენიც უნდა უტრიალონ ე.წ. სპეციალისტებმა თუ უცხოელებმა, ქვეყანაში არის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პრობლემა - ფულის მასის პრობლემა, სავალუტო კურსის პრობლემა და სანამ ეს საკითხი არ გადაიჭრება, ვერც ფონდები და ვერც მსოფლიო ბანკის მითითებები ვერაფერს შეცვლის.

ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ მთავრობაში კარგად არ ესმით, რეალურად რა არის საქართველოს ეკონომიკის პრობლემა, რა უჭირს მეწარმეს. სანამ ამას ვერ დაინახავ, ილუზიაა იმის თქმა, რომ ფონდი დაარსდება და ეკონომიკა გაბრწყინდება. დასავლეთში ფონდების სქემა ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენთან ის ისეთივე დახურული უწყება იქნება, როგორიც მისი წინამორბედი იყო, ადამიანთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის ხელმისაწვდომი. ეკონომიკა სწორად ფუნქციობს მაშინ, როცა არსებობს ეკონომიკური ინსტიტუტები, ეკონომიკური თავისუფლება. ჯერჯერობით მთავრობას რამე ინსტიტუციური ცვლილებები არ შემოუტანია. 22 წელია, ფსევდოსაბაზრო ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მართვა და პროფესიონალიზმი არც სახელმწიფო დონეზე სჭირდება ვინმეს და არც ბიზნესში, რომელიც ისეა დათრგუნვილი, რომ მხოლოდ ხელისუფლებასთან სიახლოვეს ეძებს. როცა ეკონომიკა ჭაობშია და მისი ერთ-ერთი ხსნა ინოვაციურ რელსებზე გადაყვანაა, ხელისუფლების სამთავრობო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა განახორციელოს და ფული ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგებში დააბანდოს".

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის წევრი): "უკვე ყავლი გასდის საუბარს, რომ ბიზნესი გაურკვევლობაშია და გამოფხიზლდება. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და წესით, ამდენ ხანში ადაპტირება უნდა მომხდარიყო. სხვა მიზეზები და პრობლემებია საძებარი. თუ სამთავრობო ეკონომიკურ პოლიტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რატომ არ ვითარდება ბიზნესი და არ გვაქვს ზრდა. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა - არაფერს ვაკეთებ. არც ერთი ეკონომიკური რეფორმა არ განხორციელებულა მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა. სოფლის მეურნეობაში ფულის ჩაყრა რეფორმა არ არის. წინასაარჩევნო დაპირებებში ლაპარაკი იყო გადასახადების შემცირებაზე და ამ დროს აქციზის გადასახადი იზრდება, თანაც არა წლის დასაწყისში. რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობას ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 6%-იან ზრდასა და 3%-იან ინფლაციაზე და ვერც ერთი ამ პარამეტრის მიღწევა ვერ ხერხდება.

შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ხელისუფლება არაეფექტურად მუშაობს. მოქმედებს ჯერ კიდევ ძველი საგადასახადო კოდექსი, სადაც უამრავი ორმაგი ინტერპრეტირების მუხლია და მათ შეცვლას არავინ აპირებს. გვიანდება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა, რომელსაც პირდაპირ ებმის დასადები ხელშეკრულება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 6%-იანი ზრდაც ძალიან ცოტაა, ამ ტემპით, მაგალითად, პოლონეთს, ლიტვას ან ლატვიას 50-100 წელიწადში დავეწევით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 9-10%-იანი ზრდა მაინც გვექნეს. ამისთვის ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად უნდა გაატაროს რეფორმები და წინა ხელისუფლების მიერ გამოჩენილი უვიცობა არ გაიმეოროს, რომელიც ამბობდა, რომ ყველა მასშტაბის ბიზნესი ერთნაირად უნდა დაიბეგროს. ამან გამოიწვია უმუშევრობის კატასტროფული ზრდა და ასე ხდება ახლაც.

ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან კი გათავისუფლდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც არის რამდენიმე მაგალითი, როცა წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის, "ცოდვილი ბიზნესმენებისთვის", ქონების ჩამორთმევისა თუ წართმევის იგივე მეთოდები მოქმედებს ახლაც. მაშინ თუ კეზერაშვილი იყო და ბიზნესებს ართმევდა ხალხს, ახლა სხვა ადამიანია ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული და იმავე გზას ადგას.

უკეთესი იქნება, თუ კერძო სექტორს გამოვაცოცხლებთ. ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა ბიზნესისთვის ფინანსებზე არახელმისაწვდომობა. ყველამ იცის, რომ საბანკო კრედიტები ძვირია და პირობები - კაბალური. წინასაარჩევნო დაპირება ასევე იყო საბანკო კრედიტების გაიაფება და კლიენტების უფლებების დაცვა. თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა მთავრობამ, თვითდინებით ეს ყველაფერი არ მოგვარდება".