პროფესია - კვების მობილური ოპერატორი - კვირის პალიტრა

პროფესია - კვების მობილური ოპერატორი

ყოველი წარმატებული ბიზნესის უკან მისი შექმნის ისტორია დგას. ზოგი წარმატებას იღბლიანი შემთხვევის შედეგად აღწევს, ზოგიც ამას პროფესიონალიზმს მიაწერს, ზოგსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს დასახული მიზნებისკენ სვლა. გადაცემა "ბიზნესფაილი" მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ფართო აუდიტორიას ბიზნესის შექმნის ნამდვილი ამბები გააცნონ და ამით კარგი მაგალითი მისცენ მათ, ვისაც კერძო სექტორში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს.

კვების პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისზე დღეს საკმაო დიდი მოთხოვნილებაა. ერთი სატელეფონო ზარი ან ინტერნეტშეკვეთაა საკმარისი, რომ მაგალითად, სამსახურში შესვენებისას, მრავალფეროვანი მენიუდან თქვენი შერჩეული კერძები მოგიტანონ. ბაზარზე მოქმედი კვების მობილური ოპერატორი კომპანია "დელიკატოს" ბიზნესისტორია 30 კვმ-ზე განთავსებული საოჯახო სამზარეულოდან იწყება.

დავით ზაქარაია ("დელიკატოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "ჩვენი კომპანიის ისტორია 2005 წელს დაიწყო. მანამდე მქონდა ბიზნესის მცირე გამოცდილება - მეგობრებთან ერთად გახსნილი საბილიარდო. ის ბიზნესი დაიშალა და წილად მერგო საბილიარდოში დამონტაჟებული სამზარეულოს დანადგარი. სწორედ ამან მიბიძგა, კვების პროდუქტებთან დაკავშირებული ბიზნესი დამეწყო.

თავდაპირველად მე და ჩემმა ოჯახმა სპორტის სასახლესთან, ალექსიძის ქუჩაზე ვიქირავეთ მცირე ფართი და საოჯახო სამზარეულო გავხსენით. მაშინდელი საბუღალტრო ჩანაწერები მაქვს შემონახული, სადაც კარგად ჩანს, როგორი იყო ბიზნესის დასაწყისი. მაგალითად, ჩანაწერებში აღნუსხულია, რომ ერთი დღის განმავლობაში სამზარეულოში გამოცხვა ოთხი ხაჭაპური და აქედან ორი უკან დაბრუნდა... დასაწყისი საკმაოდ რთული და მძიმე იყო. შემოსავალი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. მოგებაზე, დაახლოებით, 9-10 თვის შემდეგ გავედით, მანამდე მხოლოდ წაგება იყო.

ისე მოხდა, რომ იმ ორგანიზაციების თანამშრომლებმა, რომლებიც შესვენებაზე მოდიოდნენ ჩვენს სამზარეულოში და სადილობდნენ ან სურსათს ყიდულობდნენ და მიჰქონდათ, გამოთქვეს სურვილი, შეკვეთა მათთან მიგვეტანა. ასეც მოვიქეცით და დავამკვიდრეთ საკვები პროდუქტის მობილური მიტანის სერვისი. ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მომსახურების მოთხოვნა ჩნდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა კლიენტმა ქალაქგარეთ ფურშეტის მოწყობის სურვილი გამოთქვა. ამის გამოცდილება არ გვქონდა და შევყოყმანდით, მაგრამ შემდეგ ინტერნეტით მოვიძიეთ ინფორმაცია და მრავალკაციან ფურშეტსაც წარმატებით გავართვით თავი.

ჩვენი საოჯახო სამზარეულოს პირველი მენიუ იმის მიხედვით შევადგინეთ, რის გაკეთებაც ყველაზე უკეთ შეგვეძლო. შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე, მენიუ გაიზარდა და პროფესიონალი მზარეულის აყვანა გადავწყვიტეთ. ახლა, დაახლოებით, 150 კერძს მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებელს, თუმცა სურვილის შემთხვევაში განსხვავებულ კერძსაც ვამზადებთ. ამ ბიზნესში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მზარეულის პროფესიონალიზმს. რაც უნდა სწრაფად მიგვქონდეს და პერსონალიც მომხიბლავად იღიმოდეს, მთავარი მაინც გემოა. ამასთან დაკავშირებით ერთი საქმიანი კურიოზიც მახსენდება. მზარეული გვჭირდებოდა, ხორცპროდუქტების სპეციალისტი და მოვიდა ქალბატონი, რომელიც პროფესიონალად გაგვეცნო. პირობა წამოგვიყენა, კერძის მომზადებისთვის თვალყური არ გვედევნებინა, რადგან მზარეულთა სკოლა ჰქონია გახსნილი და თუ რამის სწავლა გვსურდა, ფული უნდა გადაგვეხადა. ისეთი კერძი მოამზადა, ვერ შევჭამეთ და გადავყარეთ. დაახლოებით ერთ წელიწადში დაგვჭირდა ხაჭაპურის მცხობელი. მოვიდა ქალბატონი, რომელმაც იგივე მოთხოვნა წამოგვიყენა და ამ სიტყვების შემდეგ მასში ძველი ნაცნობი ამოვიცანით, რომელიც იმ ჯერზე მეხაჭაპურედ მოგვევლინა. მოგვიანებით კონდიტერი დაგჭირდა და კვლავ ის ქალბატონი მოვიდა, ოღონდ უკვე როგორც კონდიტერი...

კომპანიაში ათი თანამშრომელი გვყავს. საკუთარი ფართი შევიძინეთ ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 100 კვმ, სადაც კაფეტერიაც მოვაწყვეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი გარჯა შედეგიანი აღმოჩნდა და სამომავლოდ ზრდასა და განვითარებაზეც ვიფიქრებთ".

მის.: ყიფშიძის #9

ტელ.: 242-33-42; 243-16-00

www.delikato.ge

* * *

გზა 40 საბჭოთა სტომატოლოგიდან კლინიკების ქსელამდე 40 სტომატოლოგით

გიორგი ქოჩიაშვილი (კლინიკა "დენსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "კლინიკა 1998 წლიდან არსებობს. ექიმი ვარ და ჩემი სამედიცინო საქმიანობა უფრო ადრე დაიწყო. 90-იან წლებში, როცა დაიშალა სსრკ და საზღვრები გაიხსნა, მეტის შეცნობის სურვილი გაგვიჩნდა. ჩემი თაობის ყველა ექიმს მედიცინის საბჭოთა სკოლა გვაქვს გავლილი. ჩვენი ცოდნა საჭიროებდა მოდერნიზებას, განსაკუთრებით კი სტომატოლოგია, სადაც მუდმივად რაღაც იცვლება. თან სტომატოლოგიაში შესაძლებელია, ექიმი ინდივიდუალურად განვითარდეს და საკუთარი საქმე წამოიწყოს. ბიზნესის დაწყებისას ყველაზე ძნელი მაინც გადაწყვეტილების მიღება იყო. მაშინ სახელმწიფო სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობდი, ასე, 40 სტომატოლოგთან ერთად. ძალიან მაწუხებდა, რომ განვითარებისთვის, ახალი ტექნოლოგიების შესაძენად საჭირო იყო, ვიღაცას ზემოთ მიეღო გადაწყვეტილება, ის ვიღაც კი სულ აგვიანებდა. სწორედ ამან მიბიძგა, გამოვსულიყავი სტომატოლოგთა 40-კაციანი გუნდიდან, საკუთარი საქმე წამომეწყო და რამდენიმე კოლეგაც დავითანხმე ჩემთან მუშაობაზე. ფაქტობრივად, სამმა ადამიანმა დავიწყეთ ეს ბიზნესი. ფართი რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე შევიძინე. თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და აღარ ვფიქრობ, რომ სამედიცინო კლინიკები აუცილებლად ხალხმრავალ ადგილებში უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა ისიც, რომ 1998 წელს ამერიკაში ვიყავი პროგრამით, რომელიც სამედიცინო მომსახურების გაცნობას ისახავდა მიზნად. ექიმების ოჯახში ვცხოვრობდი და სამსახურშიც მათთან ერთად ვატარებდი მთელ დღეს. ველოსიპედი არ გამომიგონებია, უბრალოდ ვნახე, როგორ მუშაობდნენ აშშ-ში და საქართველოში გადმოვიტანე. კლინიკისთვის სამედიცინო დანადგარები ევროპიდან ჩამოვიტანეთ, რისთვისაც ძალიან დიდი შრომა გავწიეთ: ჩვენ თვითონ დავტვირთეთ ტექნიკა ავტომობილებზე და წამოვიღეთ. მაშინ აქ ვერც სამედიცინო აპარატურას იშოვიდი და ვერც მის ნაწილებს, ელექტროძრავები თვითმფრინავითაც ჩამომიტანია. ერთ-ერთი პირველი სტომატოლოგიური კლინიკა ვიყავით, ვინც ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და ერთჯერადი სამედიცინო საშუალებებით ემსახურებოდა პაციენტებს.

"დენსი" - ლათინურად კბილს ნიშნავს და ჩვენც ეს მარტივი სახელწოდება ავირჩიეთ. ლოგოზე კი დაახლოებით ორ წელიწადს ვიმუშავეთ, რათა სასურველი ფერი და დიზაინი მიგვეღო. მაშინ ამას ქვეცნობიერად ვაკეთებდი, ახლა კი ბევრი რამ გავიგე, რომ კომპანიის ლოგოსაც კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეუძლია მომხმარებელზე გავლენის მოხდენა. ამჟამად გვაქვს კლინიკების ქსელი როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, სადაც 40 სტომატოლოგი მუშაობს".

ცხელი ხაზი: 593-444-770

www.dens.ge

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში 15:10 საათზე