პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი იზრდება - კვირის პალიტრა

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი იზრდება

წარმატების ფორმულა: მარკეტინგული კამპანია + პირდაპირი ფრენები

ტურისტული სეზონი თანდათან ძალას იკრებს. სპეციალისტების შეფასებით, წლეულს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი 45%-ითაა გაზრდილი. ამას ადასტურებენ დამსვენებლებიც, რომლებმაც უკვე მოასწრეს შავიზღვისპირა კურორტებზე დასვენება. "უკვე მეშვიდე სეზონია, ურეკში ვისვენებ და იქ არასოდეს მინახავს იმდენი უკრაინელი, ბელორუსი და ბალტიისპირელი, რამდენიც ახლა. რუსებიც საკმაოდ იყვნენ", - გაკვირვებით ჰყვებოდა დამსვენებელი, რომელმაც ურეკში ერთი კვირა გაატარა.

ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს: წლეულს მარტო იანვარ-მაისში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ვიზიტიორების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. 2013 წლის ხუთ თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1 მლნ 698 ათას 146 კაცი შეადგინა. ვიზიტიორების მხრივ, 2013 წლის მაისის მონაცემებით, ზრდა 25,3%-ია. იანვარ-მაისში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტიორი თურქეთიდან ჰყავდა, შარშანდელზე 20%-ით მეტი.

ხუთ თვეში აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტიორების რაოდენობა 56%-ითაა გაზრდილი, სომხეთიდან - 55%-ით. ყველაზე მეტად კი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული სტუმრების რიცხვმა მოიმატა. როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ამბობს, წლეულს საქართველოში საკმაოდ კარგი ტურისტული სეზონი იქნება:

- ტურისტების ნაკადის მოსაზიდად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუდმივად ვაწყობთ ინფოტურებსა და პრესტურებს. ახლა იწყება მასშტაბური კამპანია რუსეთში, უკრაინასა და ლატვიაში. ამას ემატება იაფი ავიარეისები უკრაინის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა რეისი ქუთაისი-ხარკოვი, რომლის ფასიც საკმაოდ დაბალია (საშუალოდ $70), ყოველდღიური რეისი დაფრინავს კიევში, კვირაში ორჯერ - დონეცკსა და ხარკოვში. ქუთაისში ჩამოდიან თვითმფრინავები კატოვიცედან, ვარშავიდან და სხვა ქალაქებიდან. ბათუმშიც დაემატა რეისები... ამ კამპანიის შედეგად, 77%-ით არის გაზრდილი რუსი ტურისტების რაოდენობა, 76%-ით კი - უკრაინელი ტურისტებისა და ეს მხოლოდ დასაწყისია. რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან წინ მთელი ზაფხული და საშემოდგომო სეზონი გვაქვს, როცა დიდია ინტერესი ღვინის ტურიზმის მიმართ.

სავარაუდოდ, წლეულს საქართველოში ტურისტების რიცხვი, დაახლოებით, 37%-ით გაიზრდება წინა წელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 5 მილიონ 500 ათასამდე მოგზაური შემოვა. როგორც კვლევები აჩვენებს, მათგან მხოლოდ 57% იქნება ტურისტი. გაისად კი ეს რიცხვი გაიზრდება - ამას რომ ვამბობ, ვეყრდნობი კვლევებსა და სტატისტიკას, ეკონომიკურ პარამეტრებსა და წარმართული სამუშაოების შედეგებს. ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში დღეს 6,37%-ია, მაგრამ ის აუცილებლად გაიზრდება და ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი გახდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან...

ლელა ხარტიშვილი (ტურიზმის ექსპერტი): - ძალიან ბევრი მარკეტინგული ღონისძიება მოეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად და ეს შედეგებზე აისახება როგორც შავიზღვისპირეთში, ასევე სხვა კურორტებზეც, მათ შორის ბორჯომსა და ბაკურიანში. ადრე თუ ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტები გვყავდა, წლეულს ძალიან არის გაზრდილი რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. ძირითადად პატარა ჯგუფებად ან ოჯახებით ჩამოდიან. ბევრი რამ გაკეთდა უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც - იქაური ჟურნალისტების მოწვევა, ინფორმაციის გავრცელება და სხვ. ამიტომ მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა, საქართველოს კურორტებზე წლეულს ამ ქვეყნების მოქალაქეებიც ისვენებენ, რასაც ტუროპერატორებიც ადასტურებენ. შესაძლოა, ეს პირდაპირი ავიარეისებითაც არის გამოწვეული, რომლებიც ბოლო ხანებში დაინიშნა. როგორც ვიცი, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა გაცილებით ხშირი და სწრაფია, ვიდრე თბილისიდან. შესაბამისად, ტურისტს საშუალება აქვს, ნაკლებ ფასად იმოგზაუროს და ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდი ხნით დარჩეს. პირდაპირი ფრენა კი საუკეთესო კატალიზატორია ქვეყანაში ტურისტების ნაკადის გასაზრდელად.

- როგორ შეაფასებდით ინფორმაციას, რომ ხუთ თვეში საქართველოში შემოსული ვიზიტიორების რიცხვი შარშანდელზე 56%-ით მეტია?

- რამდენმა ადამიანმა გადმოლახა საზღვარი და უკან რამდენი დაბრუნდა, ეს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციაა და ტურიზმის სექტორს ზუსტად ვერ ასახავს. როგორც ყოველთვის, ამჟამადაც ტუროპერატორებისა და სასტუმროების წარმომადგენელთა მონაცემებს ვეყრდნობი, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო თვეებში ტურისტების რიცხვი შესამჩნევად არის გაზრდილი.

ხათუნა ჩიგოგიძე

რეპორტაჟი

ბათუმში "ტურისტული ამინდია"

თუმცა შტორმმა და ღელვამ დამსვენებლებს რამდენიმე დღით შეუშალა ხელი

საზაფხულო სეზონი ერთი თვის წინ გაიხსნა, ამინდი კი ბათუმში, როგორც ყოველთვის, ჭირვეულია. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები ფასებით კმაყოფილი არიან, თუმცა ამ მხრივ უკმაყოფილებას გამოთქვამენ დამსვენებლები საქართველოს რეგიონებიდან.

რამდენიმე დღე ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმი ბობოქრობდა და ტურისტები ზღვაში არ შესულან, ბათუმის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ და ბულვარში სეირნობდნენ.

ბულვარის კოლონადებთან მოსეირნე წყვილი, ვერა და არტურ ფიშუკები ყაზახეთიდან ბათუმში სამი დღის წინ ჩამოვიდნენ. ქალაქი მოეწონათ, მაგრამ უამინდობის გამო ზღვაში ბანაობა ჯერაც ვერ შეძლეს:

"სამი დღეა ბათუმში ვართ, სულ წვიმს და ცივა, მაგრამ ახლა მზიანი ამინდია და გამოვედით. გუშინ დავათვალიერეთ ბათუმი, მოვიხიბლეთ „შერატონით“ და ანბანის კოშკით. ასევე დავათვალიერეთ ხოფის უზარმაზარი ბაზრობა“, - გვითხრა ვერა ფიშუკმა.

„ჩვენს ქვეყანასთან შედარებით აქ დასვენება ძალიან იაფია. მართალია, ზოგიერთი სერვისი ჩვენს ქვეყანასთან შედარებით ძვირია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ხელმისაწვდომია სხვა ტურისტულ ქალაქებთან შედარებით“, - ამბობს არტურ ფიშუკი.

ველოსიპედების სადგომთან 56 წლის ვილი მელა არკვევს, როგორ დაიქირაოს ველოსიპედი, - ავუხსენი და თან ბათუმზე ვკითხე. როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ქართულად მომესალმა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარმოთქვა: „მე გერმანიიდან ვარ“. ვილი მელა ოჯახთან ერთად ოთხი დღის წინ ეწვია ბათუმს, ქალაქი დაათვალიერა და აჭარული ხაჭაპურიც დააგემოვნა.

„ბათუმი ძალიან მომწონს, ბევრი ლამაზი ადგილია და აქ ყოფნა სასიამოვნოა. ამინდების გამო ბანაობა ჯერ ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ, ქალაქში გავისეირნეთ და ღირსშესანიშნაობები ვნახეთ, მათ შორის ხელოვნებისა და ნობელის მუზეუმი. აჭარული ხაჭაპური ძალიან გემრიელია, თუნდაც ამის გამო ღირს აქ ჩამოსვლა. ბათუმს ისევ ვესტუმრები“, - აღნიშნა ვილი მელამ.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წლეულს ბათუმში განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ჩამოვიდა პოლონეთიდან და უკრაინიდან. ბულვარის ჯიხურში ცენტრის თანამშრომლები ტურისტებს ბათუმის რუკებს აწვდიან და რჩევებს აძლევენ. როგორც ცენტრის თანამშრომელი მაია ქაშიბაძე ამბობს, ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბვლელი ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ბათუმის ბულვარი, მუზეუმები და დელფინარიუმია.

ტურისტულ ჯიხურთან 29 წლის მარეკი არკვევს, როგორ მოინახულოს ბოტანიკური ბაღი. „ბათუმს მეორედ ვსტუმრობ. ერევნიდან ჩამოვედი, ბოტანიკოსი ვარ და ძალიან მიყვარს საქართველოს ბუნება. ახლაც მეგობრებთან ერთად ვაპირებ ბოტანიკური ბაღის მონახულებას“, - აღნიშნა მარეკმა, რომელმაც მხოლოდ სახელი გაგვიმხილა.

ბათუმში გუშინ ჩამოსული ავსტრალიელი სტივ ტაივისთვის კი ყველაზე საინტერესო სანახაობა ბათუმის სანაოსნო აღმოჩნდა. სტივი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა გვითხრა, რომ მისი 16 და 18 წლის შვილებისთვისაც საინტერესო იქნებოდა ზღვისპირა ქალაქში ვიზიტი:

„ბათუმში მიღებულ შთაბეჭდილებებს შვილებს გავუზიარებ და აქ დასვენებას ვურჩევ. დილიდან ვათვალიერებთ ქალაქს. ყველაზე მეტად თევზსაჭერი ტერიტორია მომეწონა. ძალიან შთამბეჭდავია და მეც სიამოვნებით ვითევზავებდი. რაც შეეხება სასტუმროს ფასს, ძალიან ნორმალურია“.

უცხოელ ტურისტებს ბულვარსა და ტურისტულ ჯიხურთან გავესაუბრე. მანამდე, სანაპიროზე ძებნის მიუხედავად, პლაჟზე უცხოელები ვერ ვიპოვე. მცირე შტორმია და დამსვენებლები ზღვაში არ შედიან. სიმინდისა და გამაგრილებელი სასმელების დამტარებლები ჩვეულ საქმეს განაგრძობენ. გამაფრთხილებელი შეძახილებით - „არ მიუახლოვდე ტალღას“, ფხიზლობენ მცირეწლოვანი ბავშვების დედებიც... რატომღაც, სანაპიროზე საშხაპეები სრულებით ღიაა, შემოვლებული „სამოსი“ აღარ აქვს. წყლით მარაგდება, მაგრამ დამსვენებელს ღია საშხაპეში მოუწევს წყლის გადავლება.

36 წლის ეკა გაგუჩაძე შვილებთან ერთად ქუთაისიდან ჩამოვიდა. მისი აზრით, ამინდისა და სურსათის ფასების გარდა, ყველაფერი კარგია: "ალბათ, სეზონი რომ ხანმოკლეა, ფასები მაღალი იმიტომაცაა. საკვები, გართობა, ნებისმიერი სერვისი ძვირია. ვფიქრობ, ქართველებისთვის ბათუმში დასვენება ძვირი სიამოვნებაა“.

ნათია ქავთარაძე ქუთაისიდან ბათუმში ახლობელთან ჩამოვიდა: „ძალიან ლამაზია ბათუმი, ყველაფერი კარგია, ამინდის გარდა. დღეს გამოანათა მზემ, თორემ ეს დღეები სულ წვიმდა. ახლობელთან ჩამოვედი სტუმრად. კაფეებში ძალიან სიძვირე არ არის, თუმცა მაინც მაღალია ფასები“.

რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მისი მოწყობა ქალაქში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წლევანდელი სეზონისთვის დასრულებულია ცენტრალური და ზღვისპირა ქუჩების რეაბილიტაცია, მოწესრიგებულია წყლისა და კანალიზაციის სისტემები.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი