ქეთევან ბეჟანიშვილი: "ჩვენთვის ერთი უკმაყოფილო პაციენტიც კი ზურგში ჩაცემულ ლახვარს ნიშნავს!.." - კვირის პალიტრა

ქეთევან ბეჟანიშვილი: "ჩვენთვის ერთი უკმაყოფილო პაციენტიც კი ზურგში ჩაცემულ ლახვარს ნიშნავს!.."

შესაძლოა, ბევრს ახსოვს ის დრო, როცა გადაუდებელი ქირურგიის ცენტრი  და  ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კლინიკა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელს ჰგავდა. ბოლო სამი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, - ჯერ გადაუდებელი ქირურგიის ცენტრი და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კლინიკა "სინთეზი" გასხვისდა, შემდეგ გაერთიანდა, გარემონტდა, დაემატა ახალი განყოფილებები, ახალი ტექნიკითაც აღიჭურვა… ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ახალმა მფლობელებმა  ძველი დავალიანებების დაფარვა  და ხელფასების გაცემა  დაიწყეს. ამ ყველაფრის უკან კი, როგორც გავარკვიეთ, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ორი ქალბატონი - ქეთევან ბეჟანიშვილი და ნატალია ქართველიშვილი დგას. ჟურნალი "გზა" ერთ-ერთ მათგანს, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა "სინთეზის" გენერალურ დირექტორს, ქეთევან ბეჟანიშვილს ესაუბრა.

ქეთევან ბეჟანიშვილი: მდგომარეობა კლინიკაში მართლაც ძალიან რთული დაგვხვდა, რომ არა გულისხმიერი კოლექტივი ალბათ ვერაფერს გავხდებოდით. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების, მაღალი აკადემიური დონის მქონე და გამორჩეული პროფესიონალების წინაშე, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში   ანაზღაურების გარეშეც  კი ემსახურებოდნენ  პაციენტებს. პირველ რიგში, მათი სახელფასო დავალიანებების გასტუმრება დავიწყეთ, შემდეგ კი კლინიკაში სათანადო  გარემოს შექმნაზე ვიზრუნეთ…  შესაძლოა, ამ თვალსაზრისით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვგულისხმობ კლინიკის მაღალტექნოლოგიური, სუპერთანამედროვე აპარატურით აღჭურვას, მაგრამ რაც გაკეთდა, ისიც  საკმაოდ მნიშვნელოვანია.

-ე.ი. ამ კლინიკის შეძენით აღებულმა პასუხისმგებლობამ არ შეგაშინათ?

-რაღა დაგიმალოთ და თავიდან მართლაც ძალიან შემეშინდა. ბოლოს და ბოლოს 700 000 ლარიანი დავალიანება დაგვხვდა და მეგონა, რომ ამ ვალის გადაფარვას ვერ შევძლებდით…  დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არ მიმაჩნია საამაყოდ ის, რომ  ვალის  გასასტუმრებლად საკმარისი თანხა არ გაგვაჩნდა და ბანკის კრედიტის აღება დაგვჭირდა. სასიამოვნოა, რომ ამ ფონზე წარმატებას მაინც მივაღწიეთ. მალე კლინიკის მუშაობამ მოგებაც მოიტანა, რომელიც ისევ მედიკამენტების, სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენას და აღებული კრედიტების თანდათან გადაფარვას მოხმარდა.  დღეს ჩვენთან 150  თანამშრომელი მუშაობს, რომელთა წინაშე სერიოზული პასუხისმგებლობა გვაკისრია. მათ შორის ცხრა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, შვიდი - პროფესორი, აგრეთვე, გვყავს დოქტორანტები, რეზიდენტები,  რაც   მთლიანობაში მაღალი აკადემიური  დონის მაჩვენებელია.  რასაკვირველია, მევალება ამ ადამიანებს შევუქმნა სამუშაო პირობები. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ერთი უკმაყოფილო პაციენტიც კი კლინიკის ზურგში ჩაცემული ლახვარივით იქნება...

-საინტერესოა, რა გზა გამოიარეთ მანამდე, ვიდრე ამ კლინიკას შეიძენდით?

-სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ "ქალთა კონსულტაციაში" ენდოკრინოლოგად ვმუშაობდი, შემდეგ მეოთხე  სამმართველოს  სასწრაფო დახმარების ექიმიც ვიყავი და რაღაც პერიოდში, იმავე სამმართველოს  მეორე  სამკურნალო კომბინატის  სასწრაფოს  ექიმიც, ამასთანავე პროფკავშირების  თავმჯდომარეც გახლდით. მერე  კი მე და ჩემმა პარტნიორმა, ნატა ქართველიშვილმა  შპს "ალსს-იც" (ალტერნატიული სამედიცინო სამსახურის ცენტრი) ჩამოვაყალიბეთ. ( შპს "ალსს-მა" კი 2010 წელს, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ზემოთ დასახელებული ორი კლინიკა შეიძინა). ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მთელი ცხოვრება სამედიცინო სფეროში ვმუშაობდით მეც და ქალბატონი ნატა ქართველიშვილიც.

- მაგრამ სამედიცინო საქმიანობა და მენეჯერობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. ბიზნესში წარმატების მიღწევა  არ გაგიჭირდათ?

- რასაკვირველია, სირთულეებს ყოველდღიურად ვაწყდებოდით. თავიდან, როცა კოოპერატივი შევქმენით და მედიცინის ბიზნესში საქმიანობა დავიწყეთ, წესდება ქართულ ენაზე  არც კი არსებობდა, რუსულიდან თავად ვთარგმნეთ… ( იცინის). მე და ჩემს პარტნიორს- ნატა ქართველიშვილს არ გაგვივლია არავითარი შესაბამისი  სასწავლო კურსები, სადაც ამ ბიზნესის მართვას გვასწავლიდნენ. შეიძლება ითქვას, "ხელის ცეცებით" წავედით წინ… წარმატებისკენ! ამ შემთხვევაში  ჩვენმა რისკმა და ინიციატივამ გაამართლა. შემიძლია ისიც გაგიმხილოთ, რომ თავის დროზე 4 ათასი მანეთით დავიწყეთ  ბიზნესსაქმიანობა. თავდაპირველად,  ბიზნესი კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებით დავიწყეთ, რასაც შემდეგ შპს "ალსს-ს" ჩამოყალიბება მოჰყვა, რომელიც პირველ ეტაპზე სამედიცინო  სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენდა. მაშინ ძალიან  დიდი ორგანიზაციები  დავაზღვიეთ და მათ სამედიცინო მომსახურება გავუწიეთ.  ძირითადად, სასწრაფო დახმარების მანქანებით მივდიოდით დაზღვეულებთან  და ისე ვუწევდით  სამედიცინო დახმარებას.

- და მაინც, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

- ალბათ ეს წარმატება პასუხისმგებლობის გრძნობამ განაპირობა. წინ ყოველთვის  ვაყანებთ პაციენტის ინტერესს და საკუთარ თანამშრომლებთანაც თავდადებული, პატიოსანი დამოკიდებულება გვაქვს. მათ ხშირად ვეუბნებით, - "სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ ულტრათანამედროვე აღჭურვილობით ან კლინიკის დიზაინით, მაგრამ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი თქვენდამი დამოკიდებულებით, აკადემიური კოლექტივის მაღალი დონით და მადლიერი პაციენტების კეთილგანწყობით."

R