მწვავე კონკურენციის მიუხედავად, რითეილის ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს - კვირის პალიტრა

მწვავე კონკურენციის მიუხედავად, რითეილის ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს

მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ერთგვარი შენელებისა, საცალო ვაჭრობის ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. ბაზარი დიდი ცვლილებების მოლოდინშია, რასაც ამ ბიზნესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მოასწავებს. დრომ და მოთხოვნამ მოიტანა, რომ არაორგანიზებულმა ვაჭრობამ უფრო ცივილიზებული ფორმები მიიღოს, ხოლო უბნის მაღაზიები მინიმალურ სტანდარტებს მაინც მიუახლოვდნენ. ამას ფულადი რესურსი სჭირდება - ვინც შეძლებს, დარჩება, გამოთავისუფლებულ ადგილებს კი ბრენდული სუპერმარკეტების ქსელები უმიზნებენ.

ბოლო წლებში რითეილის ბაზარზე ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა. ორიოდე წლის წინ მოწყობილი კვლევის თანახმად, მხოლოდ თბილისში დაახლოებით 3000 სურსათის სავაჭრო ობიექტი იყო. ბაზრის მხოლოდ 11% მოდიოდა სუპერმარკეტების ქსელების წილად, დანარჩენს კი ცალკეული სავაჭრო ობიექტები და არაორგანიზებული ვაჭრობა იკავებდა. მხოლოდ "პოპულის" წილად მოდიოდა სასურსათო რითეილის ბაზრის დაახლოებით 7%, რადგან მას სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელი - 45 მაღაზია ჰქონდა. "პოპულის" ფინანსურ პრობლემებს არაერთხელ შეცვლილმა მენეჯმენტმაც ვერ უშველა, რადგან მომწოდებლების წინაშე დაგროვილ დავალიანებებს ვერავინ გაართვა თავი და 2012 წლის ზაფხულში სუპერმარკეტების ქსელ „პოპულის“ 30,7%-ანი წილი 1,7 მილიონ ევროდ იყიდა სავაჭრო ქსელმა „იოლმა“. თუმცა ვითარება უკეთესობისკენ არც ამის შემდეგ შეცვლილა - "პოპულისა" და "იოლის" სუპერმარკეტების ქსელი 69 სავაჭრო ობიექტიდან 57-მდე შემცირდა. რამდენი თვის წინ კომპანიის საოპერაციო მართვა ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა SEAF-მა (შმალლ ენტერპრისე ასსისტანცე ფოუნდ) ჩაიბარა. კომპანიაში ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემები დაძლიეს, რის დასტურადაც ცოტა ხნის წინ ქუთაისში "პოპულის" ფილიალის გახსნა მოჰყავთ. ამბობენ, რომ მომწოდებლებთან სუფთა ფურცლიდან იწყებენ ურთიერთობას და რომ მათი მიზანი უბნის მაღაზიების ჩანაცვლება იქნება, სადაც ე.წ. ექსპრესფორმატის სუპერმარკეტებით შევლენ.

სანამ "პოპული" და "იოლი" ერთ ადგილს ტკეპნიდნენ, ეს დრო ხელსაყრელად გამოიყენა "ნიკორამ" და გამოთავისულებული ნიშა დაიკავა. საფირმო მაღაზიები სუპერმარკეტების მომსახურების პრინციპზე გადაიყვანა და ეს დღემდე გრძელდება. "ნიკორას" სავაჭრო ქსელი უკვე 82 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, რომელთა შორის 57 სავაჭრო ობიექტი თბილისშია, 25 მაღაზია კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კომპანიაში ამბობენ, რომ წლის ბოლომდე ობიექტების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ამავე საბაზრო სეგმენტში სურდა ადგილის დამკვიდრება "მითანას", მაგრამ ეს უკანასკნელი, ფინანსური მიზეზით, ბაზრიდან მალევე გავიდა. როგორც ამბობენ, "მითანას" მაღაზიების დახურვის მიზეზი არაეფექტიანი მენეჯმენტი გახდა. სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, რომელსაც „ვისოლი ჯგუფი“ ფლობს, 10 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ორ ნაბიჯს", რომლის მენეჯმენტს სავაჭრო ობიექტების 50-მდე გაზრდა სურს, 12 მაღაზია აქვს. ქსელის გაფართოებას თბილისის გარეუბნებსა და რეგიონებში გეგმავს უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი "ფურშეტი", რომელსაც ჯერ მხოლოდ ორი მაღაზია აქვს. "ფურშეტის" უშუალო კონკურენტი ქსელი "ფრესკოა", რომელიც ქალაქს ჩრდილოეთი გარეუბნებიდან "უტევს".

მწვავე კონკურენციაა ჰიპერმარკეტების სეგმენტშიც. ფრანგულმა ბრენდმა "კარფურმა", რომელიც საქართველოში 2012 წელს შემოვიდა, მალე მიიზიდა მომხმარებელი დაბალი ფასებით.

„კარფურის“ უშუალო კონკურენტად ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ განიხილება. მათ შორის კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილმდებარეობა - „გუდვილის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მაღაზია და „კარფური“ ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გუდვილმა“ ბაზარზე „კარფურის“ შემოსვლის შემდეგ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. საეჭვოდ დაემთხვა დროში ისიც, რომ "გუდვილი" ფინანსურად არამომგებიან ობიექტებს ხურავს. 15 ივლისიდან ვაგზლის მოედანზე, "თბილისი ცენტრალში" მდებარე "გუდვილი ცენტრალი" იხურება, მანამდე გაუქმდა "ქარვასლა გუდვილი". კომპანიაში ამბობენ, რომ "გუდვილმა" ახალი სტრატეგია შეიმუშავა და ახლო მომავალში ვაკეში "ვაკე-გუდვილის" ახალ ობიექტს გახსნის სამსართულიან შენობაში.

შემოდგომაზე, სავაჭრო და ბიზნესცენტრ "ქარვასლაში" სუპერმარკეტი "კარფური" კი კიდევ ერთი ახალი ობიექტის გახსნას აპირებს, აგრეთვე, განიხილება ობიექტის საბურთალოზე გახსნაც. კომპანიაში ამბობენ, რომ საბურთალოსთან ერთად, სავაჭრო ობიექტების განსათავსებლად კიდევ რამდენიმე ადგილი განიხილება.

ბიზნესის მომგებიანობაზე საუბრობენ მცირე მარკეტებისა და მაღაზიების წარმომადგენლებიც. მათი მოგება დიდი არ არის, მაგრამ სტაბილურია, რადგან მომხმარებელი სულ ჰყავთ. ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციის მიუხედავად, ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ადგილი მსხვილი მოთამაშეების გვერდით მაინც დარჩება.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ბაზარი დინამიკურად ვითარდებოდა და მას ზრდის პოტენციალი კიდევ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გვესმოდეს, ბევრ ქსელს პრობლემები აქვს, ზოგი შესაძლოა ვერ მუშაობდეს და სხვ. მოსახლეობაში ნელ-ნელა შემოდის სუპერმარკეტის კულტურა, უბნების მაღაზიები შესაძლოა ქსელურმა მაღაზიებმა ჩაანაცვლონ. თუმცა ბოლო დროს რამდენიმე ფირმას, მათ შორის ყველაზე საინტერესო "პოპულის" შემთხვევაა, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს. ვფიქრობ, ეს პრობლემები ხშირად უკავშირდება არა ბაზარზე მომხმარებლის შემცირებას, არამედ არასწორ მენეჯმენტსა და მართვას, რამაც ეს კომპანიები კრიზისამდე მიიყვანა. ლაპარაკია ფინანსური ნაკადების მოძრაობის მართვაზე, სერვისის მენეჯმენტზე და სხვ. კონკურენცია აქ საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, "კარფურის" შემოსვლის შემდეგ, თუმცა ახალი კომპანიების შემოსვლის პოტენციალი კიდევ არსებობს.

რამდენიმე ფირმა თავის ქსელს გარეუბნებში ავითარებს, ზოგიერთი კომპანია რეგიონებში ქსელის გატანაზე დაფიქრდა. სერიოზული მოთამაშე რამდენიმეა: "კარფური", "გუდვილი", "სმარტი", "ფრესკო", "ორი ნაბიჯი", "პოპული". სუპარმარკეტების კლიენტებს ეს კომპანიები ინაწილებენ. რაც უფრო გაძლიერდება კონკურენცია, ახლანდელი მარჟები კიდევ დაბლა დაიწევს. დღეს ისინი დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებშია. ერთადერთი "კარფური" მუშაობს ამ ნაწილში სხვა, საკუთარი სტანდარტებით, რომელიც მიმწოდებლებისთვის არცთუ ხელსაყრელია და დაბალი ფასები ძირითადად მათ ხარჯზეა მიღწეული.

"გუდვილი" ქართულ პროდუქციაზე, მაღალ ხარისხსა და სერვისზე ორიენტირებული ქსელია, სადაც არის დადგენილი სტანდარტები და თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ამ თვალსაზრისით მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ქსელის კიდევ უფრო განვითარებისთვის. რაც შეეხება "კარფურს", ის ფასებზეა ფოკუსირებული. შემოსვლისას მას ჰქონდა ორ-სამთვიანი პიკი, როცა ძალიან ბევრი ხალხი მიაწყდა. მართალია, იქ ფასები კარგია, მაგრამ არის სერვისისა და სხვა ხარვეზები (ანოტაციები არ არის ქართულად, ფასდაკლების ფასი ჩეკებში აღწერილ ფასზე არ აისახება და სხვ. საკმაოდ ბევრი პრეტენზია აქვს მომხმარებელს). გარდა ამისა, მიმწოდებლებისთვის ძნელია იქ დიდხანს ყოფნა, რადგან სპექციფიკური ნორმები და პირობები უნდა დააკმაყოფილონ.

უბნის მაღაზიებს აქვთ პოტენციალი, რა მიმართულებითაც მუშაობს "ორი ნაბიჯი". გარეუბნების ათვისებას აპირებს "ფრესკო". ისინი მომხმარებელთან უფრო ახლოს უნდა მივიდნენ. "სმარტი" უფრო ბრენდირებულ პროდუქციაზეა ორიენტირებული. ჩვენ მოვაწყვეთ გამოკვლევა და "სმარტი" არაქართულ პროდუქციაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ქსელად დაასახელეს, რადგან მას აქვს ამბიცია, ჰქონდეს ექსკლუზიური პროდუქტი და ქართულ პროდუქციას დიდად არ სწყალობს. თუ ასე განაგრძობენ, ცოტა გართულდება "სმარტის" პერსპექტივა, რადგან ბოლო დროს ქართული პროდუქციის მიმართ ლოიალურობა საკმაოდ აქტუალურია. მარკეტები, რომლებიც ქართულ პროდუქტებზე გააკეთებენ მეტ აქცენტს, ლოიალურ მომხმარებელს მოიხვეჭენ. "კარფურმაც" კი მიმართა ამ პოლიტიკას და რამდენიმე დღეა, ქართულ პროდუქციაზე აქცია მიმდინარეობს.

ერთადერთი, ვისაც საკმაოდ ფართო ქსელი აქვს ქვეყნის მასშტაბით, "პოპულია", მაგრამ ის ვერ ახერხებს მის ეფექტურად გამოყენებას: ან რებრენდინგი უნდა გააკეთონ, ან სოლიდური ინვესტიცია ჩადონ. ძალიან ცუდი სახელი აქვთ, დავალიანებების დიდი პრობლემის გამო. აქტივი, რომელიც მათ ქსელის სახით აქვთ, რეალურად უნდა გამოიყენონ. მოიგებს ის, ვინც მომხმარებელს ფასისა და ხარისხის ყველაზე ხელსაყრელ კომბინაციას შესთავაზებს. ეს იქნება ბიძგი უბნის მაღაზიებისთვის, რომ უფრო "თავმოყვარე" მარკეტები გახდნენ.

რომ დავყოთ, არსებობს "ა", "ბ" კლასის სუპერმარკეტები, "გ" და "დ" კლასი შეგვიძლია დავარქვათ უბნის მაღაზიებს, სადაც არცთუ სახარბიელოა შენახვის, პროდუქციის განთავსების პირობები, გარეგნული მხარე და ა.შ. ვინც ამ სეგმენტში შევა და მოაწყობს გარემოს, დაიცავს შენახვის პირობებს, სერვისს გააუმჯობესებს - ის მაღაზიები გადარჩებიან. დარწმუნებული ვარ, ამ სეგმენტში ბრენდებიც შევლენ. თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, არაფერს ვამბობ დასავლეთ ევროპაზე, არის საკმაოდ მსხვილი ბრენდები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმარკეტები, ამ ჰიპერმარკეტებს კი აქვთ ქვებრენდები და ისინი თავიანთი მაღაზიებით თითქმის ყველა უბანს მოიცავენ. იმავე "კარფურს" ძალიან ბევრ ქვეყანაში ქალაქგარეთ აქვს ობიექტები, უბნებში შეჭრილია, როგორც "კარფურ ექსპრესის" ბრენდი. იგივე შესაძლოა სამომავლოდ ააწყონ ისეთმა მსხვილმა ქსელებმა, რომლებიც დღეს რამდენიმე ობიექტით არიან წარმოდგენილი და კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობენ".

გიორგი აბაშიშვილი (ილიაუნი ბიზნესრევიუს მკვლევარი): "სხვადასხვა ტიპის ობიექტები ცდილობენ სუპერმარკეტების ნიშაზე ადგილის პოვნას. მაგალითად, "ნიკორა" თავდაპირველად ხორცპროდუქტების მაღაზიად ითვლებოდა, თუმცა ნელ-ნელა სუპერმარკეტების ქსელის ფუნქცია შეიძინა და პრეტენზია აქვს, ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშედ განიხილებოდეს ქსელური მარკეტების ბაზარზე. აქ ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "კარფურის" შემოსვლა იყო. კარგად იყო გათვლილი მომხმარებლის ეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი აქცენტი მაქსიმალურად დაბალი ფასების პოლიტიკაზე გაკეთდა. ამის შემდეგ "გუდვილის" შემოსავლები, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდა. "სმარტს" ბაზარზე საინტერესო ნიშა უჭირავს, ის აქცენტირებული იყო ძირითად მაგისტრალებზე, შემდეგ კი ქალაქში ქსელის გაფართოების ამბიცია გაუჩნდა. "კარფური" არ აპირებს ერთ დიდ ჰიპერმარკეტზე გაჩერებას და დაანონსებული აქვს თბილისში ფართო ქსელის შექმნა, რაც რისკს ქმნის მათ შორის "იოლისთვის", "პოპულისთვის", "გუდვილის" ზოგი სუპერმარკეტისთვისაც, რადგან ახლა "კარფურში" წასვლისგან ბევრი შესაძლოა იმის გამო იკავებდეს თავს, რომ ადგილმდებარეობით არ არის მოსახერხებელი.

რაც შეეხება "ფრესკოს", "ორ ნაბიჯს", "ფურშეტს", მათაც ჰყავთ თავიანთი მომხმარებელი, მაგრამ მთავარ მოთამაშეებთან ერთად მათი განხილვა მთლად გამართლებულად არ მიმაჩნია. ჩვენს კვლევებში, მაგალითად, გამოჩნდა, რომ "ფურშეტს" ძალიან დაბალი ფასები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დიდი ბრენდირებული მაღაზიების უშუალო კონკურენტები არიან. მათ უფრო მცირე ნიშა უკავიათ და მათგან უფრო მეტად უბნების პატარ-პატარა მაღაზიების ჩანაცვლებაა მოსალოდნელი.

სურსათზე მოთხოვნა არის ყველგან და ყოველთვის. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა მაღაზიის თუ სუპერმარკეტის გახსნა არ ნიშნავს, რომ ისინი მოგების ერთსა და იმავე ნიშაზე მუშაობენ. ხშირად ხდება, რომ გვერდიგვერდ მაღაზიის გახსნა შემოსავლის გაყოფას იწვევს. ანუ მომხმარებლის რაოდენობა ან მისი მსყიდველობითი უნარი კი არ იზრდება, არამედ არსებული მომხმარებლები გადანაწილდება.

ადამიანების უდიდესი ნაწილი ყოველდღიურ შესყიდვებზეა ორიენტირებული, ამიტომაც აქვს ასეთი დატვირთვა უბნის მაღაზიებს. მაგრამ მათაც მოუწევთ დროისთვის მხარის აბმა, ანდა მათ ნიშას სხვა დაიკავებს. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პრობლემაა უბნის მაღაზიებში პლასტიკური ბარათების გამოყენება. დღეს ეს ძალიან აქტუალური არ არის, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გახდება. შესაბამისად, ან იქნება ასეთი მინიმალური სტანდარტები უბნის მაღაზიებში, ან მათ პოზიციების დათმობა მოუწევთ".