"ყვავილების ბაღი" ინტერნეტში
15-07-2013
"ყვავილების ბაღი" ინტერნეტში
ბიზნესის დაწყება საწყისი კაპიტალის გარეშეც თურმე შესაძლებელია - ოღონდ როცა გაქვს ცოდნა და გამოცდილება განსაზღვრულ სფეროში. გადაცემა "ბიზნესფაილმა" მსმენელსა და მაყურებელს ორი საყურადღებო ბიზნესისტორია უამბო, რომელთა შესახებაც მეწარმეები თავად მოგვითხრობენ.

დღეს საქართველოში შესაძლებელია დეკორატიული ან სამკურნალო მცენარის, მისი ნერგის ან ბოლქვის ინტერნეტით დაკვეთა და კურიერის დახმარებით მითითებულ მისამართზე მიღება. ახლა ეს ბიზნესი გამართულია და მფლობელს განვითარების პერსპექტივაც აქვს, მაგრამ იყო დრო, როცა საქმის კეთება, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო...

მარიამ ზედგინიძე (ინტერნეტმაღაზია
"გრინგარდენის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი):
"16 წელი არასამთავრობო სექტორში, სოფლის მეურნეობის მრჩეველ-კონსულტანტად ვმუშაობდი. საქართველოს ყველა რეგიონში დავდიოდი, ვხვდებოდი გლეხებს, ფერმერებს. იმ წლებში ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკად იქცა, სხვა სიტყვებით, გამოცდილება მივიღე. ცოცხალი მაგალითებით ვხედავდი სხვათა წარმატება-წარუმატებლობას, შეცდომებსა თუ გონივრულ გადაწყვეტილებებს.

ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლებიც რეგიონებში
წარმატებით საქმიანობენ. მაგალითად, კახეთში, წლების წინ ადამიანს ხეხილის ნერგები გამოჰყავდა. შემდეგ, როცა მოთხოვნა დაეცა და მოგება აღარ რჩებოდა, მან ბაზარი შეაფასა და მოთხოვნას აუწყო ფეხი - დეკორატიული მცენარეების მოშენება და გამრავლება დაიწყო.
ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ რეგიონებში სიარული აღარ იყო ჩემი საქმე, ასაკიც აღარ მიწყობდა ხელს და მზად ვიყავი, საკუთარი საქმე წამომეწყო. ბაზარი შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ დეკორატიულ მემცენარეობაში რამდენიმე მსხვილი კომპანია მუშაობს. მივხვდი, ჩემი რესურსით კონკურენციას ვერ გავწევდი და ბაზარზე სხვა ნიშა უნდა დამეკავებინა. ოცი წელია კომპიუტერულ პროგრამებს ვფლობ, მაქვს ცოდნა მემცენარეობაში, მიწის მიმართ ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია - ეს ყველაფერი რომ შევაჯამე, ჩემს სახსრებს თვალი გადავავლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სტაციონარულ მაღაზიას ვერ შევწვდებოდი. ამიტომ დეკორატიული მცენარეების ინტერნეტმაღაზიის გახსნა გადავწყვიტე. საწყის კაპიტალს, რითაც ბიზნესი დავიწყე, ვერ დაგისახელებთ, რადგან ის არც მქონია. პირველი პროდუქტი, რომელიც მაღაზიაში განვათავსე, ჩემი ადრინდელი საქმიანობისას გაცნობილი ფერმერებისგან მოვიზიდე.

დასაწყისი ყოველთვის რთულია, პირველ ორ წელიწადს უნდა გაძლო. მოგებაზე ზედმეტია ლაპარაკი, აქ ლაპარაკია გადარჩენაზე, არსებობაზე, ბაზარზე დარჩენაზე. გავუძელით, გადავრჩით და დღეს უკვე ლოიალური მომხმარებლებიც გვყავს. თავიდან ცოტა უნდობლობაც იყო - ეჭვობდნენ, ნამდვილად იმ პროდუქტს მიიღებდნენ თუ არა, რაც საიტზე იყო განთავსებული; რომ ნამდვილად მითითებულ მისამართზე მივიტანდით და სხვ. ნდობის მოპოვებას ექვსი თვე მაინც დასჭირდა და მადლიერი ვარ ჩემი პირველი მომხმარებლების, ვინც ჩვენ მაშინ გვენდო და დღემდე ჩვენთან არის.

"გააშენე მშვენიერი ბაღი შენს მიწაზე!" - ჩვენი კომპანიის სლოგანია. ვირტუალურად ვიღებთ დაკვეთას და პროდუქცია ადგილზე მიგვაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ, შეგვიძლია პროდუქცია ნებისმიერ მსურველს მივაწოდოთ. გარდა მცენარეებისა, გვაქვს მცენარეთა მოვლის, დაცვის საშუალებები და მებაღის იარაღები. მებაღეობის სპეციფიკაა, რომ მომხმარებელი შენი ერთგული რჩება. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და მის მფლობელს მუდმივად სჭირდება შენი თანადგომა, რჩევა, მხარდაჭერა.

თბილისში კერძო სახლი მაქვს, მცირე მიწის ნაკვეთით, სადაც შემიძლია დავასაწყობო და ადგილზე გამოვიყვანო მცენარეები. მცენარეების შესაძენად და დასათვალიერებლად სახლშიც მაკითხავენ. რამდენიმე ახალგაზრდა სტუდენტი კურიერად დავასაქმეთ და მათ მებაღეობასაც ვასწავლით. რვა ადამიანი ვართ ამ ბიზნესში ჩართული და საქმეს ვეღარ ვწვდებით, რაც ნიშნავს, რომ ვვითარდებით. სექტემბრიდან დავამატებთ ახალ სერვისს - ყვავილების მოვლას. როცა ადამიანს ან ორგანიზაციას ბევრი მცენარე აქვს ბაღში თუ აივანზე, დროდადრო მებაღის მომსახურება სჭირდება.

საქართველოში ისეთი ჰავაა, რომ დეკორატიული მცენარეების, ყვავილების ბიზნესი ფართოდ შეიძლება გაიშალოს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გაშენდეს კალის (ბაღის ფრთათეთრა) პლანტაციები, რით ვართ ბრაზილიაზე ნაკლები. მაგრამ საამისოდ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა არსებობდეს. გაგიკვირდებათ და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ დეკორატიული მცენარეები მათ არ ეხებათ. ასეთი პროექტების განხორციელება კი მეწარმეების ძალებს აღემატება".

მის.: წყნეთის ქუჩა #37
www.greengarden.ge
ტელ.: 599-546-617



* * *

როგორ ვაქციოთ საყვარელი საქმე ბიზნესად

ბიზნესის კეთებას ასაკი არ აქვს - ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა სილამაზის ცენტრ "ბონიტას" დამფუძნებელმა, რომელიც 27 წლის ასაკში უკვე შემდგარი ბიზნესმენია. პროფესიით იურისტმა კოსმეტოლოგიისა და მაკიაჟის ხელოვნების შესწავლა გადაწყვიტა, შემდეგ კი საკუთარი სილამაზის ცენტრი გახსნა.

ნათია ზანდარაშვილი (სილამაზის ცენტრ "ბონიტას" ხელმძღვანელი და დამფუძნებელი):
"ბავშვობიდან მაინტერესებდა სახის მოვლა და მაკიაჟის საშუალებები. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე თუ არა, მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ჩემს მეგობრებს ვუკეთებდი წარბებს, ვიზაჟს. სტუდენტობისას გოგონები ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვიღებავდი თვალს, ან რომელ სალონში დავდიოდი წარბის გასაკეთებლად, არადა, ეს ჩემი შემოქმედება გახლდათ. მივხვდი, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა და თან ძალიან მომწონდა. ტრანსპორტში ან ქუჩაში ხალხს ვაკვირდებოდი, რას შევცვლიდი მათ გარეგნობაში, როგორი ვარცხნილობა ან ვიზაჟი მოუხდებოდათ... ლექტორებსაც ასე ვუცქერდი და მათი გარეგნობის შეცვლის დიდი სურვილი მქონდა, ისე მაღიზიანებდა მათი მოუვლელი წარბის სისქე, რომ ლექციას არც ვუსმენდი. ჩემი მშობლები პეტერბურგში ცხოვრობენ და როცა ამ საქმის კვალიფიციურად შესწავლა გადავწყვიტე, მათთან გავემგზავრე. ვიზაჟისტობა ვარჩიე და წარმატებით დავამთავრე საერთაშორისო აკადემია. სწავლისას მიზნად დავისახე, ჩემი სალონი მქონოდა, მაგრამ მანამდე გამოცდილება იყო საჭირო. ჩვენს ოჯახს კი ამ ბიზნესში სოლიდური გამოცდილება აქვს. 15 წელია, მამიდაჩემს სილამაზის სალონი აქვს პეტერბურგში. შემეძლო ბიზნესის იქ წამოწყება, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ვარჩიე.

თავიდან მეგონა, ყველაფერს ადვილად გავაკეთებდი, რადგან მქონდა მიზანი და ჩემი საქმე ვიცოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბაზარი გაჯერებულია, თითქოს რა უნდა შესთავაზო ახალი მომხმარებელს. მაგრამ თუ არის ხარისხი და პროფესიონალიზმი, მასთან ერთად კი სასიამოვნო გარემო, ყველაფერი გამოვა. ფინანსურად მშობლები ამომიდგნენ და მაიმედებდნენ, რომ საქმე ფეხზე დადგებოდა. უნდა გამეცნობიერებინა, რომ ამ დახმარების შემდეგ მარტო დავრჩებოდი და ბიზნესს დამოუკიდებლად უნდა გავძღოლოდი. სალონისთვის ფართს რვა თვე ვეძებდი. დიზაინერის აყვანა არ შემეძლო, რადგან ბევრი სხვა ხარჯი უნდა დამეფარა. თავად ბევრს დავდიოდი, სალონისთვის ვეძებდი ინვენტარს, ავეჯს, აქსესუარებს. ფართი რომ დავიკავე, ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო. სახელი მე შევურჩიე, მინდოდა, ჩემთვის ძალიან ახლობელიც ყოფილიყო და ჟღერადიც. 4 წლის გოგონა მყავს, ნიტა, ბონიტა კი ესპანურად სილამაზეს ნიშნავს...

დღეს ამ ბიზნესის დასაწყებად მინიმალური თანხა $50 ათასია. თუ მაღალი ხარისხის მომსახურება გინდა, ჰიგიენის ნორმები სრულად უნდა დაიცვა, თმიდანაც კი შესაძლებელია ზოგი დაავადების გავრცელება, სავარცხლებსაც კი სტერილიზაციას ვუკეთებთ. მახსოვს, პირველ დღეს როგორ ვნერვიულობდი, მეგონა, არავინ შემოვიდოდა, მაგრამ მომხმარებელი პირველივე დღეს აქტიურობდა. ამჟამად შვიდნი ვმუშაობთ, ჩემი ჩათვლით. კარგი იქნებოდა კომუნალური გადასახადების გადახედვა ჩვენი მასშტაბის ბიზნესისთვის, რადგან ის ძალიან მძიმე ტვირთია".

მის.: პეკინის გამზირი #15
ტელ.: 243-20-00; 555-928-928


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.
გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით