ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა

ჟიურიმ 265 წიგნიდან 60 ფინალისტი დაასახელა

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია! კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა და „საბას“ ჟიურიმ დაასახელა ფინალისტები - ე.წ. შორთლისტები, სადაც პრემიაზე წარდგენილი 265 წიგნიდან მხოლოდ 60 მოხვდა.

ამით „საბას“ წინასაკონკურსო ციებ-ცხელება მთავარ ფაზაში გადავიდა, ვინაიდან სექტემბერში სწორედ ამ 60 ფინალისტიდან დასახელდება გამარჯვებულები - ისინი, ვინც საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული ჯილდოს და, მასთან ერთად, თიბისი ბანკის მიერ დაწესებული ფულადი პრემიების მფლობელები გახდებიან.

“საბას” რიგით მე-11 საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს. საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

წლევანდელი „საბას“ ფინალისტების სია უკვე განთავსდა „საბას“ ვებ-გვერდზე www.saba.com.ge. მკითხველს უკვე შეუძლია მისი გაცნობა და ფავორიტი კონკურსანტების არჩევა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს გამოცემული ყველა ორიგინალური ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.

R