თხილის წლევანდელ ფასებსაც თურქეთის ბაზარი უკარნახებს - კვირის პალიტრა

თხილის წლევანდელ ფასებსაც თურქეთის ბაზარი უკარნახებს

მოსავალი კარგი ჩანს, ფასები ჯერჯერობით უცნობია

თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და საექსპორტო ათეულშიც აქვს ადგილი დამკვიდრებული. 2012 წელს საქართველოდან ექსპორტით $15 მილიონის თხილი გავიდა. ის ევროკავშირისა თუ აზიის ბაზრებზე იყიდება. როგორც სამეგრელოსა და გურიაში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, წლეულს თხილის ძალიან კარგ მოსავალს ელოდებიან: სპეციალისტთა ვარაუდით, შარშანდელზე 15 ათასი ტონით მეტი, ანუ რეკორდული მოცულობა დაიკრიფება. შარშანდელი მოსავალი სულ 24,7 ათასი ტონა იყო, ხოლო 2011 წელს მოწეული 31,1 ათასი ტონა ჯერჯერობით ბოლო წლების რეკორდად რჩება.

ხარისხითა და გემოთი ქართული თხილი ერთ-ერთი საუკეთესოა საერთაშორისო ბაზარზე და წლევანდელი მოსავლის მოწევის შემდეგ, თხილის კომპანიები რუსეთის ბაზარზეც აპირებენ დაბრუნებას. 1 კგ თხილის შესასყიდი ფასი შარშან 3,20-3,30 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2006-2007 წლებში 6 ლარი ღირდა. წლევანდელი შესასყიდი ფასის წინასწარი ვარაუდისგან კი ყველა თავს იკავებს, რადგან მსოფლიო ბაზარს ფასებს უმსხვილესი მწარმოებელი, თურქეთი კარნახობს და იქ შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული, რამდენი იქნება სხვა ქვეყნებში კონკრეტულ სეზონზე თხილის შესასყიდი თუ გასაყიდი ფასები.

თამარ რაზმაძე ("ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): - რამდენიმე სექტორი შევარჩიეთ მაღალი საექსპორტო და ეკონომიკური პოტენციალით. ერთ-ერთი თხილის წარმოებაა. პროექტს USAID-ი აფინანსებს, ვცდილობთ, თხილის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ - თხილის მოყვანით დაწყებული, საექსპორტო ბაზრების მოძიებით დამთავრებული.

საქართველო თხილის ექსპორტის მიხედვით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში. 2012 წლის მონაცემებით, თხილის ექსპორტის 74% თურქეთზე მოდიოდა, 7% - იტალიაზე, 6% კი საქართველოზე. არის კარგი შანსი, წლეულს ჩვენი მაჩვენებელი გაუმჯობესდეს და იტალიასაც გავუსწროთ. იმპორტიორ ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობს. იქ მძლავრი საკონდიტრო წარმოებაა, თხილს ძირითადად სწორედ საკონდიტრო ნაწარმის, შოკოლადისა და კანფეტის წარმოებაში იყენებენ. შარშან თხილის იმპორტის 26% მოდიოდა გერმანიაზე, სადაც ძირითადად დარჩეული და გამომშრალი თხილი აინტერესებთ. გერმანიის შემდეგ იტალია მოდის, რომელიც არა მარტო მსხვილი ექსპორტიორია, არამედ "წონიანი" იმპორტიორიც.

ბეგლარ სიორიძე ("თხილის საექსპორტო კომპანიის" დამფუძნებელი): - სეზონის დასაწყებად ვემზადებით, დაახლოებით ორ კვირაში თხილის შესყიდვას დავიწყებთ. თხილს ფერმერებისა და გლეხებისაგან ვყიდულობთ და შემდეგ ვამუშავებთ. პროდუქცია ძირითადად ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, ყველაზე მეტი - იტალიაში, იქ ქართული თხილი ძალიან მოსწონთ. შარშანდელი სეზონით კმაყოფილი არ ვართ, წლეულს კი მოსავალიც უკეთესია, მთავრობამაც იაფი კრედიტები გამოგვიყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკეთესი სეზონი გვექნება.

ამ ბიზნესში ჩვენი უმთავრესი კონკურენტი თურქეთია. იქაურ თხილს მსოფლიო ბაზრების დიდი ნაწილი უჭირავს, თანაც მათი თხილი 20-25 ცენტით ძვირი ღირს ქართულთან შედარებით. ამიტომ თურქულ თხილზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი თხილის ფასი. წარმოიდგინეთ, ისეთი დიდი ეკონომიკაც კი, როგორიც ამერიკისაა, თურქეთზეა მიბმული თხილის ფასის საკითხში. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, რუსულ ბაზარზეც ვაპირებთ შესვლას და იმედი გვაქვს, ჩვენს მდგომარეობას ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

ალექსი ანტონიუკი ("ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" თხილის საწარმოო მიმართულების მენეჯერი სამეგრელოს რეგიონში): - თხილის მოსავლის 75-80% საქართველოდან ევროპაში გადის. ქართული თხილის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, გადის აგრეთვე ჩეხეთში, ბალტიისპირეთში, ესპანეთში და სხვ. არსებობს აზიის ქვეყნების ბაზარიც: თურქმენეთი, ყაზახეთი, ერაყი და არაბული ქვეყნები. სხვათა შორის, ჩინეთსაც დიდი რაოდენობით გააქვს საქართველოდან თხილი.

ჩვენი თხილის 90% უცხოეთში გარჩეული გადის. ქართულ თხილს ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს, მაღალია ცხიმიანობის მაჩვენებელი, რაც ნაყოფს უნიკალურ გემოს აძლევს. თუმცა სამწუხაროა, რომ ქართველი გლეხები მოძველებული მეთოდებით უვლიან თხილს. დაახლოებით 2500 ადამიანი გვყავდა მოწვეული ტრენინგებზე, სადაც უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან, როგორ მოიყვანოს ფერმერმა ხარისხიანი თხილი. ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ თხილი ისეთი მცენარეა, რომელსაც მოვლა არ უნდა. ამიტომ კატასტროფული შედეგებიც გვქონდა თხილის ბაღებში. ბევრმა ფერმერმა დაიწყო თხილის გასხვლა, სასუქის შეტანა, გამოხშირვა, ბაღებში სადრენაჟო სისტემების გაყვანა. კარგად მოვლა თხილსაც სჭირდება, ჩვენი აგრონომები მიდიან და ურჩევენ გლეხებს, რა სასუქები გამოიყენონ, როგორ მოუარონ, გააშრონ მოწეული მოსავალი. იმედი გვაქვს, 4-5 წელიწადში ქართული თხილი თურქულ ექსტრაკლასს მიუახლოვდება.

- რით ჯობს თურქული თხილი ქართულს?

- თურქული თხილი უფრო ლამაზია, როცა გატყდება და მოიხალება, მაგრამ გემოს გასინჯვისას ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართული თხილი ბევრად უკეთესია. ოღონდ მას შესაბამისი რეკლამა არ აქვს და ამ მიმართულებითაც ვცდილობთ ვითარების შეცვლას. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება და ქართული კომპანიებისთვის ნორმალური პირობები შეიქმნება, ეს მისასალმებელი იქნება. სხვა რომ არაფერი, სად ჰონკონგში ან ჩინეთში პროდუქციის წაღება და სად რუსეთში. ფაქტია, რომ თხილის წარმოება პერსპექტიული საქმეა, რომელსაც გონივრული ხელშეწყობა სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე