"ბიზნესტური" ტურისტულ ბიზნესში
22-07-2013
"ბიზნესტური" ტურისტულ ბიზნესში
ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტიორების ზრდასთან ერთად, ტურისტული ბიზნესიც ვითარდება. იმატებს საქართველოდან უცხოეთში დასასვენებლად გამგზავრების მსურველთა რაოდენობაც. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი შესაბამისი სერვისია საჭირო, რასაც ტურისტული სააგენტოები უნდა აკმაყოფილებდნენ. გადაცემა "ბიზნესფაილმა" მსმენელსა და მაყურებელს ერთი ტურისტული კომპანიის შექმნის ბიზნესისტორია გააცნო, რომელიც, შესაძლოა, ვიღაცისთვის ბიზნესის დაწყების სტიმულიც გახდეს.

ლია გუგუშვილი (ტურისტული კომპანია "სიჯი ტურის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): "პროფესიით ქიმიკოსი ვარ. როცა საკუთარ ბიზნესზე ფიქრი დავიწყე, უკვე ექვსი შვილი მყავდა. იყო ეტაპი
ჩემს ცხოვრებაში, როცა ოჯახის რჩენის მთელი ტვირთი დამაწვა. ახლობელმა მირჩია, ტურისტულ სექტორში მეცადა ბედი, ექვსი წლის წინ ეს ბიზნესი ის-ის იყო ძალებს იკრებდა. პირველ რიგში, ტურიზმის შესწავლა დავიწყე. რამდენიმე კომპანიაში გავიარე პრაქტიკა, ალღო სწრაფად ავუღე და გადავწყვიტე, ჩემი კომპანია დამეფუძნებინა. მანამდე არანაირი სამუშაო გამოცდილება არ
მქონია, რეპეტიტორობას თუ არ ჩავთვლით, როცა ბავშვებს ვამზადებდი რუსულ ენაში. სასტარტო თანხა მეგობარმა მომცა, რომელმაც ამ საქმეში პოტენციალი დაინახა და თანხა ყოველგვარი დამატებითი სარგოს გარეშე გადმომცა. 5 ათასი დოლარი იყო, თუმცა თავიდან ამდენიც არ დამჭირვებია. ბიზნესი ერთი კომპიუტერითა და ერთი მაგიდით დავიწყეთ. საქმიანობის დასაწყებად სულაც არ არის აუცილებელი ძალიან დიდი თანხა. შესაძლოა მცირე რისკზეც წახვიდე, ოღონდ გონივრული რისკი უნდა იყოს. უნდა გრძნობდე, რომ ეს შენი საქმეა და მისი კეთება გსურს, ისიც უნდა გესმოდეს, რომ ბიზნესი ერთ-ორ დღეში არ გამოვა.

დიდი სასტარტო კაპიტალი არ ნიშნავს წარმატებული ბიზნესის შექმნას. როცა ვიწყებდით, სხვა ტურისტული სააგენტოების ოფისებთან შედარებით, ჩვენი ოფისი მეტად მოკრძალებულად გამოიყურებოდა, მაგრამ ტურისტები მაინც მოდიოდნენ, გვენდობოდნენ და მათი ნდობა გავამართლეთ. დღეს ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც აქვს აკრედიტაცია ჩეხეთის საკონსულოში, გვაქვს პროდუქტი, რომელიც სხვა ტურფირმებს არ აქვთ. ჩვენი პირველი ტურისტები თავად კი არ გვიკავშირდებოდნენ, იქით ვუკავშირდებოდით და ტურებს ვთავაზობდით. მახსოვს, პირველი ავიაბილეთი ტელ-ავივის მიმართულებით გამოვწერე და ამაში ტურისტი აქეთ დამეხმარა. ელექტრონული ფოსტით ვაგზავნიდით შეთავაზებებს უკრაინის ტურისტულ სააგენტოებში. მონდომებამ შედეგი გამოიღო, წერილებს გამოხმაურება მოჰყვა და უკრაინიდან ტურისტების 40-კაციანი ჯგუფი გამოგვიგზავნეს. ჩვენ თვითონ ვამყარებდით ამ კონტაქტებს. თავიდანვე რომ გვქონოდა კავშირები, ალბათ უფრო მალე ავაწყობდით ბიზნესს, ამიტომ საქმის გასამართავად ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა. სამაგიეროდ, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ, ამას მეტი ცოდნა, მეტი გამოცდილება მოაქვს. როცა მეტს იბრძვი რამის მოსაპოვებლად, შემდეგ ის მონაპოვარი უფრო მყარია.

ბევრი მეგობარი და ახლობელი მეუბნებოდა, რომ ჩემი ბიზნესწარმატება დიდწილად იღბლის დამსახურება იყო. თავიდან ცოტა ვაპროტესტებდი ასეთ შეფასებას, მაგრამ შემდეგ რომ დავფიქრდი და გავაანალიზე განვლილი გზა, შემიძლია ვთქვა, რომ იღბალი ჩემი საქმის წარმატებაში ნამდვილად ურევია.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ამოვიკითხე ასეთი ფრაზა: იმუშავე ისე, თითქოს შენ ფული საერთოდ არ გჭირდებოდეს. ბიზნესის კეთებისას ასეთი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ტურისტის სურვილია, მოგზაურობა იდეალურად დაუგეგმო. შენ შესაძლოა ამას დღეში ასჯერ აკეთებდე, მისთვის კი ეს ერთი, დაუვიწყარი მოგზაურობა უნდა იყოს. მხოლოდ წლეულს ევროპაში 300 ტურისტი გავუშვით. ეს არცთუ ადვილია, რადგან ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

ექვსი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონდა. ერთხელ, ბოლომდე დავყევი კლიენტის სურვილებს, იმის მიუხედავად, რომ სხვაგვარად ვფიქრობდი. საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდა. ევროპის ტურსა და მაღალი დონის სასტუმროს ვურჩევდი, არ დამიჯერა და მოგზაურობით უკმაყოფილო დარჩა.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ჩვენი მასშტაბის ბიზნესი ნაკლებად დაიბეგრება, მაგრამ თუ მოინდომებ, ამ პირობებშიც შესაძლებელია საქმის წარმართვა. ერთხელ სადღაც ყური მოვკარი, რომ ბიზნესით დაკავებული მრავალშვილიანი დედები გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ათი შვილი უნდა მყოლოდა, საგადასახადო შეღავათები რომ მიმეღო. ბიზნესის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.

დღეს შტატში ათი თანამშრომელი გვყავს. მომხმარებელს ბევრ საინტერესო ტურს ვთავაზობთ ევროპის ქვეყნებში, ძალიან მისაღებ ფასად. არ გვაქვს დაწესებული მომსახურებისთვის მაღალი გასამრჯელო, კარგად ვიცით ავიახაზების წესები, შეგვიძლია შევარჩიოთ ყველაზე მისაღები ავიამარშრუტი, გვაქვს ხანგრძლივი ურთიერთობა სასტუმროებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან. როგორც მუდმივ მომხმარებლებს, ისინი ფასებს გვიკლებენ, ბონუსებს გვთავაზობენ - საბოლოოდ ეს ყველაფერი მაღალ ხარისხსა და ხელსაყრელ ფასებში ვლინდება".

მისამართი: ფალიაშვილის ქ. #66
ტელეფონი: 220-41-41
info@cgtour.ge
cgtour.sales@gmail.com
www.cgtour.ge


* * *

კონკურენცია "ხეირიან" ინტერნეტში

ვებგვერდები, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციას დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ, საქართველოში შედარებით ახალი ხილია, მაგრამ რამდენიმე საიტი ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს და მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს. საიტზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ფასდაკლების კუპონი და ექსკლუზიური ფასდაკლება მიიღოს კონკრეტულ პროდუქტზე. როგორ იქმნება ასეთი ვებგვერდები და რამდენად მომგებიანი ეს ბიზნესი - The.ge-ის ბიზნესისტორია "ბიზნესფაილში".

გიორგი მამარდაშვილი (The.ge-ს გენერალური მენეჯერი): "ინტერნეტსფეროთი ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი. ერთ დღეს ჩემს ძმას იდეა გაუჩნდა, ფასდაკლებების საიტი გაგვეკეთებინა. კიდევ ერთ მეგობართან ერთად დავიწყეთ ამაზე ფიქრი. რაღაც საიტებს ადრეულ ასაკშიც ვქმნიდით და შესაბამისი დიზაინის ვებგვერდის შექმნა არ გაგვჭირვებია, დაახლოებით ერთ თვეში მოვამზადეთ. ოფისი ჩემს სახლში გავხსენით. მენეჯერად მუშაობის მცირე გამოცდილება მქონდა, თუმცა საქმეში ესეც კი დამეხმარა. პირველი კომპანიები, რომლებიც თავის სერვისსა და პროდუქციას განათავსებდნენ ჩვენს საიტზე, მეგობრებისა და ახლობლების წრეში მოვიძიეთ. შემდგომ ეტაპზე, კომპანიებს სხვა ფასდაკლებების საიტებთან შედარებით უკეთეს პირობებს ვთავაზობდით და ისინიც თანამშრომლობაზე გვთანხმდებოდნენ. ზოგი კი ამბობდა უარს, მაგრამ საიტი მაინც შეივსო. სწავლაზე უარის თქმამ მომიწია, რათა მთელი დრო ბიზნესისთვის დამეთმო. საიტის პროგრამულ ნაწილში ფული არ დაგვიხარჯავს, არადა, მთავარი თანხა ამისთვის უნდა დახარჯულიყო. თვალყურს ვადევნებდით სხვა კომპანიებს, ვინც ამავე სფეროში საქმიანობდა და ვცდილობდით, რაც მათთან არ მოგვეწონებოდა, აღარ გაგვემეორებინა.

ჩვენს საიტს სოციალურ ქსელებში ვაზიარებდით და 20 ათასამდე მომხმარებელი შევიძინეთ. ბევრ პროდუქციაზე გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი და მომხმარებელი ამით ძალიან კმაყოფილია. საქმე, ფაქტობრივად, საწყისი კაპიტალის გარეშე დავიწყეთ, საკუთარი კომპიუტერები წავიღეთ სახლიდან და ოფისი ასე გავხსენით, პირველი მოგებით კი ახალი კომპიუტერები შევიძინეთ. ბიზნესში მთავარი მონდომებაა. ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ ინტერნეტგაყიდვა თანამედროვეობისთვის ზედგამოჭრილია. ბევრი რესტორანი ამბობს, რომ სტუმრების დიდი ნაწილი სწორედ ფასდაკლებების საიტზე განთავსებული შეთავაზებით მიდის. თუმცა ამ სეზონზე ყველაზე მეტი მოთხოვნა წყლის გასაბერ აუზებზეა".

მის.: ალ. ყაზბეგის 34 (შანხაის უბანი, ოთარ ჩხეიძის 9)
ტელეფონი: 2-423-423, 557-423-423, 598-423-423,
ელფოსტა: info@the.ge
ვებგვერდი: www.the.ge


P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.
გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში, 15:10 საათზე.
tamaz
27 ივლისი 2013 12:40
სადაც მე ვმუშაობ, იმ კომპანიის ბიზნესისტორია მართლა მაგარი საინტერესოა, მაგრამ უფროსის ამბავი რომ ვიცი, არ მოისურვებს აფიშირებას.

რედაქტორის რჩევით