რომელი ბიზნესი ისარგებლებს "საგადასახადო შეთანხმებით", ეს მხოლოდ სამთავრობო ლაბირინთებში გადაწყდება - კვირის პალიტრა

რომელი ბიზნესი ისარგებლებს "საგადასახადო შეთანხმებით", ეს მხოლოდ სამთავრობო ლაბირინთებში გადაწყდება

ფინანსური ამნისტია არ გამოცხადდება, თუმცა ახლო მომავალში ძალაში შევა კანონი "საგადასახადო შეთანხმების" შესახებ, რომლითაც ცალკეულ მეწარმე იურიდიულ პირებს, წლების განმავლობაში ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას აპატიებენ. ფინანსთა სამინისტროს ურჩ გადამხდელთა ნუსხაში სამი ათასზე მეტი მხოლოდ 100 ათასისა და მეტი დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელია რეგისტრირებული. ცნობილია ისიც, რომ "საგადასახადო შეთანხმება" ყველასთან არ შედგება.

ჯერ კიდევ შარშან, როცა ომისა და კრიზისის გამო კერძო სექტორმა მნიშვნელოვნად იზარალა, პატრიარქმა ხელისუფლებას ერთგვარი ფინანსური ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდა. მთავრობიდან მოწოდებას არ გამოხმაურებიან, მაგრამ სახელისუფლებო კულუარებში, საგადასახადო შეღავათების თემა აქტიურად განიხილებოდა. იყო საუბარი, ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანება მათთვის გაენახევრებინათ, ვისი ვალიც 100 ათას ლარს აჭარბებდა. პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ კი გადაწყდა, ზღვარი 10 ათას ლარამდე შეემცირებინათ და შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც მიეცათ. საკონმდებლო ორგანომ ახალი კანონპროექტი სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა და წესისამებრ, მის ძალაში შესვლას პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პარლამენტში თითქმის მიღებული კანონპროექტი, ამჟამად ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განიხილება.

ბეჟან ბუცხრიკიძე (პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): "არის საწარმოები, რომლებსაც უკვე წლებია ბიუჯეტის წინაშე აქვთ სოლიდური დავალიანება და ვერ იხდიან. ამის გამო ეს ბიზნესები გაჩერებულია. კანონპროექტის ინიციატორებმა (შემდეგ ამას პარლამენტიც დაეთანხმა), გადაწყვიტეს, მიეცათ შანსი მათთვის, ვინც საინტერესო საინვესტიციო წინადადებით წარდგება მთავრობის წინაშე, ადამიანებს დაასაქმებს და ბიუჯეტში შემოიტანს იმ რეალურ თანხას, რისი გადახდის საშუალებაც მას მოცემულ მომენტში აქვს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე იურიდიულ პირს შეუძლია, მიმართოს სადასახადო ორგანოებს და დაამტკიცოს, რატომ ვერ იხდის ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას და შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, გაუწიოს თუ არა შეღავათი".

- რა შეღავათებს ითვალისწინებს "საგადასახადო შეთანხმება", გაუნახევრებენ მეწარმეებს დაგროვილ დავალიანებას?

- შეღავათები ვალის განახევრებას არ გულისხმობს. ამა თუ იმ საწარმოს საკითხი პერსონალურად განიხილება და მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაახდევინებენ იმდენს, რამდენის საშუალებაც ექნებათ ვალებში მყოფი ბიზნესის მესვეურებს. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ გონივრულ და დასაბუთებულ წინადადებებს, როგორ შეძლებენ მომავალში ბიზნესის ეფექტურად წარმართვას. მთავრობას უფლება აქვს, ნაწილობრივ ან მთლიანადაც კი აპატიოს მეწარმეს დავალიანება, კანონში კონკრეტული ზღვარი მითითებული არ არის. ამ კანონის ინიციატორი, მთავრობასთან ერთად, პრეზიდენტიც იყო.

- კანონპროექტიდან ამონარიდებს გავეცანი და რამდენადაც მახსოვს, შეღავათი შესაძლოა გაეწიოს იმ მეწარმეს, რომელიც არ აღიარებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას...

- შესაძლოა თქვენ პროექტის სამუშაო ვარიანტს გაეცანით. ჩვენ შევეცადეთ, შეღავათები გავრცელებულიყო როგორც აღიარებულ, ისე არაღიარებულ დავალიანებაზე.

როგორც კი პრეზიდენტი ხელს მოაწერს საგადასახადო კოდექსში შესულ ამ ცვლილებებს, "საგადასახადო შეთანხმება" ძალაში შევა. შესაძლოა ეს უახლოეს დღეებშიც მოხდეს.

ყოველი შემთხვევისთვის, მომავალი წლიდან ეს კანონი ძალაში იქნება და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. იქნებ ეს კანონპროექტი ბევრ კითხვასაც ბადებდეს, მაგრამ ის, რომ მისი ამოქმედება ეფექტს მოიტანს, ეჭვგარეშეა. ეს შეღავათები ძალიან ბევრ დახურულ საწარმოს მისცემს ამოქმედების შანსს. ბევრი მეწარმე მართლაც ობიექტური მიზეზის გამო მოექცა ჩიხში. მაგალითად, ომის გავლენა ბიზნესზე, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფაქტორი და სხვ. ძნელია დაზარალებული ბიზნესის რეანიმაცია, თუ სახელმწიფომაც არ შეუწყო ხელი. ეს კანონპროექტი ბიზნესისთვის იქნება სტიმული, რათა კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდეს.

კანონპროექტის მიღებას იმ შემთხვევაში დავეთანხმეთ, თუ მხოლოდ მთავრობას ექნებოდა ბიზნესისთვის შეღავათების მინიჭების უფლება, რათა მთლიანად გამოგვერიცხა კორუფციისა და გარიგების ალბათობა. თუ მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, ბიუჯეტში ფული გადაიხადოს, შემოსავლებიც აქვს, მოგებაც და დივიდენდებსაც იღებს, შეღავათს არავინ მისცემს. მაგრამ მოგეხსენებათ, იყო ღვინის რეალიზაციის პრობლემები ბაზრის ჩაკეტვის გამო და სხვა. ასეთ მეწარმეებზე შეღავათი უპირობოდ უნდა გავრცელდეს. ეს ალბათ არ იქნება მასშტაბური ფინანსური ამნისტია და შეღავათებით მეწარმეთა შეზღუდული რაოდენობა ისარგებლებს.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ასეთ კრიზისულ პერიოდში ამნისტია აუცილებელ ღონისძიებად მოისაზრება. ყოველი შემთხვევისთვის, დავალიანებებისა და ჯარიმა-საურავების ნაწილის ჩამოწერა მაინც, ბიზნესისთვის ერთგვარი შეღავათი იქნებოდა. თუმცა ეს ინიციატივა გადაიქცა სულ სხვა კანონპროექტად, როცა სამთავრობო კომისიამ ცალკეული ბიზნესჯგუფების დავალიანების ჩამოწერაზე უნდა იმსჯელოს. გამოდის, ეს კანონპროექტი ვერ მოიცავს ყველა იმ ბიზნესჯგუფს, რომელიც კრიზისის გამო დაზარალდა. შეფასება, როგორ და რამდენად იზარალა, რამდენად ეკუთვნის მას დავალიანების ჩამოწერა - დარჩება სუბიექტური გადაწყვეტილების ფარგლებში და ბევრისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, გაცილებით მართებული იქნებოდა, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებებზე ჯარიმებისა და საურავების მთლიანად მოხსნა და დავალიანების რესტრუქტურიზაცია. ანუ ვალი კი არ ჩამოეწერათ, არამედ ბიზნესისთვის კანონის ფარგლებში მიეცათ შესაძლებლობა, ნელ-ნელა გადაეხადათ იგი. რაც შეეხება კომისიაზე იმის გარკვევას, ვინ გათავისუფლდება ვალისგან მთლიანად, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი განხილვის პატივი ბევრს არ ექნება".